RSS

Daily Archives: 19/12/2011

როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი

ახალი წლის ციებ-ცხელაბა უკვე დაიწყო, დიასახლისების უმრავლესობა ახალი წლის სუფრისთვის უკვე ემზადებიან და ბევრი წინასწარ ცდილობს შეიძინოს საცივისა თუ გოზინაყის ატრიბუტები, თუმცა ბევრმა არ იცის როგორ გაარჩიოს ბებერი და ახალგაზრდა ქათამი? რომელს მიანიჭოთ უპირატესობა – მამლის თუ დედლის ხორცს? ალბათ ბევრისთვის ისიც საინტერესოა როგორ ამოიცნოს, ახალი დაკლულია თუ არა ქათამი? რომელი უკეთესია სოფლის ქათამი თუ ფერმის? 

 ამ შეკითხვებით ხშირად მიმართავენ  ვებგვერდს www.momxmarebeli.ge-ს მომხმარებლები. რეკავენ სურსათის ცხელ ხაზზეც (2194242).

 როგორ შევარჩიოთ ქათმის ხორცი…

 ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელი წყაროა ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის.

საქონლის ხორცთან შედარებით ქათმის ხორცი მეტ ცილებს შეიცავს (ქათმის ხორცში ცილები 19,5%-ია, საქონლის ხორცში კი 13%) და მას ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, ამიტომ ქათმის ხორცი შეიძლება სხვა ხორცზე უფრო ხშირად და მეტი ოდენობით მოვიხმაროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალგაზრდა ფრინველის ხორცი. მნიშვნელოვანია ქათმის ჯიშიც – მეხორცული ქათმების ხორცი შეიცავს უფრო მეტ ცილასა და ცხიმს, ვიდრე კვერცხის მდებელი ქათმის ჯიშები, შესაბამისად, იგი უფრო გემრიელია და ყუათიანი.

ქათმისა და ინდაურის ხორცში არჩევენ თეთრ და მუქ ხორცს. მუქ ხორცთან შედარებით თეთრ ხორცში უფრო მეტია სრულფასოვანი ცილები და ნაკლებია ცხიმები. ქათმის კანი შეიცავს ცხიმის დიდ რაოდენობას და, შესაბამისად, ქოლესტერინს, ამიტომ ჭამის წინ ჯობს, იგი მოვაცილოთ. მოხარშული ქათმის ხორცი კანის გარეშე, უვნებელი და სასარგებლოა ყველასათვის.

ქათმის ხორცის არჩევა

ქათმის ხორცის შეძენისას უნდა შეეცადოთ აირჩიოთ მეხორცეული ჯიშის, ახალგაზრდა, კარგად ნაკვები ფრინველი, სასურველია ახალდაკლული (შესაძლებელია გაყინულიც). ახალგაზრდა ქათმის სქესს მნიშვნელობა არ აქვს – ყვინჩილებსა და ვარიკებს შორის საგემოვნო განსხვავებები ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუკი ზრდასრულ ფრინველს ყიდულობთ, გირჩევთ დედალი შეიძინოთ – მამლის ხორცი საგემოვნო თვისებებით მას მკვეთრად ჩამოუვარდება.

ქათმის ჯიშის გარჩევა მომხმარებლისთვის საკმაოდ რთულია. ზოგადად, ერთი და იგივე ასაკის მეხორცეული ქათამი კვერცხის მდებელზე დიდია. დაკლული ფერმის  ქათმები ძირითადად მეხორცულია. სოფლის ქათმები კი ძირითადად კვერცხის მდებელი ქათმებია.

ფერმის ქათმებს ძირითადად 2-3 თვისას კლავენ, თუმცა ხანდახან 1 წლამდე ასაკის ქათმებსაც (კვერცხის მდებლებს) კლავენ და ყიდიან. სოფლის ქათამი კი საკმაოდ ბებერი – 2-3 წლის ასაკისაც შეიძლება იყოს.

გირჩევთ არ შეიძინოთ ბებერი ფრინველი – მისი ხორცი მაგარი და უხეშია. ფრინველის ასაკის გასარჩევად დააკვირდით მის კანს და ფეხებს:

ბებერი ქათმის კანი უხეშია, მოყვითალო ფერის, ქონი მუქი ყვითელი ფერისაა. ფეხები დაფარულია უხეში ქერცლით, ხოლო ფეხის ქვედა მხარეზე კანის უხეში წანაზარდებია;

ახალგაზრდა ქათმის კანი ღია ფერისაა, ფრთებ ქვეშ ჩანს ძარღვები. ფეხები რბილია, დაფარულია წვრილი ყვითელი ქერცლით.

