2019 წელს მეგობარმა აპლიკაცია გამომიგზავნა: „ტრანსკავკასიური ბილიკი“ ეძებდა მოხალისეებს სვანეთში ნაკრას სალაშქრო ბილიკზე სამუშაოდ.
მაშინ ორგანიზაციის შესახებ არაფერი ვიცოდი. უბრალოდ, ვიფიქრე, წავალ, გავერთობი, ხალხს გავიცნობ, კარავს გავტესტავ-მეთქი. ადგილზე ჩასვლის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან კარგი მიზნის მქონე ორგანიზაცია და ადამიანები აღმოვაჩინე.
მინდა მათი დიდი საქმეების შესახებ მოკლედ მოგიყვეთ. თუ მოგზაურობით, ლაშქრობითა და ეკოტურიზმით ხართ დაინტერესებული, მაშინ ამ ორგანიზაციის გაცნობა კიდევ უფრო გაგიხარდებათ.
„ტრანსკავკასიური ბილიკი“ ამავე სახელწოდების მქონე არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს სამი ათას კილომეტრიანი სალაშქრო ბილიკის მოწყობას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით. იდეა პრობლემიდან გაჩნდა: ბრიტანელმა მოგზაურმა ტომ ალენმა სომხეთის მთებში ლაშქრობა გადაწყვიტა, მაგრამ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა დეტალური რუკებისა და მარშრუტების არარსებობის გამო. პრობლემის მოგვარების გზების ძიებისას ალენმა მშვიდობის კორპუსის მოხალისეების, პოლ სტივენსის და ჯეფ ჰააკის, იდეა აღმოაჩინა, რომელიც კავკასიის რეგიონში ტურისტული ბილიკების შესწავლა-მოწყობას გულისხმობდა.
„ტრანსკავკასიური ბილიკის“ რამდენიმე ასეული კილომეტრი უკვე არსებობს როგორც საქართველოში, ისე სომხეთში, თუმცა მათ გასაერთიანებლად ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა შესასრულებელი. სწორედ ამ ბილიკების და 20-ზე მეტი ეროვნული პარკის ერთმანეთთან დაკავშირებაა ორგანიზაციის საბოლოო მიზანი ორი სალაშქრო კორიდორით: სამხრეთის კორიდორი, რომელიც დაიწყება შავი ზღვიდან, გაუყვება მცირე კავკასიონს და ირანის საზღვართან, მდინარე არაქსთან, დასრულდება; ჩრდილოეთ კორიდორი კი კავკასიონის ქედს მიუყვება და შავ და კასპიის ზღვებს დააკავშირებს. ზემო სვანეთში, რომელიც ამჟამად ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ზონაა, უკვე დასრულებული და მარკირებულია ნაკრა-უშგულის სალაშქრო ბილიკის სექცია. აღსანიშნავია, რომ ბილიკი „National Geographic-ის“ მიერ დასახელდა პლანეტის მასშტაბით 2021 წელს მოსანახულებელ 24 საუკეთესო ადგილთა შორის.
ორგანიზაციას წელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში გეგმების შეცვლა მოუწია: ივლის-აგვისტოს თვეში ზესხოს ბილიკის მონაკვეთზე უცხოელ მოხალისეებთან ერთად ქართველი ახალგაზრდების ჯგუფს უნდა იმუშავა, თუმცა კოვიდპანდემიის გამო მოხალისეების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. გასუფთავდა 2018 წელს გაყვანილი სამკილომეტრიანი ბილიკი და დაემატა ახალი, ერთ კილომეტრამდე, მონაკვეთი.
ერთ დროს აქტიური ალპინისტური ბანაკი და ზესხო-ღების სალაშქრო ბილიკი ამჟამად მივიწყებული და გაუვალია. აღსანიშნავია, რომ ზესხო სასაზღვრო ზონაა და საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურის არსებობა სტრატეგიულადაც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.
ბილიკის დასრულების შემდეგ მოლაშქრეებს შეეძლებათ ზესხოს ალპინისტური ბანაკიდან დაიწყონ ტური, აუყვნენ ცხენისწყლის ხეობასდა ჩავიდნენ ღებში, სასვანო ტბებზე. ბილიკიდან პანორამული ხედები იშლება კავკასიონის ქედზე, სვანეთისა და რაჭის რეგიონებზე. ამჟამად აღნიშნული გზის გავლა ძალიან რთულია, სიმაღლე 1800-დან 3000 მეტრამდე მერყეობს, საბჭოთა პერიოდში შედგენილი რუკები ძველი და არაზუსტია, ფაქტობრივად, არ არსებობს სავალი ბილიკი, ქარაფის თავზე ადამიანის სიმაღლე მცენარეებში სიარული კი სახიფათოა.
ამჟამად ლაგოდეხის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე „ტრანსკავკასიური ბილიკი“ კავკასიის კონსერვაციის კორპუსის პროგრამის ფარგლებში სასწავლო პროექტს ახორციელებს, რომელიც აშშ-ის ეროვნული სატყეო სერვისის მიერაა დაფინანსებული. პროექტში ჩართული ქართველი ახალგაზრდები თეორიულთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ ბილიკის მშენებლობის სტანდარტებისა და პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ.
„ტრანსკავკასიური ბილიკის“ პროექტების კოორდინატორი გიორგი ჯმუხაძე ამბობს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ბილიკით ლაგოდეხის მონასტრის გავლით ერთმანეთს დაუკავშირდება მაწიმის სარეინჯერო კორპუსი და ლაგოდეხის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია.
მომავალი წლიდან ორგანიზაცია აპირებს, გააგრძელოს სასწავლო პროგრამა კავკასიის კონსერვაციის პროექტის ფარგლებში, რათა მეტ ახალგაზრდას მიეცეს ჩართვის შესაძლებლობა და განაახლოს დაზვერვითი ლაშქრობები ტრანსკავკასიური ბილიკისთვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. ასევე იგეგმება ზესხო-ღების ბილიკზე მუშაობის გაგრძელება საწყისი და საბოლოო ლოკაციებიდან, რაც ბილიკის მოწყობითი სამუშაოს დასრულების დროს შეამცირებს. მოლაშქრეებს კი უფრო მალე მისცემს საშუალებას, მოინახულონ და დატკბნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოსვანეთის ულამაზესი ხედებით.
თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, შეგიძლიათ ესტუმროთ ტრანსკავკასიური ბილიკის ვებ-გვერდს:
ფოტო და ტექსტი: ია იაკობაშვილი
„ტრანსკავკასიური ბილიკის“ სამუშაო ჯგუფის წევრი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი