RSS

ჰესები – ინვესტიცია თუ საფრთხე

17 სექ

ნაწილი პირველი

ოლიკო ცისკარიშვილი

რამდენიმე კვირის წინ, გარემოსდამცველ ორგანიზაციების ვებ-გვერდზე წავიკითხე, რომ სომხეთმა შეწყვიტა მცირე ჰესების მშენებლობა. ცოტა ხნის წინ, კი სომხეთში ვიზიტისას, კოლეგებთან პირადად გადავამოწმე ინფორმაცია, მათაც დამიდასტურეს და დაამატეს, ჰესები იმდენად დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, რომ მთავრობამ გადაწვიტა, ჰესების მშენებლობა აეკრძალა.

საქართველოში, კი კიდევ მინიმუმ ასი ჰესის მშენებლობა იგეგმება და ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სწორედ, ჰესების მშენებლობის წყალობით, დაძლევს საქართველო ეკონომიკრ კრიზისს. თუმცა ამას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები. საქართველოში, დღეისათვის 35,204 ოჯახია რეგისტრირებული, რომლებიც ბუნებრივი სტიქიის საშიშროების ზონაში ცხოვრობენ, მათგან 11,000 ექვემდებარება უსაფრთხო ადგილას განსახლებას, ამას კი ემატება ჰესების მშენებლობით გამოწვეული სტიქიკური მოვლენების გააქტიურება და ამ მოსახლეობის უფრო მეტად საფრთხეში ჩაგდება.

ჯერ კიდევ, 2012 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოში, ჰესები უნდა აშენდეს, მათ შორის გიგანტური ჰესები, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი,  დარიალჰესი. მათგან ორი უკანასკნელი აშენდა და გარემოს დამცველთა პროგნოზიც გამართლდა.

დარიალი

დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე 109-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას კომპანია საქართველოს მთავრობასა და “დარიალ ენერჯის” შორის, 2011 წლის 19 მაისს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გახორციელდა.

ჰესის მშენებლობისას მდინარე თერგის წყლის 90%–ის 8 კმ სიგრძის მილში მოექცა. არასამათავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” და გარემოსდამცველები აცხადებენ, რომ მდინარის კალაპოტში წყლის 10%–ის დარჩენა ლანდშაფტის შეცვლას და წითელ ნუსხაში შეტანილი კალმახის გადაშენებას გამოიწვევს. “მწვანე ალტერნატივამ” მრავალგზის მიმართა სასამართლოს. ეკოლოგიური დასკვნის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლო დავას გარემოს დაცვის სამინისტროსთან აწარმოებდა.მათი მოთხოვნა იყო შეჩერებულიყო დარიალ ჰესის მშენებლობა, რადგან მისი ექსპლუატაციაში გაშვება საფრთხეს შეუქმნიდა ადგილობრივ  ეკოსისტემას. “მწვანე ალტერნატივამ”  რამდენჯერმე წააგო პროცესი.

დარიალის ჰესის პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ისე, რომ შეუსწავლელი იყო მდინარე თერგისა და მისი შენაკადების ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი. აქედან გამომდინარე, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია იბრძოდა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო „მწვანე ალტერნატივა“-სთან ერთად სხვა გარემოსდამცველებიც ილაშქრებდნენ. თავის დროზე, კანონდარღვევის აღკვეთისა და საკითხების გამოძიების მოთხოვნით მიმართა, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსაც. თუმცა, უწყებებს კანონდარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი იყო ბუნების ხელუხებლად დატოვება და ამიტომ ჰესის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ. თუმცა, მათი მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა და ბრძოლის გაგრძელება აზრს კარგავდა. შედეგიც დადგა.

2014 წლის 17 მაისი მძიმე აღმოჩნდა დარიალის ხეობისთვის. ამ დღეს, გლაციალური ღვარცოფის შედეგად მყინვარი დევდორაკი ჩამოიშალა. იყო მსხვერპლიც, – ძირითადად, დარიალ ჰესზე მომუშავე ათობით ადამიანები.

მიუხედავად, ამ კატასტროფისა, მშენებლობითი სამუშაოები კვლავ გაგრძელდა და 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს ექს-პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზეიმოდ გახსნა ახალი ჰიდროელექტროსადგური. 2017 წლის 18 მაისს კი გავრცელდა შემდეგი ინფორმაცია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში. სწორედ EBRD-მ გამოყო კრედიტი დარიალ ჰესის მშენებლობის დასაწყებად. ზემოთ ხსენებული ანგარიშის თანახმად, EBRD-მ საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია, როცა დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და პროექტთან დაკავშირებული გოედინამიკური რისკები სათანადოდ არ შეაფასა.

ალბათ არავისთვისაა სიახლე, რომ საქართველოს რთული რელიეფის გამო, ხშირად უნდა მოველოდეთ სხვადასხვა სტიქიურ მოვლენას. ამის ფონზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე დაგეგმილი ასი ჰესის მშენებლობა ბუნებრივ კატასტროფამდე მიგვიყვანს. მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ტყის მასივებისა და ლანდშაფტების განადგურება – ეს ჩვენი მომავალია, თუკი დავიწყებთ ბუნებასთან ჭიდილს და მისი რესურსის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას.

აჭარაჰესი

აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტი განხორციელდა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 2,900 კმ2-ია.აჭარის მოსახლეობა დღეისათვის შეადგენს 400, 000 ადამიანს, რომელთა 48% ცხოვრობს ურბანულ ცენტრებში (ბათუმი, ქობულეთი და სხვა), დანარჩენი კი აჭარის მაღალმთიანეთში.

აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში.

შუახევი ჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას და ოპერირებას, საერთო დადგმული სიმძლავრით 185 მვტ. გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაცია უპირატესად მოხდება თურქეთის ენერგობაზარზე, ხოლო ენერგოდეფიციტის პერიოდში (დეკემბერში, იანვარში და თებერვალში) ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება საქართველოს ენერგოსისტემაში. შუახევის ჰესის პროექტი ითვალისწინებს ორი კაშხლის, შესაბამისი წყალსაცავებით და ერთი დამბის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, მდ. სხალთასა და მდ. ჩირუხისწყალზე. პროექტის მიხედვით ჰესი მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს ელექტროენერგიაზე მაღალი მოთხოვნის პერიოდებში, როცა თურქეთის რესპუბლიკაში მაღალი ფასებია (ამ ქვეყანაში დღის სხვადასხვა პერიოდში ელექტროენერგიაზე დაწესებულია სხვადასხვა ფასები). პროექტის გეგმის მიხედვით, დასრულდა  2017 წელს. ხოლო მისი ოპერირება მოხდება, 45 წელი, ანუ 2066 წლამდე.

განსახლების სახელმწიფო პროგრამებში კლასიფიცირებულია დაზარალებული მოსახლეობა, რომელთა ნაწილს წარმოადგენს აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობაც (ე. წ. „ეკომიგრანტები“). 2004 -2010 წლებში ისეთი ბუნებრივი სტიქიის გამო, როგორიცაა ძლიერი წვიმებითა და თოვლის სწრაფი დნობით გამოწვეული წყალდიდობა და მეწყერი აჭარიდან (მათ შორის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან) 763 ოჯახი განსახლდა. აჭარის ეკომიგრანტების პრობლემების საკოორდინაციო ჯგუფის ოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივი სტიქიის ზემოქმედების არეალში აღრიცხულია 4,144 ოჯახი, რომლებიც ელოდებიან დახმარებას. პროექტის გავლენის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტების უმრავლესობა მაღალი სენსიტიურობით გამოირჩევა საშიში გეოლოგიური პროცესების მიმართ.

ხულოს მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლება შეადგენს  36,835 კაცს, მდებარეობს პროექტის ზემოქმედების არეალის უკიდურესი აღმოსავლეთით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედის 77 სოფელი, რომელთაგან 31  პროექტის პირდაპირი ზემოქმედების არეალშია და შედის უშუალო ზემოქმედების ზონაში. მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი სტიქიური მოვლენებთან დაკავშირებით (მეწყერი, ზვავი) პერიოდულად ხდება მოსახლეობის მიგრაცია (ეკომიგრანტები).. ხულოს მუნიციპალიტეტის დასავლეთით მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტი, რომელშიც შედის 68 სოფელი, მათგან 17 პროექტის პირდაპირი ზემოქმედების არეალშია და შედის უშუალო ზემოქმედების ზონაში. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით შეადგენს 22,800 კაცს. უმუშევრობის დონე მაღალია. მაღალმთიან დასახლებებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგალითად სოფ. ოლადაურში (75%), რომელიც ჩირუხის წყლის კაშხლის ქვემო დინებაში მდებარეობს. ზამლეთისა და ოლადაურის თემები მოქცეულია შუახევი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში. მაღალმთიან რეგიონებში საკუთარ მეურნეობაში წარმოებული პროდუქცია წარმოადგენს მოსახლეობის ძირითად საარსებო საშუალებას. მოსახლეობის მცირე ნაწილი დასაქმებულია პირადი მოხმარებისათვის გამიზნული თევზჭერით. ანალოგიური მდგომარეობაა კორომხეთი ჰესის და ხერთვისი ჰესის პროექტების გავლენის ზონაში მოქცეულ დასახლებულ პუნქტებშიც. დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს სკოლებში, ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში, სამედიცინო დაწესებულებებში და მაღაზიებში დასაქმებული პირები.

პროექტის მიმდინარე სამუშაოები, აზარალებს როგორც მოსახლეობას, გარემოსაც. „ვამბობდით, რომ აფეთქებები მოახდენდა გავლენას ჯანმრთელობაზე, ფლორაზე, ფაუნაზე, წყლებზე… მუხის ხეები გახმა. ცხრა წყარო დაშრა. სასმელი წყლის პრობლემაც გვაქვს, წყაროების დაშრობის შემდეგ, მხოლოდ ექვს მოსახლეს გაუყვანეს წყალი და მასაც მხოლოდ სასმელად თუ გამოიყენებს ადამიანი, ისე ცოტა მოდის,“ – ამბობს ბადრი მახარაძე სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი და სოფლის მოპირდაპირე მხარეს გვაჩვენეს გამხმარი ხეების რიგს, მოგვიანებით დამშრალ წყაროზეც გაგვიძღვება, – „მოვითხოვეთ კომისიები, მაგრამ როგორც ჩანს მთავრობა და კომპანია ერთი ბირთვია, კომისია დებდა დასკვნას, რომ საშიში არაფერია, არადა სამჯერ შეგვიმცირდა მოსავლიანობა – თამბაქო, სიმინდი, ლობიო… მეფუტკრეობაზეც იმოქმედა, სპეციალისტმა შიმშილის ბრალიაო, თუ გაწყდა ყვავილი, როგორ გამოიკვებება ფუტკარი?“

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას და მოყვათ კარტოფილი და თამბაქო. მთიანი აჭარის დასახლებული პუნქტები მცირემიწიანია. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი და ეროზია, რაც ბუნებრივ პირობებთან ერთად, ისეთ ანთროპოგენურ საქმიანობებს უკავშირდება, როგორიცაა გადაძოვება, ტყის გაჩეხვა და სხვა. მეწყრული და ეროზიული პროცესები პირდაპირ კავშირშია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საძოვრების დაკარგვასთან. პროექტის განხორციელების არეალში არსებული მცირემიწიანობა, ეროზიული პროცესები, ასევე რთული რელიეფი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორებია, ამბობენ გარემოსდამცველები.

