ვაზიანის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ტერიტორიაზე არსებულ 56 კორპუსში, რომელთა მდგომარეობაც სავალალოა, 5 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მათი საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისად მძიმეა, კორპუსებში არ არის გამართული საკანალიზაციო და წყლის მილები, ფეკალიები კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება.
ტერიტორიაზე რამდენიმე ნაგავსაყრელია. მოსახლეობა ამბობს, რომ ნაგვის გროვები საკუთარი სახსრებით გააქვთ, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
ადგილობრივი მაცხოვრებლები ძირითადად აფხაზეთიდან დევნილები, უსახლკაროები და სოციალურად დაუცველი პირები არიან, რომლებიც რამდენიმე წელია აღნიშნულ კორპუსებში თვითნებურად შესახლდნენ.
“დაახლოებით 28 წელია აქ ვცხოვრობ. რუსეთის სამხედრო ბაზა რომ გავიდა ვაზიანიდან ესკორპუსები ცარიელი დარჩა. გვითხრეს, ვისაც სახლ-კარი არა გაქვთ, შეგიძლიათ აქ იცხოვროთო. უკვე გაძარცვულ კორპუსებში შემოვედით, თუმცა, პირობები დღითიდღე უარესდებოდა. მას შემდეგ ეს შენობები არავის გაურემონტებია, არც სახურავი აქვს, არც რაიმე ინფრასტრუქტურააგამართული. მას შემდეგ ორი თაობა გავზარდეთ და ისევ ამ სიბინძურეში და გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. კორპუსების უმრავლესობა ავარიაულია, რამდენიმე მათგანის სადარბაზოები მთლიანად ჩამოშლილია და მაცხოვრებლებს საფრთხეს გვიქმნის, მაგრამ სხვა წასასვლელი არსად გვაქვს და იძულებული ვართ აქ ვიცხოვროთ”, _ ამბობენ ადგილობრივები. Read the rest of this entry »