მარიამ სხირტლაძე

„ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული სერვისები, ფუნქციონალური მიდგომის პრინციპით ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხარდაჭერით დასაქმება და ამ გზით გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ხის საწარმოს შექმნა, სადაც შშმ პირები ინტელექტის განმავითარებელი სათამაშოების დამზადებას სწავლობენ,“ – გვეუბნება მაია ასაკაშვილი, ასოციაცია „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, ისინი წარმოადგენენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს. არსებობს მრავალი დღის ცენტრი და ორგანიზაციები, სადაც მათი რეალიზება ხდება და ეძლევათ საშუალება განვითარების. სწორედ, ასეთი ორგანიზაციაა „სხივი“, რომელსაც სახელი შეეცვალა, რადგან საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებლის და აქტიური შშმ წევრი, ირაკლი ქემოკლიძე გარდაიცვალა. საწარმოს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა – „სხივი“- ირაკლის ხის სახელოსნო.
„ასოციაციის მისიაა: შშმ პირთათვის თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების სფეროში, სოციალური მეწარმეობის განვითარება, შშმ პირთა დასაქმება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. პირველად საქართველოში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და შშმ ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენები ხის საწარმო – „სხივი“ გაიხსნა, რითიც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერითი სისტემის პილოტირება დაიწყო. ხის საწარმოს მიზანია შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა, რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტ-უნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობას და დასაქმებას განაპირობებს“, – ამბობს მაია ასაკაშვილი. პროექტის ფარგლებში ოცი შშმ პირი გადამზადდა, სამი შშმ პირის დასაქმების პრობლემა გადაიჭრა. ხის სოციალური საწარმოს ამოქმედება არის ორმხრივ სასაგებლო პროცესი, საწარმოში დაიწყო ადგილობრივ დონეზე ხის სათამაშოების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სოცილაური მიზნების მოგვარებას და მეტი შშმ პირის დასაქმებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლას შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე. ასოციაცია მუშაობს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებთან, ცდილობს, მოიზიდოს სახსრები სხვადასხვა სახელოსნოებისა და საწარმოების გასავითარებლად, რათა შშმ პირებს შეუქმნას ღირსეული თანაცხოვრების პირობები.
„საწარმოში დამზადებული სათამაშოს, სუვენირისა თუ სხვა ნივთის შეძენა მოგანიჭებთ არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ თქვენ გახდებით საქველმოქმედო საქმიანობის მონაწილე, რითიც ხელს შეუწყობთ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას. ჩვენი სლოგანია: „თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები ყველას!“ – ამბობს მაია ასაკაშვილი.
ხის საწარმო „სხივი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ დაფინანსებითა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით შეიქმნა. იგი „ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების საგენტოსა და ჩეხური ორგანიზაცია- „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად.
შშმ პირები დღის ცენტრებში ვითარდებიან, ისინი ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ, ქმნიან სხვასასხვა ნივთებს, ფსიქოლოგებიც ჩართულები არიან ამ პროცესში და სწორედ მათი დახმარებით უფრო გავდივართ შედეგზე. ყოველდღიურად იზრდებიან და წინ მიიწევენ ჩვენთან ახალგაზრდები“, – აღნიშნა მაია ასაკაშვილმა, ასოციაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ასოციაციის მისიაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და პირობების შექმნა, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზრდილთა საზოგადოებაში ინტეგრირება სწავლების ინკლუზიური მეთოდების გამოყენებითა და სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა პროფესიული განათლებისა და დასაქმების სფეროში. სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი ინკლუზიური ცენტრების შექმნა, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული სერვისების განვითარება, სოციალური მეწარმეობის განვითარება და შშმ პირთა დასაქმება. საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე.
მშობლების როლი შშმ პირებისთვის უმთავრესია, მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა აძლევთ ძალას გააგრძელონ ცხოვრება სირთულეებთან ერთად.
„ჩემი შვილი ავარიის შედეგად გახდა შშმ პირი, რის შემდეგაც ჩვენი ცხოვრება შეიცვალა ვცდილობდი სახლის პირობებში დავხმარებოდი, სხვადასხვა რიგ პრობლემებში, თუმცა შემდეგ გავიგე დღის ცენტრების შესახებ, სადაც შშმ პირებისთვის, მართლაც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეძლონ ინტრეგრირება საზოგადოებაში. თითოეული ფსიქოლოგი და ხელმძღვანელი ჩართულია მათი უკეთესი მომავლისთვის. ჩემ შვილსაც ვამჩნევ, რომ უფრო გახსნიალია და აღარ სრცხვენია ქუჩაში გასვლის. მათ აბედნიერებთ ერთმანეთი და თავიანთი ხელით შექმნილი ნაკეთობები“, – აღნიშნა შშმ პირის ერთ-ერთმა მშობელმა ა.ქ. რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია.
„ავარიამ ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა. არ მქონდა სურვილი ასეთ მდგომარეობაში გარეთ გასვლის, ჩავიკეტე საკუთარ თავში და უძლურად ჩავთვალე თავი, იმედი აღარ არსებობდა ჩემთვის, მაგრამ ოჯახის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი. მომცეს მოტივაცია, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყოველთვის ჩემთან იქნებოდნენ. ვიცოდი, რომ ეს გზა ურთულესი იქნებოდა თუმცა, მშობლების გვერდშიდგომამ დანებების უფლება არ მომცა. დავიწყე სიარული დღის ცენტრში, სადაც ბედნიერად ვგრძნობ თავს და სწორედ იქ დამიბრუნეს იმის ძალა, რომ ქუჩაში გასვლის შიში აღარ მაქვს“, – აღნიშნა შშმ პირმა ნ.გ.-მ.
ფსიქოლოგები საუბრობენ იმ სირთულეებზე რისი გადალახვაც უწევთ შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციისას.
„სირთულეები მაშინ დგება, როცა პირი, რომელსაც გააჩნია ფიზიკური ხარვეზი იწყებს ურთიერთობას ფიზიკურ და სოციალურ გარემოსთან და ვერ ექცევა განვითარების, ან რეალიზების თანაბარ პირობებში, ანუ პრობლემა არ არსებობს ადამიანში, ირ არსებობს ხედვაში, მიდგომაში, გარემოში… ყოველთვის ვერიდები შეზღუდული შესაძლბლობის განხილვის დროს სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს მივანიჭო მეტი, ან ნაკლები პრიორიტეტი, ყურადღება, დავყო რამე ნიშნით, საჭიროებებისა და ინდივიდუალური მახასიათებლების გარდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შშმ ბავშვის მშობლისგან გამიგია მსგავსი მიდგომები, რაც არის უკიდურესად არასწორი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულო საჭიროებები არსებობს. ძირითადი პრობლემები ყველა კატეგორიის და ასაკის შშმ პირებისთვის, მაინც საერთოა და ეს უპირველესად სამოქალაქო უფლებების და ინტერესების დაცვაა“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა რ.ი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100,113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის 1 მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118,651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125,104. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5,172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი – 10,052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი). დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4,571 პირი. შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%. 2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.
„ნებისმიერ ადამიანს განვითარებისათვის ესაჭიროება სოციუმი, სხვაგვარად შეუძლებელია. ფართო ჭრილში თუ შევხედავთ, მეტმა განათლებამ, დაგროვილმა გამოცდილებამ მოიტანა აქცენტი საზოგადოების ინკლუზიურობასა და ღიაობაზე. ადამიანის ბუნებრივი გარემო არ არის ერთსახოვანი, პიროვნებას სჭირდება მრავალფეროვანი გამოცდილება, რომ უკეთ შეიმცნოს საკუთარი თავიც და სამყაროც. რასაკვირველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ინდივიდებს თვითრეალიზებისა და ადაპტაციისათვის სჭირდებათ საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა მ.ზ.