RSS

შავი ზღვისპირა უნიკალური ტბა – პალიასტომი

05 Aug

paliastomi 002 ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მეოთხე:

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა.  საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.

სწორედ, აქ მოხვდა ის ოცი ჟურნალისტი, რომელიც მედიატურის ფარგლებში მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს  კლიმატის ცვლილებები გარემოზე.

paliasto,i 024“კოლხეთის ეროვნულ პარკში, ოცამდე ჟურნალიტთან ერთად ვართ, ისინი პირველად იმყოფებიან პალიასტომის ტბაზე, გვინდა ვანახოთ რაოდენ მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების როლი კლიმატის ცვლილებების პროცესში, ” – გვეუბნება  თამარ ბაგრატია პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში” საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

პალიასტომის ტბის განვითარება ბუნებრივად გაწონასწორებულ ეკოლოგიურ პირობებში ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლო წარსულში ტბა ტორფიან ჭაობებთან და ტყეებთან ერთად განუმეორებელ პეიზაჟს ქმნიდა და საქართველოს ტბებს შორის თევზით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყალსატევი იყო, სადაც ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა.

პალიასტომის ტბა ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაში შეუძლია უდიდესი წვლილი შეიტანოს. რომ არაფერი ვთქვათ, მის უნიკალურ ხედებსა და პეიზაჟებზე, აქ გადამფრენ ფრინველებზე თვალთვალისთვისაც უნიკალური ადგილებია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ტურიზმის ცალკე სახეობა ჩამოყალიბდა – ”ბორდვოჩინგი” (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფრინველებზე თვალთვალს. თავად ტურისტი კი – ბორდვოჩერი, ანუ ფრინველებზე მოთვალთვალეს). მტაცებელ ფრინველების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდი ინტერესის გამო, სამიგრაციო ძაბრები და ისეთი ადგილები, სადაც ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა იზიდავს მრავალ ეკოტურისტს და სპეციალისტს. ყოველივე ამას, კი გარკვეული შემოსავალი მოაქვს მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს, კერძოდ კი, პალიასტომის ტბას, ყველანაირი პირობები გააჩნია ასეთი ტურიზმის გასავითარებლად.

paliastomi 019პალიასტომის ტბა და მასთან დაკავშირებული სხვა წყალსატევები (კერძოდ, მდინარე კაპარჭინა) განიცდიან მტკნარი გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას, განსაკუთრებით ტბის ჩრდილოეთ ნაწილში.  ეკოლოგების განმარტებით, პალიასტომის წყლის ბიოგენური დაბინძურების შედეგად მოიკლო მისმა გამჭვირვალებამ, შესაბამისად, ფოტოსინთეზის ინტესივობამ და ტბამ, როგორც ბუნებრივად მტკნარმა წყალსატევმა, არსებობა შეწყვიტა. პალიასტომის წყლის დამლაშებამ თევზების მთელი რიგი სახეობა გაანადგურა. ტბა და მასთან დაკავშირებული წყალსატევები მტკნარი და გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას განიცდიან.

ეკოლოგები პალისტომის ტბისთვის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მხოლოდ მისი გადარჩენის, დეგრადაციის შეჩერების შესაძლებლობებზე დასკვნის სახით საუბრობენ და აუცილებელ პირობად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკულად განხორციელებას – მალთაყვის არხის გაუქმებას, ტორფის მოპოვებაზე, ტყების გაკაფვაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მიიჩნევენ. პალიატომის ტბას გარს ეკვრის კოლხეთის ეროვნული პარკი. რომლის  ფართობია 561 ჰა. ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა.

ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანი, წიფელი, რცხილა, კოლხური სურო, წყავი, შქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან – შველი, გარეული ღორი და სხვა.

paliastomi 015ამ ადგილებში კატასტროფულად შემცირდა ან უკვე გადაშენდა ჭაობის კუ, ჩვეულებრივი და შუააზიური ტრიტონები. სხვადასხვა შემაწუხებელი ფაქტორების გავლენით ძლიერ შემცირდა გადამფრენი და მოზამთრე ფრინველების რაოდენობა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობის მავნე გავლენას ვერც კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილის ბუნებრივი ლანდშაფტები გადაურჩა. ზღვისპირა ტორფიანი ჭაობების ზედაპირზე გაყვანილია სხვასასხვა დანიშნულების უამრავი არხი, გაიჩეხა ზღვისპირა ჭაობების მეზობლად მდებარე დაჭაობებული ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი, გასწორდა ჭაობების მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტები.

კოლხეთის დაბლობის ფარგლებში შემორჩენილი ბუნებრივი ჭაობური ლანდშაფტები განუმეორებელია თავისებურებებით და სილამაზით, მნახველში სიცოცხლით სავსე უმშვენიერესი ოაზისის შეგრძნებას იწვევს, რომელსაც შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ამ ლანდშაფტების მნიშვნელობა ბევრად სცილდება საქართველოს ფარგლებს. ეროვნული პარკის ჭარბტენიანი ეკოსისტემები სხვადასხვა კატეგორიის ვიზიტორთათვის საინტერესო და მიმზიდველი ობიექტია. ჭარბტენიანი ლანდშაფტების ერთობლიობა ქმნის ულამაზეს პეიზაჟს, რომელსაც იშვიათად თუ მოეძებნება ბადალი შავი ზღვის მთელ სანაპიროზე.

