ვაშლოვანი დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ჩრდილოეთი მწვერვალი, რომელიც ნიკორაციხის სახელითაა ცნობილი, ცოტა უფრო მაღალია ( სიმაღლე 1001 მ. ზღვის დონიდან), ვიდრე სამხრეთი მწვერვალი, რომელსაც ელია ეწოდება, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ფრიალოკალთებიანი და ძნელად მისადგომია. აქაა შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებული წმინდა ელიას ცნობილი სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემდა დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ისტორიული ძეგლი V-VI საუკუნით თარიღდება წმინდა ელიას მთის ნამონასტრალი, რომლის აღდგენა 2007 წელს დასრულდა.. ტაძარი, ამჟამად, მოქმედია.
ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. ამ დღეს, განსაკუთრებით დედოფლისწყაროში ზეიმობენ. ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარში მრევლი, სპეციალურად, ამ დღისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადის.ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.
ერთადერთი წერილობითი ცნობა მის შესახებ შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს და მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია:
“თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა”1c. (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260).
ადრეული ქრისტიანული საუკუნეებიდან მოყოლებული მრავალი რელიგიური მითი ვრცელდებოდა ელიის შესახებ. ჭექა-ქუხილის დროს ელია წინასწარმეტყველი ცაში თავის ეტლს დააქროლებდა და ეტლის თვლების გრიალი ჭექა-ქუხილის ხმას გამოსცემდა, ელვა კი იმ ეტლში შებმული ცხენების ფლოქვების დარტყმით წარმოშობილი ნაპერწკლები იყო. ამიტომ ელიას წვიმის, ჭექა-ქუხილის ღმერთს უწოდებდნენ.
უახლოეს მომავალში, დედოფლისწყაროს სასაფლაოსა და ელიას მთაზე მდებარე წმ. ელია თეზბიტელის მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდება. დედოფლისწყაროს გამგეობაში ქიზიყის რედაქციას განუცხადეს, რომ ამისთვის 300 000 ლარია გამოყოფილი.