RSS

სწრაფი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

31 იან

ოლიკო ცისკარიშვილი

ცხოვრების რიტმის აჩქარების გამო, ადამიანებს მუდამ არ ყოფნით დრო, მუდამ სადღაც მიეჩქარებათ, მუდამ დაკავებულები არიან. საქმიან ადამიანებს ურჩევნიათ რომ ძვირფასი დრო არ დაკარგონ და შინ საკვების მომზადების ნაცვლად, გამზადებული საკვები შეუკვეთონ და ის მიირთვან. საქართველოში ბევრი ადამიანი სარგებლობს სწრაფი კვებით და განსაკუთრებით, პანდემიის შემდეგ შემოსული სერვისით – „მიტანის სერვისით“. ამ სერვისს ბევრი ადამიანი ინტენსიურად იყენებს და მზა საკვები პირდაპირ სახლში მიეწოდებათ.

რამდენად კარგად მუშაობს ეს სერვისი და რამდენად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის მუდმივად მზა პროდუქტების: ჰამბურგერების, შაურმების, ფრიების და ა.შ. მიღება ვეცდებით გავარკვიოთ.

ხშირია შემთხვევები, როცა მომსახურეობის გამო, კლიენტები უკმაყოფილონი არიან. მაგალიტად ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი გვეუბნება, რომ ორიოდე დღის წინ ვოლტის კომპანიამ მიუტანა საკვები – „Wolt არ დამეზარება უამრავჯერ ვიტყვი, რომ ყველაზე საზიზღარი კომპანია ხართ, ღორები!!! შეკვეთა 1 საათში მოიტანეს, გაშავდა, გაბლიკდა ფრიც და ჩიზბურგერიც, საჭმელი აზელილი ერთმანეთში, წვენი გაზგასული მოკლედ, საკვები გაუპატიურებული იყო, მაინც ვერაფერი შევაგნებინე ამ ბოსელთა გაერთიანებას. დღესაც, ორჯერ ჩამომაჭრეს თანხა ერთ შეკვეთაში და ამ დრომდე არ დამბრუნებია იმ ერთის თანხა. ძალიან არაპროფესიონალები არიან, 400 მეტრიდან შეკვეთა მომიტანეს 56 წუთში, ფრი და ბურგერი გაშავებული იყო, კურიერები ჰყავს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, არც ქართული იციან, არ წესიერად ინგლისური,“ – ამბობს დავითი და ამატებს, რომ  ამის  გამო მუდმივად იგვიანებს შეკვეთები, რომლებიც მერე ჭამისთვის გამოუსადეგარი ხდება. დავითის თქმით, წელიწადში 200-მდე შეკვეთას აკეთებს, ეს კონკრეტული შეკვეთა კი, რომელზეც გვესაუბრა, იმდენად საკვებად უვარგისი იყო, რომ დავითმა ის გადაყარა.

„საკვების გამოძახების სერვისი ერთ-ერთი პოპულარული სერვისია საქართველოში. ძირითადად, ხდება არაჯანსაღ საკვებზე არჩევანის გაკეთება. ამ პროდუქტების შემადგენლობას თუ დავაკვირდებით, ძირითადად არის ცხიმები და ნახშირწყლები, რომელიც მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მეორე საკითხია, რამდენად არის დაცული ტრანსპორტირების ვადა და შენახვის პირობები. მე, როგორც ექიმი ყოველთვის ვურჩევ პაციენტს საკვები თავად მოამზადოს სახლის პირობებში. სიმსუქნე, დისლიპიდემია, დიაბეტი ტ2 და სხვა კიდევ უამრავი დაავადების წინაპირობა შეიძლება გახდეს არასწორად შერჩეული საკვები. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ყველაზე კარგი არჩევანია!!!“ – გვეუბნება ნინი ებანოიძე, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახის ექიმად მუშაობს.

