RSS

ჩვენ, ჩვენი გადაწყვეტილებები და სოცმედიის როლი

27 იან

ოლიკო ცისკარიშვილი

(კვლევისთვის შეგნებულად არ ავიღე მძიმე საკითხები, ისეთები როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ფემინიზმი, სუიციდი და ა.შ. თუმცა სტატიაში მოყვანილი კვლევა შეგვიძლია მოვიაზროთ იმ ინფორმაციისთვისაც, რომელიც ძალადობრივ თემებს მოიცავს)

თუკი უეცრად შეგეშინდებათ, სწორი ნაწლავი ცარიელდება. შიშისაგან, სტრესისგან შეიძლება ჩაისვაროთ, შიშისაგან შეიძლება ჩაიფსათ. მაშინ თქვენ ვერ აკონტროლებთ მას. თუკი უეცარი შიში დაგეუფლებათ, თქვენი საშარდე ბუშტი დაიცლება, თქვენი სწორი ნაწლავი დაიცლება. რა ხდება? რა ხდება, როცა შიში მოდის? შიში მენტალური მოვლენაა. მაშინ რატომ გამოიყოფა შარდი შიშის დროს? რატომ იკარგება კონტროლი? ამ მოვლენას ღრმა ფესვები უნდა ჰქონდეს. შიში წარმოიქმნება თავში, გონებაში. როცა არ გეშინიათ, როცა სტრესი არ გაქვთ ასეთი რამ არ ხდება. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი სხეული მხოლოდ ნორმალურ პირობებში. გადაუდებელ სიტუაციებში ვერ აკონტროლებთ, რადგან არ ხართ გაწვრთნილი საგანგებო სიტუაციებისათვის. ექსტრემალურ პირობებში კონტროლი იკარგება და თქვენი სხეული საკუთარი ცხოველური ინსტიქტით იწყებს ფუნქციონირებას.

ასევე ვკარგავთ კონტროლს, როცა გარემოფაქტორები ჩვენს ფსიქიკაზე მოქმედებენ. და ეს გარემოპირობები შეიძლება იყოს სოციალური ქსელები. ნაკლებ სავარაუდოა, რომ სოცმედიაში გამოქვეყნებული მასალების გამო, ვინმეს კუჭი აეშალოს, მაგრამ ის მოქმედებს ჩვენს მენტალობაზე, ჩვენს განწყობაზე. ხშირ შემთხვევაში ინდივიდები სტრესსაც კი განიცდიან სოცმედიაში გამოქვეყნებული მასალების გამო. შორს რომ არ წავიდეთ, უკრაინის ომის ამსახველმა ფოტოებმა არაერთ პიროვნებაზე იქონია სტრესული გავლენა და მათ შორის თავადაც გახლდით.

თანამედროვე ელექტრონული მედია ვრცელი კულტურული რევოლუციის დამასრულებელი ფაზაა, რომელმაც შეამცირა მანძილი და  ინფორმაციის მიწოდების სიჩქარე გაზარდა; ასევე, გაიზარდა კომუნიკაციაში ჩართულთა რიცხვი. ადამიანები ბოლო ინოვაციებით  (ტელეკომუნიკაციები, ქსელური კავშირები), ერთმანეთს აზრს უზიარებენ კერძებზე, განათლებაზე, სოციალურ მოძრაობებზე, პოლიტიკურ კამპანიებზე, სექსზე, იუმორზე, ბიზნესსა და სხვა თემებზე. ინტერნეტი იძლევა როგორც ორ პიროვნებას შორის კომუნიკაციის საშუალებას (ელექტრონული ფოსტა, მესენჯერი), ისე ფართო მაუწყებლობის ხელმისაწვდომობას (ინტერნეტ-გვერდები, საიტები, სოციალური ქსელები).  ერთ ადამიანს შეუძლია მეორესთან უსწრაფესად დაკავშირება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ინფორმაციის ხარისხიანიად მიღება.