ფრინველის ნაკვებობის შესაფასებლად დააკვირდით მკერდს – კარგად ნაკვებ ფრინველს მკერდის ძვალი არ უნდა აჩნდეს, ცხიმი თხელი ფენით უნდა ფარავდეს მკერდს და მუცელს. ნაკვები ფრინველის კანის ფერი მქრქალი მოყვითალო ან მოთეთრო-მოყვითალოა, მუქი ფერის გარეშე. ადგილ-ადგილ გადაჰკრავს ვარდისფერი შეფერილობა. ხოლო ცუდად ნაკვები ფრინველის მკერდის ძვალი გამოკვეთილია, კანს მონაცრისფრო-მოყვითალო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს;

თუმცა გაითვალისწინეთ, ცხიმის რაოდენობამ შეიძლება მოგატყუოთ: ბებერი ქათამი ახალგაზრდაზე ცხიმიანი შეიძლება იყოს, თუმცა ახალგაზრდა ქათმის ხორცი ბევრად უფრო ნაზი და გემრიელია. ამიტომ ყოველთვის ჯობს, აირჩიოთ ახალგაზრდა ქათამი, თუნდაც ნაკლებ ცხიმიანი;

ახალდაკლული ფრინველის ცნობა კი ასე შეიძლება:

ფრინველის ნისკარტი მშრალი და მკვრივია, არ უდის მჟავე სუნი და არ არის შებურული; პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ბზინვარე და მკრთალი მოვარდისფროა;

თვალი ავსებს მთელ ორბიტას; ხორცი მკვრივია, დრეკადი; დიდი ხნის დაკლულ ქათამის გამოსაცნობად დააკვიდით შიგა ქონს – თუკი მას მომწვანო შეფერილობა გადაკრავს, ხორცზე ხელის შეხებისას იგრძნობა სირბილე და მთლიანად ქათამს მომჟავო სუნი დაკრავს – ეს ქათამი ნამდვილად დიდი ხნის დაკლულია. ნუ შეიძენთ ასეთ ქათამს.

და კიდევ ერთი: ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქათამი გაზრდილია ნატურალურ საკვებზე, ჰორმონალური პრეპარატების დამატების გარეშე. თუმცა მეფრინველეობის ფაბრიკებში ფრინველების ზრდის სტიმულაციისა და დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, როგორც წესი, ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ პრეპარატებს იყენებენ და ფერმის ქათმის ხორცში შესაძლოა ამ პრეპარატების ნარჩენები იყოს, რაც თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის.

თუ საშუალება გაქვთ, შეეცადეთ არა ფერმის, არამედ სოფლის ქათამი შეიძინოთ. მაგრამ თუკი მაინც ფერმის ქათამს ან ქათმის ბარკლებს შეიძენთ, გირჩევთ:

ხორცის მოხარშვისას პირველი ნახარში (წამოდუღებიდან 2-3 წუთში) გადაღვაროთ – ჰორმონები და ანტიბიოტიკები მას გაჰყვება და შემდეგი ნახარში უვნებელი იქნება.

მოხარშულ ან შემწვარ ქათმის ხორცს მოაშორეთ და არ მიირთვათ კანი.

დაკლული ქათმის შენახვა სახლში

ახალდაკლული ქათამი მაცივარში 5 დღემდე ინახება. თუ მის შენახვას მეტ ხანს აპირებთ – საყინულეში შედეთ.

გაითვალისწინეთ: გამოუშიგნავი ფრინველი ძალიან მალე ფუჭდება. ამიტომ შეძენისთანავე გამოშიგნეთ და ისე შეინახეთ.

ფრინველის ხორცის გაფუჭებისას კანზე, პირველ რიგში, ფრთების ქვეშ და ფეშხვის ბოლო ნაწილში, ჩნდება მოყვითალო-მონაცრისფრო ფერის ლაქები მომწვანო ელფერით, კანი ხდება წებვადი; არ მიირთვათ გაფუჭებული ქათმის ხორცი!

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ სხვადასხვა პროდუქტი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  http://www.momxmarebeli.ge/.

