RSS

საქართველო, ბუნებრივი კატასტროფების რისკის ქვეშ

25 ივლ

mewyeri 1004ოლიკო ცისკარიშვილი

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას.

სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარება-გააქტიურება მთლიანად განისაზღვრება ბუნებრივ ლანდშაფტური პირობებით, გეოლოგიური აგებულების სირთულით, ქანების დაბალი საინჟინრო-გეოლოგიური თვისებების მახასიათებლებით და რა თქმა უნდა უდიდესი ანთროპოგენული წნეხით ეკოლოგიურ გარემოზე: ათეული წლის წინ დაწყებული ტყის საფარის უსისტემო, მასობრივი გაჩეხვა, არასწორი მორწყვით და ჭაბურღილების ექსპლუატაციით მნიშვნელოვანი ფართობების დამარილება, დამლაშება, დაჭაობება, საძოვრების უყაირათო გამოყენება და სხვ.

საქართველოში განვითარებულია თითქმის ყველა სახის საშიში გეოლოგიური მოვლენები: ღვარცოფი, მეწყერი, ფართობული ეროზია, ზღვის ნაპიების გარეცხვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და ქარისმიერი ეროზია, თოვლის ზვავები და ა.შ.

საქართველოში  50 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფული ხევია აღრიცხული. მათზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება ვერ განხორციელდება, მაგრამ მოსახლეობის დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და ამასთან გასატარებელია პროფილაქტიკური სამუშაოებიც.მთელი საქართველოს მთიანეთი მეწყერ-საშიშია, საჭიროა ჯებირების გაკეთება, საჭიროა მთიან ზოლებში ხე ტყის არსებობა. ბუნებრივი კატასტროფები ქვეყანას წელიწადში მინიმუმ 150-ით მლნ აზარალებს. რთული რელიეფის გამო საქართველოსთვის წყალდიდობები და ღვარცოფები უკვე წლებია, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ქვეყანაში მდინარეების დიდ ნაწილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. რაც ჩატარდა,  მცირეა. შედეგად, ქვეყნის ყველა რეგიონი საკმაოდ სერიოზული საფრთხის წინაშეა.

ქვეყნის ეკონომიკური ზარალი წელიწადში 100-150 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მათი ექსტრემალური გააქტიურების დროს კი ზარალი ასეული მილიონობით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ სტიქიური პროცესების ახალი აფეთქება 2001-წლიდან დაიწყო.

მდგომარეობა  გამწვავდა სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მთიულეთის, აჭარის, კახეთის მთიან რეგიონებში. პროცესები გააქტიურდა მესხეთისა და გურიის რეგიონებში, სამეგრელოსა და იმერეთის მთისწინეთში.

საქართველოს ტერიტორიაზე 2006 წლისათვის დაფიქსირებულია 53 000-მდე მეწყრული სხეული. საფრთხე ყველგანაა. საქართველოს ყველა რეგიონი მეწყერსაშიშ ზონაშია.

სპეციალისტთა მონაცემებზე დაყრდნობით, მეწყერების საშიშროების თვალსაზრისით, საქართველო მთელ კავკასიაში უმაღლესი რისკის ზონად ფასდება. სეისმოლოგთა შეფასებით, მსოფლიოში გახშირებული მიწისძვრების ფონზე, კავკასია სეისმურად კიდევ უფრო გააქტიურდა, აქტიურობის ზრდას სპეციალისტები მომავალშიც ვარაუდობენ. მხოლოდ 2013 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ტერიტორიაზე 9 მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგები მიიჩნევენ, რომ კავკასიაში ვულკანების გააქტიურებაც მოსალოდნელია.

შარშან, მაისში მყინვარი  დევდორაკიდან, რომლის ფართობი 7.55 კმ2-ია დაიძრა გლაციორუი ღვარცოფი და ადამიანები იმსხვერპლა..  დევდორაკი ხეობის ტიპის მყინვარია, იგი იწყება მყინვარწვერის მასივის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე და გრძელდება 7 კმ-ის მანძილზე. მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 2330 მ-ზე. დევდორაკის მყინვარი ცნობილია თავისი მძლავრი ყინულოვანი ჩამოზვავებით რომელიც აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808 და 1817 წწ. მძლავრი ჩამოზვავება მოხდა 1832 წელს, როდესაც ყინულოვანმა ზვავმა დააგუბა მდ. თერგი და მისი დინება შეაჩერა 8 საათით. ჯებირის გარღვევის შემდეგ, გლაციალურმა ღვარცოფმა დიდი ზიანი მიაყენა ქ. ვლადიკავკაზს.

