RSS

Daily Archives: 01/12/2011

სილიციუმორგანული პოლიმერული საფარების შემუშავება – ინოვაციური წინადადება ანუ ციტრუსების ხანგრძლივი შენახვის მეთოდი

ოლიკო ცისკარიშვილი

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ ომარ მუკბანიანის კაბინეტში რომ შევედი, პირველი რაც თვალში მომხვდა, კედელზე ჩამოკიდებული ნახატი იყო, რომლიდანაც მშვიდი ფერები იღვრებოდა. ნატურმორტი, საიდანაც მადისაღმძვრელად იმზირება ბროწეული, კომში და ვაშლი პროფესორ ნინო ილურიძეს დაუხატავს. ეს ნახატი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ბატონ ომარ მუკბანიანის ჯგუფის მორიგი გამოგონების წყალობით შეიქმნა. საღებავები, რომლებშიც სილიციუმორგანული პოლიმერებია გარეული სხვა დანარჩენი საღებავებისგან განსხვავებით, სხვა დადებით თვისებების გარდა, ის უპირატესობაც აქვს, რომ ოთხ-ხუთ დღეში შრება, როცა სხვა ზეთის საღებავებს გასაშრობად ზოგჯერ ერთი თვეც კი სჭირდება.

This slideshow requires JavaScript.


`ეს საღებავები, ჰიდროფობური თვისებისაა და ნესტს არ გაიკარებს, – ირწმუნება ომარ მუკბანიანი, რომელიც თურმე ბავშვობაში თავადაც ხატავდა და ახლაც დიდი სიამოვნებით ელოდება იმ დროს, როცა მხატვრობას დაუბრუნდება, _ ეს კი, იმას ნიშნავს, რომ როცა სილიციუმორგანულ ზეთში პიგმენტს ვურევთ, ნახატი წყალშიც რომ მოხვდეს, არ დასველდება, არ დაზიანდება.”
`ამ ნახატს რომ ვუყურებ, დროთა განმავლობაში ფერები უფრო მკვეთრი და ნათელი ხდება, მაგალითად წითელი, უფრო გამოიკვეთა…” _ ირწმუნება ზეთის სარებავებზე ექსპერიმენტის ჩამტარებელი და იმედოვნებს, რომ მომავალში, ამ საღებავებით ბევრი დაინტერესდება…
ჩვენი შეხვედრის თემა ნამდვილად არ ყოფილა, სილიციუმორგანული საღებავები, თუმცა სილიციუმორგანული ნაერთები მისი და მისი ჯგუფის (პროფესორი ელიზა მარქარაშვილი, თამარ თათრიშვილი, მარგიზი მეგრელიძე და სხვ.) კიდევ ერთი გამოგონების მთავარი ატრიბუტია…
პროფესორმა ომარ მუკბანიანმა თავის პატარა ჯგუფთან ერთად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დაასრულა. პროექტი `სილიციუმორგანული პოლიმერული საფარების შემუშავება ციტრუსების ხანგრძლივი შენახვისათვის~ შემუშავდა ციტრუსების შენახვის ვადების გაზრდის მიზნით, ციტრუსოვანი ნაყოფის დეზინფექციისა და შენახვის მეთოდი.
დღესდღეობით, საქართველოში წარმოებული ციტრუსი (მანდარინი, ფორთოხალი და ლიმონი) ვერ უძლებს დიდხანს შენახვას და ტრანსპორტირებას, რის გამოც, დანაკარგი ბევრია.
“პროექტის ძირითადი არსი იმაშია, რომ ციტრუსის ზედაპირის სილიციუმორგანული ნაერთებით დაფარვისას თხელი პოლიმერული აფსკი წარმოიქმნება, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ნაყოფის შენახვისას მასში შემცველი წყლის აორთქლებას, ანუ ტენიანობის შემცირებას და ხელს უშლის ნაყოფის ჭკნობას. ამასთან, აფსკი აფერხებს აირგაცვლას ნაყოფში და ხელს უშლის სოკოვანი ბაქტერიების შეჭრას, რაც ზრდის შესაბამისად მისი შენახვისა და ტრანსპორტირების ვადებს,~ _ ამბობს ომარ მუკბანიანი.
მაკრომოლეკულების ქიმიის მიმართულების თანამშრომლები პოლიმერულ სილიციუმორგანულ საფარებზე 1979 წლიდან მუშაობენ, როგორც შესაფუთ მასალებზე. მუკბანიანის თქმით, ადრეც იყო მცდელობები ამ მეთოდის დანერგვაზე, ბათუმში ერთ-ერთი ციტრუსების საწარმოც დაინტერესებული იყო სამუშაოების დაწყებით. როცა წარმოებაში დანერგვაზე დაიწყო ლაპარაკი, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა სწორედ მაშინ დაიწყეს. თუმცა პროექტი დასრულებულია, მაგრამ მეწარმეები თანამშრომლობაზე არ მოდიან.
`როდესაც რუსეთში დიდი რაოდენობით ციტრუსი გადიოდა, ძალიან ხშირ შემთხვევაში, გზაში გადამზიდველს 50-60 პროცენტი უფუჭდებოდა. ციტრუსი, მით უმეტეს, მანდარინი, ტრანსპორტირებას ვერ იტანს. მის დაზიანებულ ზედაპირზე კი, მთელი რიგი მიკრობების შეჭრას აქვს ადგილი, ხდება ლპობა და გაფუჭებული ციტრუსი, უბრალოდ, გადასაყრელი ხდება. ყველას აქვს თავისი შენახვის მეთოდი, ზოგი სანთლით დაფარვასაც იყენებს – ციტრუსის ზედაპირზე სანთელს ახვევენ. თუმცა, სილიციუმორგანული პოლიმერებით დაფარვას დიდი მნიშვნელობა აქვს, – ირწმუნება პროფესორი, _ რადგან სილიციუმორგანული საფარები ჰაერს ატარებს, ბაქტერიებს კი, არა. მას ციტრუსის დაცვითი პოზიციაც გააჩნია. ციტრუსის ზედაპირზე ამ ნაერთში გავლების შემდეგ, წარმოიქმნება სილიციუმორგანული ფენა და მათი ტრანსპორტირების ვადა, ერთ თვემდეც კი იზრდება.”
პროფესორი ომარ მუკბანიანი ტექნოლოგიასაც გვიხსნის: სილიციუმორგანულ სითხეში გადის ციტრუსი, რომელიც მერე შრება. დროთა განმავლობაში, ზედაპირზე თხელ საფარს იკეთებს, რომელიც უკვე ციტრუსს იცავს.
როგორც აღმოჩნდა, სილიციუმორგანული პოლიმერული საფარები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საერთოდ არ ყოფილა საშიში და ამის დასტურად ბატონმა ომარმა სილიციუმორგანული გულიც მანახა, რომელსაც ოპერაციების დროს, ადამიანს გულის მაგივრად უდგამენ. პროფესორმა ისიც აღნიშნა, რომ სილიციუმორგანული პოლიმერებით ხელოვნურ-სისხლძარღვებს აკეთებენ. ასე, რომ ეს ნაერთი, საერთოდ უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს, რომ ეს ნაერთი ციტრუსის ზედაპირს არ სცილდება და პროდუქტში შიგნით არ შედის.
`თუ გაიხსნება რუსეთის ბაზარი, ან სხვა დიდ ქვეყნებში გავა ჩვენი ციტრუსი, ეს პროექტი გაამართლებს, _ ამბობს ბატონი ომარი, _ რადგან აქ, საქართველოში, მხოლოდ კერძო სექტორი თუ დაინტერესდება, რაც ნაკლებად სავარუდოა, რადგან ხშირად იმის გამო, რომ ციტრუსი თითქმის არ იყიდება, დაუკრეფავიც კი რჩებათ. საზღვარგარეთ, ამ მეთოდს ნამდილად არ იყენებენ, თუმცა საზღვარგარეთიდან შემოსულ ციტრუსს, მაგალითად, ფორთოხალს, აშკარად ეტყობა, რომ გარედან დაფარულია საფარით.”
მეცნიერი მეწარმეების პოზიციით გაკვირვებულია და გვიყვება – `ამ პროექტში გრანტი არ აგვიღია. ეს პროექტი სუფთა ენთუზიზამზე დავასრულეთ. თუმცა, როცა 2006 წელს გრანტი გვქონდა აღებული, ვერც მაშინ დავაინტერესეთ ბიზნესმენები. მაშინ ინტერპლასტს, რომელსაც ჩინეთიდან ჩამოჰქონდათ შემავსებელი, მათ შორის ცარცი. შევთავაზეთ ეკოლოგიურად სუფთა ანდეზიტის ნარჩენებისგან გაკეთებული პროდუქტი, 50 პროცენტით იაფად და უკეთესი მონაცემებით. მაინც არ წამოვიდნენ თანაშრომლობაზე.~
ასე, რომ ნაკლები იმედი აქვთ ადგილობრივი მეწარმეების, თუმცა როგორც ბატონი ომარის შემოქმედი ჯგუფი ირწმუნება, როგორც სხვა მათი გამოგონება, არც ციტრუსების შესაფუთი მასალის ტექნოლოგია არ ჯდება ძვირი. ამ მეთოდით, მყიდველამდე მიდის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ყველა ვიტამინს ინარჩუნებს.
მოგების რაოდენობა კი წარმოების მასშტაბებზე იქნება დამოკიდებული. საშუალო წლიური და მთლიანი მოგებებს რაც შეეხება, ამ ინოვაციურ წინადადებას რეალიზაციის შემთხვევაში დიდი მოგების მოტანა შეუძლია.