RSS

“ოცნების” ქალაქის” ათი წელი ჩემს ობიექტივში (ფოტო ამბავი)

10 სექ

ოლიკო ცისკარიშვილი

2013 წელს, შემთხვევით მოვხვდი ბათუმთან ახლოს, ყოფილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ჩემი ათი წლის წინ დაწერილი სტატიის სახელი შემორჩა “ოცნების” ქალაქი”. “ოცნება” ბრჭყალებში დავწერე მაშინაც, და ახლაც, რადგან იქ მცხოვრებლები დღემდე ოცნებობენ საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე.

როცა პირველად შევდგი ფეხი “ოცნების ქალაქში” თვალწინ წარმომიდგა ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, როგორ ვთამაშობდით სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ათი წლის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა.

მუყაოს “ოცნების ქალაქში”, ბათუმთან ახლოს, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53 სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ზოგი მუყაოს ყუთებისგან, ზოგი სახელდახელოდ ფიცრებისგან, ზოგიც უბრალოდ, ცელოფნის პარკებისგან იყო გაკეთებული. მუყაოს “ოცნების ქალაქში” ადამიანები, 2012 წლის ოქტომრიდან ცხოვრობენ.

მათი უმრავლესობა ეკომიგრანტია, ზოგიც დევნილია აფხაზეთიდან, ზოგიც კი უბრალოდ, ძალიან გაჭირვებული, ანდა მოძალადე ოჯახის წევრებს გამოქცეული. მაშინ იქ მხოლოდ 300 ოჯახი ცხოვრობდა, განსაკუთრებით მძიმე პირობებში იყვნენ ქალები და ბავშვები. ამ ქალაქში, ამ წლების განმავლობაში, უკვე ასობით ბავშვი დაიბადა. მათ შორის არიან როინ გუნდაძის სამი შვილიც.

ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს უკვე 600 ოჯახი ცხოვრობდა. ნელ-ნელა კი ამ დასახლებაში, წყალიც შეიყვანეს (მხოლოდ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე), შემდეგ სასმელი წყალიც. მერე კი მუყაოს ყუთები ნელ-ნელა ჩაანაცვლა ფიცრულმა ანდა ბლოკის ქოხებმა. თუმცა ქოხები მაინც უცნაურადაა დანომრილი. იქ მაცხოვრებლები უკვე ოფიციალურადაც არიან რეგისტრირებულნი როგორც გადამხდელები, წყლის, ელექტროენერგიის… იქ მაცხოვრებლები არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ, ზოგი მუშად მუშაობს, ზოგიც დამლაგებლად, ზოგიც კი თუ გაუმართლა სეზონურ სამუშაოებზე თურქეთშიც გადადის.

განსხვავებული რელიგიური შეხედულებები და მრწამსის გამო კონფლიქტი არასდროს მოსვლიათ… პირიქით, ერთად უძლებენ გაუსაძლის პირობებს და დღემდე გვერდში უდგანან ერთმანეთს… ქალაქში ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირიცაა, რომლებსაც სათანადო არც სოციალური და არც ეკონომიკური ყურადღება არ ექცევა.

დღეს მთავრობის აღწერით “ოცნების ქალაქში”, ანუ, 25-ე ბატალიონის და 53-ე ბატალიონის ტერიტორიებზე ერთად 1740 ოჯახია აღწერილი. წლების შემდეგ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იქ მაცხოვრებლები ბინებით დააკმაყოფილოს და მშენებლობაც დაიწყეს. თუმცა მთავრობის გადაწვეტილებით მხოლოდ 1580 ოჯახს ეკუთვნის ბინა. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე მშენებარე კორპუსებში კი მხოლოდ 580 ოჯახი უნდა შევიდეს. უკვე შენდება სამი  12 სართულიანი კორპუსი. თუმცა, როდის დასრულდება მშენებლობა ჯერ კიდევ უცნობია და დანარჩენ ოჯახებს როდის დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი პირობებით ესეც გაურკვეველია. ქალები და ბავშვები კი ისევ რჩებიან ელემენტარული სოციალური პირობების გარეშე. კარზე კი ზამთარია მომდგარი.

ადგილობრივები გაჭიანურებული მშენებლობის გარდა იმასაც სჩივიან, რომ მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობს, რადგან მათი თქმით, რამდენჯერმე აშენებული კორპუსიდან ფრაგმენტები ჩამოიშალა. როდის დასრულდება თუნდაც ამ 580 ადამიანისთვის მშენებლობა უცნობია.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 10/09/2023 დუიმი უკატეგორიო

 

დატოვე კომენტარი