ინტერნეტ-ქსელი არაჩვეულებრივ შესაძლებლობებს იძლევა იდენტური ინტერესების მქონე ადამიანებისათვის; აქ მათ აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალება სახლიდან გაუსვლელად, ადგილიდან ფეხის მოუცვლელადაც შეუძლიათ. ეს არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შესაძლებელი კომუნიკაცია, რომელიც ხალხს, „ადგილმდებარეობის მიუხედავად“, სოციალიზაციაში, მუშაობაში, საკუთარი თავის გაცნობაში ეხმარება. კომპიუტერული ქსელი ინტერაქტიულია.

იბადება კითხვა: რამდენად სასარგებლო ან მავნეა ეს პროცესი. ადამიანების უმრავ­ლე­სობას ინფორმაციის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ არსებობა. ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა რომ დააპიროს ვინმემ, ამას ადამიანები საკუ­თარი თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამენ. სხვა საკითხია, რამდე­ნად არის ხალხი კმაყოფილი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ფუნქ­ციო­ნირებით.

XXI საუკუნე სოციალურ ცვლილებათა არნახულად სწრაფი ტემპით გამოირჩევა.  სოციალური ცვლილებები ისეთი სიჩქარით მიმდინარეობს, რომ მათთან შეგუებას ვერ ვასწრებთ… ასეთი დაჩქარებული ცვალებადობა ისტორიული ყოფიერების ჩვე­ულ რიტმს არღვევს, იწვევს სოციალურ სისტემათა შორის უთანასწორობას. ეს განსაკუთრებით მკვეთრად შეიგრძნობა ადამიანისა და მის მიერ შექმნილი მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების დონეთა შორის. ადამიანი, ზოგ შემთხვევაში, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების ზრდას ჩამორჩა.

ჩვენი ცხოვრება დღიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე და წლიდან წლამდე ქცევის ერთგვაროვანი მოდელით ყალიბდება… ფაქტობრივად, ყველა დიდმასშტაბიანი სოციალური სისტემები სოციალური ურთიერთქმე­დე­ბის იმ მოდელზეა დამოკიდებული, რასთანაც ყოველდღიურად ვართ დაკავშირებული.

ადამიანები სადაც იბადებიან და ცხოვრობენ, იმ სოციალური გარემოსა და კულტურის პროდუქტად ყალიბდებიან. ბიჰევიორისტები და სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები ასე ფიქრობენ. მათი აზრით, „პიროვნება გარე სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდება“.

მაქს ვებერი (1864-1920 წწ.) ერთ-ერთი თვალსაჩინო გერმანელი ინტელექტუალი, სოციოლოგი, თვლიდა, რომ „ადამიანთა კულტურული იდეები დამოუკიდებელ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავიანთი მოქმედებების ჩამოყალიბებაში“. დღეს კი ამ ყველაფერში უდიდესი როლი აქვს სოცმედიას.

ქცევას, რო­გორც ადამიანის მიერ განხორციელებულ აქტივობას, ხშირად თან ერთვის ცნობიერება. ჯერ კიდევ დ. უზნაძე მიუთითებდა, თუ ადამიანის ქცევას მისი შინაგანი შინაარსების, განცდებისა და ცნობიერების გარეშე განვიხი­ლავთ, მაშინ ხელში შეგვრჩება ცალკეული მოძრაობის ჯაჭვი, რომელშიც შე­უძლებელი იქნებოდა ქცევის დასაწყისისა და დასასრულის მოძებნა. ინდივიდის ფსიქიკა ყო­ველთვის განიცდის გარკვეულ ფონზე მოცემულ საგნებსა და მოვლენებს სინამდვილესთან ურთიერთობის პროცესში. ამაში კი დღეს, ხელს უწყობს სოციალურ ქსელებით მოწოდებული ინფორმაცია. და ხშირ შემთხვევაში, ინდივიდის განწყობაზეც კი მოქმედებს. უზნაძის აზრით, ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს განწყობის შინაარ­სი და იმ ქცევის ღირებულება, რომელიც მის საფუძველზე მომავალში უნდა განხორციელდეს. ამ გზით ადამიანი ახერხებს, განწყობის მოქმედება დაუქვემდებაროს ცნობიერების კონტროლს, გააცნობიეროს ის არაცნობიერი ფსიქიკური მდგომარეობა, განწყობა, რომელსაც თურმე მიუღებელი ქცევა უნდა მოჰყვეს. უზნაძისთვის განწყობა არაცნობიერ და არა გაუცნობიე­რე­ბელ მოვლენას წარმოადგენს, რომლის გაცნობიერების შემდეგ, ადამიანი­სათ­ვის ნათელი ხდება, რა უნდა გაეკეთებინა მას, რა იყო მისი მომავალი ქცე­ვის მიმართულება. „ნებისმიერ ქცევას განწყობა უდევს საფუძვლად და ეს განწყობა გადამწყვეტ მომენტში იჩენს თავს..“