„გამოძახების სერვისებით იმიტომ ვსარგებლობ, რომ საჭმლის მომზადება არ მიყვარს, ძირითადად, მაინც ცივ, ან ნალექიან ამინდებში ვიძახებ, როდესაც გასვლა მეზარება პროდუქტის საყიდლად. ხშირად ყოფილა, რომ საჭმელად უარგისიც მოუტანიათ. ერთხელ, ისეთი მოვიდა, რომ ფიზიკურად ვერ შევჭამდი და გადავყარე. თუმცა მოვითხოვე კომპენსაცია და დამიბრუნეს კიდეც, მაგრამ მე მშიერი დავრჩი. მახსოვს სამსახურში გამოვიძახე მაკდონალდსი და რომ მოვიდა ბურგერებზე გადასხმული იყო კოკა-კოლა, ამის ჭამა შეუძლებელი იყო. ძირითადი პრობლემა მაიმც ის არის, რომ საკვები უკვე ცივი მოდის და უგემურია. თუმცა ამას რესტორანს ვერ დავაბრალებთ, უფრო კურიერების ბრალია, რომ მოსვლას იგვიანებენ,“ – ამბობს 25 წლის მსახიობი, ნიკა სელიმაშვილი.

„დაგვიანების მიზეზი, მხოლოდ და მხოლოდ გზებზე საცობებია,“ – გვიხსნის ერთ-ერთი კურიერი, რომელიც ძირითადად ღამით მუშაობს, რადგან ის ფიქრობს რომ ღამით გადაადგილება უფრო იოლია და კლიენტიც აღარ რჩება უკმაყოფილი, – „დღე სამუშაოდ გასვლა სრული სისულელეა, რადგან საათობით შეიძლება საცობში იდგე,“ – ამბობს ახალგაზრდა კურიერი, ლევან ბასილაძე, სამი შვილი ჰყავს სარჩენი.

ქვეყანა, ვიდრე არ გაგდება ევროინტეგრაციის გზაზე და არ შემოვა ევროპული სტანდარტები და მთავრობა, არ იფიქრებს გზებისა და ადამიანის ელემენტარულ უფლებებზე, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს, თუნდაც საცობების აღმოფხვრას, კლიენტს მუდამ გაუჭირდება კარგი და ხარისხიანი პროდუქტის მიღება, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მოქალაქეების მუდმივად შელახულ უფლებებზე სხვადასხვა სფეროში.

სხვადასხვა კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორების 70%-ზე მეტი სურსათის მეშვეობით აღწევს ორგანიზმში. ეს შეიძლება იყოს როგორც უცხო სხეულები, ასევე, ბიოლოგიურად აქტიური მიკროორგანიზმები და მათ მიერ გამოყოფილი ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები – სურსათში გამოყენებული როგორც ტრადიციული, ასევე, ახალი ტექნოლოგიური დანამატები და ინგრედიენტები, კომპოზიციური და სურსათთან შეხებაში მყოფი მასალები, რაც ზრდის სურსათის დაბინძურების ალბათობას.

სურსათის ეროვნული სააგენტო პერმანენტულად ატარებს ინსპექტირებას. შარშან, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა: 

  • შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის  ვადა 12 თვე),   აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“  სენაკი, რუსთაველის ქ. N180 – დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუა; 
  • დახლზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ელისო ჯოლოგუასთან აღებულ მისივე წარმოების აჯიკის (დამზადების თარიღი: 13/10/2023 წელი. ვარგისიანობის  ვადა 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: შპს ცენტრალური ბაზარი , სენაკი, რუსთაველის ქ. N180;
  • შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში (წმინდად დაფქული, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი. ვარგისიანობის  ვადა 1 წელი) აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს ლუკა, ქ. ფოთი, ფარნავაზ მეფის N1, (აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორი) ფიზიკურ პირი მზია ზუხბაია;
  • ინდივიდუალურ მეწარმე ზეინაბ გორაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 10/10/2023 წელი. ვარგისიანობის  ვადა: 6 თვე) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N4;
  • ინდივიდუალურ მეწარმე ხვიჩა შავაძესთან აღებული მეგრული აჯიკის (დამზადების თარიღი: 12/10/2023  წელი. ვარგისიანობის  ვადა: 1 წელი) ნიმუშში აღმოჩნდა: sudan I; Sudan Red G და Para Red. მისამართი: ქალაქი ქობულეთი, თავისუფლების ქ. N19. აგრარული ბაზრის მიმდებარე  ტერიტორია.

კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებასა და განადგურებას ექვემდებარება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ  აღნიშნულ ობიექტებზე აქვს შეძენილი დასახელებული სურსათი, თავი შეიკავოს მისი გამოყენებისგან.  

სუდანის ჯგუფის საღებავები განეკუთვნება ხელოვნურ აზო-საღებავების ჯგუფს და წარმოადგენს სურსათის ქიმიურ დამაბინძურებელს, რომლის დამატება სურსათში აკრძალულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 2023 წლის 11 თვის სტატისტიკური მონაცემებით, მოსახლეობაში კვებითი მოშხამვების, სურსათით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემიების, სხვა სურსათისმიერი დაავადებების შემთხვევები ასეთია – სალმონელოზი: 203 შემთხვევა; – ლისტერიოზი: ეპიდზედამხედველობა არ არის დამყარებული; – სტაფილოკოკური ენტეროტოქსინით გამოწვეული მოშხამვა: მონაცემები არ არსებობს; – ჰისტამინით გამოწვეული დაავადებები: მონაცემები არ არსებობს; – ბრუცელოზი: 296 შემთხვევა. კრიტერიუმის შეფასებისას პირობითად განსაზღვრული იქნა, რომ: – შემთხვევების რაოდენობა 0-დან 150-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა დაბალი სიმწვავის საფრთხედ; – შემთხვევების რაოდენობა 151-დან 250-ის ჩათვლით მიჩნეული იქნა საშუალო სიმწვავის საფრთხედ; – მწვავე საფრთხედ მიჩნეული იქნა 251 და მეტი შემთხვევა. შენიშვნა: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების არარსებობის გამო – Listeria monocytogenes და სტაფილოკოკური ენტეროტოქსინი შეფასდა საშუალო სიმწვავის საფრთხედ, ხოლო თევზის საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჰისტამინი შეფასდა მწვავე საფრთხედ.

ხორცისა და ხორცის პროდუქტების სახეობრივი კვლევა – სააგენტოს მონიტორინგის შედეგების ანალიზით: – 2019 წელს დარღვევამ შეადგინა 8%. – 2020 წელს დარღვევამ შეადგინა 23,6%. – 2021 წელს აღებული იქნა სურსათის 160 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 25 ნიმუშში. დარღვევამ შეადგინა 15,6%. – 2022 წელს აღებული იქნა სურსათის 200 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 26 ნიმუშში. დარღვევამ შეადგინა 13%. – 2023 წელს აღებული იქნა სურსათის 195 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 6 ნიმუშში. დარღვევამ შეადგინა 3,08%. ამდენად, დარღვევის პროცენტულმა მაჩვენებელმა 2020 – 2022 წლებთან შედარებით 2023 წელს დაიკლო. 1.4. გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობის განსაზღვრა 2020 წელს განხორციელდა პირველად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილების შესაბამისად – მონიტორინგის შედეგების ანალიზით: – 2020 წელს აღებული იქნა სურსათის 98 ნიმუში. დარღვევა არ გამოვლენილა; – 2022 წელს აღებული იქნა სურსათის 75 ნიმუში, დარღვევა არ გამოვლენილა. დარღვევამ შეადგინა 0%; – 2023 წელს აღებული იქნა სურსათის 75 ნიმუში, დარღვევა გამოვლინდა 28 ნიმუშში, დარღვევამ შეადგინა 37%. ამდენად, 2023 წელს მაღალია დარღვევის პროცენტული მაჩვენებელი.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2024 წლის პროგრამაში ნათქვამია, რომ სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ 2024 წელს ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნება სავარაუდოდ 6 083 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში/სინჯი.