აქ გავრცელებულია გადაშენების პირას მისული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნშია შეტანილი ორი სახეობა – ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანი. ტბების და ჭაობის მდინარეების გასწვრივ ძლიერ დანესტიანებულ ადგილებში კი გავრცელებულია ისეთი მცენარეები, როგორიცაა: კოლხური და ყვითელი დუმფარა , წყლის კაკალი  და ლემნა, ხოლო ტორფიან ჭაობებში, ტუნდრისმაგვარ ჩრდილოურ სახეობებთან ერთად, სამეფო გვიმრა  და იმერული ისლი გვხვდება.
იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების სახით, ზოგიერთი მათგანი შესულია საქართველოს “წითელ ნუსხაში”: კოლხური მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა, ხოლო დანარჩენი სახეობებისაგან დაზიანებულია: იფანი, ქართული მუხა და თხმელა.

paliastomi 017სხვადასხვა სიმაღლეზე ჰაერში მოლივლივე კაკაჩები, ძერები, კირკიტები, მარჯნები, შევარდნები, ძელქორები, კრაზანაჭამია, თეთრკუდა, ველის და ბექობის არწივები სამხრეთისკენ მიუყვებიან ზღვის ნაპირს. ზამთარში ჩრდილოეთიდან იხვების, ბატების, გედების, ჩვამების გუნდები მოფრინავენ. გარდა ამისა, აქ გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ტყის ქათმები, კაუჭნისკარტა კრონშნეპები, მელოტები, კოკონები, ქოჩორები, თეთრშუბლა ბატები, სისინა, მყივანა გედი, ხუჭუჭა ვარხვი, დიდი მყივანი არწივი და სხვა. უკვე ძნელად თუ შეხვდებით საქართველოს ფაუნის სიამაყესა და მშვენებას, ულამაზეს ფრთოსანს – ხოხობს, რომლის არსებობაც ძველმა მსოფლიომ, ოდესღაც კოლხეთში ჩამოსული ბერძენი ზღავაოსნებისგან შეიტყო.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან კოლხეთის ჭაობიან ჭალებს, ტყეებსა და ბარდებში გავრცელებულია: ტურა  და გარეული ღორი, შველი , წავი. აღსანიშნავია, რომ აქ საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობის ძუძუმწოვარია გავრცელებული. ზღვის ძუძუმწოვრები წარმოდგენილი არიან დელფინების 3 სახეობით: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი  და ზღვის ღორი.

კოლხეთის ეროვნულ პარკს ეკოტურიზმისთვის საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს. მასიური მიგრაციის პერიოდში აქ მრავალ იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი. Birdwatchng-ის სახელით ცნობილი ტურიზმის ეს ფორმა დასავლეთის ქვეყნებში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს და, მით უმეტეს, ორნითოლოგიურად მდიდარ კოლხეთს ფრინველთა თვალთვალის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო შეხვედრის შეთავაზება შეუძლია. პარკის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის მოწყობილია ფრინველთა სათვალთვალო კოშკები.

paliastomi 018“ამ ტყეებში, ადამიანი, ფაქტობრივად არ ყოფილა. ამ ტყებშია დაცული ასწლოვანი კოლხური მუხები, მათ შორის უიშვიათესი მცენარეები, გარდა ამისა ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ითვლება აზიიდან ევროპისკენ გადამფრენი ფრინველებისთვის საიკუმბაციოდ ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, სადაც  ნაკლებად ქართველი ტურისტები, მაგრამ ძალიან ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოდის მსოფლისო სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა დააკვირდეს ფრინველების მიგრაციას და ამისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი,” -ამბობს გარემოსდამცველი  ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებელს რამდენიმე დაუვიწყარ სანაოსნო მარშრუტს სთავაზობს. სანაპირო დიუნების და იმნათის ტორფნარის გასწვრივ შემუშავებულია ფეხით სავალი მარშრუტებიც, თუკი პალისტომის გავლით მდინარე ფიჩორის კალაპოტში შეხვალთ, მრავალ ძლიერ შთაბეჭდილებას მიიღებთ – აქაური რელიქტურ ტყეებში მიმავალი მდინარის ყოველი მოსახვევი ახალ-ახალ სურპრიზებს და ფრინველთა იშვიათ სახეობებთან შეხვედრას გიქადით.

“ვიზიტორთა რაოდენობამ 2014 წელს იმატა. გასულ წლებთან შედარებით, ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ. ვიზიტორები ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც. ამ წელს უკვე 15 ათას ვიზიტორს ვუმასპინძლეთ და აგვისტოში ველოდებით გასამმაგებას. შევიძინეთ პანტომები, გვაქვს პატარა ნავებიც. ვიზიტორებს როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად ვემსახურებით. ვემსახურებით ბორდვეჩელებსაც,” – გვიყვება კოლხეთის ეროვნული პარკის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე. მისივე თქმით, პარკის ტერიტორიაზე საგრძნობლად იკლო ბრაკონიერობის ფაქტებმაც.

paliastomi 014 paliastomi 021 paliastomi 023 paliastomi 026 paliastomi 029 paliastomi 033 paliastomi 034სტატია მომზადდა პროგრამის “სქართველოს რეგიონეში კლიმატის ცვლილებისადამი ადაპტაციისა და შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია ფარგლებში”. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხრდაჭერით.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s