250 დასახლებულ პუნქტზე მეტი (20,000 მოსახლემდე) მდებარეობს მაღალი რისკისა და სტიქიური უბედურების ზონაში. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, 1,900 საცხოვრებელი სახლი და დაახლოებით 350 დანიშნულების შენობა დაინგრა მეწყრული პროცესების შედეგად. განხორციელდა დაახლოებით 6,000 ოჯახის განსახლება მათი საკუთრების დაზიანებისა და მეწყრული პროცესების მიმართ მათი მოწყვლადობის გამო. დაახლოებით 40 ხიდისა და გადასასვლელის დანგრევის შედეგად ბევრი სოფელი მოწყდა გარე სამყაროს. 1989 წელს სოფ. სხალთასთან ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტი მეწყრის შედეგად მიწით დაიფარა და ყველა მოსახლე დაიღუპა. აჭარაში ძლიერი წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად შეიძლება გზებსა და ხიდებს პრობლემა შეექმნას. არსებობს გზების გადაკეტვის და ხიდების ამორტიზაციის და მწყობრიდან გამოსვლის რისკები, რამაც შესაძლებელია სოფლებთან კომუნიკაციის გაწყვეტა გამოიწვიოს. პროექტის უშუალო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც პრაქტიკულად ზემოაღნიშნული პრობლემების მიმართ მოწყვლადი არიან, წარმოადგენს სოფლები კვატია, დიდაჭარა, მახალაკიძეები, დაბა ხულო, დაბა შუახევი და დაბა ქედა.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოიქმნება დიდი რაოდენობის გამონამუშევარი ქანები და ამოღებული გრუნტი (გვირაბების გაყვანა, შენობების საძირკვლების ამოღება, კაშხლების საძირკვლების ამოღება და სხვა), რომლებიც საჭიროებენ უსაფრთხო განთავსებას და გარკვეულ დონეზე მართვას მთელ მშენებლობის ფაზის განმავლობაში. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დონეზე დაანგარიშებული გამონამუშევარი ქანების და ამოღებული გრუნტის მოცულობა (რომლის მეორადი გამოყენება არ მოხდება) დაახლოებით შეადგენს 4 729 000 მ 3-ს. ნაშალი დაყარეს სოფლიდან სოფელში მიმავალ გზების ხევებში, სადაც, ნადგურდება ხეები, ნაშალი ასევე დაეყარა პაწაწინა მდინარეებსა და რუებს… ხევებში ჩაყრილი ნაშალი, რომელიც პირდაპირ პაწაწინა მდინარეებს ფარავს აუცილებლად დაიძრება და წინაპირობაა მეწყრული პროცესების. ჰესების მშენებლობისას განადგურდა 1408 წითელ წიგნში შეტანილი ხე. შუახევი-ჰესის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ “აჭარისწყალ ჯორჯიას” მათი მოჭრის უფლება მისცა. ამის სანაცვლოდ, კომპანიამ საკომპენსაციოდ სხვაგან უნდა დარგოს იგივე სახეობის ხეები.

მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის გავლენის ზონაში სენსიტიურ ადგილსამყოფლებად შეიძლება ჩაითვალოს ტყიანი მონაკვეთები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დატბორვის ან კაშხლის შემდგომ უბნებს, ან უშუალოდ იტბორებიან. სენსიტიურია ასევე კაშხლებისა და გვირაბების შესასვლელი და გამოსასვლელი ნაწილების მშენებლობის ადგილები, რადგან მათი მშენებლობა მოითხოვდა ტყის გაჩეხვას. მდ. ჩირუხისწყლის დამბის ზემოქმედებით გამოწვეული ზარალი არ იქნება მაღალი (ზედა ბიეფში მოეწყობა მცირე შეგუბება). პირიქით მცირე წყალსაცავებმა შეიძლება მოიზიდონ წყლისა და წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველები და წავი. კაშხლების ქვევით, სადაც წყლის რაოდენობა არსებულზე ბევრად მცირე იქნება ძლიერ შეცვლის მდინარისპირა ფაუნისტურ კომპლექსებს და განსაკუთრებით ცხოველთა რიცხოვნებას, რომელიც დაეცემა წყლის სიმცირის გამო. დაბალ ადგილებში შეიცვლება ტყის სტრუქტურა, გამეჩხერდება, უტყეო ზონები მეტი გახდება, ამიტომ ღია ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი სახეობების რიცხოვნობა იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ჩარევის გამო, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე შეიცვლება მდინარე აჭარისწყლისა და მდინარე ჩირუხისწყლის ხეობის ფაუნის სახე, მაგალითად გაქრება ის მცირეოდენი წყლისპირას მაცხოვრებელი სახეობები, რომლებიც ოდითგანვე არსებობდა, რადგან ის პატარა მდინარის კუნძულები რომლებზეც ისინი ბუდობენ ადვილად მისადგომი გახდება მტაცებლებისათვის. დიდაჭარის და სხალთის წყალსაცავების დატბორვის შედეგად, განადგურდება ფრინველთა და ძუძუმწოვართა თავშესაფრები, ასევე განადგურდება ფაუნისტური კომპლექსები, მთელ დატბორილ ადგილებზე. ტყისპირა და წყლისპირა კომპლექსები ძირეულად განსხვავდება უშუალოდ ტყის კომპლექსებისაგან თავისი სახეობრივი სიმდიდრით. მშენებლობამ შესაძლოა იმოქმედოს ცხოველთა ბიომრავალფეროვნებაზეც:  სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას გაიზარდა ხმაური და ვიბრაცია, მცენარეები დაიფარა მტვრით, რაც გავლენას იქონიებს ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა საკვებ ბაზასა და მათ გამრავლებაზე; გაიზარდა შეწუხების ფაქტორი გზატკეცილის მახლობლად მობუდარი ფრინველებისათვის და ხელფრთიანებისათვისა; ტყის დატბორვა და ნაწილობრივი გაჩეხვა გამოიწვევს ცხოველთა ადგილსამყოფელის განადგურებას, განსაკუთრებით ეს შეეტყობა ტყის ხელფრთიანებს, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ ტყისპირა ფუღუროიან ხეებში. ასეთი ხეების განადგურება გამოიწვევს ხელფრთიანების რაოდენობის კლებას, რაც აწევს კოღოების რიცხოვნობას და პერსპექტივაში გააძლიერებს მალარიის გაჩენის საშიშროებას, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მდგარი წყალი გაზრდის მალარიის კოღოს გაჩენის წინაპირობებს. გარემოში მავნე ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში, დაზარალდებიან ამფიბიების, წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველების, წავის პოპულაციები, აგრეთვე ამ ნივთიერებათა დაღვრის ადგილზე და მის მახლობლად მობინადრე ცხოველები. ნიადაგისა და წყლის მოწამვლამ შეიძლება მრავალი წელი გასტანოს, რაც გამოიწვევს ცხოველთა სახეობების უმეტესობის რიცხოვნობის ძლიერ კლებას, იშვიათი სახეობების გაქრობას.

„ჰესები არ არის ცუდი, ჰესები უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მათი გზშ უნდა იყოს კარგი,“ – ამბობს მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი. არადა, როგორც ბუნების დამცველები ამბობენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, საქართველოში, 60 მშენებარე ჰესიდან, მხოლოდ 20 გზშ გაანალიზებული. „გზშ-ს დაბალი დონე პოლიტიკური ნებაა,“ – ამბობენ ისინი, არც ისაა ცნობილი გზშ-ს დამწერს ამოწმებს თუ არა ვინმე.

„აჭარა თავისი განუმეორებელი ბუნებრივი ლანდშაფტით ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია საქართველოში. აქ, ზღვისპირეთიდან დაწყებული ალპური ზონის ჩათვლით თავმოყრილია ლანდშაფტურ-გეოგრაფიული ზონალობის ყველა სპექტრი, რაც სოფლის მეურნეობის (განსაკუთრებით სუბტროპიკული) და საკურორტო-რეკრეაციული დარგების განვითარების მეტად ხელსაყრელ პირობებს იძლევა. მაგრამ ამ დარგების გეგმაზომიერ მართვას ძლიერ უშლის ხელს ბუნებრივი და ადამიანის ხელშეწყობით წარმოქმნილი სტიქიური პროცესების (ეროზიულ-აბრაზიული მოვლენები, მეწყრები, კლდეზვავები, ღვარცოფები, თოვლის ზვავები) განვითარება და მათი პერიოდული აქტივაცია. რეგიონის ხანგრძლივმა და უსისტემო ათვისებამ გამოიწვია  ბუნებრივი გარემოს ძლიერ ანთროპოგენიზაცია, დაიწყო დინამიკურად ისედაც მეტად არამდგრად წონასწორობაში მყოფი შეუქცევადი რღვევა, ცვლილებები და სტიქიური პროცესების არნახული სიძლიერით წარმოქმნა-აქტივიზაცია, რის გამოც აჭარა საგანგებო ბუნებრივი კატასტროფული სიტუაციების ხშირი განმეორებადობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მოექცა. მწყობრიდან გამოდის დიდძალი სასოფლო-სამეურნეო სავარგული, ზინადება სატრანსპორტო კომუნიკაციები, საშიშროების ზონაში ექცევა ათობით დასახლებული პუნქტი და, რაც ყველაზე უფრო საგანგაშოა, მათ გააქტიურებას თან სდევს ადამიანთა მსხვერპლი.