განწყობა, როგორც ამ მოვლენების ერთიანობის საფუძველი, შეიცავს თავის თავში იმპულსს, ტენდენციას, რომელიც ადამიანს გარკვეული ქცევისკენ უბიძგებს და განაპირობებს მის მიზანშეწონილ მიმდი­ნარეობას. განწყობა, ქცევის წინ შექმნილი მდგომარეობაა, რომელზეც მოქმედებს გარემო პირობები: საგნები, მოვლენები, ადამიანები, სიტუაციები და ა.შ. და ჩვენს შემთხვევაში, სოციალური მედია.

თანამედროვე სამყარო  უწყვეტ კომუნიკაციაზეა დამოკიდებული. ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ჩვენგან ათასობით კილომეტრში ხდება, ელექტრონული საშუალებები ამის შესაძლებლობას იძლევა, ფაქტობრივად, განუწვეტლივ. ინფორმაციის ტექნოლოგიური განვითარება და ინფორმაციის გავრცელება თანამედროვე საზოგადოების პროგრესის ისეთივე ნაწილია, როგორიც ნებისმიერი წარმოების. მეოცე საუკუნეში მაღალტექნოლოგიურმა ტრანსპორტმა და კომუნიკაციის ელექტრონულმა საშუალებებმა დააჩქარეს ინფორმაციის გლობალური გავრცელება. მასობრივი კომუნიციციის საშუალებები – გაზეთი, ჟურნალი, კინო, ტელევიზია – ხშირად ასოცირდება გასართობთან და ამიტომ განიხილება მეორეხარისხოვნად უმეტეს ადამიანთა ცხოვრებაში. ამგვარი შეხედულება სავსებით არასწორია. მასობრივი კომუნიკაცია ეხება ჩვენი ცხოვრების მრავალ ასპექტს. ინტერნეტის გამოჩენამ მთლიანად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. მოსახლეობის უმრავლესობა დამოკიდებულია ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე.

ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა სოცმედიაში, ხშირად არის კონკრეტული ქცევის მასტიმულირებელი, ხშირად კი – კონფლიქტის. თანამედროვე ქარ­თულ მასმედიაში კი ხშირად ხდება კონფლიქტების, ძალადობის, მკვლელობების, ადამიანის უფლებათა დარღვევის ტირაჟირება. ადამიანთა ურთიერთობებისათვის არა მხოლოდ აგრესიული მოქმედებაა დამახასიათებელი, არამედ, აგრეთვე, პროსოციალური (ალტრუისტული) საქციელიც, ანუ სხვებისადმი თანადგომის გამოვლენა და დახმარების აღმოჩენა. მიჩნეულია, რომ ალტ­რუის­ტული ქცევის მამოძრავებელი არის არა საკუთარი ინტერესებისათვის, არამედ სხვების კეთილდღეობაზე უანგარო ზრუნვა. ალტრუისტული საქ­ციელის უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, საქართველოში, თბი­ლისში, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შემდეგ სტიქიური უბედურების ზონაში უამრავი ახალგაზრდა უანგაროდ მუშაობდა. ასეთი მაგალითი მრავალია მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, გასულ წელს, შოვში მომხდარი სტიქიური კატაკლიზმებისგან გამოწვეულ ტრაგედიის დროს, ბევრი ადამიანი ჩაერთო სამაშველო სამუშაოებში. ასეთი ალტრუისტული ქმედებების მაგალითები მეტ-ნაკლებად ყოველდღიურად გვხვდება ჩვენს გარშემო.

