ანუ სოფელ ჩანჩხალოს პრობლემები….
ოლიკო ცისკარიშვილი
აჭარის მაღალმთიანეთში მგზავრობისას, გზად, პირდაღებული გვირაბიდან უშველებელ სატვირთო მანქანებს მიწის ნაშალი გამოჰქონდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ამ გვირაბის თავზე სოფელი ჩანჩხალო მდებარეობს, სადაც 170 კომლი ცხოვრობს.
გვირაბი, კი ენერგოკომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ გაყვანილია, რომელიც უშველებელ შუახევჰესს, საქართველოს ენერგეტიკაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საინვესტიციო-ინფრასტრუქტურულ პროექტს, ახორციელებს. ეს კომპანია, მდინარე აჭარისწყალზე და მდინარე აჭარისწყლისა და მისი შენაკადების ჰიდრორესურსების ათვისების მიზნით შეიქმნა.
„აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანამშრომელთა თქმით, კომპანია „თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით, ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასა და პროექტის არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.“ ასევე პრიორიტეტებად ასახელებენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ამბობენ, რომ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის კომპანიამ უზრულველყო ტრენინგები. ასევე მიმდინარეობს მეფუტკრეობის განვითარების პროექტი, მიმდინარეობს ფერმერთა მხარდაჭერა, რომელთა მიწის ნაკვეთები პროექტის არეალში მოექცა და ა.შ. და ა.შ. მათივე მტკიცებით, მათ პრიორიტეტებში შედის ინფრასტრუქტურული პროექტებიც: გზის ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება, მოსახლეობის მუდმივი წყლით მოწესრიგება, სკოლების ინფრასტრუქტურა და ა.შ.
პროექტის არეალში ოცამდე სოფელია მოქცეული. დავინტერესდით, კონკრეტულად სოფელი ჩანჩხალოთი, რომელიც გვირაბის თავზეა მოქცეული. მოსახლეობა, კომპანიისგან განსხვავებით, საპირისპიროს გვიყვება – სოფელს პრობლემები უამრავი აქვს.
სკოლის ადმინისტრატორი ბადრი მახარაძე, თანასოფლელებთან ერთად შეგვხვდა: “შუახევჰესის გვირაბის მშენებლობა, გასულ წელს დაიწყო. ერთ-ერთი პუნქტი, შესასვლელი გვირაბში არის სოფ, ჩანჩხალოში. გვირაბიდამ ინერტული მასა გამოდის. პროექტის დაწყებისას, ნორვეგიული კომპანიამ 70 ადამიანის დატრენინგება დაიწყო, ვითომდა, ხალხის დასაქმების მიზნით, დღეს მხოლოდ 25 კაცია დასაქმებული. არადა, გამოვიდა, რომ ეს ადამიანები მაშინ მოაცდინეს,სამსახურებს მოწყვიტეს, უკეთესი მომავლის იმედით, დააკარგვინეს დრო და შემოსავალი. აიყვანეს მხოლოდ დაბალკვალიფიციური კადრი, მძღოლები და ა.შ.“ – ამბობს ბადრი მახარაძე.
ადგილობრივების თქმით, სოფელი მეწყერსაშიშია და გასული საუკუნის დასაწყისშიც კი აკრძალული იყო აფეთქებითი სამუშაოები. თუმცა კომპანიამ ყოველგვარი კვლევების და მონიტორინგის გარეშე (გზშ-ს გარეშეც) დაიწყეს სამუშაოები და აფეთქებებმა, სახლებს გაუჩინა ბზარები. წინასწარი გამოკვლევები რომ არ ჩატარებულა კომპანიაშიც დაადასტურეს, თუმცა ისინი ამტკიცებენ, რომ აფეთქებებს მოსახლეობისთვის ზარალი არ მიუყენებია და მით უმეტეს, სახლებზეც ბზარები არ გაუჩენია. ადგილობრივების მტკიცებით კი ბზარები სკოლასაც გაუჩნდა და კარგა ხანი შეწყვეტილიც კი იყო სკოლაში მეცადინეობები, ვიდრე სპეციალისტები არ ჩამოიყვანეს, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომ სკოლა უსაფრთხო იყო.
