სომხეთში, ხაჩკარის ეკლესია ქვის ჯვრებითაა ცნობილი. ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, სომხეთში მხოლოდ ქვის ჯვრებს აკეთებდნენ, რადგან თვლინენ, რომ ხატების დაზიანება მტერს უფრო მეტად შეეძლო, ქვის დაზიანება კი ნაკლებ შესაძლებელი იყო. ხაჩკარიც სწორედ ქვის ჯვარს ნიშნავს. აქ ნაპოვნი და აღმოჩენილი ბევრი ნიმუში უკვე დიდი ხანია ერევნის სახელმწიფო მუზეუმშია განთავსებული. ეკლესიის ტერიტორიაზე მეცნიერებმა 500-ზე მეტი ქვა იპოვეს, მაგრამ თავისი მნიშვნელობითა და სიდიადით ეკლესიის შესასვლელთან აღმართული ქვის ჯვარია. ეკლესიის ეზოში სენაკია, სადაც რამდენიმე ქვევრია მიწაში ჩაფლული. ასეთი ქვევრები საქართველოშიც გვხვდება ძირითადად ღვინის შესანახად, თუმცა აქ ამ ქვევრების დანიშნულეა ყოფილა სელის ზეთის შენახვა, რომელსაც ეკლესიაში მოღვაწე ბერები აკეთებდნენ. თავად ეკლესია მე-9-10 საუკუნისაა. თუმცა მის ეზოში უფრო ადრინდელი შენობების ნანგრევებიცაა.
ეზოში ადგილობრივი დიდებულების სამარხებია, რომელიც ისევ და ისევ ქვისგანაა აგებული და საინტერესოა თავისი დიზაინით, თუმცა საუკუნეების განმავლობაში გაძარცვულა და გაპარტახებულა. იქვე ეზოში საფლავის ქვაზე ქართულ წარწერასაც წააყდებით, რომელიც სომეხი დიდებულის ქართველი მეუღლის საფლავს ადევს (სამწუხაროდ, ბოლომდე შინაარსი ვერ გამოვიტანე). ეზოში უშველებელი სატრაპეზოცაა, სადაც ერთდროულად 40 სასულიერო პირი ტრაპეზობდა, ადგილობრივების თქმით, აქ მუდამ ყვაოდა სამონასტრო ცხოვრება. თუმცა ამჟამად მიმდინარე სამეცნიერო სამუშაოების გამო, ბერები აღარ ცხოვრობენ.