მთაში ძალზე დიდ საშიშროებას მყინვარული ზვავები წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრით გამოწვეული მყინვარული ზვავები. ამ დროს მყინვარის ფირნის ფერდობებზე დაკიდებული პატარა მყინვარები მოწყდებიან ფერდობებს, ეცემიან ფერდობების ძირზე ან აქ არსებულ მყინვარის ზედაპირზე და ეს უკანასკნელი მას მოძრაობაში მოჰყავს, – გვიყვება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ნაზვავი ყინული და ნაშალი მასალა ერთიანი ნაკადის სახით ძალზე სწრაფად გადაადგილდება ხეობაში, რაც ხეობაში ნგრევას იწვევს, ზოგჯერ თან ახლავს მსხვერპლიც. წინმსწრები ტალღის სიჩქარე 100-150 კმ/სთ-ში შეადგენს. ყინულის ზვავები და მახასიათებელია ყაზბეგი-ჯიმარას მასივის მყინვარებისათვის: დევდორაკი (1780_1832 წწ), კოლკა _ (1902, 1903, 1970, 2002 წწ.). საერთოდ ყინულოვანი ზვავები სეისმოტექნოტიკურად აქტიური რეგიონებისათვის არი სდამახასიათებელი.

მყინვარის მასის შემცირებაში დიდი როლი ყინულის ზვავებს ეკუთვნის. მისი წარმოქმნის მიზეზი სხვადასხვაგვარია: მყინვარების წინწამოწევა, ფსკერზე მკვეთრი შვერილები, ყინულჩანჩქერები, მიწისძვრები, მყინვარების პულსაცია და სხვა. საქართველოში ცნობილია დევდორაკის ყინულისზვავები; XVIII-XIX საუკენეებში მყინვარი დევდორაკის ყინულის ზვავები, რომლებიც თერგის ხეობაში გამოდიოდნენ, თერგს გადაკეტავდნენ და დროებით წყალსაცავს წარმოქმნიდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, წყალი გაანგრევდა ყინულის ჯებირს და ძლიერ საშიშ გლაციალურღვარცოფის სახით ვრცელდებოდა მდ. თერგის ხეობაში. ასეთი ყინულის ზვავები აღინიშნა 1776, 1778, 1785, 1808, 1817 და 1832, 1842, 1845 წლებში.

მყინვარების ენის ასეთი ინტენსიური უკან დახევის ფონზე კავკასიონზე დაფიქსირებულია ცალკეული მყინვარების კატასტროფული წინ წამოწევები. ამ დროს მყინვარის ტანის წრაფად იწყებს წინ მოძრაობას და დროის მცირე მონაკვეთში რამდენიმე კმ-ით გადაადგილდება. ასეთი მოქმედება ლიტერატურაში მყინვარული ზვავებით არის ცნობილი. მყინვარული ზვავებით გამოირჩევა ყაზბეგიჯიმარას მასივი, განსაკუთრებით მყინვარები: დევდორაკი და კოლკა. XVIII და XIX საუკუნეებში ძლიერი მყინვარული ზვავები აღნიშნულია მყინვარ დევდორაკზე. 1832 წელს მყინვარულმა ზვავმა გადაკეტა მდ. თერგი 100 მეტრის სიმაღლის ჯებირითდ ამდინარე შეაგუბა 8 საათის განმავლობაში. წარმოიშვა დიდი ტბა და ყინულის ჯებირისგან გრევის შემდეგ,წარმოიქმნა მძლავრი გლაციალური ღვარცოფი, რომელმაც ქალაქი ვლადი-კავკაზიც კი დააზიანა.

ბუნებრივი კატასტროფების უდიდეს რისკს იწვევს ასევე წყალმოვარდნები და წყალდიდობები. ერთი თვის წინ, თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში ადიდებულმა მდინარემ ათამდე ადამიანი იმსხვერპლა, დღემდე დაკარგულად ითვლება რამდენიმე. არასამთავრობო ორგანიზაცია “სენი” მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ საუბრობს;
მდინარე ვერეზე ჩავლილი კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა. ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების მანძილზე ერთხელ ხდება. ჩვენი დაკვირვებით, მდ. ვერეს აუზში აღნიშნული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, მოვიდა დაახლოებით 100 მმ რაოდენობის ნალექი, რაც ამ მდინარის აუზისათვის თითქმის ორი თვის ნორმაა. აღნიშნულის შედეგად, მდინარის ხეობის კალთებზე წარმოიქმნა დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი. მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული. აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე–ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა). კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზი უმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება. აღნიშნულმა ფაქტმა კალაპოტის გასწვრივ განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია.