თანამედროვე რეალობა ასეთია: გარდა იმისა, რომ ყველა მოქალაქეს შეუძლია ინფორმაციის გავრცელება თავიანთ სოც-ქსელებში და ფართო აუდიტორიაზე ზემოქმედება, ასევე ყველა მედიასაშუალებამ გადაინაცვლა სოცქსელებში. ყველა მედიაპლატფორმა გადასულია ინფორმაციის გავრცელების ამ ფორმაზე. ასე, რომ გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, მასობრივ ინფორმაციას, მე­დიასაშუალებებს, მაყურებელსა და მკითხველზე ზემოქმედების საშუა­ლე­ბაც აქვს. შესაძლოა, მასალის მომზადებისას ბალანსის დაცვა, მაგრამ ისე ააგო ფაბულა, რომ მკითხველი სასურველი აზრისკენ თავად მიიყვანო, ბო­ლოს და ბოლოს ეს მხოლოდ ტექნიკის საქმეა. სოცმედიაში ვრცელდება ინფორ­მა­ცია და მას აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე. ქართულ რეალობაში რაც უფრო სკანდალური იქნება მედიაპროდუქტი, მით უფრო ერთვებიან მასში ადამიანები; რაც უფრო ერთვებიან, მით უფრო აგრესიული და აჟიტირებული არიან –  ეს განწყობა რამდენიმე დღე მიჰყ­ვე­ბათ და ოჯახის წევრები თუ ნაცნობები კამათობენ ერთმანეთთან. რაც მე­ტად აჟიტირებული არიან, მით უფრო უნდათ, რომ კიდევ დაიდგას ასეთი შოუ, რადგან აჟიტირებული გონება ასეთივე სცენარს მოითხოვს და ასე გრძელდება უსასრულოდ. სკანდალი შეიძლება თავისთავად მოხდეს, მაგრამ სკანდალი მუშაობს ჟურნალისტზე, რადგან ხალხი უკვე მომზადებუ­ლია სკანდალისათვის. საჭიროა მენტალობის შეცვლა, ეს კი იმას გულისხ­მობს, რომ ადამიანი ორიენტირებული იყოს არა პრობლემების დაგ­როვებაზე, არამედ –  პრობლემების გადაწყვეტაზე. ქართული მედიის მენ­ტა­­­ლობა ორიენტირებულია პრობლემის არსებობაზე და არა მათი გადაჭრის გზებზე.

ადამიანთა აზრის ჩამოყალიბებასა და ქცევათა უმეტე­სო­ბაზე გავლენას ახდენს ფაქტორთა კომბინაცია, ანუ გარე ფაქტორები (სოციალურ ურთიერთქმედებათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები). ასეთ გარემო ფაქ­ტორად ხშირად სოცმედია გვევლინება. თავისთავად ფაქტები კი არ ახდენს გავლენას ხალხის წარმოსახვაზე, არამედ ის, თუ რა სახით ვრცელდება და მიეწოდება ისინი ბრბოს, მასას, აუდიტორიას.

ადამიანი ინფორმაციას მასზე ბევრი ფიქრის გარეშე აერთიანებს სრულიად მარტი­ვად, უფრო ზუსტად კი – მექანიკურად.

სოცმედია ხშირად სოციალურ ცვლილებათა წყარო ხდება, რადგან მედია ადამიანის ქცევაზე კონტროლის საშუალებაცაა. საკმაოდ რთულია განვსაზღვროთ, რამდენადაა ჩვენი სურვილები, აზ­რები და გრძნობები საკუთარი და არაა თავსმოხვეული გვერდიდან; ნაკარნახევი, თუნდაც სოცმედიდან .

