ცეცხლი სავაჭრო ცენტრ “საბას” 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართზეა გავრცელებული.
ამის შესახებ სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთმა დირექტორმა ნიკოლოზ ბაკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბაკაშვილის თქმით, გამორიცხულია, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი მოკლე ჩართვა ან ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა იყოს, რადგან დაცვის სამსახური სავაჭრო ცენტრში ელექტროენერგიას ზუსტად 19.00 საათზე თიშავს.“დაცვის სამსახური ყოველდღე ელექტროენერგიას სავაჭრო ცენტრში ზუსტად 19.00 საათზე თიშავს მას შემდეგ, რაც იხურება მაღაზიები. ეს ხდება 18.30 საათზე და ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობს შემოწმება, რის შემდეგაც ითიშება ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი იყოს ელექტროგაყვანილობის დაზიანება ან რაიმე სახის პრობლემა, თუმცა, ვერ ვიტყვი, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ცეცხლის გაჩენის მიზეზი”, – განაცხადა ნიკოლოზ ბაკაშვილმა.
ბაკაშვილის თქმით, ფართში, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა, 50-მდე გაქირავებული მაღაზიაა და, შესაბამისად, ზარალიც ძალიან დიდია, რადგან გაქირავებულ ფართებში მოვაჭრეებს ძვირადღირებული ავეჯი აქვთ განთავსებული.