მანამდე კი, ვიდრე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი სურსათის ნიმუშების კვლევას დაიწყებს, ჩვენ ჩვენი კვლევა გავაკეთეთ, 2024 წლის იანვრის ბოლოს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 45 ადამიანმა, მათი ასაკი ასე გამოიყურება: 15-დან 18 წლამდე – 4,4 %; 19-დან 25 წლამდე – 37.8 %, 26-დან 35 წლამდე – 13,3 %; 36 წლიდან 45 წლამდე – 11,1 %; 46-დან 60 წლამდე – 33,3 %;

კვლევა, რომელიც ეხება სწრაფი კვების სერვისებს არ არის მასშტაბური, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. კვლევაში მონაწილე მამრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენდა გამოკითხულთა 11,1 %-ს, ხოლო მდედრობითი 88,9 %-ს. მათ შორის  საშუალო განათლებით 4,4 %, ბაკალავრი – 60%, მაგისტრი – 26,7 %, დოქტორი -2,2 %, მაგისტრთან გათანაბრებული – 2,2 %. გამოკითხულებიდან 15,6 % სწავლობს, 60% მუშაობს, 13,3 % ჯერ-ჯერობით უმუშევარია, 4,4 % უმუშევარია. 6,6 % სწავლობს და მუშაობს კიდეც.

კითხვაზე: იყენებთ თუ არა სწრაფი კვების ობიექტებს – რესპონდენტთა 73,3 %-მა დადებითად უპასუხა. 15, 6 % ამბობს, რომ არ იყენებს. იშვიათად იყენებს – 6,7 %, ხანდახან და ბოლო პერიოდში აღარ იყენებს რესპონდენტთა – 4,4 %;

კითხვაზე: – იძახებთ თუ არა სწრაფ კვებას – რესპონდენტთა 53,3 % დადებითად უპასუხა, 46,7 %-მა უარყოფითად.

კითხვაზე: რომელი კომპანიებით იძახებთ თქვენთვის სასურველ საკვებს – რესპონდენტთა 40,5 %-მა უპასუხა – გლოვო, 29,7 %-მა ვოლტი, დანარჩენი 29, 7 %-ის პასუხი იყო – სხვა.

კითხვაზე: რატომ მიმართავთ ამ სერვისს – 29,7 %-მა უპასუხა, რომ დრო არ აქვს საკვების მომზადებისთვის, 21,6 %-მა უპასუხა, რომ გემრიელია, 32,4 %-მა უპასუხა – რატომაც არა, ხოლოდ 16,2 %-მა უპასუხა, რომ არ იცის რატომ მიმართავს ამ სერვისს.

კითხვაზე რამდენად ხშირად იძახებთ მზა საკვებ პროდუქტს? რესპონდენტთა 4,5 %-მა უპასუხა, რომ ყოველ დღიურად იძახებს, კვირაში რამდენჯერმე იძახებს 15,9 %, თვეში ორჯელ – 22,7 %, წელიწადში რამდენჯერმე იძახებს 25 %. 31,8 %-მა უპასუხა რომ სულ არ იძახებს.

კითხვაზე: – შეკვეთით მოტანილი საკვები პროდუქტი – ყოველთვის ხარისხიანია უპასუხა 26,2 %-მა; ყოველთვის არ არის ხარისხიანი 52,4 %-მა, რამდენჯერმე მოწამლა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს უნდა შეუკვეთოს – 4,8 %-მა; მაგას რა მაჭმევს ასე უპასუხა 16,7 %-მა.

კითხვაზე – როგორ ფიქრობთ ამგვარი საკვები პროდუქტი საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის – არ არის საზიანო ფიქრობს 4,5 %; არ ვიცი უპასუხა – 4,5 %-მა, და 90,9 % ფიქრობს, რომ საზიანოა.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული სურსათის რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში. – „საქსტატის“ მონაცემებით 2022 წელს 1 ადამიანის მიერ მოხმარებული იქნა საშუალოდ 520 კგ. სურსათი, ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად იღებს საკვებად სწრაფი კვების საკვებს, გამოდის, რომ სანმრთელობისთვის საშუალოდ 520 კგ მავნე საკვებს იღებს და იწამლავს ორგანიზმს…

ასე, რომ სჯობს დავუჯერთ სპეციალისტებს და ნუ დაგვეზარება საკუთარი თავის ჯანმრთელობისთვის თავად მოვამზადოთ ჯანსაღი საკვები და მივსდიოთ ჯანსაღ ცხოვრებას.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 31/01/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი