RSS

Daily Archives: 30/12/2011

როგორ ავარჩიოთ ლიმონათი

საახალწლო მაგიდა წარმოუდგენელია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების გარეშე. ცხადია, სუფრისთვის ლიმონათის ყიდვასაც დააპირებთ, ეს სასმელი ხომ ბევრს უყვარს, განსაკუთრებით კი – ბავშვებს.

რა უნდა ვიცოდეთ ლიმონათზე?

ლიმონათი გამაგრილებელი სასმელია. მას ახასიათებს მოტკბო-მომჟავო, წყურვილის მომკვლელი გემო და სასიამოვნო არომატი. გარდა ამისა, იგი, როგორც წესი, გაზირებულია (სითხეში ჩატუმბულია ნახშირორჟანგი), რაც დალევისას სასიამოვნო „შუშხუნა“ შეგრძნებას ქმნის და უკეთესად კლავს წყურვილს.

კლასიკური ლიმონათი ნატურალური ხილის წვენის ან ნაყენისა და ვაჟინისაგან (შაქრის სიროფი)  მზადდება. ასე მომზადებულ ლიმონათს აქვს ქიმიური შემადგენლობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს:  მასში უხვადაა სხვადასხვა ორგანული მჟავები, მინერალური ნაერთები, ვიტამინები, არომატული ნივთიერებები, ნახშირწყლები და სხვა, რომლებიც არეგულირებენ ადამიანის ორგანიზმის წყლის რეჟიმს და ნივთიერებათა ცვლას. ლიმონათები მატონიზირებელი (ტონუსის ამწევი) თვისებებითაც ხასიათდება.

თუმცა ასეთი ნატურალური ლიმონათები დღეისათვის, სამწუხაროდ, იშვიათად გვხვდება. ამჟამად ლიმონათის წარმოების დროს ძალიან ხშირად ხელოვნური საღებავები, შაქრის შემცვლელი დამატკბობლები და არომატიზატორები გამოიყენება, რომელთა უმეტესობა ჯანმრთელობისთვის მავნეა.  ამ გზით მიღებული სასმელები ნატურალურ ლიმონათზე ბევრად იაფია და,  ბუნებრივია, უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე სწორედ მათ უკავიათ ძირითადი ადგილი.

შაქრის შემცვლელი დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული სასმელები რეკომენდებულია მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის. ჯანმრთელი ადამიანისთვის კი მსგავსი დამატკბობლების ხშირი მიღება საზიანოა, ვინაიდან იგი კუჭქვეშა ჯირკვლის დისფუნქციასა და ორგანიზმში ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას იწვევს. განსაკუთრებით არასასურველია დამატკბობლების გამოყენებით წარმოებული ლიმონათის მოხმარება ზაფხულში, ვინაიდან ყველაზე გავრცელებული დამატკბობელი, ასპარტამი, 30ºC ან მეტ ტემპერატურაზე პროდუქტის შენახვისას იშლება და წარმოქმნის ტოქსიკურ ნივთიერებას (მეთანოლს). რაც შეეხება ხელოვნურ საღებავებს, დადასტურებულია, რომ ისინი ბავშვებში იწვევს ყურადღების დეფიციტს, ჰიპერაქტიურობას, ნევროზებს და ტვინის დისფუნქციასაც კი.

როგორ ავარჩიოთ ლიმონათი?

იმისთვის, რომ თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა არ დააზიანოთ, ლიმონათის შეძენისას უნდა შეეცადოთ აირჩიოთ ისეთი ბრენდი, რომელშიც ხელოვნური საღებავები ან დამატკბობლები მინიმალურად არის გამოყენებული. ამისთვის ეს რჩევები გამოგადგებათ:

მოერიდეთ ხასხასა, არაბუნებრივი, მკვეთრი ქიმიურიფერის სასმელებს. ასეთი ფერები მხოლოდ ხელოვნური საღებავებით მიიღება. ნატურალური სასმელი ყოველთვის ნაკლებად ღაჟღაჟაა და მყვირალაა.

 ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა ეტიკეტზე. თუ აღმოაჩენთ, რომ პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს: ასპარტამს, ქსილიტს, საქარინს, ან მასზე მითითებულია დამატკბობელი საკვებდანამატის კოდი (E950-დან E970-მდე) – არ შეიძინოთ ასეთი ლიმონათი.

სამწუხაროდ საქართველოში ხშირად პროდუქციას შემადგენლობა არ აწერია. თუკი რაიმე ბრენდის ლიმონათს რეგულარულად ხმარობთ, გირჩევთ, გაარკვიოთ, შაქარს შეიცავს იგი თუ დამატკბობლებს. ამისთვის გადმოასხით ცოტაოდენი ლიმონათი ჭიქაში და დატოვეთ რამოდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე. თუ პროდუქტი ნამდვილ შაქარზეა დამზადებული, იგი „დუღილს“ დაიწყებს, აჟავდება. ხელოვნური დამატკბობლები კი ასეთ ეფექტს არ იძლევა.

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ ესა თუ ის პროდუქტი, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე  http://www.momxmarebeli.ge/.

 

 

უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

უბისის ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია და სამონასტრო კომპლექსია. მდებარეობს სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იმერეთში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.

This slideshow requires JavaScript.

უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ­წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე­ნებლობას თავდაპირველად საფუძველი მე-9 საუკუნეში ჩაეყარა, როდესაც საქართვე­ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა­რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.

გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».

ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შეს­რულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრო­მების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყე­ნებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუ­ნეებისათვის.

აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რად­გან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: «მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მე­ფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკი­ნოზთა 535».

ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.

ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესას­ვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და სა­პირფარეშოთი.

კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდ­ნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კე­დელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელ­ტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადი­ოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყვე­ლაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგუ­რით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».

თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა­უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»…

მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ­სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რო­მელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭუ­რებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.

უბისის ტაძარს დღესაც უამრავი მნახველი ჰყავს და იგი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.