RSS

ტყიბულელები სუფთა ჰაერის ოცნებაში

27 ივლ

tyibuili 007ოლიკო ცისკარიშვილი

ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.  ისინი ,,ჯი აი ჯი” ჯგუფისგან ითხოვენ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივების განცხადებით პრობლემა ორ წელზე მეტია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერავინ შეძლო.

“მთელი ქალაქი დანაგვიანებულია. ეს მტვერი ახრჩობს ხალხს, გულის ასთმები, ეს ხალხი რომ დაიხრჩობა არავის ადარდებთ,” – გვეუბნება მოხუცი ტყიბულელი და ტყიბილთესზე გვიყვება, როგორ იმუშავა მხოლოდ არჩევნებზე, მისი თქმით, მისი ამუშავება ამ პრობლემას მოაგვარებდა.

“ორი წელია ნარჩენები აქ იყრება, კარგი მასალები რჩება და გადის ვაგონებით და ცუდი აქ იყრება და ბინძურდება ჰაერიც, ხალხიც… ფანჯარა ვერ გაგვიღია, ისეთი საშინელი მდგომარეობაა. სიცხეში ისეთი მტვერი დგას, გარეთ გახედვა არ შეიძლება, მხედველობა ჭირს,” ამბობს ყაზბეგის ქუჩის მცხოვრები.

“არ ირეცხებოდა აქედან გამოსული მანქანები, ბინებში რომ შემოხვიდეთ საშინელი მდგომარეობაა, სახლებში ტალახებია. შეგვპირდნენ რომ გააკეთებდნენ რკინიგზას და გრესამდე მიიყვანდნენ, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა. თბოელექტროსადგურმა  მხოლოდ საარჩევნოდ იმუშავა და მერე დაკონსერვდა. დღეში, ალბათ 200 მანქანა გადის და ისეთი ბუღია ვერაფერს ვეღარ ვხედავთ. ისეთი ნახშირის სუნია სახლში ვერ გაჩერდები. ვინც ამ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, წნევებით გაბრუებული დავდივართ. მივმართეთ ადგილობრივ ტელევიზიას, იყვნენ მთავრობიდანაც ჩამოსულები, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა. მერე გვითხრეს ინვესტორს აქვს ნაყიდი ტერიტორია და რასაც უნდა იმას გააკეთებსო. ე.ი. ჩვენ აღარაფერი ვართ, ინვესტორის ინტერესებია მარტო. ისიც გვითხრეს, თუ არ მოგწონთ აქედან წაბრძანდითო, ან “შახტას” დავხურავთ და ხალხი უმუშევარი დარჩებაო,” – გვიყვება ნანა უკლება.

“ორი წელია ასეთ მდგომარეობაში ვართ. მივმართეთ დეპუტატს და გვითხრა თუკი აქ არ მოგწონთ შეგიძლიათ მიბრძანდეთო, აქ ყოფნა და ცხოვრება არ შეიძლება, ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი დაავადების გადამტანია, აჩენს ონკოლოგიურ დავადებებს, ყველა მეორე მაცხოვრებელს არტერიულო წნევები აქვთ, ძალიან ბევრს ალერგია აქვს, ბავშვები გარეთ ვერ გამოდიან,” – ამბობს  მზია გოგოლაძე.

“მზეში ვერ გამოვდივარ გარეთ, წვიმის წვეთები მომხვდება და ცოტა ხანში სიწითლეები გამომდის, ვიმკურნალე ალერგიაზე სამ თვიანი კურსი, მაგრამ შედეგი არ მაქვს, ონკოლოგიურმა დაავადებებმა იმატა ამ ქუჩაზე, სულ ახალგაზრდა ქალები, ყაზბეგის ქუჩაზე, 50-60 ადამიანია ავად,” –  ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

“აქ   გიგანტური შახტებიიყო, მაგრამ ჩვენ მათ არსებობას ვერც ვგრძნობდით, წლების განმავლობაში წყნარად ვცხოვრობდით, ხმაურიც კი არ გვაწუხებდა, კი არ გვიკვირს შახტების მუშაობა, არ შეიძლება ამ პირობებში ცხოვრება, მდინარეც ბინძურდება,” – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ვალერი კუხალაშვილმა ჯი-აი-ჯი ჯგუფის მენეჯერმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ  ტერიტორია, კერძო საკუთრებაა და რასაც უნდა იმას გააკეთებენ. ადგილობრივები კი იმედოვნებენ რომ თუნდაც გარემოს დაცვის სამინისტრო მიაქცევთ მათ ყურადღებას.

“მტვერზე თუ დაიწყებთ ლაპარაკს, შახტებიდან გამოვუშვებთ თქვენ მუშებსო, გვემუქრებიან, გამოვრეკავთ სახლშიო აქ მაცხოვრებლებსო, ახრჩობენ ხალხს,” – გვიყვება ისევ მოხუცი ტყიბულელი.

ჩემი ოჯახის კლინიკის ტყიბულის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი  იური ელიაშვილის თქმით, ქვანახშირი არ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ მისი მტვერი საზიანოა ფილტვებისთვის და ხშირად ფილტვების დაავადებების გამომწვევია. “მოსახლეობის უკმაყოფილება არსებობს, საშინელი მტვერია, გნებავთ არ გნებავთ ეს ფილტვებზე მოქმედებს, ნახშირი წნევებს არ იწვევს, ეკოლოგიური სიტუაცია კაია-თქო ამას არ ვამბობ, ეს ყველაფერი ქალაქგარეთ უნდა იყოს გატანილი, თუმცა მოკლე დროში კიბო და ალერგია გამოიწვიოს, ასეთი სტატისტიკა არ გვაქვს,” – ამბობს იური ელიაშვილი.

ასეა თუ ისეა მაღაროებიდან გამოტანილი ქვანახშირის მტვერი ქალაქს პრობლემებს უქმნის და იმედია, შესაბამისი ორგანოები ყურადღებას მიაქცევენ ამ პრობლემას.

tyibuli 010

 

დატოვე კომენტარი