უნდა აღინიშნოს, რომ ორმა მიწისქვეშა გვირაბმა, არასაკმარისი დიამეტრის გამო, თავისუფლად ვერ გაატარეს დიდი მოცულობის წყალი და გამოიწვიეს მდინარის კატასტროფული ნაკადის შეტბორვა, წყლის
ნაკადის მიერ წამოღებული ხის მორებისა და ტოტების ჩახერგვით. ნაკადის შეტბორვის გამო, სწრაფად მოხდა მდინარის დონის აწევა და გვირაბებთან მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა.
პირველი წყალგამტარი გვირაბი გასული საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისში იქნა აგებული დღევანდელ გმირთა მოედანთან არსებული მდ. ვერეს ბუნებრივი კალაპოტის ადგილზე. გვირაბის სიგრძე 400 მ–ს აღემატება. ამ გვირაბით მტკვარში, “ლაგუნა ვერეს“ ადგილთან, ხდება მდ. ვერეს კალაპოტის განტვირთვა წყლით. მდ. ვერეს შეტბორვის გამო, ამ გვირაბის დასაწყისში, წყლის დონემ 5–7 მეტრით მაღლა აიწია, რის შედეგადაც ლაფითა და ქვა–ღორღით გაჯერებული ნაკადი გადავიდა ზოოპარკის ტერიტორიაზე და გამოიწვია ადამიანებისა და ცხოველების მასობრივი დაღუპვა. წყლის ნაკადი, ასევე, გადავიდა გმირთა მოედანზე და გააგრძელა გადინება „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით.
მეორე წყალგამტარი გვირაბი აგებულ იქნა 1959 წელს, ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელი გზის გაყვანის დროს. აქ მდ. ვერეს კალაპოტი მოაქციეს აღნიშნულ გვირაბში, რომელსაც ზემოდან დააყარეს, იქვე, კლდეების აფეთქებით წარმოქმნილი, დაახლოებით, 20 მ სისქის, დაქუცმაცებული მასალა. გვირაბის თავზე ამჟამად გადადის აღნიშნული გზის მონაკვეთი. არც ამ გვირაბის დიამეტრი იძლეოდა კატასტროფული წყალდიდობების დროს წარმოქმნილი წყლის ნაკადის თავისუფალი გატარების საშუალებას. სწორედ ამ გვირაბის მიერ წყლის შეტბორვის შედეგად წყლის დონემ სულ მცირე, 7 მ–ით აიწია მაღლა, რამაც გამოიწვია სვანიძის ქუჩის მდინარისპირა ტერიტორიების ნგრევა–განადგურება.
აღნიშნულმა გვირაბებმა ორ დამოუკიდებელ მონაკვეთებად გაყო ტრაგედიის ზონა: გმირთა მოედნიდან ვაკე–საბურთალოს გზამდე და ვაკე საბურთალოს გზიდან სვანიძის ქუჩის ბოლომდე.
მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე გაყვანილ ახალი გზის დაპროექტების პროცესში არ იყო გათვალისწინებული 1961 წელს მდ. ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც მაშინაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთების აკვედუკებზე (5– 7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლენით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა.
რაც შეეხება მეწყრებს, მათ მომხდარი კატასტროფის ხდომილებაში რაიმე არსებითი როლი არ მიუძღვით. დეტალურმა გეოლოგიურ–გეომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა და აეროგადაღების მასალებმა ეჭვიმიუტანლად დაადასტურა, რომ ბეთანია–ახალდაბის არეალში წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა, საბედნიეროდ,
მდ. ვერეს კალაპოტის ძირამდე ვერ ჩაიტანა ისეთი მოცულობის მეწყრული მასალა, რასაც შეეძლო კალაპოტის ჩახერგვა და ნიაღვრების ხანგრძლივი დროით შეკავება. მაგრამ მომავალში ეს და სხვა შესაძლო მეწყერი დიდი ალბათობით ზემოქმედებას იქონიებენ წყალდიდობებზე.
მდ. ვერეზე ჩავლილი უძლიერესი წყალმოვარდნის კატასტროფული ეფექტის მთავარი მიზეზი არის ამ მდინარის კალაპოტისპირა დაბალი ტერიტორიების ადამიანის მიერ არცთუ იშვიათად, წინდაუხედავი, გაუაზრებელი, საღი აზრით დასაბუთებას მოკლებული, სამეურნეო ათვისება, რაც გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან მიმდინარეობს. ეს ხდებოდა, დასაწყისში მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიწის ნაკვეთების დროებით სარგებლობაში გაცემით, რაც შემდეგ კერძო სახლების ასაგებად იქნა გამოყენებული. უფრო დიდი შეცდომა დაშვებულ იქნა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ, მაშინ როცა უშუალოდ კალაპოტისპირა დაბალ ტერიტორიებზე დაიწყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაპროექტება და მშენებლობა. ასეთი ნაგებობები მდ. ვერეს ჭალაში და ჭალისპირა დაბალ ტერიტორიებზეა აგებული, რომელთა ზედაპირი ელემენტარული გეოგრაფიული გაგებით პერიოდულად იტბორება ძლიერი წყალდიდობების დროს.
