RSS

დავით ხარატიშვილის „სიცოცხლის ამბავი“-დან „ჩემი მთის სულამდე“

13 აპრილი

ახალგაზრდა მწერალი, დავით ხარატიშვილი, ქართულ სამწერლო ასპარეზზე შარშან გამოჩნდა თავისი 832 გვერდიანი რომანით „სიცოცხლის ამბავი“ და მაშინვე მკითხველის ყურადღება და სიყვარული დაიმსახურა. მან უკვე ბევრ ფესტივალსა თუ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა და მისი წიგნი თანდათან პოპულარობას იხვეჭს. პროფესიით იურისტი დავით ხარატიშვილი, ამჟამად გამომცემლობა „ჩემი გამომცემლობის“ შემოქმედებითი მენეჯერია და ლიტერატურული კონკურსის „ჩემი მთის სულის“ ორგანიზატორია. აუდიტორიის დიდი ინტერესის გამო, გთავაზობთ მცირე, მაგრამ საინტერესო ინტერვიუს მასთან.

  • როდის და რატომ გადაწვიტეთ რომ „სიცოცხლის ამბავზე“ გემუშავათ?
  • ყველაფერი თავისთავად მოხდა, გამიჩნდა იდეა და მისი გამდმოცემის მოთხოვნილებამ მოსვენება დამაკარგინა, ვიდრე არ დავასრულე და წიგნად არ გამოვიდა. დაახლოებით, 2016 წელი იქნებოდა, როდესაც თავდაპირველი იდეა გაჩნდა. მივხვდი, რომ მეც მქონდა რაღაც მნიშვნელოვანი სათქმელი და ჩემი სიტყვა, სწორედ, ამ გზით – პროზაული ნაწარმოების სახით უნდა გადმომეცა.
  • რამდენი დრო დაგჭირდათ მის დასასრულებლად?
  • „სიცოცხლის ამბავის“ დასასრულებლად, მასზე მუშაობის დაწყებიდან დამჭირდა დაახლოებით 5-6 წელი.
  • რა იყო ინსპირაცია ამ ნაწარმოებზე მუშაობის?
  • ეს ნაწარმოები ჩემი ქვეცნობიერიდან ცხოვრებისეულმა იმედგაცრუებათა წყებამ გამოიხმო, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ამას უფროსები გვაჯერებდნენ და როდესაც საზოგადოებრივი დოგმების წინააღმდეგ აღმოვჩნდი, მივხვდი, რომ უნდა მეპოვა გზა, რომლითაც მათ წინააღმდეგ გავილაშქრებდი… შემდეგ იყო ბიბლია, სახარება, რომლის შესწავლამაც უფრო გამათამამა ამ ბრძოლის ველზე და კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ეს ნაწარმოები აუცილებლად უნდა შემექმნა. ასევე, არ მინდა გამომრჩეს ის უამრავი შესანიშნავი ავტორი, მხატვრული ლიტერატურიდან, რომლებმაც გავლენა იქონიეს ჩემი ლიტერატურული გემოვნებისა და მხატვრული წერის მანერის ჩამოყალიბებაში.
  • გავეცანი თქვენს ნაწარმოებს და საკმაოდ მძიმე თემებს შეეხეთ, სიკვდილს და სიცოცხლის რაობას, მეგობრობას, სიყვარულს, გასული საუკუნის ისტორიულ ამბებს – ჰიტლერზეც კი გაქვთ თავი. მე ვიტყოდი, რომ ეს ნაწარმოები არის, რომანი რომანში… და, რატომ გადაწყვიტეთ ყდაზე გამოგეტანათ პეპელა?
  • პეპელა, როგორც ხანმოკლე სიცოცხლის სიმბოლო, დამაფიქრებელია ჩვენთვის, ადამინებისთვის, რომ არ აქვს მნშვნელობა რამდენ დღეს ვიცხოვრებთ, მართლაც რომ წუთისოფელში, მთავარია, როგორ გავლევთ მას და თუ მიუახლოვდება მაინც ჩვენი სული იმ სილაღეს, რასაც პეპლის ფარფატი ქვია. ეს ფოტო ეკუთვნის ამ წიგნის რედაქტორსა და ჩემი გამომცემლობის დამფუძნებელს – ოლიკო ცისკარიშვილს, რისთვისაც კიდევ ერთხელ, თქვენი საშუალებითაც, მადლობას გადავუხდი.