 

 

როგორ ავარჩიოთ თაფლი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მწვავედ დგება საახალწლო სუფრისთვის პროდუქციის შერჩევის საკითხი.  www.momxmarebeli.ge -ს ან სურსათის ცხელ ხაზს (2194242) ხშირად მიმართავენ მომხმარებლები შეკითხვებით, რა პირობებს უნდა  აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქტი, როგორ უნდა შევარჩიოთ იგი. თუნდაც როგორ უნდა შევარჩიოთ თაფლი –  როგორ ამოვიცნოთ, ნატურალურია თუ ფალსიფიცირებული?    

 თაფლის სასარგებლო თვისებები

 თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია. მისი მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები განისაზღვრება არა მარტო ადვილად ასათვისებელი შაქრის დიდი რაოდენობით, არამედ ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი მინერალური ნივთიერებების, ფერმენტების, ვიტამინებისა და ანტიმიკრობული ნივთიერებების შემცველობით. ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხასიათდება ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი მოქმედებით. აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

სამწუხაროდ, ბაზარზე საკმაოდ ხშირად იყიდება ფალსიფიცირებული თაფლი.  სასარგებლოა, ვიცოდეთ ნამდვილი და ფალსიფიცირებული თაფლის გარჩევა. გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას:

გამჭვირვალობა: თაფლის  სხვადასხვა ფერი შეიძლება იყოს (ყვავილოვანი თაფლი ღია ყვითელი ფერისაა, ცაცხვის – ქარვისფერი, იონჯისა – თითქმის უფერო, წაბლის – ყავისფერი). ნამდვილი თაფლი, თუკი მას დაწყებული არ აქვს ჩაშაქრება,  აუცილებლად გამჭვირვალეა (თაფლი ჩაშაქრებას აცივებისთანავე იწყებს, ამიტომ ზამთრის თვეებში ნატურალური თაფლიც გაუმჭვირვალე, დაბურული ხდება); თაფლი რომელსაც მინარევები აქვს (შაქარი, სახამებელი ან სხვა) მღვრიეა და თუ კარგად დავაკვირდებით შესაძლებელია ნალექის შემჩნევაც.

არომატი: ნამდვილი თაფლი გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი არომატით, რომელიც არც ძალიან მძაფრი უნდა იყოს და არც – ძალიან სუსტი. შაქრის შემცველ თაფლს არომატი თითქმის არ აქვს, მისი გემო ჰგავს შაქრიანი წყლის გემოს.

გემო: ნატურალური თაფლი არა მარტო ტკბილია, მისი სიტკბო ოდნავ წვავს ყელს.

სისქე: თაფლის მცირე რაოდენობის პირში ჩადებისას ის სწრაფად არ დნება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ფორმას ინარჩუნებს; დაიწვეთეთ თაფლი ხელის ზურგზე, თუ წვეთი შეინარჩუნებს ფორმას და არ დაიშლება – თაფლი ნატურალურია;

კონსისტენცია: გასრისეთ თაფლი თითებს შორის. ნატურალური თაფლის კონსისტენცია ნაზია, მას კანი შეიწოვს. ფალსიფიცირებული თაფლი უხეში კონსისტენციისაა და კოშტების სახით რჩება თითებს შორის; ნატურალური თაფლი ჩაშაქრებულიც კი ერთგვაროვანია, განშრევებების გარეშე, შაქრის ცალკეული კრისტალები მასში არ იგრძნობა;

წყლის შემცველობა: მომწიფებული ნატურალური თაფლი თითქმის არ შეიცავს წყალს. ამიტომ, თუ მას დააწვეთებთ ქაღალდზე, არ წარმოქმის სველ ლაქას. ფალსიფიცირებული თაფლი კი ქაღალდს ასველებს; შეგიძლიათ ასეც გამოსცადოთ: ჩაუშვით თაფლში პურის პატარა ნაჭერი და გააჩერეთ 10-12 წთ. ამოიღეთ, თუ თაფლი ნატურალურია, პური გამაგრდება, თუ ფალსიფიცირებულია – დარბილდება.

