RSS

სახელმწიფო ექსპერიმენტს ატარებს: შიმშილით დავიხოცებით თუ სიცივით

15 May

wyaltubo 017ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2010 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში 249,365 დევნილი ცხოვრობს (87,962 ოჯახი). 1990-იანი წლების მოვლენების შედეგად, დევნილები საქართველოს მასშტაბით 1,540 კომპაქტური ჩასახლების ცენტრში არიან გადანაწილებული. მათგან 735 ცენტრი თბილისში, 805 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. სამინისტრომ 23,000-ზე მეტი დევნილი ოჯახის (8,000 ე. წ. ახალი და 15,000 ე. წ. ძველი დევნილი ოჯახი) საცხოვრებლის პრობლემა უკვე გადაჭრა.

ომით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პირველი ტალღა საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარი ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტების (ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური) შედეგად გაჩნდა. მაშინ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქვეყნის დანარჩენ ნაწილში დაახლოებით 225,0002 დევნილი გადმოვიდა. მათ შორის იყვნენ, ადამიანები, რომლებიც ახლა ქალაქ წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“, ბარათაშვილის შვიდში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. მათ უამრავ პრობლემას ისიც ემატება, რომ უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მრიცხველებს უდგავენ. ადგილობრივები იმაზეც წუხან, რომ მრიცხველებს ძლიერი წვიმის დროს, წყალი დააზიანებს.

wyaltubo 016შენობა, რომლის ქვეშაც უზარმაზარი გვირაბი გადის, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა, 90-იანებში მისი რემონტი დაიწყეს. სწორედ, მაშინ აფხაზეთიდან დევნილების ნაკადი წამოვიდა. სახურავახდილმა სანატორიუმმა 500 ოჯახი შეიფარა. მას შემდეგ, შენობა უპატრონოდაა და არც წყალ-საკანალიზაციო მილები გამოცვლილა. ადგილობრივების თქმით, ვისაც შეეძლო თავს უშველა და ნათესავებთან გადავიდნენ საცხოვრებლად, ვისაც არა და დღემდე იქ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. შენობა ამორტიზირებულია და თვალსა და ხელს შუა ინგრევა, ომს გამოქცეული 75 ოჯახი, დღემდე, სიკვდილის შიშით ცხოვრობს.

„ამ ოთახში იცხოვრება? – გვეკითხება 77 წლის თამარ სორდია, გაგრიდან, რომელიც ამჟამად მარტო ცხოვრობს, – ელეტროგაყვანილობა არც ერთს გვაქვს. ადრე შემპირდნენ მარტოხელობისას 600 ლარს აიღებო. მას შემდეგ, 5-6 წელი გავიდა. ახლა გვეუბნებიან, ის ფული წინა მთავრობამ შეჭამა და მას მოკითხეო. ტუალეტშიც ვერ შევდივარ, მეშინია არ ჩამოინგრეს, ვედროში ვშვრებით და მერე ვყრით, ტუალეტში ისეთი სუნია, იქ ვერ გაჩერდება ნორმალური ადამიანი. წყალი არ მოდის, სასმელი წყალი ქვედა სანატორიუმიდან მოგვაქვს,“ – გვეუბნება იგი და წიგნის კითხვას თავს ანებებს, საწოლიდან დგება.

„77 წლის ქალს არ უნდა ჰქონდეს თავისი ტუალეტი და აბაზანა? აქ საერთო ტუალეტებია, და იქ შესვლა არ შეიძლება, აქოთებულია, – საუბარში ერთვება მისი კარის მეზობელი, – მარტო ცხოვრობს, მარტო დევნილობისას იღებს, სოციალურად დაუცველია, ესეც წაართვეს. მიკვირს როგორ სულდგმულობს, ჩვენ ვეხმარებით, მაგრამ ჩვენც მის დღეში ვართ. თავზე გვენგრევა სანატორიუმი,“ – მეუბნება და მეორე სართულისკენ მიმიძღვება, სადაც ჭერი ჩამოინგრა, ჩამონგრეული დერეფანი ჩაკეტილია. აქეთ უკვე არავინ გადმოდის. ჩამონგრევამდე, აქ, ერთ-ერთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დევნილს უყვარდა სეირნობა, ახლა იგი ლოგინიდან აღარ დგება. ჭერი რომ ჩამოინგრა ერთ-ერთი დევნილი სარეცხს ფენდა, სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა.

wyaltubo 001სანატორიუმ „მეტალურგის“ მკვიდრნი, ზაფხულში მწერებს, გველების შემოსევას და სიბინძურესაც უჩივიან. შენობის საძირკველში გამუდმებით გროვდება წყალი. ორიოდე დღის წინ ამოუტუმბავთ, მაგრამ სიტუაცია არ შეცვლილა, წყალი სარდაფებიდან გარეთ გამოვიდა და კიბეებს ფარავს.