  • როგორი იყო თქვენი სამუშაო გარემო? ამხელა რომანთან შეჭიდება და სისრულეში მოყვანა, თან ასე ახალგაზრდისთვის, ცოტა ძნელი მეჩვენება, თან როგორც ვიცი, ეს თქვენი პირველი ნაწარმოებია.
  • დიახ, ეს ჩემი პირველი ნაწარმოებია, თავიდანვე დიდ ტექსტს შევეჭიდე. თუმცა, აქ მთავარი იყო დრო, რაც ფიქრისთვის და შემდეგ წერისთვის მქონდა, ერთიანად ვერ ვიცლიდი, რომ დავმჯდარიყავი და დამეწერა, ამიტომაც უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ვწერდი და შედეგადაც უფრო დიდი მასალა დამიგროვდა დასაწერად.
  • ძნელი იყო გამომცელობის მოძებნა, რომელიც თქვენს ნაწარმოებს „ხელს მოკიდებდა?“
  • დიახ, საკმაოდ ძნელი გამოდგა გამომცემლობის მოძებნა, რადგან ჯერ ისედაც, არსაიდან მოსულ, ახალ ავტორს, ყველა ალმაცერად უყურებს და თან ამხელა ტექსტით – ხომ საერთოდ. ზოგადად დიდი პრობლემაა ამ კუთხით ქართულ საგამომცემლო სივრცეში. არიან გამომცემლები, რომლებიც ნორმალურად პასუხსაც არ გაღირსებენ, თუნდაც რომ მხოლოდ დაგაკვალიანონ გამოუცდელი ადამიანი, რასაც ვერ ვიტყოდი „ჩემს გამომცემლობაზე“ და სწორედ, ამიტომაც დაიბადა „სიცოცხლის ამბავი“ მისი სახელის ქვეშ.
  • მოგვიყევით თქვენ პირველ ემოციაზე, როცა „სიცოცხლის ამბავი“ ხელში დაიჭირეთ. რა შეგრძნება გქონდათ პირველი ავტოგრაფი რომ გაეცით?
  • დამეუფლა უსაზღვრო სიმშვიდის გრძნობა, რასაც ველოდი კიდეც, რადგან ვგრძნობდი, რომ ვიდრე საქმეს ბოლომდე არ მივიყვანდი, შიგნიდან მაფორიაქებდა მასზე ფიქრი, ხოლო უკვე როდესაც წიგნი დავიჭირე ხელში, მივხვდი, რომ „სიცოცხლის ამბავი“ ჩემგან გამოვიდა – სიტყვა, რომელიც მაწუხებდა ამ გზით წარმოვთქვი და დამეუფლა სიმშვიდის შეგრძნება. ახლა უკვე სხვა სათქმელი მაქვს.
  • როგორც ვიცი, თქვენს წიგნზე ორმა რედაქტორმა იმუშავა, ეს იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი წიგნი ძალიან დიდია ფორმატით?
  • ალბათ ასეა, ეს გამომცემლობის გადაწყვეტილება იყო, რომ უკეთ გამოსულიყო, საქმე, რომელსაც შევეჭიდეთ.
  • როცა გამომცემლობამ გადაწვიტა თქვენი წიგნის გამოცემა, როგორი იყო შემდგომი პროცესი წიგნზე მუშაობის?
  • ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ძალიან სასიამონო და ამავე დროს, შრომატევადი გამოდგა სამუშაო პროცესი. კიდევ ორჯერ მომიწია ჩემი ტექსტის გადაკითხვა და დავრწმუნდი, რომ ღირდა, ჩემი ლიტერატურული შემოქმედება სამზეოზე გამომეტანა. ასევე, ამ დროს მივხვდი, რომ ზოგადად წიგნებზე მუშაობა, და არა მარტო საკუთარ წიგნებზე, ის საქმე იყო, რომლის კეთებაც სიამოვნებას მანიჭებდა, ამიტომაც უფრო მჭიდროდ გადაიკვეთა ჩემი და გამომცემლობის გზები და დღეს, უკვე „ჩემი გამომცემლობის გუნდის წევრი ვარ, საშუალება მაქვს უკვე სხვებს დავეხმარო თავიანთი შემოქმედების გაზიარებაში, რაც კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
  • რამდენად ძნელია დამკვიდრება თანამედროვე ლიტერატურაში ახალგაზრდა, ახალბედა მწერლისთვის?
