RSS

თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი

20 Nov

irakli-xvedaguridze-da-giorgi-dvalashviliქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს.
თუნდაც, რამდენმა ვიცით, რომელია საქართველოს უმაღლესი სოფელი და სად მდებარეობს, ვინ ცხოვრობს იქ თუ უკვე ნასოფლარადაა ქცეული?
სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს. tusheti

გიორგი დვალაშვილი: – ბოლო პერიოდის გეოგრაფიული კვლევით საქართველოს ტერიტორიაზე ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა – 2300 მეტრს ზემოთ მდებარე სოფელი დაფიქსირდა. ეს გახლავთ თუშეთის ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის ფარგლებში მდებარე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ბოჭორნა. იგი ომალოდან დაახლოებით, 8 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ სოფელს მოსახლეობა სეზონურად სტუმრობს, მუდმივად კი მხოლოდ ერთი ადამიანი – ბატონი ირაკლი ხეთაგურიძე რჩება. მეოთხე წელიწადია, ამ ტერიტორიაზე ექიმად მუშაობს და საკმაოდ დიდ სამსახურს უწევს აქ დასახლებული პუნქტების მცხოვრებლებს. რაც შეეხება თავად სოფელ ბოჭორნას, ჯერ კიდევ წინა საუკუნეში იქ მოსახლეობა მუდმივად ცხოვრობდა და რამდენიმე ათეულსაც შეადგენდა. ბოჭორნას და კიდევ 2 თუშურ სოფელს ზაფხულის საცხოვრებელიც აქვს და იქვე, მახლობლად, ზამთრისაც – ე.წ. ბოსლები. ბევრს უკითხავს, დღემდე რატომ არ იყო ეს სოფელი ასე ცნობილი და რატომ ასახელებდნენ სვანეთის სოფელ უშგულს ყველაზე მაღალ სოფლადო? სოფელ უშგულთან შედარებით ბოჭორნა მთელი 200 მეტრით მაღლაა. აღსანიშნავია, რომ მას და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს დაახლოებით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში სტატუსი არ ჰქონდა, რადგან უგზოობის გამო მოსახლეობა მხოლოდ სეზონურად ადიოდა იქ. ბოლო პერიოდში, გზის გაყვანის შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ბოჭორნას, ომალოს, შენაქოს და კიდევ რამდენიმე სოფელს, სადაც მუდმივად ცხოვრობს მოსახლეობა, ოფიციალურად მიანიჭეს სოფლის სტატუსი. შესაბამისად, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მათგანი მონაწილეობდა და დღეს საკუთარი დეპუტატიც ჰყავს. გასახარია, რომ სოფელი ბოჭორნა აღორძინების გზაზეა, რისი დასტურიც ირაკლი ხეთაგურიძის ორგანიზებითა და სოფლის მოსახლეობის ძალისხმევით აღდგენილი წმინდა გიორგის ეკლესიაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, გამოდის, რომ ბოჭორნა ევროპის ყველაზე მაღალ სოფლადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბოჭორნა თითქმის 200 მეტრით უსწრებს ევროპის უმაღლეს სოფლებს – მუდმივად დასახლებულ პუნქტებს. მაგალითად, შვეიცარიაში ერთი ასეთი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2 150 მეტრზე მდებარეობს.

– ბოჭორნას სიმაღლით საქართველოს რომელი სოფლები მოჰყვება?

– საქართველოში ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მაღლა ათამდე სოფელი მდებარეობს. ბოჭორნის შემდეგ მეორე პოზიციაზეა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუთა, სადაც არაბულები ცხოვრობენ. რამდენიმე კვლევამ საინტერესო რიცხვი დააფიქსირა – ოთხი ორიანი ანუ ჯუთა ზღვის დონიდან 2 222 მეტრზეა. თუკი ვინმე იდავებს ბოჭორნაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ერთი მოსახლეა, ვერაფერს იტყვის ჯუთაზე, სადაც მუდმივად ცხოვრობენ ადამიანები და მათ ბუნებრივი აირიც კი აქვთ. იგი ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი სოფელია და თითქმის 50 მეტრით აღემატება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულს, რომელიც ზღვის დონიდან 2 160 მეტრზე მდებარეობს.

საკმაოდ მაღალი სოფლებია ჯავახეთშიც, მაგალითად: ფარავნის ტბის მიმდებარედ გაშენებული ფარავანი და ფოკა. ორივე მათგანი ზღვის დონიდან თითქმის 2 150-2 180 მეტრზე მდებარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტში კიდევ არის სოფელი ადიში, სადაც ბოლო პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. იქ, ზღვის დონიდან 2 160 მეტრზე ავალიანები და ქალდანები ცხოვრობენ.

– ცნობილი ადიშიც – ოთხთავის “სამშობლო”?
– სწორედ ადიშის ეკლესიასთან ახლოსაა ეს დასახლებული პუნქტი. საქართველოს ყველაზე მაღალ სოფელთა რიცხვშია ზღვის დონიდან 2 050 მეტრ სიმაღლეზე, არაგვის აუზში მდებარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი როშკა. მაღალი მდებარეობა აქვს პირიქითა ხევსურეთის ფაქტობრივად, მივიწყებულ სოფელ ხონესაც. იქ მოსახლეობა დღესაც ცხოვრობს, მაგრამ სამწუხაროდ, მათაც და სოფელსაც ნაკლებად ახსენებენ ხოლმე. მდინარე ხონესწყლის ხეობის სოფელი ხონე მუცოდან დაახლოებით 10 კილომეტრშია, ზღვის დონიდან დაახლოებით 2 150 მეტრზე.

ხევსურეთში, კავკასიის სამხრეთ ფერდობზე არის ერთი ლამაზი სოფელი – ბათალიკო, სადაც გუდანის სალოცავის ყმები – არაბულები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო 3 წელიწადია, იქ მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულობით ადის. ბათალიკო სიმაღლით უშგულს უტოლდება.
ერთსაც დავამატებ: საქართველოში, თრუსოს ხეობაში არის 10 ნასოფლარი – ბოლო 15 წელიწადია, იქ მოსახლეობა სეზონურადაც აღარ ადის, მათგან ერთ-ერთი კი, მდინარე თერგის ზემოწელის ბოლო სოფელი-ნასოფლარი რესი თითქმის 70 მეტრით უსწრებს სოფელ ბოჭორნას და ზღვის დონიდან 2410 მეტრზე მდებარეობს.

ისიც საინტერესოა, რომ სოფლები: ბოჭორნა, ჯუთა და ბათალიკო უფრო მაღლა მდებარეობს, ვიდრე, ვთქვათ, ავსტრალიის კონტინენტის უმაღლესი წერტილი – მთა კოსტიუშკო.
ძალიან ბევრი ტურისტი მოგზაურობს თუშეთში და ურიგო არ იქნება, სადღაც ერთი პატარა საინფორმაციო ბანერი მაინც გაკეთდეს, რომელსაც ეწერება: თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი – ბოჭორნა! წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი მივა და თუნდაც ფოტოს გადაიღებს იმ ბანერთან? იცით, რამხელა სტიმული იქნება იმ სოფლის მოსახლეობისთვის, სადაც დღეს სასტუმროც კი არ არის, რადგან ტურისტები არ ჩადიან. თუ ინტერესი გაჩნდება, სოფელიც გამოცოცხლდება და შანსებიც გაჩნდება, მოსახლეობის ნაწილი ზამთარშიც დარჩეს ბოჭორნაში.

http://www.gzapress.ge/qveyana/616-thushethshi-aris-evropis-yvelaze-maghali-sofeli.html?add=1

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s