კიდევ რამდენიმე რჩევა ნატურალური თაფლის გამოსაცნობად:

ამოიღეთ თაფლი კოვზით, თუ იგი ნატურალურია, წარმოქმება გრძელი (10-12 სმ) „ძაფი”, რომელიც დიდხანს არ წყდება და თუ კოვზს დაატრიალებთ, ზედ დაეხვევა. როდესაც თაფლის ძაფი გაწყდება, ზედაპირზე წარმოიქმნება პატარა ბორცვი, რომელიც ნელ-ნელა გასწორდება;

გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ერთ ჩაის ჭიქა ცხელ წყალში, ნატურალური თაფლი მთლიანად გაიხსნება და არ წარმოქმნის ნალექს, ხსნარი არ აიმღვრევა თუ მას ცოტაოდენ სპირტს დავუმატებთ;

წაუსვით თაფლის თხელი ფენა ფურცელს ისე, რომ კიდეები თავისუფალი დარჩეს. ფურცელს წაუკიდეთ ცეცხლი. თუ ცეცხლი ჩაქრა, თაფლი ნატურალურია, თუ მთელი ფურცელი დაიწვა, თაფლი ფალსიფიცირულია;

თაფლის წვეთს მოაყარეთ ცოტაოდენი სახამებელი, თუ იგი თეთრ ნაფიფქად დარჩა თაფლი ნატურალურია;

ჩაის სუსტ და თბილ ნაყენს დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი, თუ იგი ნატურალურია, ჩაი გამუქდება, მაგრამ ნალექი არ წარმოიქმნება;

გავარვარებული ნემსი ჩაუშვით თაფლში, თუ მასზე წარმოიქმნება წებოვანი  მასა, თაფლი ფალსიფიცირებულია, ნატურალურ თაფლში ნემსი სუფთა დარჩება.

გახსოვდეთ: თუ ზამთარში ან გაზაფხულზე თხევად, გამჭვირვალე თაფლს გთავაზობენ, დაფიქრდით სანამ ასეთ თაფლს იყიდით. თხევადი თაფლი ზამთარში საკმაოდ  იშვიათია, თაფლის ძალიან ცოტა სახეობა (აკაციის, წაბლის), რომლებშიც მაღალია ფრუქტოზის შემცველობა, გაზაფხულამდე თხევადი რჩება. თაფლი ზამთარში ჩაშაქრებას იწყებს და გამჭვირვალობას კარგავს. თუ ზამთარში თაფლს შებურული ფერიც კი არ დაკრავს, ის ან ხელოვნურია, ან ფუტკარს შაქრის ვაჟინით კვებავდნენ. შესაძლოა, თაფლი ნატურალურია, მაგრამ იგი ჩაშაქრდა და გასადნობად გააცხელეს. სამკურნალო თვისებები ასეთ თაფლს აღარ აქვს.

თაფლის შენახვა და მოხმარება:

თაფლი ბნელ და გრილ ადგილას უნდა შეინახოთ მინის ან ემალირებულ თავდახურულ ჭურჭელში, რადგან იგი საკმაოდ ადვილად იღებს უცხო სუნს. ასეთ პირობებში თაფლი შეიძლება  წლების განმავლობაში შევინახოთ;

მზის პირდაპირი სხივები უარყოფითად მოქმედებს თაფლზე. 48 საათით მზეზე გაჩერების შემდეგ მასში იშლება ფერმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი;

არ შეიძლება თაფლის შენახვა მეტალის ჭურჭელში, ვინაიდან იგი რეაქციაში შედის და წარმოქმნის მომწამლავ მარილებს. პლასტმასის ჭურჭელში თაფლი შეიძლება შევინახოთ მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში;

თაფლის სასარგებლო თვისებები თერმული დამუშავების შემდეგ ისპობა, ამიტომ:

ნუ გააცხელებთ ან მოხარშავთ თაფლს;

ნუ ჩადებთ თაფლს მდუღარე წყალში ან ჩაიში. გააგრილეთ ჩაი და მხოლოდ შემდეგ უყავით თაფლი.

თუ ჩაშაქრული თაფლი არ გიყვართ, იმისთვის რომ თაფლმა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს, იგი ძალიან ფრთხილად უნდა გაადნოთ: ჩადეთ ქილა თბილ (არა უმეტეს 40ºC) წყალში და დაელოდეთ.

სამწუხაროდ, გოზინაყის მომზადებისას თაფლის სასარგებლო თვისებები ისპობა.

უფრო ვრცლად ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ თაფლი ან სხვადასხვა პროდუქტი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  http://www.momxmarebeli.ge/?menu=28&rec=2173.