  • ეს არის ურთულესი საქმე, რადგან, როგორც ყველგან, აქაც ავტორიტეტებზე დგას წიგნის ბაზარი, თუ არავინ გიცნობს, არავინ წაიკითხავს შენს შემოქმედებას და დამწყებ მწერალს თითოეული მკითხველი სანთლით საძებარი ყავს.
  • დღეს, საქართველოში რთულია მწერლობით ან პოეტობით თავი ირჩინო ადამიანმა, ბევრი მწერალი ვიცი, რომელიც თან მუშაობს თავის ნაწარმოებზე, თან პარალელურად სხვაგან მუშაობს, რომ თუნდაც საარსებო მინიმუმი ჰქონდეს, ელემენტარული სოციალური პრობლემების მოგვარება რომ შეეძლოთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება შეიცვალის იმ მხრივ, რომ გაუმჯობესდეს შემოქმედ-ადამიანთა სოციალური პირობები, რა არის საჭირო იმისთვის, რომ შემოქმედი მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით დაიხარჯოს და არ ქონდეს ელემენტარულ პირობებზე საფიქრი და სანერვიულო?
  • ამისათვის საჭიროა ზოგადად წიგნიერების და უფრო მეტად, ადგილობრივი ლიტერატურის პოპულარიზაცია. პირველ რიგში, გამომცემლობებმა უნდა შესთავაზონ ქართულ საზოგადოებას ის პროდუქტი, რომელიც რეალურად შეესაბამება მაღალ გემოვნებას, ამას როგორც მკითხველი ვამბობ და ბევრისგან ვიცი, რომ უკმაყოფილონი არიან ქართული გამოცემების მხატვრული ღირებულებით და ამიტომაც, უარს ამბობენ ქართველი მწერლების წაკითხვაზე, რისი გამოსწორებისთვისაც, პირადად მე, არაფერს დავიშურებ. როდესაც იქნება მაღალი ხარისხის ლიტერატურა, მკითხველიც დაუბრუნდება ქართულ მწერლობას და ავტორის შრომაც დაფასდება.
  • როგორი მკითხველი გვყავს საქართველოში?
  • პრეტენზიული, რაც მახარებს.
  • თქვენ ხართ ლიტერატურული კონკურსის „ჩემი მთის სულის“ ორგანიზატორი, საიდან წამოვიდა ეს იდეა?
  • ამ კონკურსის იდეა ეკუთვნის „ჩემი გამომცემლობის“ დამფუძნებელს და დირექტორს ოლიკო ცისკარიშვილს. იგი უახლოეს წარსულში, როგორც ჟურნალისტი, აქტიურად აშუქაბდა მთისა და იქ მცხოვრები ხალხის პრობლემებს, მისი სტატიების დახმარებით, უამრავი კარგი საქმე გაკეთდა და მოგვარდა, რაც მთას აწუხებდა. თუმცა, კიდევ ბევრია ამ კუთხით სამუშაო და მოსაგვარებელი, ამიტომაც უკვე საგამომცემლო სცენიდან გაჩნდა იდეა, რომ ჩატარებულიყო კონკურსი, რომელიც მთის პრობლემებზე ილაპარაკებდი და ამ გზით მიაწვდენდა თავის ხმას ხელისუფალთ.

ამ კონკურსით გვინდა, რომ კიდევ უფრო ყურადღება მივაპყროთ ჩვენი მთიანი მხარისკენ, რომელიც უფრო და უფრო იცლება ხალხისგან და უკაცრიელდება, გვინდა, ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებამდის, ვისაც ხელეწიფებათ შექმნან მთაში ის საცხოვრებელი გარემო, სადაც ადამიანს დარჩენისა და დაბრუნების სურვილი გაუჩნდება, მთა და მისი სილამაზე თავისას იზავს, ხოლო ადამიანმა თავისი შექმნას. როგორც ცნობილია, მხატვრული ლიტერატურა ყოველთვის კარგი საშუალება იყო საზოგადოებრივი პრობლემების სააშკარაოზე გამოსატანად და ყურადღების გასამახვილებლად, ამიტომაც ავირჩიეთ ეს გზა და გადავწყვიტეთ, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ მთის ცხოვრების რომანტიზება, რაც ისედაც არ აკლია, მაგრამ მაინც… ასევე გვინდა, ამ ჩვენი მოკრძალებული ხერხით, გვერდში დავუდგეთ ადამიანთა იმ მცირე რიცხვს, რომლებიც შეუპოვრად აგრძელებენ მთაში ცხოვრებას და არ უშინდებიან არც ბუნების სიმკაცრეს და ხშირად არც მარტოობას.