„ფაქტობრივად ჰაერში ვართ,“ – ამბობს 54 წლის ხანჩალოს მკვიდრი ნაზი მიქელაძე, რადგან სოფლის ქვეშ გათხრილმა გვირაბმა სოფელი სამად გაყო. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ გზაც, მხოლოდ იქამდე გაიყვანეს, სადამდეც თავადა სჭირდებოდათ სამუშაოებისთვის. დანარჩენი გზები ისევ ატალახებული და გასაკეთებელია, ამაში ჩვენც დავრწმუნდით.
„ვამბობდით, რომ აფეთქებები მოახდენდა გავლენას ჯანმრთელობაზე, ფლორაზე, ფაუნაზე, წყლებზე… მუხის ხეები გახმა. ცხრა წყარო დაშრა. სასმელი წყლის პრობლემაც გვაქვს, წყაროების დაშრობის შემდეგ, მხოლოდ ექვს მოსახლეს გაუყვანეს წყალი და მასაც მხოლოდ სასმელად თუ გამოიყენებს ადამიანი, ისე ცოტა მოდის,“ – ამბობს ბადრი მახარაძე და სოფლის მოპირდაპირე მხარეს გვაჩვენეს გამხმარი ხეების რიგს, მოგვიანებით დამშრალ წყაროზეც გაგვიძღვება, – „მოვითხოვეთ კომისიები, მაგრამ როგორც ჩანს მთავრობა და კომპანია ერთი ბირთვია, კომისია დებდა დასკვნას, რომ საშიში არაფერია, არადა სამჯერ შეგვიმცირდა მოსავლიანობა – თამნაქო, სიმინდი, ლობიო… მეფუტკრეობაზეც იმოქმედა, სპეციალისტმა შიმშილის ბრალიაო, თუ გაწყდა ყვავილი, როგორ გამოიკვებება ფუტკარი?“
ადგილობრივების თქმით, ამ ყველაფერს ბუნებრივ მოვლენებს უკავშირებენ და არა აფეთქებებს. პრობლემები სოფელში ამით არ ამოიწურება.
„მიწის სარგებლობისტვის კომპანიამ სოციალური პროექტები უნდა განახორციელოს, ეს ხელშეკრულება სახელწმიფოსთან ქონდათ დადებული,“ – გვიყვება ბადრი, – „რაც შეეხება კომპენსაციებს სოფელში – მოვიდა რაიონის არქიტექტორის სამსახური და ხარჯთაღრიცვა გააკეთეს დაზიანების მიხედვით, და მოსახლეობას შესთავაზე მიზერული თანხები – ათასი დოლარიდან მაქსიმუმ 2000 დოლარის ფარგებში. მეტის საშუალება არ გვექნებაო და მერე შეუცვალეს სახელი და მოსახლეობას ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ ამის შემდეგ მოსახლეობას არ შეეძლო რაიმე საჩივარი გაეკეთებინა. კომპანია დასკვნას აკეთებს რომ ეს დაზიანებები მეწყრული პროცესების შედეგად არისო და იხდის რაიონი და არა კომპანია. ჩვენც ხომ ვხვდებით რომ ეს რისი ბრალია, მაგრამ სახელმწიფო და კომპანია ერთ ბირთვადაა შეკრული და რომ ეღიარებინათ რომ კომპანიის ბრალია, მაშინ საერთაშორისო სტანდარტებით უნდა გადაეხადათ და არა მიზერულ ლარებში,“ – ეჭვობს ბადრი, თუმცა ხელშეკრულებები გაფორმდა და მოსახლეობის ნახევარმა აიღო ეს თანხები, რადგან ძალიან უჭირდათ. მოსახლეობის ნახევარი კი უბრალოდ, დააიგნორეს.