აქვე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სოციალური ქსელების გაჩენა-განვითარებისა და ჩვენი საზოგადოების წევრების მათში აქტიურ ჩართულობასთან ერთად, თავად საზოგადოება გახდა მედია, და სოციალურ ქსელში გაზიარებული ესა თუ ის ფოტო თუ ფრაზა არანაკლებ ზეგავლენას ახდენს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ვიდრე ტრადიციული მედია-გაშუქებები. ამიტომ, სუიციდისა და სხვა ტრაგედიების გაშუქების სტანდარტებზე ცნობიერება უკვე ზოგადი ერუდიციის საკითხად უნდა განვიხილოთ და არა მხოლოს ჟურნალისტური და მედია პროფესიონალების კომპეტენციად და პასუხისმგებლობად.

უნდა გვახსოვდეს, რომ ტრავმა და ტრავმული განცდები (უსუსურობის განცდა, სასოწარკვეთა, შიში, შფოთვა და სხვ.) გადამდებია. ამიტომ, მნიშვნელოვანია ტრაგედიის გაშუქებისას გავითვალისწინოთ აუდიტორიის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არ მივაწოდოთ არასაჭირო (სენსაციური) მატრავმირებელი დეტალები.

სოცმედიაში გამოქვეყნებული მასალები უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და შემდეგ ქცევაზე. უფრო მეტიც, მედია ინდივიდების დღის წესრიგსაც ადგენს. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს უალოეს ისტორიაში „გავრილოვის ღამე“ და „ე.წ. რუსული კანონის“ მიღებასთან დაკავშირებული პროტესტი, როცა მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ გასაპროტესტებლად. სწორედ, სოცმედია იყო სტიმულატორი, ინფორმაციის გადაცემის წყარო და მათი ქმედების აქტივაციის გამომწვევი ინდიკატორი.

რადგან ინფორმაციის გავრცელებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვილაპარაკოთ, ფრაიმინგის ეფექტზე – როცა მასობრივი ინფორმაცია ააქტიურებს აზრებსა და განცდებს, რომლებიც წარსულშია შეძენილი და რომელიც ასოციაციით დაკავშირებულია ინფორმაციის შინაარსთან; ფრაიმინგი – ეს დიდი კონცეფციაა, რომელსაც სხვადასხვანაირი ახსნა აქვს. ყველაზე გავრცელებული და მისაღებია ფრაიმინგი, როცა თავის თავში შეიცავს არჩევანს და მნიშვნელობას. (ფრაიმინგის თეორია 1960 წელს განვითარდა, როცა ის გამოჩნდა სოციოლოგიაში. ფრაიმინგი  გახდა ინტერდისციპლინარული პარადიგმა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასობრივი კომუნიკაციების გავლენას ინდივიდუალურ ადამიანებსა და აუდიტორიაზე. ფრაიმინგი კომუნიკაციის პროცესში ოთხი ელემენტისგან შედგება: გამგზავნი, მიმღე­ბი (ინფორმაციული), შეტყობინება და კულტურა.

გულუბრყვილო და არასწორი იქნება ვიფიქროთ, რომ ფრაი­მინგის ეფექტი მხოლოდ ჟურნალისტებსა და მედიაზეა დამოკიდებული. კონკრეტული ინდივიდის განწყობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ასევე, არ შეიძლება უგულებელვყოთ, ამ ინდივიდის სოციალური გარემო, განათ­ლება, კულტურა და სხვა ფაქტორებიც. თეორიულად, ფრაიმინგის ეფექტის ამოსავალი წერტილი მასობრივი კომუნიკაციაა, რომელიც მუდმივად ცი­ტი­რებს…

კვლევა გვიჩვენებს, რომ დაღლის დროს ემოციური დატვირთვის მიმართ ყველაზე მოწყვლადი ვხდებით. ასევე, ნეირომეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაღლილები ბოლომდე ვერ ვიყენებთ ჩვენი ტვინის ანალიტიკურ ფუნქციებს, რაც იწვევს მომეტებულ რისკს მატრავმირებელი იმიჯები იმგვარად „ჩაგვებეჭდოს“, რომ შემდგომ ღამის კოშმარის ან აკვიატების სახით დაგვიბრუნდეს.