რთულია შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალის პოვნა. ბუნებას თავისი დაუწერელი კანონი აქვს. ისეთი ძლიერი წყალდიდობა, რასაც 13 ივნისს ჰქონდა ადგილი, მომავალშიც აუცილებლად განმეორდება. თავიდან რომ იქნეს აცილებული კატასტროფა, ამისათვის საჭირო იქნება, რომ მდინარის ხეობას დაუბრუნდეს ბუნებრივი მორფოლოგიური იერი. ამის მიღწევა არარეალურია, რადგან საჭირო იქნება გმირთა მოედნის გაუქმება, მისი ზედაპირის ქვეშ მდინარის ხეობის აღდგენა, ყველა საინჟინრო ნაგებობის (სახლები, გზები, გვირაბები და სხვ.) გაუქმება და ა.შ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდ. ვერეს აუზში თუ მოხდება ბუნებრივი ტყის აღდგენა, მაშინ კატასტროფული წყალდიდობების რისკი შემცირდება, მაგრამ ასეთი ღონისძიების გატარებასაც სულ მცირე 40–50 წელი დასჭირდება. მდ. ვერეს შევიწროებული ხეობის ძირის პირობებში, მდინარის მაქსიმალური ჩამონადენის შეკავების მიზნით, წყალსაცავების შექმნაც ნაკლებ ეფექტს მოგვცემს. ეს იმიტომ, რომ წყალსაცავების ფართობი იქნება მცირე (ხეობის მორფოლოგიიდან გამომდინარე) და მათში დაგროვილი წყლის მოცულობა – შეზღუდული. რკინა–ბეტონის კედლებით მდინარის ნაპირების დაცვა დროებითი ღონისძიებაა, თანაც ნაკლებ ეფექტიანი, ნაპირებისა და ჭალების ინტენსიური სამეურნეო ათვისების გამო.
დღეისათვის მდ. ვერეზე შექმნილი ჰიდრომორფოლოგიური ვითარების ანალიზის შედეგების გათვალისწინებით რჩება ერთი გამოსავალი – წყალგამტარი გვირაბების დიამეტრის გაზრდა. ამ გვირაბებს შეუძლიათ გაატარონ მხოლოდ 40-50 მ3/წამი მოცულობის წყლის ხარჯი, მაშინ როცა ვერეს ჰიდრომეტეოროლოგიური
სადგურის (რომელიც წყალმოვარდნამ გაანადგურა) უფროსის, ბატონ მერაბ ალავერდაშვილის დაკვირვებით, 2015 წლის 13 ივნისს მდ. ვერეს მაქსიმალურმა ხარჯმა 400-500 მ3/წამს გადააჭარბა.
უნდა დაიწყოს მდ. ვერეს (და თბილისის შემოგარენში არსებული მსგავსი მდინარეების) წყალშემკრები აუზების რეაბილიტაცია. პირველ რიგში, მკაცრად უნდა შეიზღუდოს წყალშემკრებ აუზში ტყის გაჩეხვა და საქონლის ძოვება. პერიოდულად უნდა მოხდეს მდინარეთა კალაპოტების ჩახერგილი მონაკვეთების გაწმენდა სხვადასხვა ხელოვნური თუ ბუნებრივი ნარჩენებისგან. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს მდინარეების კალაპოტში ნარჩენების უკანონო განთავსება. მითუმეტეს, რომ მდ. ვერეს ხეობის ძირი, მისი გეოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, დაკლაკნილი ვიწრო მონაკვეთებისაგან შედგება, რის გამოც კალაპოტის წყალგამტარუნარიანობა ისედაც გართულებულია.
აღნიშნულთან ერთად, ხეობის პირველ უბანზე (ზოოპარკი – ვაკე–საბურთალოს გზა) გაყვანილი გზის ის მონაკვეთები, რომლებიც კალაპოტის ზედაპირთან ახლოს არიან განლაგებული, უნდა შეიცვალოს 5-7 მეტრის სიმაღლის აკვედუკებზე მოწყობილი გზის საფარით.
არა მარტო მდ. ვერეს მაგალითზე, არამედ ასეთ ღვარცოფსაშიშ მდინარეებზე, რომლებთანაც დაკავშირებულია დასახლებული პუნქტები, გადაუდებლად საჭიროა ადრეული შეტყობინების სისტემების მოწყობა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ 2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლება–მოვალეობაში აღარ შედის ქ. თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტოფების მდგომარეობის კუთხით. უკვე 15 წელია არ ხორციელდება კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება. აუცილებელია შეიქმნას უწყება, რომელსაც დაეკისრება პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s