გასული საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ იყო ალვანში ქარსაცავი ზოლები, რომელიც სოფელს საშინელი ქარისგან იცავდა. ორიოდე დღის წინ, ადგილობრივების თქმით, ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ადგილობრივებს მაცივრები და ტელევიზორები დაუწვა.
1995 წელს, როცა ქვეყანაში ქაოსი სუფევდა, ვერავნ შეძლო უკანონი ჭრების შეჩერება. ამ უკანონო ჭრებს ემსხვერპლა ალვანის გაყოლებაზე ქარსაცავი ზოლებიც.
“მაშინ, ეს ქარსაცავი ზოლები ებარა ქვემო ალვანის მეცხოველეობის მეურნეობას. თუმცა მეურნეობამაც და ადგილობრივმა მოსახლეობამაც ინტენსიურად დაიწყო ამზოლების ჭრა, ზოგს მეურნეობისთვის, საჭირო მასალისთვის იყენებდა, ზოგიც კი უბრალოდ საწვავად. ამ პროცესის შეჩერება მაშინ შეუძლებელი იყო,” – გვიყვება ერთ-ერთი ალვანელი.
დღეს, კი გაჩეხილი ქარსაცავი ზოლები სერიოზულ პრობლემას უქმნის სოფელს და მის მოსახლეობას. მიწა უწყლობისგან და ქარისგან გამოიფიტა და ნათესებიც ზაფხულის დასაწყისშივე აღარ ვარგა.
ამას ისიც ემატება, რომ სოფლის ბოლოში, ხიდთან, ალაზანს გარღვეული აქვს ნაპირები და ჯებირებიც თავიდანაა გასაკეთებელი, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში ადიდებული ალაზანი ორჯელ შეუვარდა ალვანელებს სახლებში და მომავალშიც არაა გამორიცხული, რომ იგივე განმეორდეს.
“მაშინ ბევრი ალვის ხე და ვერხვი გაიჩეხა. კარგი იქნება თუ ვინმე მოიფიქრებს და ქარსაცავ ზოლებში კაკალს დარგავს,” – ამბობენ ადგილობრივები, თუმცა ახალი ქარსაცავი ზოლების გაშენებას კიდევ ცალკე პრობლემა მოჰყვება, მისი მოვლა, სოფელმა უნდა მოუაროს ამ ქარსაცავ ზოლებს.
“ქარსაცავი ზოლი ორ პირად უნდა დაირგოს, რომ ქარისგან დაცული იყოს სოფელი. ისეთ დღეში ვართ, ქარი რომ წამოუვლის ხოლმე, უდაბნო გეგონება,” – ყვებიან ალვანელები.











