RSS

თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა

01 Jul

iremi 2“სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა.” – იტყობინება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. – “მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის “მეუღლე”, აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი – დევკალიონი და მდედრი – პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება…

კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს პატარა ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა.

კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება (CR). XX საუკუნის პირველ ნახევარში ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 80-იან წლებში ირემი ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო დაცული ტერიტორიების გარკვეულ ნაწილში, კერძოდ ლაგოდეხის, ბორჯომის, ახმეტის (თუშეთის), საგურამოს, ლიახვისა და რიწის ნაკრძალებში. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ლაგოდეხისა (1990 წელს 1400) და ბორჯომის ნაკრძალების (1990 წელს დაახლოებით 400) პოპულაცია. მასობრივი ბრაკონიერობის შედეგად 90-იანი წლების ბოლოსთვის ირმის პოპულაციამ მკვეთრი კლება დაიწყო და ლაგოდეხში რაოდენობა 80-მდე, ხოლო ბორჯომში 40 ინდივიდამდე დაეცა. გარდაბანში აღირიცხებიდა დაახლოებით 15 ინდივიდი, საგურამოსა და თუშეთში ირემი აღარ ფიქსირდებოდა. კონფლიქტურ ზონაში მდებარეობის გამო ლიახვისა (სამაჩაბლო) და რიწის (აფახაზეთი) პოპულაციების ბედი უცნობია. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ირმის პოპულაციამ კვლავ მატება დაიწყო და 2012-2013 წლების აღრიცხვების მიხედვით საქართველოში მობინადრე ირმის პოპულაციამ 2012 წელს 500 და 2013 წელს 800 ინდივიდი შეადგინა. 2013 წელს დაფიქსირებული ზრდის ტენდეციის მიუხედავად ირმის პოპულაცია მაინც უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეისთვის გვაქვს ირმის მხოლოდ ორი პოპულაცია: ლაგოდეხის, რომელიც წარმოდგენს დიდი კავკასიონის მეტაპოპულაციის (მეტაპოპულაცია ეს არის რამდენიმე პოპულაციის გაერთიანება, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სივრცით, თუმცა ინდივიდები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი პოპულაციიდან მეორეში) ნაწილს და ესაზღვრება ზაქათალის (აზერბაიჯანი) და ტლიარატას (დაღესტანი, რუსეთი) პოპულაციებს, საიდანაც შესაძლებელია იმიგრაცია. მეორე პოპულაციაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებულია და როგორც ჩანს, ჩაკეტილ პოპულაციას წარმოადგენს. გარდა ამ პოპულაციებისა, მცირე რაოდენობით ირემი დაფიქსირებულია გარდაბნის აღკვეთილში, ასევე აღნიშნულია ერთეული ინდივიდების შემოსვლა თუშეთსა და ხევსურეთში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირმის პოპულაციის აღდგენა მის ისტორიულ არეალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში.

სწორედ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამას ახორციელებს თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ). აღდგენის პროგრამა მოიცავს კონსერვაციის გეგმის შემუშავებას, ირმის ტყვეობაში გამრავლებასა და საბოლოოდ მის რეინტროდუქციას (ხელახლა გაშვება) ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. ამ პროექტის ფარგლებში თბილისი ზოოპარკს სექტემბრის თვეში ეწვევიან იტალიელი მეცნიერები სანდრო ლოვარი და ლუკა როსსი, რომლებიც მთის ჩლიქოსნების საუკეთესო სპეციალისტები არიან. სწორედ მათი რჩევებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება კეთილშობილი ირმის აღდგენა საქართველოში, რასაც ზოოპარკში დაბადებული პატარა პირრა ჩაუყრის საფუძველს.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s