ახმეტა მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლეთან. თბილისიდან 174 კმ-ში.
თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისათვის კი ახმეტა დაურქმევიათ.
ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, იხსენიება XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ახმეტა განთქმული იყო საუკეთესო ღვინით. ლეკიანობის დროს ახმეტაში ხშირად იმართებოდა ბრძოლები. ახმეტაში და მის გარეუბნებში 29-მდე ეკლესია დგას. მათ შორის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც ჟალურის უბანში დგას. მე-18 საუკუნის დარბაზული ტიპის ნაგებობასგანეკუთვნება. ამჟამად დაზიანებილია, თუმცა მე-19 საუკუნეში შეკეთებულია.
პატარა ეზოში ძველი საფლავების ქვებია. ეკლესიის შესასვლელს რკინის კარი აქვს. თუმცა ეზო მოვლილია, თავად ეკლესია კი პატრონს ნამდვილად საჭიროებს. ღვთისმშობლის ეკლესია ნაგებია რიყის ქვით. ხოლო კამარა, კონქი, საბჯენი თაღები, კარ-სარკმელთა წირთხლები და ლავგარდანი – აგურით. სარკმლის ორივე მხარეს, სიმეტრიულად, სხვადასხვა ზომის ორ-ორი თაღოვანი ნიშია. სარკმელთან ახლოს მდებარე ნიშები შედარებით მოზრდილია და გეგმით ნახევარწრიული ფორმა აქვთ. დანარჩენი ორიდან, ჩრდილოეთით მდებარე ნახევარწრიულია, სამხრეთისა – სწორკუთხა. საკურთხეველი დასრულებულია დადაბლებული პროპორციების კონქით. აკუსტიკური შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით, კამარაში ჩასმულია ოთხი პატარა ქვევრი (რეზონატორები). დასავლეთით (შესასვლელის თავზე), ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ფართო თაღოვანი სარკმელია.