„აქ ყველა ისეთია დარჩენილი, მარტოხელები, მოხუცები, ბავშვიანები… პენსიას კი ვიღებთ, მაგრამ არაფერში გვყოფნის. ადრე ზამთარში დენით ვთბებოდით, ხან ჩაის მოვადუღებდით, ახლა “სოჩიკებს” გვიდგავენ, რა თქმა უნდა, ვერ გადავიხდით მის გადასახადს, მთავრობამ ვითომ გაგვიორმაგა დევნილობის, ახლა 45 ლარს ვიღებთ, სამაგიეროდ, შეგვიზღუდა დამხარება ელეტროენერგიის. არ ვიცი რა გვეშველება, 22 წელია აქ ვცხოვრობთ და ერთი რემონტი არ გაუკეთებიათ, არც გაზი გვაქვს და არც წყალი, “ – გვიყვება 86 წლის ზინაიდა ჩილაჩავა, მასაც ეშინია ტუალეტში გასვლის, რადგან ცოტა ხნის წინ, სწორედ იქ ჩამოვარდა ჭერი და თავზე დაეცა, სიკვდილს სასწაულად გადაურჩა, – აქ მარტო ვცხოვრობ, შვილები კი მყავს, მაგრამ სიძე მომიკვდა. ჩემს შვილს ჩემზე მეტად უჭირს, შვილი ყავს გასაზრდელი. ჩვენ ხომ არაფერს არ ვთხოულობთ ისეთს, გვეუბნებიან კიდევ სამი წელი მოვითმინოთ,“ – წუხს მოხუცი. მისი მეზობელი, რომელიც ჩავარდნილ მარტოხელა მაზლს, ავთანდი ლდვალაშვილს უვლის, წყლის ზიდვისგან ძალაგამოცლილი მდუმარედ გვიყურებს და მეზობელს ყველაფერში ეთანხმება.
„ჩამონგრეული ჭერი, 7-8 კაცმა ვერ აწია, დაამტვრიეს და ისე გაიტანეს. რომ ვამბობთ, არ სჯერათ, რომ აქ შეუძლებელია ცხოვრება. შენობა დღემდე გადაუხურავია, – გვეუბნება აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის თეა ვეკუა, როცა აქ შემოგვასახლეს, შენობას რემონტი უკეთდებოდა, სხვა გზა არ იყო სოხუმიდან რომ წამოვედით. სხვა ადგილი არ იყო და აქ შემოიყვანეს ხალხი. არც კანალიზაცია, არც წყალი. ჩვენთან, წელიწადში ორჯერ, დეზინტერიის შემთხვევას აფიქსირებს ჯანდაცვის სამინისტრო.“

სანატორიუმი რომ ავარიულია, არ უარყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე თენგიზ ასლანიკაშილი. თუმცა ამბობს, რომ „ ეს პრობლემა დგას, მაგრამ არავის ექსპერტიზა არ წარმოუდგენია, რამდენად ვარგისიანია ეს შენობა. სამინისტრო ყველა ღონეს ხმაროიბს, რომ მოიძებნოს სახსრები ჩატარდეს ექსერტიზა, ან განსახლებულნი იქნენ ეს დევნილები სხვა საცხოვრებლებში.“

wyaltubo 003სანატორიუმიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, კოტეჯებშიც ცხოვრობს ხალხი, თითო კოტეჯში 4-5 ოჯახია შესახლებული. იქ შედარებით მშვიდად ცხოვრობენ, ხანდახან სასმელი წყალიც კი აქვთ. თუმცა მრიცხველების დაყენების გამო, მათაც ძალიან ეშინიათ მომავალი ზამთრის.

„რამენაირად რომ შევძლოთ ჩვენ და სახელმწიფომ თანაცხოვრება, კარგი იქნება,“ – გვეუბნებიან დევნილები. სანტორიუმში, დღემდე 12 არასრულწლოვანი და 30 მარტოხელა პენსიონერი ცხოვრობს, – ახლახანს გაიჭედა კანალიზაცია და გვეუბნებიან, რომ ძალით ვჭედავთ. მაგის ილუზია არავის აქვს, რომ გაჭედილი კანალიზაციის გამო, აქედან ვინმე გაგვიყვანს. თავზე ჭერი გვექცევა და ამის გამო არავის გავუყვანივართ. ეხლა კიდე მრიცხველებს დგავენ, ერთადერთი შეღავათი ის იყო, რომ შეგვეძლო კუსტარული „ფეჩების“ ხმარება, გათბობა და საჭმლის მომზადება. პურსაც კი მასზე ვაცხობთ. ხომ შეიძლება მინისტრმა რამე შეღავათი მოიფიქროს, ვინც ბინებით დაუკმაყოფილებელია იმათთვის მაინც. თუ მთავრობა ჩვენზე ექსპერიმენტს ატარებს – სიცივით მოვკვდებით თუ შიმშილით.“

