RSS

უძველესი ბიბლიოთეკა ორმილიონამდე წიგნით

23 Jan

biblioTeka 012ოლიკო ცისკარიშვილი

“ცოდნა იმითაა კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა არ იცის… ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდომებული და მოწადინებული მივიდეს ცოდნის კარამდის..” ილია ჭავჭავაძე

ზანდუკელის ქუჩის დასაწყისში, ზუსტად მეტრო რუსთაველის თავზე, უძველესი ბიბლიოთეკაა. ძველი კარტოთეკებით, ანბანური საძიებლებით და უნიკალური ოქროს ფონდით (სამწუხაროდ, ბიბლიოთეკას არა თუ ელექტრონული სისტემა, კომპიუტერებიც და ინტერნეტიც სანატრელი აქვს). ვიდრე არქივამდე მიხვალთ, ლიტერატურის განყოფილებაა, სადაც ორი სათნო, ჭაღარა ქალბატონი ემსახურება მკითხველსა და უძველეს წიგნებს რუდუნებით უვლიან. ბიბლიოთეკის მეორე სართულზე, დღემდე ცხოვრობს თითქმის საუკუნოვანი, უნიკალური ბიბლიოთეკის დამაარსებლის ქსენია იოსელიანის ქალიშვილი, 86 წლის ნუნუ იოსელიანი, რომელიც ამჟამადაც ბიბლიოთეკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს.

biblioTeka 019ზანდუკელის ქუჩის პირველი ნომრის ეზოში, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის პირდაპირ კი ბიბლიოთეკის ორი სამკითხველო დარბაზი და უზარმაზარი არქივია, სადაც ძველი მონატრებული, სუნი შეგეფეთებათ… წიგნების…

“ხშირად გვსტუმრობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები,” – გვეუბნება ნუნუ დეიდა, რომელიც 27 წელია ბიბლიოთეკაში მუშაობს და გვირჩევს ეზოში შევიდეთ და საცავი ვნახოთ, რომელშიც მილიონზე მეტი უნიკალური წიგნია.

ბიბლიოთეკა 1927 წელს აუშენებია საფრანგეთში განსწავლულ სომეხი ეროვნების თავადს, ბეგთაბეგოვს. სამკითხველოში განთავსებული უნიკალური, ფრანგული მწვანე კაფელით მორთული ღუმელიც, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოუტანიათ. ახლანდელი თბილისის ცენტრი, მაშინ გარეუბნად ითვლებოდა და ხალხიც ნაკლებად მოძრაობდა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის რესპუბლიკური სამეცნიერო პედაგოგიური ბიბლიოთეკის მესაძირკვლეს, საერთო საქმისთვის თავდადებულ, თავმდაბალ, მოკრძალებულ მოღვაწეს.. წიგნზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქსენია იოსელიალს სათითაოდ შეუგროვებია წიგნები და თავს დაფოფინებდა რუდუნებით შეფროვებულ საგანძურს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ბიბლიოთეკაში თავმოყრილია დიდძალი ლიტერატურა სახალხო განათლების პრობლემებზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემები, ოქმები და ანგარიშები, საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების სახელმძღვანელოები, პროგრამები, სასწავლო გეგმები და ა.შ.

ბიბლიოთეკა  1930 წელს დაარსდა. თავიდან განათლების სახალხო კომისარიატის ბიბლიოთეკად ითვლებოდა, რომლის წიგნადი ფონდი 200 ეგზემპლიარს არ აღემატებოდა. ამავე წელს ბიბლიოთეკა დამოეყო განათლების სახალხო კომისარიატს და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტს დაექვემდებარა. 1937 წელს ბიბლიოთეკა პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (ჯავახიშვილი ქ. 1 ამჟამად ზანდუკელის 1) გადაეცა, სადაც პირველ სართულზე ბიბლიოთეკას  ორი პატარა ოთახი დაუთმეს. ამავე სართულზე მოთავსებული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. ბიბლიოთეკის ფართობის უქონლობის გამო, მძიმე პირობებში უხდებოდა მუშაობა, თუმცა მისი ფონდი დღითიდღე იზრდებოდა. 1932 წელს ქსენია იოსელიანმა პროფესორ გიორგი თავზიშვილის წინადადებით, ბიბლიოთეკა შეავსო ქ. გორიდან ჩამოტანილი სასულიერო სემინარიის უნიკალური ფონდით. 1938 წელს  ფსიქოლოგიის  ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა დ. უზნაძემ ბიბლიოთეკას სამკითხველო დარბაზისთვის დაუთმო 60 კვ.მ ფართი.

biblioTeka 0161940 წელს, ი. გოგებაშვილის ას წლისთავზე ბიბლიოთეკას მისი სახელი მიენიჭა. სწორედ ამის შემდეგ ბიბლიოთეკა  აღორძინებას იწყებს. ბიბლიოთეკაში მაშინ  26 ადამიანი მუშაობდა.

ბიბლიოთეკაში დღემდე შემონახულია ისეთი წიგნები, რომლებიც ოქროს ფონდადაა აღიარებული. მაგალითად გაგარინის ალბომი, რომელიც პარიზში სულ ასი ცალი გამოიცა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ბიბლიოთეკა საქართველოს პირველი კატეგორიის ერთ-ერთ უმდიდრესი დარგობრივი ბიბლიოთეკაა და პედაგოგიური ლიტერატურის სახელმწიფო საცავს წარმოადგენს, რომელიც აგროვებს და იცავს სამეცნიერო-მეთოდურ პედაგოგიურ ბეჭდვით ნაწარმოებებს და ხელნაწერ მასალებს ქართულ, რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

“ძალიან მდიდარი ფონდი გვაქვს. არადა, ბიბლიოთეკის დამაარსებელმა, ერთი წიგნიდან დაიწყო, თავად მეორე სართულზე ცხოვრობდა… ბიბლიოთეკა, ამჟამად, ერთადერთ პერიოდულ გამოცემას იღებს „საქართველოს რესპუბლიკას“, ათი წელია ბიბლიოთეკაში წიგნი არ შემოსულა,” – გვიყვება ნუნუ დეიდა და გვეუბნება, რომ ვიდრე ბიბლიოთეკა ილიას უნივერსიტეტს შეუერთდებოდა მისი დირექტორი, ქსენიას შვილი ყოფილა.

ბიბლიოთეკა, რომელიც ადრე რესპუბლიკური მნიშვნელობის იყო, ამჟამად ილიას უნივერსიტეტის ბალანსზეა, თუმცა ბიბლიოთეკას, კარგა ხანია, ახალი წიგნები აღარ დამატებია.

“ქვევით, სარდაფები  საცავად გადაკეთდა, მეორე სართული გასაბჭოების შემდეგ დააშენეს,” – გვიყვება  ბიბლიოთეკის მოხუცი თანამშრომელი, ძველი წიგნების მესაიდუმლე, – სარდაფში უფრო მეტი წიგნია, ამაყად გვეუბნება და ეზოსკენ მიგვიძღვის, – ეს ისტორიული ეზოა, აქ დაიბადა მერაბ კოსტავა,“ – გვეუბნება სიამაყით.

„უნიკალური წიგნები გვაქვს, ადრე მოძრავი ბიბლიოთეკაც გვქონდა და საქართველოს ყველა კუთხეში ჩავდიოდით, მათ შორის ორჯონიკიძეშიც ჩაგვქონდა წიგნები. აქ, ადრე 32 ადამიანი მუშაობდა, ამჟამად მხოლოდ 14 დავრჩით. ისეთი წიგნები გავქვს არსად იშოვება, ბევრმა არც კი იცის, რომ აქ უნიკალური წიგნებია. ათ წელზე მეტია წიგნი არ მიგვიღია, ავტროებს ვეხვეწებით რომ წიგნები გვაჩუქონ. ამას წინათ, როსტომ ჩხეიძემ 30-მდე წიგნი გვაჩუქა,“ – გვიყვება ბიბლიოთეკის თანამშრომელი დალი შეროზია, რომელიც 1979 წლიდან ბიბლიოთეკის თანამშრომელია, მისი ხელფასი კი, როგორც ყველა ბიბლიოთეკის თანამშრომლის ხელფასი, თვეში 112 ლარს არ აღემატება.

ბიბლიოთეკა უახლოეს წარსულში, მერიის დაქვემდებარებაში იყო. თუმცა მისი თანამშრომლები თვლიან, რომ მერიას არ სჭირდებოდა ამხელა ისტორიის ბიბლიოთეკა და ბოლო-ბოლო ილიაუნს მიაკუთვნეს.

“ათი წელია ილიაუნს შეგვაერთეს და აღარ ვეკუთვნით ჩვენს თავს. რამდენი წელია წიგნიც კი არ შემოსულა ჩვენთან,“ – გვიყვება 88 წლის ნუნუ იოსელიანი, რომელიც 1974 წელს ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს.

თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ბიბლიოთეკა კვლავ მერიის დაქვემდებარებაში დაბრუნდება და გოგებაშვილის სახელიც დაუბრუნდება.

„სტუდენტები, ასპირანტები ყველა საჯაროში მიდის, რადგან იქ სითბოა, ჩვენთან ეს კომფორტი არაა, ვინ დაჯდება აქ? არადა, ძალიან მდიდარი ფონდი გვაქვს, იმის მადლობლებიც ვიქნებით, თუ სულ არ დაგვხურავენ, რაც სამედიცინო ინსტიტუტის ბიბლიოთეკას დაემართა, მედიცინა ბიბლიოთეკის გარეშე დარჩა.“- გვეუბნებიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s