RSS

უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი

20 ოქტ

ანო ტვილდიანი

„უდედოდ გაზრდილი შვილები გულგრილები არიან ყველაფრის მიმართ, მათთვის უფრო ადვილია სამშობლოს წართმევა“, – ამბობს ლეილა ონიანი-ტონია.

ლეილა ქართველი ემიგრანტია. პირველად საქართველოდან 2007 წელს გაემგზავრა. საბერძნეთში 5 წელი ცხოვრობდა და სამშობლოში 2012 წლის ბოლოს დაბრუნდა. 4 წელი კვლავ საქართველოში გაატარა, თუმცა როგორც თავად ამბობს, გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა, მეორედ წასულიყო ემიგრაციაში. ამჯერად იტალიაში, ემპოლიში ცხოვრობს.

„უკეთესის ნაცვლად, უარესი მდგომარეობა დამხვდა. შემცირებული სამუშაო ადგილები, დაუფასებელი შრომა, გაძვირებული პროდუქტი, წამლები. ზოგჯერ მგონია, ხელოვნურად გვიქმნიან ასეთ პირობებს, რომ უფრო მეტი ადამიანი წავიდეს საქართველოდან“, – ამბობს ლეილა.

იგი პროფესიით ექთანია. ემიგრანტობამდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში და სასწრაფო დახმარების ბრიგადაში შეთავსებით მუშაობდა.

„ჩემი ცხოვრება 37 წლის ასაკში გაიყინა. საუკეთესო წლები დავკარგე. ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. როცა წავედი, ჩემი შვილები 14-15 წლისანი იყვნენ.  ეს ყველაზე საშინელი ტრამვა იყო, რომლის დავიწყებასაც მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის“, – გვიყვება ლეილა.

ლეილა ჩვენი ერთადერთი გმირი არ არის, რომელსაც ოჯახისა და შვილების დატოვება მოუწია. ჯანინა ხერგიანი საქართველოდან 2013 წელს გაემგზავრა. სამშობლოში დღემდე არ დაბრუნებულა.

„რთულ სამუშაოს ვასრულებდი, ბუჩქებს ვსხლავდი, ვბარავდი, თუმცა ფსიქოლოგიურად ბევრად უფრო მიჭირდა, ვიდრე ფიზიკურად. მეუღლე 2011 წელს გარდამეცვალა. ძალიან რთულია ახლობლების შორიდან დატირება. ორი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. რა თქმა უნდა, ოჯახიც განიცდიდა უდედობას. მაგრამ ცხოვრება რამდენჯერაც დაგცემს, იმდენჯერ უნდა წამოდგე ფეხზე და ბრძოლა გააგრძელო“, – ამბობს ჯანინა.

იგი ემიგრაციაში წასვლამდე კერძო სკოლაში მუშაობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავს, მისი ანაზღაურება ოჯახისთვის საკმარისი არ იყო, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.

რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, 2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 ადამიანი შეადგინა.

მარინა თოფურიას ოჯახი წყალტუბოში, სოფელ გვიშტიბში ჰყავს.

„აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებმა და შიდა პარტიულმა დაპირისპირებების მოშალა სახელმწიფო სტრუქტურებში სამუშაო პოტენციალი, დავტოვე ახალნაოპერაციები მეუღლე, შვილი და შვილიშვილები. ოჯახის ყველა წევრი უმუშევარი იყო. 5 წელი თურქეთში ვიმუშავე ძიძად, თუმცა არასკმარისი ანაზღაურების გამო, იძულებული გავხდი, სხვა ადგილი მეპოვა. 2012 წელს გავემგზავრე იტალიაში. მაგრამ აქაც ჩვენი შრომის საფასურის 50 %-ს იხდიან“, – გვიყვება მარინა.

საქართველოში 11 წელი არ ჩამოსულა. როგორც თავად ამბობს, ყველაზე დიდი სირთულე მისთვის ახლობელი ადამიანების დატოვება იყო.

„ყველაზე მეტად სამშობლოს დატოვება გამიჭირდა. აქ ასაკოვანი დედა მყავს. ოჯახთან განშორებამ დიდი სულიერი ტკივილი მომიმატა. მეუღლეს ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი მოუვიდა და 6 წელი მეტყველება დაკარგული ჰქონდა. სახსრებწართმეული გარდამეცვალა“, – გვიყვება მარინა.

მისი თქმით, ძირითადად, ალცაიმერით დაავადებულ ადამიანებთან უწევდა მუშაობა, ხანდაზმულების ხელით აწევა, რაც დიდ ფიზიკურ დატვირთვას და შრომას მოითხოვდა.