თუმცა, ასევე არსებობს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მედიას აქვს პოტენციალი პოზიტიური ზეგავლენის მოსახდენად. სწორედ, ამ მტკიცებულების გასამყარებლად გთავაზობთ ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევასაც, რომელიც 2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში ონლაინ სივრცეში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 88 რესპონდენტმა მიიღო. მათ შორის გამოკითხულთა 36,8 პროცენტი 18-დან 30 წლამდეა; 31-დან 45 წლამდე – 26, 4 %; 46 წლიდან 60 წლამდე – 33,3 %; ხოლო 61 წელს ზევით რესპონდენტთა რაოდენობამ შეადგინა 3,4 %. მათ შორის მდედრობითი სქესი არის 80, 5 %, ხოლო დანარჩანი მამრობითი სქესის. კვლევაში აქტიურად ჩაერთნენ უფრო მდედრობით სქესის წარმომადგენლები. რესპონდენტებიდან საშუალო განათლების მქონე არის 7 %, მაგისტი 37,2 %, ბაკალავრის განათლებით 42, 2 %, ხოლო დოქტორი 11,6 %.

რესპონდენტთა 93 %-მა კითხვაზე რამდენად ხშირად იყენებთ სოცმედიას უპასუხა – ხშირად. მხოლოდ 7 % უპასუხა იშვიათად. თუმცა ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ზემოთ ვთქვით, თანამედროვე ტექნოლოგიები თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში შემოიჭრა.

კითხვაზე მოქმედებს თუ არა თქვენს განწყობაზე სოცმედიაში გამოქვეყნებული მასალები რესპონდენტთა 64.4 %-მა უპასუხა დადებითად, 33, 3 პროცენტმა უპასუხა -იშვიათად, ხოლოდ 2,3 % უპასუხა, რომ საერთოდ არ მოქმედებს.

2017 წელს ჩემს მიერ, გაკეთებული კვლევის ერთ-ერთი კითხვა იყო ახდენს თუ არა მედია საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას, რომელზეც 410 რესპონდენტიდან, 347-მა რესპონდენტმა უპასუხა დიახ, 48-მა – არა, 4-მა – ზოგჯერ, დანარჩენმა პასუხისაგან თავი შეიკავა. ხუთი წლის წინ გაკეთებულ კვლევაშიც პროცენტული მაჩვენებელი ამ კითხვაზე მაღალი იყო, როგორც დღეს.

კითხვაზე: სოცმედიაში გამოქვეყნებულ ალტრუისტული მასალები თუ ახდენენ თქვენ ქცევაზე გავლენას, 36 %-მა უპასუხა დადებითად, 26,7 %-მა უპასუხა – არა, 31,4 % უპასუხა – იშვიათად, 4,7 პროცენტმა უპასუხა – არ ვიცი.

კითხვაზე: მაგალითად, ინდივიდს დაეკარგა ძაღლი, და ამის შესახებ განათავსა სოცმედიაში გააზიარებთ მასალას თუ არა? დიახ – უპასუხა 65,5 %-მა, 14,9 პროცენტმა თქვა რომ არ აინტერესებს ასეთი პოსტები; 10,3 პროცენტმა თქვა, რომ სმაილის გამოყენებუთ შემოიფარგლებოდა.

კითხვაზე: – მაგალითად დაიკარგა პატარა ბავშვი და ამის შესახებ წაიკითხეთ სოცმედიაში – 65,5 %-მა თქვა, რომ გააზიარებს პოტს. და შეძლებისდაგვარად ჩაერთვეოდა ძებნის პროცესში. 13,8 %-მა – თქვა რომ ჩაერთვებოდა ძებნის პროცესში, 11,5%-მა თქვა რომ მეგობრებს გაუზიარებდა. 1,1 %-მა თქვა, რომ გააზიარებს პოტს და შეძლებისდაგვარად ჩაერთვეოდა ძებნის პროცესში.

