RSS

Daily Archives: 04/01/2012

ჩვენი მამელუქი ფრინველები

ოლიკო ცისკარიშვილი

დასავლეთ საქართველოში ბაზიერობა, როგორც ეროვნული ტრადიცია, ასეულობით წლების წინათ დამკვიდრდა. ძველთაგანვე აქ ბევრი მტაცებელი ფრინველი ხვდებოდა, მიმინო, ქორი… ბაზიერი თავისი ფსიქოლოგიითა და მენტალიტეტით, ბუნების დამცველი იყო. საქართველოში თუმცა ხშირად კიცხავენ მონადირეებს, ისინი მაინც ბუნების დამცველებად გვევლინებოდნენ, მათი `მომხმარებლური~ დამოკიდებულების მიუხედავად… ალბათ, უფრო თანამედროვეობამ მოიტანა მენტალიტეტის შეცვლა.
მთაში მკაცრად იყო დაცული წესები: როცა სეზონის დრო არ იყო, სანადიროდ წასულს თემიდან მოკვეთა ემუქრებოდა. ხევში კი, თუ მონადირე 20-30-მდე ჯიხვს მოკლავდა, თოფს მარხავდა, რადგან მეტის მოკვლის უფლება არ ჰქონდა.
ადრე ბაზიერი მხოლოდ ერთ მიმინოს იჭერდა და წვრთნიდა. მის საჭმელად შინაური ცხოველის ხორცს იყენებდა. დღეს კი ერთი მიმინოს გაწვრთნისთვის 10-15 სხვა ფრინველს კლავს, რათა მისთვის საჭმელი ხორცი ჰქონდეს. თანამედროვე ბაზიერთა უმრავლესობა გაჭირვებულია და მიმინოს შენახვა ძვირი უჯდება. ლამის ყველაფერს კლავენ (მახინჯაურში, გონიოში, ციხისძირში და სხვა…), რაც კი დაფრინავს და მათ შორის ბევრი ისეთი ფრინველია, რომლებიც გადაშენების პირასაა.
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ბაზიერების ტრადიციული (რეგიონული და მერე ეროვნული) შეჯიბრება ეწყობა, რის შემდეგ მიმინოებს ათავისუფლებენ, როგორც წესი, მიგრაციის დამთავრების შემდეგ, როცა დიდი შანსია, რომ ისინი დაიღუპონ. ადრე კი გაწვრთნილ მიმინოს შემდეგი სეზონისთვის ინახავდნენ, რადგან მათ თვისებები დროთა განმავლობაში ეხვეწებათ. მიმინოს გაწვრთნის ადგილებში უამრავი ფრინველის დასაჭერი ქოხია.
ბაზიერს სარწვრთნელად, როგორც ვთქვით, მხოლოდ ერთი მიმინო სჭირდება, თუმცა ბევრს იჭერს. მერე ბავშვები ტრასებზე დგანან და 15-20 ლარად ყიდიან. უცხოელებისთვის ფასი მატულობს და 50 დოლარად `ასაღებენ~.
`ფრინველების დახოცვა, გარდა ეთიკურისა, სხვა პრობლემას ქმნის. შეიძლება რამდენიმე ათეული არწივიდან, რომელიც უკვე იშვიათი სახეობაა, ბევრი ბათუმის თავზე დაიხოცოს. ქართველების სირცხვილი იქნება, საერთაშორისო მნიშვნელობის ფრინველები ჩვენი დაუდევრობით რომ განადგურდეს,~

პრობლემები ძირითადად რაიონებშია
შავი ზღვის საქართველოს სანაპირო (ბათუმის მიდამოები) წარმოადგენს მტაცებელ ფრინველთა ევროპა-აფრიკის მიგრაციული სისტემის მნიშვნელოვან დერეფანს, ანუ როგორც მას სპეციალისტები უწოდებენ – ძაბრს.
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ბათუმის ძაბრში ყოველ შემოდგომაზე გაიფრენს 100 ათასზე მეტი მტაცებელი ფრინველი. ამიტომ ამ ადგილის მნიშვნელობა სცილდება ეროვნულ ფარგლებს. უმეტესობა მტაცებელი და წყლის ფრინველებისა (კავკასიის მასშტაბით) მიფრინავს დასავლეთით და ზღვის ნაპირს ირჩევს, ბათუმის მიდამოებში ხდება მათი თავმოყრა. კავკასია ენდემური (იშვიათი) ფრინველებით გამოირჩევა: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი და ა. შ. არიან ფრინველები, რომლებიც არ მიგრირებენ, თუმცა მათ რიცხვს არ განეკუთვნებიან არწივები, ფასკუნჯები (ეს ფრინველი მარტო ზღაპრებში არ გვხვდება.) და სხვა. ისინი საქართველოში ბუდობენ და მერე მიფრინავენ თბილ ქვეყნებში.
მთის არწივსა და ბექობის არწივს შორის ადამიანი ნაკლებ განსხვავებას ხედავს. ამ ორი სახეობიდან ერთი შეიძლება დარჩეს, მეორე გადაშენდეს. მთის არწივი მეტი საფრთხის წინაშეა, ის ისეთ ადგილებში ცხოვრობს, სადაც ადამიანის ზეგავლენა მეტია, საკვები ბაზა – შემცირებული. ფრინველთა სახეობების გადაშენების ძირითადი და ყველაზე მთავარი მიზეზი არის მათი ადგილსამყოფლის განადგურება ან შეზღუდვა. ხშირად საშიშროებას ქმნის საძოვრების გაჩანაგება, რაც, მაგალითად, როჭოს შემცირების მიზეზია. ცალკეა ურბანიზაცია, დაბინძურება და სხვა. ამ მიზეზთა შორის ბრაკონიერობა და ვაჭრობა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. საქართველოს ჰყავს მტაცებელი ფრინველი გავაზი, რომელიც 20-30 ათასი დოლარი ღირს(?!). გავაზი, ვაჭრობის საგნად გადაქცევის გამო, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გადაშენდა. ისიც როგორც მიმინო, ისევე იწვრთნება, მაგრამ მიმინოზე ბევრად დიდი და ძლიერია. იშვიათ და ელიტარულ მტაცებელ ფრინველს იყენებენ დიდ ცხოველებზე, მაგალითად, შველზე სანადიროდ. მას ბაზარზე ძირითადად არაბი შეიხები ყიდულობენ.
ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით ფრინველებზე დაკვირვება გამარტივდა. ქართველი სპეციალისტები რამდენიმე წელია სატელიტური ჯიპებით დანიშნულ მძორიჭამიებს, ორბებსა და სვავებს თვალყურს ადევნებენ. ეს მეთოდი ხელს უწყობს უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას.
სპეციალისტები ორიენტირებულნი არიან ფრინველების სახეობების კვლევებსა და ჰიპატიტების პრობლემაზე (ადგილსამყოფელი, სადაც ეს სახეობები ცხოვრობს). საქართველოში 31 მნიშვნელოვანი ადგილია გამოვლენილი. მათ რიცხვში შედის აფხაზეთიც, თუმცა ამ ტერიტორიაზე კვლევები, ცხადია, ვერ წარმოებს. საქართველოში არსებული 19 ნაკრძალიდან კი ზოგჯერ მათთვის მინიჭებული პრიორიტეტული ადგილები არ ემთხვევა იმ ტერიტორიებს, სადაც ფრინველები ბუდობენ.

იმ ტურისტებისთვის, (ბორდვოჩერებისთვის) რომლებსაც სურთ ფრინველებზე დაკვირვება, მეტად საინტერესო იქნება ჩვენს უნიკალურ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგანც ბევრი წითელ წიგნშია შესული.