“უკვე 20 წელია გაურემონტებელ შენობაში ვცხოვრობთ. წყალიც არ გვაქვს, დენზეც შეზღუდვები გვექნება, – გვეუბნება 72 წლის ნელი ვეკუა, სოფელი კოჩარიდან, – ჩვენი ცხოვრება ვერ გაგრძელდება. ასე დაგვტოვა მთავრობამ.“

„ელემენტარული პირობები არაა ოთახებში, ზამთარში „პლიტა“ რომ გამოირთოს, ერთი საათით გაკეთდეს ეკონომია, ყველაფერი იყინება. შეღავათები უქმდება, ვერ იღებენ დევნილის შემწეობას და სოციალურ დახმარებას. გამოდის, რომ სახელმწიფო შეღავათების მაგივრად, დევნილებს პირიქით ექცევა, “ – გვეუბნება სოფო ყუბანეიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან.

wyaltubo 006“მეტალურგში“ ვიცით ეგ პრობლემა. მძიმე მდგომარეობა იყო, გაჭედილი იყო საკანალიზაციო სისტემა და ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა მოგვარებულია. მიყავნილი იყო სპეციალური ტექნიკა და მოხდა ამ პრობემის აღმოფხვრა, სრულად არ გადაწვეტილა, მაგრამ ეს პრობლემა დღეს არ დგას, ნაგავი გაიწმინდა, წყალიც წავიდა და ეს ტერიტორია გასუფთავდა, თუმცა პრობლემა სრულიად არ აღმოიფხვრა,“ – გვიმტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე თენგიზ ასლანიკაშილი.

„ერთ მოსახლეს ოთახში გველი შეუვარდა. მე და ძაღლი, სამი საათი ვწვალობდი, რომ ოთახიდან გამომეგდო. ვიდრე პოლიცია არ მოვიდა ვერ გამოვიყვანეთ. რა ეშველება ამ ხალხს არ ვიცი. ხალხს აღიზიანებს მთავრობა. უკვე აღარ გვაქვს ნერვები. შენობის ქვევით გვირაბია, მიწისძვრის დროს, შეიძლება მთლიანი სანატორიუმი ჩავარდეს. რატომ იდებენ ამ ხალხის ცოდვას?! აქ არც წყალი გაკეთდება და არც გაზი, მილები დახეთქილია. პირდაპირ გვეუბნება მთავრობა – სამი წელი არაფერი მოხდება. კაი, ვიცხოვრებთ, მაგრამ გაგვანებოს თავი, იყოს ის შუქი ისევ, ჩვენ მეტს არაფერს არ ვითხოვთ. ან გაზი შემოიყვანოს და რაღაცნაირად გადავიხდით,“ – გვეუბნება 58 წლის, სამი შვილის დედა, ჟვანია დალი.

„აფხაზეთიდან 250 ათასი კაცი გამოვიდა. ასე ჩქარა ვერ მოიხსნება ყველა პრობლემა, ანალოგიური პრობლემებია სხვა სანატორიუმებშიც. მასიურად დაიწყო მშენებლობები. ქუთაისში, შემოდგომისთვის უკვე აშენდება სამი ობიექტი. ასევე დაგეგმილია და ერთ თვეში დაიწყება 22 ობიექტის რეაბილიტაცია,“ – ამბობს თენგიზ ასლანიკაშილი.

wyaltubo 008ახალი კანონის თანახმად, ბინის მაძიებელმა დევნილმა, უნდა შეავსოს ანკეტა, რომლის მიხედვით, კომისია გადაწვიტავს, პირველ რიგში, ვინ დაკმაყოფილდება ფართებით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილის თქმით, სანატორიუმ „მეტალურგში“, სამწუხაროდ, არ განაცხადეს პრობლემების შესახებ და როცა დრო იყო, არც ანკეტები შეავსეს, რომ მათ ქულები მომატებოდათ და დროულად მიეღოთ ალტერნატიული ფართები.

„წყალტუბოში, დევნილებისთვის არც ერთი ობიექტი არ გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა ქუთაისის გარეუბანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, სადაც წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით, 2 000 ოჯახი დასახლდება. წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს შეეძლებათ შეავსონ აპლიკაცია და იქ განსახლდნენ. ჩატარებულია გეოლოგიური სამუშაოები. გეგმები დამტკიცებულია და უკვე ცხადდება ტენდერები,“ – ამბობს ქორიძე გიორგი ამავე ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტი, რომელიც თავად დევნილია გაგრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის გურიის რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე თენგიზ ასლანიკაშილის თქმით, უახლოეს მომავალში, სამ ობიექტზე, დაახლოებით 250 ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, გასულ წელს, დაახლოებით, 400 ოჯახი განსახლდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე.

wyaltubo 007 wyaltubo 011 wyaltubo 013 wyaltubo 014 wyaltubo 015 wyaltubo 018 wyaltubo 021 wyaltubo 022 wyaltubo 023 wyaltubo 026 wyaltubo 028

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s