ყველა დღე ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას, მითუმეტეს, როცა ცრელმდაუყრელი 53 წლის ძმის და 69 წლის მეუღლის საფლავი მელოდება, ცოცხლებზე და ოჯახის სხვა წევრებზე რომ არაფერი ვთქვა. 91 წლის დედა მელოდება. მაგრამ საქართველოში თუ მინიმუმ საარსებო საყოფაცხოვრებო  პირობები არ შეიქმნა, როგორ შეჩერდება ემიგრაციის პროცესი. ორასლარიანი პენსიით როგორ უნდა იარსებოს პენსიონერმა.

ქეთევან ხიდაშელი ჩვენი კიდევ ერთი გმირი ემიგრანტია. იტალიაში 2020 წელს გაემგზავრა. 13 წელი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი გახლდათ. როგორც თავად ამბობს, ორგანიზაცია აქტუალურ საკითხებს უწევდა ადვოკატირებას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შეიცვალა გარემო, გართულდა ოზურგეთის თვითმართველობასთან ურთიერთობა.

„გვქონდა პროექტი, ნასაკირალის თემში ეკომიგრანტებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ. ეს ერთგვარი აქილევსის ქუსლი გახდა ჩვენთვის. ეს იყო, დაახლოებით, 400 000 ლარის ღირებულების პროექტი. სოფელში მაღალი იყო შობადობა და რადგან არ იყო საბავშვო ბაღი მშობლებს სხვა სოფლებში დაჰყავდათ ბავშვები. ამ კამპანიამ გამოიწვია დიდი დაძაბულობა. შეგვიქმნეს ისეთი პირობები და გარემო, რომ მუშაობა შეუძლებელი გახდა. ბოლოს აღარც კი გვესალმებოდნენ“, – აღნიშნავს ქეთევანი.

ქეთევანი ყვება, რომ ბიზნესის წამოწყებაც სცადა, მაგრამ საჭირო უნარები არ აღმოაჩნდა და ორი სტუდენტი შვილის დატოვება მოუწია, რომლებიც ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

„თუ საბუთი გაქვს, სამშობლოში დაბრუნება პრობლემა არ არის, მაგრამ აქ სხვა მდგომარეობაა. როცა კარგი სამსახური გაქვს და შვებულებას იღებ, შენ მაგივრად სხვა კადრი შემოჰყავთ. როცა უკან ბრუნდები, უმუშევარი რჩები. მერე თავიდან იწყებ სამსახურის ძებნას და შეიძლება 2-3 თვე მოგიწიოს უსახსროდ ყოფნა“, – ამბობს ქეთევანი.

ქეთევანი გვიყვება, რომ თავადაც უამრავი ტრენინგი აქვს ჩატარებული არალეგალური მიგრაციის თემაზე, თუმცა ბევრი საჭირო რამ სწორად ვერ გათვალა.

„პანდემიის დროს სრულიად უსახსროდ და უსაბუთოდ აღმოვჩნდი. შემომთავაზეს სამსახური, ხელშეკრულების გარეშე. არ ვიცოდი ენა, მისამართი, არ მქონდა Sim ბარათი. აღმოვჩნდი მომვლელად ისეთ ადამიანთან, რომელიც იყო აგრესიული.

რამდენჯერმე აივანზე ჩამკეტა, დანითაც დამემუქრა. მოვახერხე ბარგის აღება, გასაღების მოძებნა, მეზობელს ვთხოვე ამ ადამიანის შვილისთვის დაერეკა და სასწრაფოდ მოსულიყო. იქიდან ღამის 12 საათზე წამოვედი. დავრჩი შუა მილანში, სრულიად მარტო. მარტის ცივი ღამე იყო. ბევრი ვიარე, შემთხვევით ქართველები ვიპოვე, რომლებმაც გზის ფული მომცეს და ისე დავბრუნდი სახლში“, – იხსენებს ქეთევანი.

იმისათვის, რომ მსგავსი რისკები სხვა ადამიანებმა თავიდან აირიდონ, ქეთევანმა სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი „მილანის ქართველი ემიგრანტები“, სადაც მათ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს.

„აქ ყოფნის პერიოდში მივიღე მწვავე ინფარქტი. მომიწია ოპერაციის გაკეთება, დავტოვე სამსახურში და 6 თვე ვიყავი საქართველოში, მერე ისევ იტალიაში დავბრუნდი. ახლა მძიმე სამუშაოს ვეღარ ვიწყებ. ძირითადად კომპანიონობას ვუწევ მოხუცებს და სახლის საქმეებს ვასრულებ.

როცა მოვდიოდი, ვფიქრობდი, ვალებს გავისტუმრებ და მერე უკან დავრუნდები-მეთქი. მერე, რადგან ბავშვები ნაქირავებში მყავდა, ბინა ვიყიდე, ახლა ამ ბინის კრედიტს ვისტუმრებ. ვფიქრობ, 3-4 წელი კიდევ დამჭირდება. ოქტომბერში 60 წლის ვხდები, განა რამდენი ხანი უნდა ვიყო აქ, მაგრამ, ვიდრე შემიძლია, ვიმუშავებ“, – ამბობს ქეთევანი.