საერთოდ, ბუნებაში დარღვეული წონასწორობის აღდგენა და სტიქიური პროცესების მართვის პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივ პერიოდზე ნავარაუდევი უახლეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული კომპლექსური კვლევების განხორციელებით, მით უმეტეს ისეთი განსაკუთრებული რეგიონის მიმართ, როგორც აჭარის ტერიტორიაა.

აჭარის მთიან ზონაში განვითარებული მეწყერები ხასიათდებიან მეტად რთული გენეზისით, დინამიკით და მოძრაობის მექანიზმებით. მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენებიდან დომინირებენ კონსისტენტური (კლიმატოგენური) მეწყრები, რომელთა წარმოშობა-გააქტიურება დაკავშირებულია ატმოსფერული ნალექების რაოდენობრივ მაჩვენებელთან (ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელია 1228 მმ, საშუალო ფარდობითი ტენიანობა 70%) და ტექტოსეისმოგრავიტაციული მეწყრები, რომელთა წარმოქმნა უშუალოდ უკავშირდება ტექტონიკური აშლილობების ზონებს და მათ პროვოცირებაზე მთავარ როლს ასრულებენ სეისმური ბიძგები. ყველა მათგანს ახასიათებს მკვეთრად გამოკვეთილი საზღვრები, შემოსაზღვრულია მოწყვეტის ფლატეებით და მეწყრული საფეხურებით. ამ სახის მეწყრულ-გრავიტაციული მოვლენები ხასიათდებიან მასშტაბური განვითარებით, ღრმა დეფორმაციით და დიდი მოცულობებით. ასეთ მეწყრულ სხეულებში მეორადი რეციდივების სახით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აგრეთვე კლიმატოგენური მეწყრები და წარმოგვიდგებიან რთული მეწყრების სახით. ამ სახის მეწყრების კლასიკური წარმომადგენელია დანისპარაულის მეწყერი; კიდევ რამდენიმე ათეული მეწყერ და ღვარცოფსაშიში ტერიტორია,“ – გვეუბნება გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, რომელიც 18 წელი ექსპერტია.

აჭარაჰესმა უკვე წარმოქმნა პრობლემები: შარშან ამ დროს, შუახევი ჰესისკაშხალთან დამაკავშირებელი გვირაბის ნაწილი ჩამოიშალაგვირაბის 700 მეტრიანი მონაკვეთი წყლით ავსებამდე ჩამოინგრა. მანამდე გვირაბი ორი თვე სატესტო რეჟიმში მუშაობდა. „გვირაბი იმ ტერიტორიაზე ჩამოინგრა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ხალხი ითხოვს უსაფრთხოებას. „აჭარისწყალი ჯორჯია“ უნდა ჩაერთოს საქმეში და ხალხი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანონ, ან იმის გარანტია მოგვცენ, რომ ჩვენ არაფერი მოგვივა. მაშინ გვპირდებოდნენ, რომ გვირაბის მშენებლობის შემდეგ წყალი არ დაშრებოდა, ქვათაცვენა და მეწყერული პროცესები არ უნდა გახშირებულიყო“, – ამბობს მიხეილ ბერიძე.

ადგილობრივების თქმით, მიმდებარე სოფლები იმდენად დატენიანდა, რომ მეწყრული საშიშროება კრიტიკულია და მოსახლეობა იძულებულია სოფლები დაცალოს და გადასახლდნენ.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s