22 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანში, საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძემ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული სოფელ ბზვანის რწმუნებულთან ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთან. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.
ვანის მუნიციპალიტეტში აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული, ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა.
სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის, როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავ დროულად ექსტრემალური მღვიმე.
კარსტულ მღვიმეს ადგილობრივი მოსახლეობა ,,ნავარსკვლავებს” ეძახის ზოგი კი ,,საქაჯეს” უწოდებს, ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ადრე სიცარიელეში ქვას აგდებდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ ,,საქაჯია”, მეორე სახელწოდება ,,ნავარსკვლავები” დაურქმევიათ იმის გამო, რომ გადმოცემის თანახმად, აქ უახსოვარ დროში, ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, აქ ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანიაო. საერთოდ, ამ უბანს ,,როდინას” ეძახიან. ადგილობრივების თქმით, ეს ადგილი, როდინივით არის ჩავარდნილი და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა.
მღვიმეში ჩასვლა და იქაური მდგომარეობის ერთ-ერთი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა მოახდინა.
მდინარე რიონის მარცხენა მხარეს საკმაოდ საინტერესო და აქამდე ნაკლებად ცნობილი კარსტული რელიეფი გვაქვს _ ეს არის ახალი გეომორფოლოგიური კვლევის სამეცნიერო ღირებულება, უახლოეს მომავალში კვლევაში ჩაერთვება თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილება. ამ ინსტიტუტის სპელეოლოგებს საქართველოს კარსტული მღვიმეების უმრავლესობა აქვთ აღმოჩენილი და დეტალურად შესწავლილი.
საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგი, რიგით უკვე ოცდამერვე კარსტული მასივის გამოყოფა არის შესაძლებელი. ნავარსკვლავევის მღვიმეში ნანახი ნაღვენთი ფორმები _ სტალაქტიტები თუ სტალაგმიტები დეტალურად იქნება შესწავლილი, აგეთვე იქნება აგეგმილი მღვიმის მიწისქვეშა სამყარო და ექსტრემალური ტურისტული მარშრუტის მარკირებაც შესაძლებელი იქნება ამ კარსტულ მღვიმეში.
თუმცა უკვე ასეთი კარსტული წარმონაქმნის დაფიქსირება საქართველოს ტერიტორიაზე საინტერესო ფაქტია. ცნობილია, რომ ძირითადად კარსტული მღვიმეები მდებარეობენ საქართველოს სხვა რეგიონებში: აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭაში, ზემო იმერეთში, შუა იმერეთში, მაგრამ ვანის მუნიციპალიტეტში, აი ამ ზონაში კარსტული მღვიმე და ზოგადად კარსტული რელიეფი სამეცნიერო ლიტერატურაში დღემდე არ იყო ცნობილი და ჩვენთვის ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ასეთი ტერიტორიაზე გეომორფოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ, რაც ამ სოფელში ექსტრემალური ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
Pმკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში, თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტმა აღმოაჩინა და შეისწავლა კარსტული მღვიმე, რომელსაც თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით, სახელად ,,თსუ-95″ ეწოდა.