„ჩემს შვილს რომ სადღაც სახლი აქვს ეს გახდა პრობლემა. აქ ვცხოვრობ, 25 წელია მასწავლებელი ვარ, და ჩემი ხელით მაქვს დარგული ხეხილი, გავყიდე ნაკვეთი და იმ თანხაზე მეუბნებიან, რომ ისაა კომპენსაცია. მე კარგად გამეგება რა არის კომპოენსაცია – ის რაც მომცეს ჩემი საქონლის თვითრიღებულებაა, ძალიან დაჩაგრულად ვგრძნობ თავს, მეუბნებიან რომ აქაური არ ვარ, სასჯელი მეკუთვნის იმისთვის, რომ აქ დავბერდი?“ – ამბობს 73 წლის ნადია დუმბაძე. იგივეს ადასტურებს, სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი 54 წლის მაყვალა დიასამიძე.
გეოლოგებმა აფეთქებების შემდეგ, 127 ობიექტი შეამოწმეს და ყველაზე გაკეთებულია ხარჟთაღრიცხვა, თუმცა კომპენსაცია, როგორც ვთქვით, ყველას არ ერგო.
„მოსახლეობის 48 პროცენტმა კომპენსაცია ვერ მიიღო. მხოლო 65 ოჯახმა მიიღო. ზოგმა მიწა გაყიდა და კომპენსაციაში ჩაუთვალეს და ზოგს იმიტომ არ მისცეს, რომ შვილს ბათუმში აქვს სახლი და შეგიძლია იქ იცხოვროოო – ანუ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლიო – ასე განუმარტეს პირდაპირ. იგივენაირად დაზიანდა მათი სახლიც, როგორც ჩემი. დაზიანება რომ არის აღიარეს. თუმცა შემდეგ გაყვეს. 135 კომლი ცხოვრობს 125 საცხოვრებელ სახლში, ზოგან ორი კომლი ცხოვრობს. ეს ხალხი მოტყუებულია, სოფელი კი დგას ერთად, მაგრამ სამართლიანობას ვერ აღწევს,“ – ამბობს ბადრი მახარაძე.
„სოფლის მოსახლეობა ბევრი მიმართულებით ითხოვს კომპენსაციას. ერთადერთი არის სოფ. წაბლანა, რომელიც მეწყერსაშიშია. მიუხედავად იმისა, არანაირი ზეგავლენა არ მოგვიხდენია ამ პროცესებზე, კონტრიბუცია გავუწიეთ სახელმწიფოს და აუშენებენ მათ სახლებს ბათუმის ტერიტორიაზე,“ – გვეუბნებიან კომპანიაში და გვიმტკიცებენ, რომ სოფ. ჩანჩხალოს მოსახლეობის პრეტენზიები არ იციან. თუმცა აღიარებენ რომ სოფ. ჩანჩხალო მათი გავლენის ზონაშია.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, არ იყო სათანადოდ სოფელი ჩანჩხალოზ შესწავლილი. შესაბამისად, კომპანიას არ უნდა აღიაროს, რომ ამ მშენებლობას აქვს რაიმე ტიპის ზეგავლენა. რადგან – კომპენსაციების რაოდენობა მეტი იქნება და თავის შესაძლო ინვესტორებთან (კომპანიებს, როგორც წესი ფული არ აქვს და სხვას ართმევს ფულს, მაგ. ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან) ექნება პრობლემა. როდესაც ფონური ინფორმაცია არ არსებობს, რა მდგომარეობაში იყო მშენებლობის დაწყებამდე, მათ უადვილდებათ თქვან, რომ ეს ბზარები, წყლის დაკარგვა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის შემცირებამათი ბრალი არაა… წინასწარი შეფასება რომ ყოფილიყო, ეს გააძნელებდა მათი მხრიდან ტყუილის თქმას. ხშირად მიმართავენ-ხოლმე დიდი კომპანიები ასეთ „ტრიუკს“. რეალურად ზეგავლენა ექნება, თუმცა რეგიონი მაინც ტენიანია, და ამით „ჟანგლიორობენ“-ხოლმე. მთავარი ისაა, რომ გეოლოგიური შესწავლა უნდა დასრულებულიყო და მერე მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ნებართვა-არ გაცემის მიღებაზე. სავარაუდოდ, ის, რომ აქამდე არ მოხდა შესწავლა და წინასწარ არ დაისვა დიაგნოზი, არის გაუთვალისწინებელი შედეგების საწინდარი. გაუთვალისწინებელი შედეგები დგება მაშინ, როცა წინასწარ მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებენ, მით უმეტეს სოფლის ქვეშ ამხელა გვირაბის გაკეთება, როდესაც მშენებელი კომპანიის ყურადღების მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდად არ შეტკივა გული. მით უმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი სოფელია, 170 კომლიანი სოფლის მოსახოებას, ფაქტობრივად, აიძლებენ საცხოვრებელი დატოვონ. მხოლოდ ეკოლოგიური მიგრანტები კი არა, აქ შეიძლება ეკონომიკური მიგრანტებიც გაჩნდნენ. ადამიანები იძახიან, რომ დაკარგეს ფუტკარი, მოსავლიანობა შეუმცირდათ, ანუ შემოსავალი შეუმცირდათ,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი „მწვანე ალტერნატივის“ასოციაციის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.
„გარდა იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქართულ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა დავიცვათ, ასევე ვალდებულები ვართ შესაბამისობაშ ვიყოთ საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებთან (ჩვენს კრედიტორებთან) გვამოწმებენ ექვს თვეში ერთხელ. გაგვაჩნია გარემოს დაცვითი და სოციალური პოლიტიკა. ჩვენი მიზანია, მინიმალურამდე დავიყვანოთ ის ეფექტი რაც შეიძლება გარემოზე ზემოქმედების ფარგლებში შეიძლებოდეს არსებობდეს და მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მაგ. ადგილობრივ მოსახლეობასთან. გვაქვს საჩივრების სისტემაც და ვრეაგირებთ ყველა საჩივარზე, – ირწმუნება კომპანიის გარემოს დაცვის უფროსი ოფიცერი გურანდა მახარაძე, – „წყაროს წყლების გაქრობაზე ყველაზე მეტი საჩივარი გვქონდა. 18 სოფელში 656 წყაროს წყალს ვამონიტორინგებთ და შემდეგ ეს შედეგები ეგზავნება გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენად გვაქვს ცვლილება, – და ადასტურებს, რომ 10-15 წყარო შეიძლება იდგას ამ პრობლემების წინაშე, თუმცა არ თვლის, რომ ესა კომპანიის სამუშაოების შედეგია, რაც შეეხება სოფლის მაცხოვრებელთა სახლებზე ბზარების გაჩენას, კი ამბობს, – ვიბრაცია იმდენად დაბალია, შეუძლებელია რამე ზიანის მიყენება. უბრალოდ, მანამდე არ იყო წინა კვლევები ჩატარებული. ეს არი ისტორიულად მეწყრული სოფელი და აქედან გამომდინარე პრობლემები მუდამ იქნება,“
სოფელს სხვა პრობლემებიც აქვს – გვირაბიდან გამოტანილი ნარჩენები, რომელსაც ღელისპირში ყრიან და უსაშველო ხმაური გზაზე, სადაც დღე-ღამის განმავლობაში არ წყდება სატვირთო მანქანების სიარული და მტვერი.
სოფლის თავში, სადაც გვირაბამდე სულ ასიოდე მეტრია დარჩენილი, იქაური მაცხოვრებლები დაგვხვდნენ და ვიდრე მათი საწუხარიც არ მოვისმინეთ, უბრალოდ, გზა არ გაგვიხსნეს.