ასევე აღნიშნავს, რომ ემიგრაციაში სერიოზული პრობლემაა ბინების დაქირავება. ქართველები, რომლებიც ბინებს ემიგრანტებზე აქირავებენ, მათ მძიმე პირობებში ამყოფებენ.

„ბინის მეპატრონეები, ქართველები, ტრეფიკიორებივით იქცევიან. ბინაში ცხელ წყალს კეტავენ, სარეცხ მანქანას, გაზს არ განთებინებენ. განსაკუთრებით პანდემიის დროს გვიჭირდა. გამოგვკეტეს სახლში, ყველას შემოაკლდა ფული, საკვები. მაგრამ, საბედნიეროდ, იქ ერთ-ერთი მოძღვარი, მამა კირიონი დაგვეხმარა. 12 ქალისთვის საჭირო საკვებს გვაწვდიდა. სახლში ტელევიზორიც კი არ გვქონდა, ბინის მეპატრონე გვატყობინებდა გარდაცვლილების რაოდენობის შესახებ. უკან დაბრუნებაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ფრენები არ იყო“, – იხსენებს ქეთევანი.

სოფო ქარსელაძე საქართველოდან 2008 წელს, საბერძნეთში გაემგაზვრა. საქართველოში თავისი აფთიაქი ჰქონდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, დიდი სააფთიაქო ქსელების გახსნის შემდეგ, მისი მუშაობა შეფერხდა და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

„ახლა როცა ვიხსენებ იმ დროს, ვერ ვიტყვი, რომ რამე განსაკუთრებული სირთულე გადამხდა. წამოსვლისას მოძღვარმა მაკურთხა, დამლოცა დედამ და ხელში მომცა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, მითხრა დაგეხმარებაო. მჯერა, რომ თუ რწმენა გაქვს, ცეცხლშიც გაივლი და მართლაც ცეცხლში გავიარე. დავტოვე ოთხი შვილი, პატარა წლის და სამი თვის იყო, რძე საბერძნეთში გავიშრე“, – ამბობს სოფო.

ათენში დიდ სამხედრო საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მძიმე ავადმყოფს უვლიდა. საქართველოში 15 წელია არ დაბრუნებულა. 

„ვამბობ, რომ არასწორი იყო ჩემი წამოსვლა, მაგრამ არის რაღაც, რაშიც ძალიან გამიმართლა. მე აქ საოცარი მოძღვარი ვიპოვე, რომელიც მამა ვიტალის სულიერი შვილია. ძალიან კარგი მეგობრები შევიძინე. მამა აბიბოსის სახით უდიდესი საყრდენი მყავს, ამიტომ არაფრის მეშინია.

იცით, ერთხელ ბერძნებმა მითხრეს, რატომ ტოვებთ ქვეყანას, რატომ არ გამოდიხართ ქუჩაშიო. აქ კვირა არ გაივლის, რომ მოქალაქეები არ გამოვიდნენ, არ გააპროტესტონ თავიანთი პრობლემები. ჩვენი, ქართველების, ყველაზე დიდი შეცდომა არის გაქცევა“, – ამბობს სოფო.

ეს ქალები ერთმანეთისგან განსხვავდებიან თავიანთი ისტორიებით, მაგრამ ტკივილი ყველას საერთო აქვს. სამშობლო, ოჯახი და შვილები, რომლებთანაც დაბრუნება სურთ. 

„რატომ უნდა ვუვლიდე აქ მხოლოდ ერთ ადამიანს, როცა ჩემი პროფესიით საქართველოში ოცდაათს შემიძლია დავეხმარო და მოვუარო. ჩემნაირი უამრავია, ვისაც შეუძლია, საკუთარი პოტენციალი თავის ქვეყანას მოახმაროს, მაგრამ ვერ ახერხებს დაბრუნებას, რადგან გაუსაძლისია სოციალური მდგომარეობა“, – ამბობს ლეილა ონიანი-ტონია.

იგი იმედოვნებს, რომ მათ ხმას ვინმე აუცილებლად გაიგონებს და ეცდება ქვეყანა დაცლას გადაარჩინოს. უკან დაბრუნებაზე ყოველ დღე ოცნებობს და რწმენას არ კარგავს, რომ საკუთარ შვილებს ისევ ჩაეხუტება.

საქართველოდან, 2022 წლის მონაცემებით, 48 162 ქალი წავიდა ემიგრაციაში. აქედან ყველაზე მეტი, 5 645 ქალი, 25-29 ასაკობრივ კატეგორიაში, ხოლო ყველაზე ცოტა, 116 ქალი, 85+ ასაკობრივ კატეგორიაში.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 20/10/2023 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი