RSS

საქართველოზე შეყვარებული მამულიშვილების სახლ-მუზეუმები ვერაზე

01 Feb

merabi 007ოლიკო ცისკარიშვილი

წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცაა თავად, შემდეგ ეს მიწა და საქართველო. – მერაბ კოსტავას კრედო.

ვერაზე, ტურისტებმა კი არა ბევრმა ქართველმა არ იცის, რომ რამდენიმე საინტერესო მუზეუმია.

საქართველოს ერთიანობისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სულისჩამდგმელის, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მუზეუმი უძველეს, ორი საუკუნის სახლში, ვერაზე, ზანდუკელის პირველ ნომერში მდებარეობს. მერაბ კოსტავა, რომელიც დაიბადა 1939 წლის 26 მაისს, იყო ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც ტრაგიკულად, საეჭვო ვითარებაში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა 1989 წლის 13 ოქტომბერს და პატივით მიაბარეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მიწას.

მაშინ, როდესაც ხალხი ეკლესიაში არ დადიოდა, მაშინ, როდესაც, საქმის წარმოება მხოლოდ რუსულად წარმოებდა, საშინელ დღეში იყო ისტორიული ძეგლები და ტაძრები,  არ იწერებოდა საქართველოს ისტორია, როცა არ არსებობდა თავისუფალი სიტყვა და აზრი, არ არსებობდა თავისუფალი პრესა და ა.შ. სწორედ, მაშინ ჩაუდგა, მერაბ კოსტავა, თანამებრძოლებთან ერთად, ეროვნულ მოძრაობას და უდიდესი იმპერიის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ამ ტალღაზე შეიქმნა ჰელსინკის ხელშემწყობი ჯგუფი. თავიდან სულ სამი ადამიანი იყო, გამოსცეს არაფორმალური გაზეთები, დაიწყეს ადამიანების უფლებების დაცვით, გვიყვებიან მუზეუმში.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, მერაბ კოსტავა, ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს, 1987 წელს, როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.

ამ სახლის კედლები, სადაც მერაბ კოსტავა დაიბადა, ახლა მნახველს უყვება მის ბრძოლით სავსე ცხოვრებას.

„აქ ძალიან ბევრი სტუმრები გვყავს, სტუდენტები, მოწაფეები და.აშ., – გვეუბნებიან მუზეუმში, და წუხილით იხსენებენ, გასული საუკუნის გმირს და მის გასვენების დღეს, როცა მთელი ერი გულწრფელად გლოვობდა მის ტრაგიკულ სიკვდილს. მის გამოსამშვიდობებლად, მისი თანამოქალაქენი და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანები, უკანასკნელ გზაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში იდგნენ რიგში.

მისი ოთახი, მისი როიალი, მისი საწერი მაგიდა, ისევ ისე დგას, როცა მერაბ კოსტავა ცოცხალი იყო, „ამ ოთახში ესვენა მერაბი. მაშინ მთელი ერი გლოვობდა მერაბს. ვერტმფრენიდან გადაღებულ სურათებში კარგად ჩანს, სიონიდან მთაწმინდამდე, მთელი რუსთაველი გადაჭედილი იყო, ლესელიძის ქუჩამდე. უზარმაზარი რიგი იდგა, თან წვიმიანი ამინდი იყო.“ – იხსენებს ქალბატონი რუსუდანი და გვანახებს მერაბის საყვარელი ნახატისკენ “სინათლე გვირაბის ბოლოს“, რომელიც როლანდ ჯანდიერმა შეასრულა და დაპატიმრებამდე უჩუქებია მერაბისთვის.

მის ოთახში, კელელზე კიდია მერაბ კოსტავას საყვარელი ფილოსოფოსის შტაინერის პორტრეტიც, მის პირდაპირ კი (ქველმოქმედი მისიონერის, რომელმაც ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეანტი გახდა), დედა ტერეზასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად გადაღებული ფოტო. 9 აპრილის მეორმოცე დღეს ჩამოსულ დედა ტერეზას, ზვიადი და მერაბი დაუხვდნენ მაშინ.

ძველი ბუხარი, ისევ ისევ დგას, რომლითაც მერაბი თბებოდა, დამოუკიდებლობის აქტის ასლიც, აქვეა, რომლის მიღებასაც თავად მერაბ კოსტავა ვერ მოესწრო და 1991 წლის ზვიად გამსახურდიამ მოიტანა და მას შემდეგ აქაა. “ამისთვის იბრძოლა და ეს იყო ამათი საქმის დაგვირგვინება,“ – გვეუბა ქალბატონი ციცინო.

შემოსასვლელში შთაბეჭდილებების წიგნია, სადაც მუზეუმის ყველა სტუმარი კეთილად იგონებს სამშობლოსათვის თავდადებულ მერაბ კოსტავას.

 

კოლხური კოშკი

კოლხური კოშკი, რომელსაც 2009 წლის 19 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი“ მიენიჭა, ვერაზე, გალის ქუჩაზე მდებარეობს. ულამაზესი, ორსაუკუნოვანი, (წყაროების მიხედვით, აშენებულია 1957 წელს) კოშკი, რომელიც 4875 კვ.მ-ზე მდებარეობს, თავისი სიზვიადით გადმოჰყურებს დედაქალაქს მთაწმინდის დასავლეთ ფერდობიდან. ქართველი ადამიანისთვის, კოლხური კოშკის ეზო, მას მერე, რაც იქ დასახლდა ერთ-ერთი გამორჩეული კოლხი კონსტანტინე გამსახურდია, უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს წარმოადგენს. აქ იქმნებოდა მეოცე საუკუნის საგმირო ეპოსი, აქ ცხოვრობდა სიტყვის დიდოსტატი, შემოქმედი, ქართული იდეოლოგიის მატარებელი და მოძღვარი ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა.

აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მისი ვაჟი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდია, რომელიც 1939 წლის 31 მარტს დაიბადა და ტრაგიკულად, ისიც თანამებრძოლივით, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს. ზვიად გამსახურდია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძროაბის ლიდერი, ჯერ კიდევ მეგობრებთან ერთად, 1956 წელს აკრავდა პროკლამაციებს ქუჩებში, რომელიც გმობდა სსრ კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციას. 1976 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით, თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომლის თავმჯდომარე იყო სიცოცხლის ბოლომდე. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების, უპირველესად კი ქართველების უფლებებისთვის, ქართული კულტურის ძეგლების, საქართველოს ეკლესიების დასაცავად.

დისიდენტური საქმიანობისთვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა რამდენჯერმე დააპატიმრა. 1977 წელს კი მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“.

მერაბ კოსტავას დაღუპვის მერე ზვიად გამსახურდია სათავეში ჩაუდგა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას.“

უამრავი ბრძოლისა და 1998 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, 1991 წლის მარტში, უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა კიდეც იმავე წლის 26 მაისს საყოველთაო-სახალხო პირველი საპრეზიდენტო არჩევნებით მისი გამარჯვებით. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა. ქვეყანაში, შიდა კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, 1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ, რამდენიმე შენობაზე, მათ შორის პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფებოდა, იერიში მიიტანა. პრეზიდენტმა საქართველო დატოვა. 1993 წლის დეკემბრის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.

ამ და სხვა ფაქტების მესაიდუმლეა გალის ქუჩაზე მდებარე კოლხური კოშკი, სადაც ზვიად გამსახურდიამდე მისი მამა, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე კონსტანტინე გამსახურდია ცხოვრობდა, რომელიც დაიბადა 1893 წელს 3 მაისს და გარდაიცვალა 1975 წლის 17 ივლისს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965 წ.) უამრავი შესანიშნავი მხატვრული ნაწარმოების ავტორია.

დიდი ქართველი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია, თავისივე ანდერძის თანახმად, კოლხური კოშკის (თავისივე სახლის) ეზოში დაასაფლავეს. 2008 წლიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება.

ამჟამად კოლხურ კოშკში, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ჩაუტარდა რეაბილიტაცია,  პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი

ზაქარია ფალიაშვილის მოკრძალებული მუზეუმი ვერაზე, დიმიტრი ბაქრაძის ათი ნომრის, სამსართულიანი სახლის, მეორე სართულზე მდებარეობს. მუზეუმი დღემდე გვინახავს ამ დიდებული ადამიანის ნივთებსა და ფოტოებს და მნახველს შესაძლებლობა აქვს გაიცნოს მისი ცხოვრება და შემოქმედება.

ფალიაშვილის შემოქმედება ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია. მან ფუძემდებლური როლი შეასრულა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ჩამოყალიბებაში, მისი ესთეტიკური პრინციპებისა და სტილური თავისებურებების ფორმირებაში. ფალიაშვილის საუკეთესი ქმნილებებით ქართველმა ხალხმა თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიო მუსიკის კულტურის საგანძურში. კომპოზიტორის მემკვიდრეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს, რომლებიც ცოცხლად წარმოგვისახავს ისტორიული წარსულის ჰეროიკას, ხალხის ცხოვრების სურათებს, ეროვნული ეპოსის დიად სახეებს. ფალიაშვილმა შექმნა ქართული ოპერის 3 განსხვავებული ტიპი: მონუმენტური ოპერა-ტრაგედია  „აბესალომ და ეთერი“, ლირიკულ-დრამატული „დაისი“, გმირულ-პატრიოტული – „ლატავრა“. პირველი ორის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. ფალიაშვილის ოპერა „აბესალომ და ეთერი“ ქართული ეროვნული კულტურის ერთ-ერთი მწვერვალია. ფალიაშვილის ოპერებზე ქართველ მომღერალთა თაობები აღიზარდა. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი (1937-იდან), რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები – მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმები; დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია (1971-იდან).

1959 წელს სახელმწიფო დადგენილებით დაარსდა, იულია ფალიაშილის დახმარებით, რომელიც ზაქარია ფალიაშილის შვილობილია. მან სახელმწიფოს გადასცა უნიკალური მემორიალური ნივთები, აქ დამთვალიერებლებს პირადი ნივთების, ხელნაწერების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ფოტომასალის ნახვის საშუალება აქვს.

მუზეუმში პირვანდელი სახითაა შემორჩენილი, პირადი როიალი და საწერი მაგიდა, სადაც იქმნებოდა მისი უკვდავი ნაწარმოებებია, შენარჩუნებულია ის გარემო, რომელიც არსებობდა კომპოზიტორის სიცოცხლეში.

ზაქარია ფალიაშვილი, 1871 წელს ქუთაისში კათოლიკური მნათეს ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს კიდევ 17 შვილი ყავდა, ექვსი მათგანი მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა.

მას ერთადერთი შვილი 11 წლის ასაკში გარდაეცვალა. შვილის გარდაცვალებიი შემდეგ, საშინელ დეპრესიაში ჩავარდა და უკვე დაწერილი ნაწარმოებების განადგურებაც სურდა. მოგვიანებით, ძმიშვილი იულია იშვილა და მას დაუტოვა კიდეც მთლიანი ქონება. ყველაზე ემოციური გუნდი რომელიც აბესალომშია, დაიწერა სწორედ, მისი ვაჟიშვილის გარდაცვალების შემდეგ.

ამ სახლში, მასთან, ხშირად იკრიბებოდნენ, საქართველოს მაშინდელი ელიტა. ვიდრე მაგიდას მიუსხდებოდნენ და საქართველოს მაშინდელ ჰიმნს ასრულებდნენ. მუზეუმის თანამშრომელთა თქმით, რაოდენ ბედნიერი იქნებოდა ზაქარია ფალიაშილი, რომ სცოდნოდა, რომ დღევანდელი საქართველოს ჰიმნი მისი ოპერებიდან დაიწერებოდა.

მადლიერმა ერმა, ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი ქართულ ეროვნულ ვალუტაზე (ორ ლარიანზე) დაიტანა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოს შემოქმედი.

ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი, კლასიკოსი 1933 წლის 6 ოქტომბერს გარდაიცვალა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s