„მოდიან და გზაზე ასხავენ წყალს, ავტობუსი დანიშნეს და ავტობუსზე ვერ ავდივართ. გზაც ჩამიკეტეს, სახლამდე ვერ მივდივარ. მომატყუეს ყველანაირად, მარტო 23 დღე მამუშავეს 11 თვე სამსახურის ლოდინში გავლიე. ეს ხუთი ოჯახი აბუჩად აგვიგდეს,“ – გვეუბნება 72 წლის შალვა დუმბაძე.
„მეუბნებიან, რომ დროებით მაცხოვრებელი ვარ. რადგან შვილი გყავს ბათუმში, წადი და იქ იცხოვრე დაზიანება თუ აქვს ბინასო. არ გეკუთვნის დაზიანების კომპენსაციაო. გათენებამდე მანქანები დადიან, დაძინება შეუძლებელია,“ – ამბობს 65 წლის ქალბატონი , – „ყველა თავის ნაცნობებზე ზრუნავს, მე არავინ მყავს, ღმერთის გარდა არავინ მყავს პატრონი. 20 წელია წყალი არ მაქვს ეზოში, „შლანგიც კი არ მოუციათ წყლისთვის“, – სწუხს და სხვებიც იგივეს იმეორებენ.
კომპანია, მთავარ პრობლემად, მაინც მიწების შესყიდვას ასახელებს. მათი თქმით, 37 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა არ იყო იოლი საქმე და ზოგჯერ, როცა ძნელი იყო ბურღის ხმარება, კომბინირებულად მუშაობდნენ, ანუ აფეთქებით სამუშაოებსაც აწარმოებდნენ. ისინი არ უარყოფენ რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
„ვცდილობთ, დღის ვახტაზე განვახორციელოთ აფეთქება, რომ ინერტული მასალა ღამით გამოვიტანოთ და მოვემზადოთ ახალი აფეთქებისთვის. ღამით ამ ტრანსპორტით გადაადგილება არ უქმნის მოსახლეობას დისკომფოტს. იმდენად დიდია მანძილი, იმ ადამიანებს შორის რომლებიც იმ სოფელში ცხოვრობენ და აფეთქებებს შორის,რომ შეუძლებელია ისინი შეწუხდნენ,“ – იწმუნება მშენებლობის ხელმძღვანელი ჯოშ ჯერარდი, – „4-დან 6 მანქანა სჭირდება ამ ნაშალი მასალის გამოტანას. არ იმტვერება, იმიტომ რომ არ გადაგვაქვს ღია მანქანებით (თუმცა რეალობა სხვაგვარი იყო). იმისტის, რომ გზა არ ამტვერდეს, დრო და დრო გზას ვასველებთ. ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ხმაური და მტვერი როცა მიმდინარეობს მშენებლობა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ ეს დისკომფორტი. თითოეული აფეთქება ექვემდებარება მონიტორინგს და დაყენებულია მოწყობილობები, რომელიც ზომავს აფეთქებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ აფეთქებები არ არის დამაზიანებელი შენობებისთვის.“
„ჰესები არ არის ცუდი, ჰესები უნდა გავაკეთოთ, მაგრამ მათი გზშ უნდა იყოს კარგი,“ – ამბობს მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი. არადა, როგორც ბუნების დამცველები ამბობენ, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, საქართველოში, 60 მშენებარე ჰესიდან, მხოლოდ 20 გზშ გაანალიზებული. „გზშ- დაბალი დონე პოლიტიკური ნებაა,“ – ამბობენ ისინი, არც ისაა ცნობილი გზშ-ს დამწერს ამოწმებს თუ არა ვინმე. გადაიდო ასევე 12 ოქტომბერს დანიშნული გზშ-ს კოდექსის პროექტის განხილვა. ძნელი გასაგებია რატომ გადაიდო, პასუხისმგებლობა კოდექსის მიღების, კი წლის ბოლომდეა. თუ მხოლოდ ერთი მოსმენით აპირებენ მის მიღებას და ისევ უცვლელად დარჩება ყველაფერი?
„ნებისმიერი ინფრასტრუქტურის აშენება იწვევს გარემოს დაზიანებას,“ – აცხადებს გარემოს საერთაშორისო ექსპერტი მარინა შვანგირაძე. არადა შენდება ჰესები, რომლებზეც გზშ-ს უარყოფითი დასკვნაა. გარემოს დამცველები იხსენებენ 9,8 მგ -იან ბახვა ჰესს, რომელიც ოზურგეთში, სოფ, მთისპირში მდებარეობს, ორჯელ დაინგრა მეწყრების გამო (2013 წ.) და მწყობრიდან გამოსული ჰესი, დღემდე ითვლება წარმატებულ პროექტად. მდინარე ხდე (ბუნების ძეგლი) გაქრა არამდგრადი მეთოდებით აშენებული 6 მბ-იანი ყაზბეგი ჰესის ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ.
„ვერავინ დაამტკიცებს, რომ კომპანიის გამო გაქრა წყარო და პირიქით. შეიძლება, უბრალოდ, დაიკარგა წყარო, ხანდხან ისეც შრებ. თუმცა, შეიძლება აფეთქებისას, გაიხსნა რაღაც ქანი და სხვა მიმართულებით წავიდა. ამ ხალხს რომ ყავდეს, მაგ. სოფლის თავი, რომელსაც იურიდიული განათლებაც ექნება, კომპანიასთან მოლაპარაკებები შეიძლება. საჭიროა ეს სოფელი შეკრული იყოს და ვიღაც დაეხმაროს. სახელმწიფოს შეუძლია დაახმაროს იურისტები, რომლებიც ცივილური გზით გადაწვეტდა პრობლემებს და სულ აღარ იქნება ასეთი წივილ-კივილი. სამინისტროსაც ვუთხრაი, ჩვენ, ნამდვილად ვერ დავკარგავთ ჰუდონს, ნესკრას, ყველაფერი უნდა აშენდეს, ოღონდ ჭკვიანურად, ხალხმაც რომ ისარგებლოს, სახელმწიფომაც ისარგებლოს, და თან, გარემოს, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მაიდგეს,“ – ამბობს მარინა შვანგირაძე და განიხილავს იმ ვარიანტს, რომ კომპანიას გრძელვადიანი ურთიერთობები ჰქონდეს ხალხთან (ვთქვათ, თუნდაც, მოგების ერთი პროცენტი მიიღოს მოსახლეობამ ჰესის ფუნქციონირების განმავლობაში).
„მდგრადი განვითარება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი. რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ინტერესები იყოს დაბალანსებული. ისე, რომ სამომავლო განვითარების საშუალებაც რჩებოდეს, რომ ჩართული იყოს ყველა დაინტერესებული მხარე, რომ კონსესუსით, საერთო გადაწვეტულებები იყოს მიღებული. ენერგეტიკული უსაფრთხოება არ შეიძლება მივანდოთ, მხოლოდ ერთ რომელიმე მოთამაშეს, ერთ რომელიმე ორგანიზაციას, ამაში მთელმა საზოგადოებამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, ისე არ შეიძლება. არ შეიძლება დაუბალანსებელი ურთიერთობები და ინტერესები ხელისუფლების შტოებს შორის,“ – ამბობს მურმან მარგველაშვილი ანაკლიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი და ამატებს, – ჩვენი ენერგეტიკის პოლიტიკა სტიქიურია, გააზრებული და საზოგადოებასთან შეთანხმებიული არაა. პრობლემა ის კი არაა, რომ ჰესები შენდება. პრობლემა ისაა, რომ გარემოზე ზემოქმედების შედეგებზე არ კეთდება დოკუმენტები და არ ითვალისწინებებნ მის შედეგებს.“
სწორი მართვა მოითხოვს სწორ პრინციპებს, გამჭვირვალობას, უმაღლეს პროფესიულ და ორგანიზაციულ კვალიფიკაციას და დიდ საზოგადოების ყურადღებას.