  • როგორც ვიცი, კონკურსი ფინალს უახლოვდება, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თუ არის გამოკვეთილი მეორე ეტაპზე გასული ნაწარმოებები?
  • დიახ, კონკურსი დასკვნით ფაზაში გადადის და მაისში უკვე დასკვნითი ღონისძიებაც გაიმართება, სადაც ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს გამოვავლენთ. საკონკურსოდ შემოგვივიდა ორმოცდაათამდე მოთხრობა, რომლიდანაც უკვე შეირჩა ათი ფინალისტი, რომელთა ვინაობასაც სულ მალე გამოვაქვეყნებთ.
  • როგორც ვიცი, გამომცემლობას გადაწვეტილი აქვს საუკეთესო მოთხრობების კრებული გამოსცეს. თუ იცით რამდენი მოთხრობა შევა კრებულში? როდის ელოდოს მკითხველი კრებულს? და როგორ და სად იქნება დაინტერესებული აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი?
  • კრებულში შევა ათი საუკეთესო მოთხრობა, რომელსაც ჩვენი გუნდი შეარჩევს და გამარჯვებულის გამოსავლენად გადასცემს სპეციალურად მოწვეულ ჟიურის. წიგნი დასკვნითი ღონისძიებისთვის მაისში უკვე მზად იქნება და პირველად, სწორედ, იქ იხილავს საზოგადოება, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წარვადგენთ ოდნავ მოგვინებით და რა თქმა უნდა, წიგნის მაღაზიებშიც შევა. მისი შეძენა მკითხველს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც „ჩემი გამომცემლობის“ სტენდთან შეეძლება.
  • თუ შეგიძლიათ უკვე კონკურსის ფინალისტების დასახელება?
  • დიახ, კონკურსის ფინალისტები უკვე გამოვავლინეთ და მათ ვინაობას 24 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში, გადაცემა „პიკის საათში“ გამოვაცხადებთ, ასევე გამოვაქვეყნებთ პოსტის სახით ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.
  • ვინ შეაფასა ნომინანტები, ვინ არიან ჟიურის წევრები?
  • ფინალისტები ჩვენმა გუნდმა ერთად ავარჩიეთ, ხოლო გამარჯვებულის გამოსავლენად მოვიწვით ჟიური, რომელთა ვინაობასაც დასკვნითი ღონისძიების დროს გავასაჯაროებთ.
  • როდის იქნება გამარჯვებულთა დაჯილდოება?
  • გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 11 მაისს, მწერალთა სახლის საპრეზენტაციო დარბაზში.
  • გამარჯვებული სამი მოთხრობის ავტორი რა პრიზებს უნდა ელოდნენ?
  • გამარჯვებულთა პრიზების შესახებ ჯერ დაზუსტებით ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა გეტყვით, რომ ყველა ფინალისტს „ჩემი გამომცემლობა“ გადასცემს ჩვენს მიერ გამოცემული წიგნების კრებულს.
  • მომავალში თუ აპირებთ მსგავსი კონკურსის ჩატარებას, თუ ამას მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა?
  • რა თქმა უნდა, კონკურსის ჩატარების იდეა იმასაც მოიცავს, რომ მას მიეცეს რეგულარული ხასიათი, მომავალში ვაპირებთ, დავამატოთ პოეზიის ჟანრიც. ამის დიდი საზოგადოებრივი მოთხოვნაც არსებობს.
  • ბოლოს, კვლავ თქვენ დაგიბრუნდებით, აპირებთ თუ არა უახლოეს მომავალში ახალი წიგნის წარდგენას აუდიტორიისთვის?
  • დიახ, ჩემი შემოქმედება „სიცოცხლის ამბავით“ არ დასრულებულა, როგორც ვახსენე, სათქმელი კიდევ ბევრი მაქვს და ამ წლის ბოლომდე ვგეგმავ, მოთხრობების კრებულის გამოცემას.
  • დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
  • მადლობა თქვენ, გამოხატული ინტერესისთვის!
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 13/04/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი