RSS

Monthly Archives: იანვარი 2012

ექვსფეხა ბატკანი დაიბადა

ველისციხეში ექვსფეხა ბატკანი დაიბადა, ამ ფაქტის საინტერესო კადრებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

http://ick.ge/ka/articles/9539——photo-video.html

 

საქართველო ღვინის ტურიზმის ათეულში ვერ მოხვდა

ამერიკულმა  ჟურნალმა Wine Enthusiast Magazin-მა, რომელიც 700-ათასიანი ტირაჟით გამოიცემა, შეადგინა 2012 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურების ათეული, სადაც შესაძლებელია ღვინის დაგემოვნება. სიაში შევიდა ახალი ზელანდიის, ცენტრალური ოტაგოს რეგიონები, შამპანი საფრანგეთში, კოლჩაგუა ჩილეში, მოზელის ველი გერმანიაში, ნაპას ველი, სანტა ბარბარა და ვირჯინია აშშ-ში, ტოკაის მთისძირი უნგრეთში, პრიორატ-კამბრილსი ესპანეთში და ვენეტო იტალიაში.
Wine Enthusiast ურჩევს ტურისტებს, ყურადღება მიაქციონ უნგრულ ტოკაის, სადაც არა მხოლოდ კარგი ღვინოა, არამედ სასურსათო მაღაზიების დიდი რაოდენობა, ლამაზი ბუნება და მრავალრიცხოვანი ტურისტული შემოთავაზებებია. სტატიაში აღნიშნულია, ტოკაის ღვინო ასუ “ღვინის მეფედ” დასახელდა.

ღვინის სამშობლო – საქართველო იმ ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა.

საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ 2014 წლის ბოლოს საქართველოს ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის ჯეროვან პოზიციონირებას მსოფლიო ბაზრებზე აუცილებლად მოახერხებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია  აღნიშნავს, რომ 2012 წელს ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციისათვის მაქსიმალური ქმედებები გატარდა.

“აუცილებელია, რომ ქვეყნის გარეთ ქართული ღვინის პოლურაიზაციაში ჩართული იყოს, როგორც ის ბიზნესი, რომელიც ღვინოს აწარმოებს ასევე მთავრობა, რომელმაც მარკეტინგული სამუშაოები უნდა აწარმოოს. 2012 წელს ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყება, რომელიც მიძღვნილი იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. უკვე გამოკვეთილია მიზნობრივი ბაზრები მათ შორის არის ის ადგილები, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა უკვე არსებობს”, – აცხადებს მინისტრი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე არ უარყოფს, რომ ღვინის ტურიზმის მხრივ საქართველოს სათანადო პოზიცია ამ დროისათვის არ უკავია, თუმცა მისი ინფორმაციით, 2 წელიწადში საქართველო ამ მიმართულებით თავის სათქმელს აუცილებლას იტყვის.

“საქართველო ღვინის სამშობლოა და გვაქვს უნიკალური ქვევრის ღვინო. მაგრამ მეორე მხრივ, მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირების მხრივ, ქართულ ღვინოს სათანადო ადგილი არ უკავია. ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, თუმცა მეორე მხრივ აუცილებელია, რომ კონკრეტული ღვინის ტურები შეიქმნა და წელს ეს ჩვენ კახეთიდან უკვე დავიწყეთ და გავრცელდება სხვა რეგიონებზეც. კონკრეტულ მარშუტებს გაეწევათ მარკირება და მოხდება ღვინის ხარისხის მონიტორინგი”, – აცხადებს  მაია სიდამონიძე.

 

 

სამთავისი

სამთავისის ტაძრის მონახულება როცა გადავწყვიტე საშინლად ციოდა. სიცივემ არა, მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა, როცა ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ორ კილომეტრში რუსები დგანანო. მაშინვე გადავიფიქრე  სამთავისის ზევით მდებარე უძველესი ციხის მონახულება. ტაძრის გარშემო მუხლამდე თოვლში დავდიოდი და სურათებს ვიღებდი. როცა ვეღარაფრით გავუმკლავდი, მინუს არ ვიცი რამდენ გრადუსს სიცივეს, რადგან თითებს ვეღარ ვამოძრავებდი, და ფოტოაპარატსაც ვეღარ ვიმორჩილებდი ვიკადრე და უკან დავბრუნდი. თუმცა მოპოვებული მასალა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ამ ტაძარზე სტატია დამეწერა და ფოტორეპორტაჟიც ნორმალური გამოსულიყო.

This slideshow requires JavaScript.

სამთავისი  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი.

სამთავისი საგანმანათლებლო კერა იყო, სადაც მოღვაწობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: ილია (XVI ს), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს.), ანტონ I კათალიკოსი და სხვ. აქ იყო საქართველოს უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც გაუქმდა 1811 წელს. სამთავისის ხუროთმოძღვარმა, პირველმა შექმნა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის ის ტიპი, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში აღიარება ჰპოვა.

სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების, ამილახვრების აღზევების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტაძრის “მეორედ” აშენება-განახლება.

სამთავისის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. სამთავისის ტაძარი ხუთი კომპლექსისაგან შედგება: 1-გალავანი, 2-სამრეკლო, 3-დიდი ტაძარი, 4-ეპისკოპოსის პალატი, და 5-მცირე ეკლესია.

სამთავისის ტაძარზე ხალხს შეუთხზავს სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და ახალქალაქის (უნდა იყოს – მეტეხის), შეგირდმა კი – სამთავისის ტაძარი. მათში ყველაზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი შიგ ტაძარში მარხიაო. როგორც ცნობილია, XV საუკუნეში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავდადებისათვის უბოძა იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად (სასაფლაოდ). ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის ჩამომავალნი. ქართლ – კახეთის რუსეთთან შეერთებისას სამთავისის საეპისკოპოსო ფლობდა 17 სოფელს, ერთ თავადსა და 5 აზნაურს. სამთავისის ტაძარს თავისი პირვანდელი სახით არ მოუღწევია: მან მტრების შემოსევის გამო, განსაკუთრებით XVI – XVII საუკუნეებში, შინაფეოდალური ბრძოლებისა, შაჰ-აბაზის შემოსევებისა და ლეკიანობისაგან ბევრი აოხრება და ნგრევა განიცადა. XI X საუკუნის პირველ ნახევარში განიზრახეს მისი კაპიტალური შეკეთება – განახლება და 1850 წელს ეს საქმე არქიტექტორ რიპარდს დაევალა. .

სამთავისის საკმაოდ ვრცელი ეზო შემოზღუდულია გალავანით, რომელსაც ჩრდილოეთით აქვს შემოსასვლელი ალაყაფის კარი, ზედვე დაშენებულია აგურის სამრეკლო. გალავანიც ნაწილობრივ აღდგენილია და შეკეთებული. ძველ გალავანს შერჩენილი აქვს ქონგურები, სათვალთვალოები და ბაქანი (მეთოფეთა სადგომი). სიმაღლე 4 მეტრია, ნაგებია რიყის ქვით. მას ოთხივე კუთხეზე ჰქონია კოშკი, დარჩენილია მხოლოდ ერთი ჩრდილო – აღმოსავლეთის კუთხეში. იგი მრგვალია და სამსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლებში გამოყენებულია აგურიც. მესამე სართულს დატანებული აქვს სათოფურები. კოშკი ჩამონგრეულია.

გალავნის სამხრეთის მხარეზე მიშენებულია ქვიტკირის პატარა ეკლესია, ფორმით ერთნავიანი. იგი დაშლილია, დარჩენილია მხოლოდ მისი კედლები. კოშკის ჩრდილოეთის კედელზე მიშენებულია ციხე-დარბაზი, რომელიც სამი სართულისაგან შედგება. I და II სართულში გამართულია საცხოვრებელი ოთახები ბუხრებითა და სარკმლებით. მესამე სართული საომარი დანიშნულებისაა და მას ქონგურები და სათოფურები აქვს. ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით, კარები და სარკმლები კი – ქართული აგურით, ახლა ციხე-დარბაზი დანგრეულია, დარჩენილია მისი ჩრდილო – აღმოსავლეთის კედელი. ეს გალავანი მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო ეკლესიის მსახურთა და სოფლის მოსახლეობისათვის. გალავანი და სამრეკლო აშენებულია XVI საუკუნეში.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

 

ირემს და ნიამორს გაქრობა ემუქრება

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი” წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებას აპროტესტებს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილება რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს, პირველ რიგში – ირემსა და ნიამორს.

„ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში ნებადართული გახდა წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობა, მათ შორის იმ სახეობებზეც, რომლებიც გადაშენების კრიტიკული საფთხის წინაშე თავის დროზე სწორედ ნადირობის შედეგად აღმოჩნდნენ.

მას შემდეგ, რაც 2006 წელს საქართველოს „წითელი ნუსხა” შეიქმნა, სახელმწიფომ სამწუხაროდ ვერ მოახერხა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება: არ იქნა უზრუნველყოფილი უკანონო ნადირობის კონტროლი; არ ჩატარებულა წითელი ნუსხის სახეობების აღდგენის ქმედითი ღონისძიებები; ვერ ჩამოყალიბდა წითელი ნუსხის სახეობების მონიტორინგის სისტემა.

მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილებით იქნებოდა შესაძლებელი გადაშენების პირას მისული კონკრეტული სახეობების მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი წითელი ნუსხიდან ამოღება და ნადირობის დაშვება დადგენილი კვოტების შესაბამისად.

გარემოსდაცვით კანონდებლობაში გაუმჭვირვალედ მიღებული ასეთი ცვლილებები: რეალური გაქრობის წინაშე დააყენებს ისედაც მცირერიცხოვან სახეობებს (პირველ რიგში – ირემსა და ნიამორს); აზრს უკარგავს ქვეყანაში წითელი ნუსხის არსებობას, რამდენადაც მასში შეტანილ სახეობებს არავითარი განსაკუთრებული დაცვითი სტატუსი აღარ ექნებათ; ეწინააღმდეგება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, მხოლოდ მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს არც სანადირო ტურიზმის და არც ეკოტურიზმის განვითარებას საქართველოში.

ამ ეტაპზე წითელი ნუსხის მაღალი კატეგორიის საფრთხის წინაშე მყოფ და უკიდურესად მცირერიცხოვან სახეობებზე (ირემსა და ნიამორზე) ნადირობის კვოტების დადგენა სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია. ხოლო დანარჩენ სახეობებზე განსაზღვრული კვოტები, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო, მოკლებული იქნება ყოველგვარ მეცნიერულ დასაბუთებას. ამიტომ, ასეთ ვითარებაში სანადირო კვოტების შემუშავება საქართველოს ველური ბუნების განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ნათქვამია „ნაკრესის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი” ეხმაურება 2012 წლის 10 იანვარს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სანადირო სახეობების მოპოვების კვოტებს 2012 წლისთვის: „ნუტრია – 194 ცალი, კურდღელი – 615 ცალი, მაჩვი, – 168 ცალი, ტყის კვერნა – 157 ცალი, ქვის კვერნა – 157 ცალი, მგელი – 120 ცალი, ტურა – 1453 ცალი, მელა – 162 ცალი, ტყის კატა – 77 ცალი, გარეული ღორი – 189 ცალი, შველი – 417 ცალი, ენოტი – 96 ცალი, ხოხობი – 416 ცალი, კაკაბი – 713 ცალი, დურაჯი – 50 ცალი”.

„ნაკრესის” აზრით, ზემოხსენებული კვოტები მოკლებულია ყოველგვარ სამეცნიერო საფუძველს, რადგან საქართველოში არ ჩატარებულა ამ სახეობების აღრიცხვები და, შესაბამისად, უცნობია მათი რიცხოვნობა; „სრულიად გაუგებარია როგორ და რა მეთოდით იქნა გამოთვლილი უცნაური სიზუსტის რაოდენობები (მაგ. გარეული ღორი – 189 ცალი); რთულია რაიმე ლოგიკის დანახვა ამ რიცხვებში – მაგ. ტურაზე დადგენილია მოპოვების ძლიერ მაღალი კვოტა (1453), ენოტზე კი, რომელიც ჩვენი ფაუნის უცხო სახეობას წარმოადგენს – მხოლოდ 96. არასწორად დადგენილი კვოტა ველური ბუნებისთვის ისევე საზიანოა, როგორც – არალეგალური ნადირობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სანადირო კვოტები არ არის გადანაწილებული რეგიონების მიხედვით”, – აღნიშნულია სახეობათა კონსერვაციის ცენტრის განცხადებაში.

„მთავრობამ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება, ნადირობა დაუშვას წითელი ნუსხის, ანუ იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებზეც და თუ სანადირო კვოტები ამ შემთხვევაშიც ანალოგიური მიდგომით განისაზღვრება, შედეგი უკვე კატასტროფული იქნება – გარკვეულ სახეობებს სამუდამოდ დავკარგავთ”, – აღნიშნეს „ნაკრესში”.

http://www.ghn.ge

 

ურბნისი

ნათლისღებას, ისე ციოდა და თოვდა, რომ კარგა ხანს ვფიქრობდი ღირდა თუ არა სადმე წასვლა და მასალის გაკეთება. თუმცა რადგან ასე მქონდა დაგეგმილი, უეცრად მოსულ მუხლებამდე თოვლს არ შევუშინდი და გავემართე ურბნისის ტაძრისკენ. იმ ეკლესიის ნახვას, სადაც დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისი საეკლესიო კრება 1104 წელს მოიწვია (ფაქტობრივად, ამ კრების მოწვევით საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა), ბავშობიდან ვოცნებობდი.

This slideshow requires JavaScript.

სიმართლე გითხრათ, იქ მისვლამდე არც ის ვიცოდი, რომ სწორედ ამ ეკლესიის კედლებში დაუდგავს გვირგვინი საქართველოს ლეგენდარული მეფის დავით აღმაშენებლის მამას გიორგი მეორეს და თავად დავით აღმაშენებელი ამ მონასტერში მონათლულა.

ასეა თუ ისე, როგორც ზევით მოგახსენეთ არც სიცივეს და არც თოვლს არ შევუშინდი და რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ მივადექი ურბნისი სიონის ტაძარს. თუმცა ცენტრალური გზიდან სულ რაღაც ნახევარ კილომეტრშია, მაგრამ საკმაოდ არასახარბიელო მდომარეობაშია იქამდე მისასვლელი  გზა, რომელიც ჩვენ თუ არა ჩამოსულ სტუმრებს და ტურისტებს საკმაო დისკომფორტს შეუქმნის, რომ არაფერი ვთქვათ ტაძრის გარშემო არაკომფორტულ მდგომარეობაზე. როგორც ტურისტებისთვის, ასევე მომლოცველებისთვის, რომლებიც როგორც სჩანს არც თუ ისე ხშირი სტუმრები არიან ამ ტაძრის მხოლოდ ერთი ტაძრის შესასვლელთან სახელდახელოდ აშენებული ფეხსალაგია. აღარაფერს ვამბობთ მაღაზიებისა და ა.შ. არ არსებობაზე. თუმცა თავად ტაძარი, მნიშვნელოვანია და საინტერესო, როგორც ადგოლობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.

ნათლისღებას უამრავი ადგილობრივი თუ ჩამოსული მომლოცველი ირეოდა ტაძარში.

ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინიტურ ხანაში. არქეოლოგიური გათხრებისას ურბნისი ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინეს ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ.წ. III ათასწლეულიდან. საკმაოდ ძლიერი და დიდი დასახლების კვალი შეიმძნევა ძვ.წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე.

ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ურბნისი მნიშვნელობაზე მიუთითებს იქ საეპისკოპოსო დაარსება და მეხუთე-მეექვსე საუკუნეების მიჯნაზე დიდი ქრისტიანული ტაძრის აგება.

აქვეა აბანოც, რომელიც მდებარეობს ანტიკური ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება III საუკუნით. მის ნანგერევებს ფარავს მოგვიანო ხანის (მეექვსე-მეშვიდე ს.ს) მარანი. აბანო ძირითადად ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენებულია აგურიც. შედგება ანფილადურად განლაგებული სამი სათავსოსგან, პირველი სათავსო გასახდელ-მოსაცდელია ცივი აუზით, მეორე თბილი აბანო, მესამე კი ცხელი.

ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთან. ქართლში მოსული ნინო ურბნისში ერთ თვეს გაჩერებულა, მერე კი სალოცავად მიმავალ ურბნელებს გაჰყოლია მცხეთაშიIV საუკუნიდან, ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ურბნისის ცხოვრებაში ძირფესვიანი გარდატეხა მოხდა. წარმართული ტაძრის ადგილზე აშენდა ქრისტიანული ეკლესია,

ურბნისის სიონი – სამნავიანი ბაზილიკა სტილისტური ნიშნებით და აგრეთვე ჩრდილოეთ ფასადის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული შესწავლის საფუძველზე თარიღდება V-VI საუკუნეების მიჯნით. აღნიშნულ წარწერაში მოხსენიებულია ტაძრის ქტიტორები ვინმე კონსტანტი და მამა მიქელი.

წერილობითი ცნობებით, VIII საუკუნის 30-იან წწ. ურბნისი არბმა სარდალმა მურვან ყრუმ გაანადგურა. ეს ცნობა დადასტურდა არქეოლოგიური გათხრების დროს. არაბთა სისასტიკეზე მიუთითებს დანგრეული სახლები, გადაბუგული გალავან-კოშკები, დალეწილი ჭურჭელი და სხვა. ამ დროს ურბნისმა, როგორც ქალაქმა, შეწყვიტა არსებობა და შემდეგ იგი ქართლის რიგით სოფლად იქცა. ასევე მოაღწია ჩვენამდე.

ურბნისი ძველი ქართული კულტურის კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები ვლასი ურბნელი (XVI ს.), ევდემოენ რატიშვილი გნოლისთავის ძე (1623-1710 წწ.), ნიკოლოზ ხერხეულიძე (XVIII ს.) და სხვა. ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უმნიშვნელოვანესია ურბნისის სახარება (X ს. გადამწერი იოანელი ტატანელი). ურბნისის სიონი სამნავიანი ბაზილიკაა (32,1X22,4 მეტრი), მისი გეგმა, სივრცითი გადაწყვეტა და გარე მასები ბაზილიკისათვის დამახასიატებელ მკაფიო ნიშნებს ატარებს. ეკლესიის ინტერიერში და ფასადებში ნათლად იკითხება პირვანდელი (VI-VII სს. მიჯნა) და შემდგომი (IX ს-ის II ნახევრის და 1668 წლის) შეკეთება-აღდგენის სამშენებლო ფენები. ადრინდელი ფენები ამოყვანილია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. მომდევნო პერიოდში აღსადგენად სხვადასხვა ფორმის ქვებია გამოყენებული, წყობა ირეგულარულია. ტაძარში სამი შესასვლელია: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. 1706 წელს ურბნისის ტაძრის გალავანი და სამრეკლო აუშენებია ვახტანგ VI-ს, რის შესახებაც გვამცნობს ურბნისის სამრეკლოს მხედრული წარწერა, ამ დროს სამწყსოს გაანაგებდა მეფის ნათესვი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე ფალავანდიშვილი. ასევე ვახტანგმა ააგო გალავანი, პალატები, შეამკო ეკლესია, მოჭედა ხატები, უბოძა წიგნები. ვახუშტიც დასძენს, რომ ვახტანგმა ”შემუსვრილი აღაშენა და განაახლა” ურბნისის ტაძარი და ”მოზღუდა ქვითკირითა”. ვახტან VI-ს შემდეგ ურბნისის ეკლესიის გალავანი კვლავ ასაშენებელი გამხდარა: 1739 წელს აუშენებია გალავანი ურბნელ ეპისკოპოსს ნიკოლოზ ხერხეულიძეს.

ურბნისის სიონი დღეისათვის ურბნისისა და რუისის ეპარქიის უძველესი საკათედრო ტაძარია, რომელიც მრავალი წლის უმოქმედობის შემდეგ, ამავე ეპარქიის მმართველის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 1997 წელს, ხოლო 1999 წელს გაიხსნა ურბნისის საკათედრო ტაძართან აგებული წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, 2002 წელს კი ურბნისში გაიხსნა საეპისკოპოსო რეზიდენციაც.

 

”ეს ქალაქი არის 3500 წლის, პირველად აშენდა მცხეთა, მერე უფლისციხე, კასპი და ურბნისი. მერვე საუკუნემდე ქალაქი იყო. ეს ტაძარი ძალიან ძველი ტაძარია, წმინდა ნინო, რომ ჩამოვიდა საქართველოში, ყველაზე დიდხანს აქ გაჩერდა. ამბობენ რომ ეს ტაძარი ვახტან გორგასალმა ააშენა, ის საეპისკოპოსოებს აშენებდა ისეთ ადგილებში,  სადაც ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა. ამ ქალაქს სამი ათმეტრიანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული.

ჩვენი ტაძარი ადრე იყო ალბათ ღვთისმშობლის სახელობის, სიონი იყო. მერე რადგან თადეოზ სტეფანწმინდელი მოვიდა, იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, დაერქვა თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის ტაძარი. იოანე ზედაზნელის 12 მოწაფიდან 6 ქართლშია და 3 ჩვენს ეპარქიაში. ყველგან მონასტრებია აშენებული.” – გვიყვება ბერ-დიაკვანი გიორგი.

”საქართველოს ძლიერებას ხელმეორედ ჩაუყარა საფუძველი რუის-ურბნისის კრებამ. თავად ძეგლი. ყველა წარმართულ ტაძრებზე აგებდნენ ეკლესიებს, რომ ისინი დაეთრგუნათ. მეხუთე საუკუნეში ნამდვილადაა ვახტანგ მეექვსეს მიერ აგებული. როდესაც მეუფე იობი გადმობრძანდა რუის-ურბნისში, ეპარქიაში ოთხი ეკლესია იყო ხაშურიდან გორამდე და ერთი მონასტერი. ახლა კი 80-მდე მონასტერია და 150-ზე მეტი ეკლესიაა.  ტაძარში ადგილობრივების გარდა თბილისიდანაც ჩამოდიან, გორიდან… ბევრი უცხოელი ტურისტიც გვსტუმრობს. ამ ტაძარში ბევრი ებრაელია მონათლული, ბევრი გერმანელი…” – ამბობს ბერ-დიაკვანი გიორგი.

 

ჩვენი მამელუქი ფრინველები

ოლიკო ცისკარიშვილი

დასავლეთ საქართველოში ბაზიერობა, როგორც ეროვნული ტრადიცია, ასეულობით წლების წინათ დამკვიდრდა. ძველთაგანვე აქ ბევრი მტაცებელი ფრინველი ხვდებოდა, მიმინო, ქორი… ბაზიერი თავისი ფსიქოლოგიითა და მენტალიტეტით, ბუნების დამცველი იყო. საქართველოში თუმცა ხშირად კიცხავენ მონადირეებს, ისინი მაინც ბუნების დამცველებად გვევლინებოდნენ, მათი `მომხმარებლური~ დამოკიდებულების მიუხედავად… ალბათ, უფრო თანამედროვეობამ მოიტანა მენტალიტეტის შეცვლა.
მთაში მკაცრად იყო დაცული წესები: როცა სეზონის დრო არ იყო, სანადიროდ წასულს თემიდან მოკვეთა ემუქრებოდა. ხევში კი, თუ მონადირე 20-30-მდე ჯიხვს მოკლავდა, თოფს მარხავდა, რადგან მეტის მოკვლის უფლება არ ჰქონდა.
ადრე ბაზიერი მხოლოდ ერთ მიმინოს იჭერდა და წვრთნიდა. მის საჭმელად შინაური ცხოველის ხორცს იყენებდა. დღეს კი ერთი მიმინოს გაწვრთნისთვის 10-15 სხვა ფრინველს კლავს, რათა მისთვის საჭმელი ხორცი ჰქონდეს. თანამედროვე ბაზიერთა უმრავლესობა გაჭირვებულია და მიმინოს შენახვა ძვირი უჯდება. ლამის ყველაფერს კლავენ (მახინჯაურში, გონიოში, ციხისძირში და სხვა…), რაც კი დაფრინავს და მათ შორის ბევრი ისეთი ფრინველია, რომლებიც გადაშენების პირასაა.
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ბაზიერების ტრადიციული (რეგიონული და მერე ეროვნული) შეჯიბრება ეწყობა, რის შემდეგ მიმინოებს ათავისუფლებენ, როგორც წესი, მიგრაციის დამთავრების შემდეგ, როცა დიდი შანსია, რომ ისინი დაიღუპონ. ადრე კი გაწვრთნილ მიმინოს შემდეგი სეზონისთვის ინახავდნენ, რადგან მათ თვისებები დროთა განმავლობაში ეხვეწებათ. მიმინოს გაწვრთნის ადგილებში უამრავი ფრინველის დასაჭერი ქოხია.
ბაზიერს სარწვრთნელად, როგორც ვთქვით, მხოლოდ ერთი მიმინო სჭირდება, თუმცა ბევრს იჭერს. მერე ბავშვები ტრასებზე დგანან და 15-20 ლარად ყიდიან. უცხოელებისთვის ფასი მატულობს და 50 დოლარად `ასაღებენ~.
`ფრინველების დახოცვა, გარდა ეთიკურისა, სხვა პრობლემას ქმნის. შეიძლება რამდენიმე ათეული არწივიდან, რომელიც უკვე იშვიათი სახეობაა, ბევრი ბათუმის თავზე დაიხოცოს. ქართველების სირცხვილი იქნება, საერთაშორისო მნიშვნელობის ფრინველები ჩვენი დაუდევრობით რომ განადგურდეს,~

პრობლემები ძირითადად რაიონებშია
შავი ზღვის საქართველოს სანაპირო (ბათუმის მიდამოები) წარმოადგენს მტაცებელ ფრინველთა ევროპა-აფრიკის მიგრაციული სისტემის მნიშვნელოვან დერეფანს, ანუ როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ – ძაბრს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბათუმის ძაბრში ყოველ შემოდგომაზე გაიფრენს 100 ათასზე მეტი მტაცებელი ფრინველი. ამიტომ ამ ადგილის მნიშვნელობა სცილდება ეროვნულ ფარგლებს. უმეტესობა მტაცებელი და წყლის ფრინველებისა (კავკასიის მასშტაბით) მიფრინავს დასავლეთით და ზღვის ნაპირს ირჩევს, ბათუმის მიდამოებში ხდება მათი თავმოყრა. კავკასია ენდემური (იშვიათი) ფრინველებით გამოირჩევა: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და ა. შ. არიან ფრინველები, რომლებიც არ მიგრირებენ, თუმცა მათ რიცხვს არ განეკუთვნებიან არწივები, ფასკუნჯები (ეს ფრინველი მარტო ზღაპრებში არ გვხვდება.) და სხვა. ისინი საქართველოში ბუდობენ და მერე მიფრინავენ თბილ ქვეყნებში.
მთის არწივსა და ბექობის არწივს შორის ადამიანი ნაკლებ განსხვავებას ხედავს. ამ ორი სახეობიდან ერთი შეიძლება დარჩეს, მეორე გადაშენდეს. მთის არწივი მეტი საფრთხის წინაშეა, ის ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ადამიანის ზეგავლენა მეტია, საკვები ბაზა – შემცირებული. ფრინველთა სახეობების გადაშენების ძირითადი და ყველაზე მთავარი მიზეზი არის მათი ადგილსამყოფლის განადგურება ან შეზღუდვა. ხშირად საშიშროებას ქმნის საძოვრების გაჩანაგება, რაც, მაგალითად, როჭოს შემცირების მიზეზია. ცალკეა ურბანიზაცია, დაბინძურება და სხვა. ამ მიზეზთა შორის ბრაკონიერობა და ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. საქართველოს ჰყავს მტაცებელი ფრინველი გავაზი, რომელიც 20-30 ათასი დოლარი ღირს(?!). გავაზი, ვაჭრობის საგნად გადაქცევის გამო, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გადაშენდა. ისიც როგორც მიმინო, ისევე იწვრთნება, მაგრამ მიმინოზე ბევრად დიდი და ძლიერია. იშვიათ და ელიტარულ მტაცებელ ფრინველს იყენებენ დიდ ცხოველებზე, მაგალითად, შველზე სანადიროდ. მას ბაზარზე ძირითადად არაბი შეიხები ყიდულობენ.
ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით ფრინველებზე დაკვირვება გამარტივდა. ქართველი სპეციალისტები რამდენიმე წელია სატელიტური ჯიპებით დანიშნულ მძორიჭამიებს, ორბებსა და სვავებს თვალყურს ადევნებენ. ეს მეთოდი ხელს უწყობს უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას.
სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან ფრინველების სახეობების კვლევებსა და ჰიპატიტების პრობლემაზე (ადგილსამყოფელი, სადაც ეს სახეობები ცხოვრობს). საქართველოში 31 მნიშვნელოვანი ადგილია გამოვლენილი. მათ რიცხვში შედის აფხაზეთიც, თუმცა ამ ტერიტორიაზე კვლევები, ცხადია, ვერ წარმოებს. საქართველოში არსებული 19 ნაკრძალიდან კი ზოგჯერ მათთვის მინიჭებული პრიორიტეტული ადგილები არ ემთხვევა იმ ტერიტორიებს, სადაც ფრინველები ბუდობენ.

იმ ტურისტებისთვის, (ბორდვოჩერებისთვის) რომლებსაც სურთ ფრინველებზე დაკვირვება, მეტად საინტერესო იქნება ჩვენს უნიკალურ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგანც ბევრი წითელ წიგნშია შესული.