RSS

შუამთა

01 აპრილი

SuamTa 009შუამთა – ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-შია. ულამაზეს ტყეში, ხუროთმოძღვრულ ანსამბში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული არქიტექტურის ადრეული საფეხური ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება. სამივე ეკლესია ტყეში, რიყის ქვითაა ნაგები. ახალი შუამთა ძველი შუამთისგან 2-3 კილომეტრშია. იგი დაუარსებია ლევან (ლეონ) კახთა მეფის (1520-1574 წ.წ.) მეუღლეს, გურიელის ასულ თინათინს. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს – მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

ძველი შუამთის ერთ-ერთ ეკლესიაში დღემდეა შემორჩენილი კედელზე გამოსახული წმინდანთა გამოსახულებები, თუმცა მეტად შელახულია და რესტავრაციას საჭიროებს. ჩვენი მისვლისას, უკაცრიელი იყო, თუმცა დაუწყიათ შუამთის ეზოს მოპირკეთება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, საოცრად ლამაზი ეზოც ექნება, უძველეს ტაძარს. თუმცა დღეს, მისი მიმდებარე ტერიტორია, ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორც ადრე და არა, თუ უცხოელი ტურისტი, იქ ასული ადგილობრივი  თუ საქართველოს სხვა კუთხიდან ჩამოსული, იძლებულია ბუნებრივი მოთხოვნილებები, სადმე, მახლობლად, ტყეში დაიკმაყოფილოს.

ქალბატონი, რომელიც თურმე შუამთის ჭიშკართან სულ ასე ზის და სანთლებს ყიდის, ჩვენი მოსვლის შემდეგ გამოჩნდა. მისი თქმით, შუამთაში მნახველები ზამთრის შემდეგ უფრო მოდიან. ტაძარს მოძღვარიც ყავს, რომელიც კვირაში ორჯერ მაინც ამოდის ქვედა ეკლესიიდან და მრევლიც.

ოლიკო ცისკარიშვილი

tye 000001

 

დატოვე კომენტარი