კითხვაზე: სოცქსელში ნახულობთ პოსტს როგორ ცდილობენ ქუჩას გადარჩენილი პატარა კნუტისთვის პატრონის პოვნას 42,5 % გააზიარებდა პოსტს, 17,2 პროცენტი სმაილის გამოყენებით შემოიფარგლებოდა, 17,2 ყურადღებას არ მიაქცევდა პოსტს. 13, 8 %-მა განაცხადა, რომ მოუყვებოდნენ მეგობრებს, 5,7 %-მა კი თქვა, რომ სხვა დროს ქუჩაში თუ შეხვდებოდათ პატარა კნუტი, შეიფარებდა. მხოლოდ 3,4 პროცენტმა თქვა რომ შეიფარებდა.

კითხვაზე: მაგალითად ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გარკვეული თანხის მობილიზებაა საჭირო, თქვენ… – 72,1 %-მა თქვა რომ რიცხავს თანხას რამდენიც შეუძლია, 16, 3 %-მა თქვა რომ აზიარებს პოსტს. 3,5 %-მა თქვა რომ აიგნორებს პოსტს.  1,2 % -იშვიათად, მაგრამ რიცხავს თანხას.

კითხვაზე: სოცქსელებში ნახულობთ მასალას, როგორ იბრძვიან გარემოს დაცვისთვის, გამოდიან ხეების უკანანო ჭრის წინააღმდეგ თქვენ: 31,4 %-მა თქვა, რომ აზიარებს პოსტს. 19,8 %-მა თქვა, რომ სხვა დროს რომ დაინახავს ხის უკანონო ჭრას, შეეწინააღმდეგება, 11,6 % მხოლოდ სმაილების გამოყენებით შემოიფარგლება. 5,8 % უყვება მეგობრებს, მხოლოდ 3,5 % აიგნორებს პოტს.

კითხვაზე: გხვდებათ პოსტი, რომ ადამიანს საჭმლის ფული არ აქვს – 68,8 % ეცდება დახმარებას, 12,8 % აზიარებს პოსტს, 11, 6 % აიგნორებს.

კითხვაზე: სოცქსელში ნახულობთ მასალას, როგორ აგროვებენ პლასტმასის ბოთლებს გარემოზე ზრუნვის გამო, თქვენ… -32, 2% ეცდება აღარ დააბინძუროს გარემო პლასმასის ნარჩენებისგან,  24, 1% აზირებს პოტს, 21,8 % – შეაგროვებს პლასმასის ბოთლებს, 11,5 % სმაილის გამოყენებით შემოიფარგლება.

კითხვაზე: – თქვენ თავად თუ მიგიმართავთ სოც-ქსელში რაიმე სახის დახმარებისთვის 52,3 % უარყოფითად უპასიხა, 25, 6 %-მა დადებითად, 19,8 % თქვა, რომ ძალიან კარგად მუშაობს სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელება. მხოლოდ 2,3 %-მა თქვა რომ ეს მეთოდი არ მუშაობს.

ამ კვლევიდანაც ჩანს, რომ სოც-ქსელების გავლენა მართლაც რომ დიდია ჩვენს ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. და ჩვენს ქმედებებზეც გარკვეულწილად მოქმედებს იქ გავრცელებული ინფორმაცია.

ცხოვრების განმავლობაში იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს,  პიროვნების ფორმულირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დღეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სოცქსელებიდან მიღებულ ინფორმაციას აქვს, ის მეტ-ნაკლებად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, აზროვნებაზე, განწყობაზე, ქცევაზე, ამიტომ სწორად, დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ ჩვენი ინფორმაციის წყაროები, ინდივიდები, და ა.შ.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 27/01/2024 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი