მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 გლობალურ პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შექმნილ ვითარებასთან სწრაფი ადაპტაცია მოუწია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად გამოიყენება, იზოლაცია და კარანტინია. ახლა, როდესაც მსოფლიო საყოველთაო კარანტინმა მოიცვა, შიშმა და სიკვდილიანობის რისკმა იმატა, მსოფლიო პანიკამ მოიცვა და ადამიანებს იზოლირებულად ყოფნა უწევთ დღეების, კვირეების, თვეების განმავლობაში. ადამიანების უმრავლესობას ფსიქოლოგიურად უჭირს იზოლაციაში ყოფნა. მსოფლიოში ვირუსით გამოწვეულ სიტუაციას, ზოგი გლობალურ პანდემიას უწოდებს, ზოგიც კარმულ ვალდებულებას, ზოგიც, კი უბრალოდ, „ჭკუის სწავლას“ ერთმანეთისადმი უპატივცემულობით გამოწვეულ, ინტერნეტში ჩაფლული სამყაროსთვის.
„იზოლაცია ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან დიდი ხანია, რაც კარჩაკეტილ ცხოვრებას დავემშვიდობე. ვეგუები ასეთ ცხოვრებას და ვხვდები, რომ ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. მომეცა მეტი დრო იმისთვის, რომ წავიკითხო მხატვრული ლიტერატურა, მქონდეს ურთიერთობა ჩემი ოჯახის წევრებთან, ბევრ საკითხზე ვიფიქრო, პრიორიტეტები გადავალაგო და ცხოვრებისეული დეტალები გადავაფასო. მეტი გამოთავისუფლებული დრო დამეხმარა საკუთარი თავის ძიებაში, რადგან თვითშემეცნების მიზანი ზნეობრივი სრულყოფაა. შემაწუხებელია ერთფეროვნება, თუმცა მგონია, რომ ასე იყო საჭირო,“ – ამბობს 19 წლის სტუდენტი ავთო ზარნაძე.
„ახლა სამყარო სხვა, ახალ ეტაპზე გადადის და თითქოს ეს „გადატვირთვის“ პერიოდი ყველა ჩვენგანისთვის იქნება ჭკუის სასწავლებელი. სამყაროს ჰუმანურობა აკლია, ახლა სიკვდილის შიშთან პირისპირ დგომა და ფიქრი გვახვედრებს, რომ ადამიანებს არავინ გვყავს ერთმანეთზე უკეთესი, ერთმანეთზე მაგარი საყრდენი, რომელიც აქამდე თითქოს მივიწყებული გვქონდა და ყველა ჩვენს საქმეში ვიყავით ჩაფლული. ამიტომ იმედი მაქვს ამ „შესვენებიდან“ უფრო ჰუმანურები გამოვალთ და მეტ ადამიანურ რესურსს დავხარჯავთ საკუთარი თავის და სხვების პატივსაცემად, წავიკითხავთ უამრავ წიგნს, ვისაუბრებთ ოჯახის წევრებთან ბევრს, გავიცნობთ მათ უკეთ და ცოტა ხნით მოვწყდებით იმ რეალობას რომელსაც „გადარბენაზე“ ცხოვრება ერქვა,“ – გვითხრა 35 წლის მასწავლებელმა მადონა ბერიძემ.
მსოფლიოს სტატისტიკის მონაცემთა მიხედვით, 22 იანვრიდან დღემდე 2 223 240 ადამიანია დაინფიცირებული. ამათგან 567 279 ადამიანის ჯანმრთელობა ამჟამად სტაბილურია. ხოლო 152 328 ადამიანი კი გარდაიცვალა.
21 წლის სტუდენტი სოფი კეკელია გვიყვება: „თვითიზოლაციის პირველი დღეები ჩემთვის საკმაოდ ადვილი იყო, ძალიან მომწონდა სახლში ყოფნა და არაფრის კეთება. დიდი ხანი მეძინა და ვერც ვხვდებოდი დღეები როგორ გადიოდა. შემდეგ უსაქმურობაც მომბეზრდა, სახლში სუნთქვა მეკვრებოდა ვერ ვჩერდებოდი ერთ ადგილას, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ძვირფასი წუთები ჩემთვის სასიკეთოდ უნდა გამომეყენებინა. დავიწყე ვარჯიში, ხატვა, გამოვავლინე კულინარიული შესაძლებლობები. მთავარია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ სამყარო არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც ეპიდემიამდე იყო. თვითიზოლაცია არც ისე ცუდია, ეს არის ძალიან კარგი შანსი იპოვო საკუთარი თავი. რთულ სიტუაციებში მთავარია გამოვიჩინოთ სიმშვიდე და რა თქმა უნდა, დავრჩეთ სახლში.“
„აღნიშნული ვალდებულებებიდან, რაც კარანტინის დროს დაგვეკისრა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებიდან – ღირსების უფლებიდან მომდინარეობს. აქ მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას კი არა, ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობასაც ვუფრთხილდებით სახლიდან არგასვლით. თავის მხრივ, ღირსების უფლება კი სახელმწიფოს ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლა მდგომ ღირებულებას წარმოადგენს. ამ დროს ყველაზე მეტად საკუთარი თავის ხელში აყვანაა საჭირო, საკუთარ თავზე შემოძახება და სიმშვიდე, დავკავდეთ იოგით, ვიკითხოთ ბევრი და ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. რაც უფრო მეტად ვეცდებით სახლიდან არ გავიდეთ ამით დავიცავთ ირგვლივ მყოფებს და არამარტო მათ, არამედ ყველას ჯანმრთელობას,“ – ამბობს ფსიქოლოგი, ნათია ურუშაძე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით როდესაც მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა იმ დროისათვის იქ მყოფი სტუდენტი, 21 წლის ანა მშვილდაძე გვიყვება: „საქართველოს ტერიტორიაზე პირველად საკარანტინო ზონად ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები გამოცხადდა. როდესაც ამის შესახებ გავიგე ბოლნისში ვიყავი და შემეშინდა. ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე ის ფაქტი, რომ ჩაკეტილია, ვერ დატოვებს ქალაქს და ამას გარდა, ვერც ვერავინ ჩამოვა შენს სანახავად. ნამდვილად გამიჭირდა, თუმცა ადამიანი ნაწილობრივ ყველაფერს ეჩვევა. ვცდილობ ამ სტრესულ გარემოში მაქსიმალურად შევინარჩუნო სიმშვიდე. სახლიდან შორს არასდროს მივდივარ, მხოლოდ სუფთა ჰაერზე ვსეირნობ ჩემს შვილთან ერთად. დრო გამომიჩნდა საყვარელი ფილმების ყურების, კარგი წიგნების წაკითხვისა და ოჯახის წევრებთან დროის გატარების. თუმცა, რთულია, მაინც ძალიან რთულია რომ ახლობლებს ვერ ვნახულობ, გარშემო ყველა პირბადით მოძრაობს, სოციალური ქსელები და ტელევიზია ამ დროისთვის კარგს ვერაფერს გვატყობინებს და ეს ძალიან დამთრგუნველია,” – გვეუბნება ანა.
ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი გვაძლევს იმ რჩევებს როგორ მოვიქცეთ იზოლაციის დროს და როგორ გავუმკლავდეთ რუტინულ ყოველდღიურობას: „ზოგად პრობლემად აღვიქვათ ეს ყველაფერი და არა იძულებით გამოკეტვად სახლებში. იმისთვის, რომ დეპრესია არ ჩამოგვიყალიბდეს პრევენცია უნდა მივიღოთ. ამისთვის, პირველ რიგში, რეჟიმი უნდა შევინარჩუნოთ. მაგალითად, თუ მთელი კვირის განმავლობაში ვმუშაობთ და ამით ძალიან ვიღლებით აუცილებლად უნდა მივცეთ თავს უფლება შაბათ-კვირას დავისვენოთ. დასვენებისთვის აუცილებლად სხვა ოთახი ავირჩიოთ, დასაძინებლად სხვა ოთახი და ცოტა გავიმრავალფეროვნოთ ეს პერიოდი. მე, მაგალითად, ჩემეული კვების რეჟიმი მაქვს და ვცდილობ რეჟიმიდან არ ამოვვარდე, ვარჯიშიც დავიწყე, გავიხსენე ძველი დრო. კვების საათებში სამზარეულოში შევდივარ, დანარჩენ დროს გადავაადგილდები სხვადასხვა ოთახში. მაგალითად, როდესაც საქმიან წერილებზე მიხდება პასუხის გაცემა და ონლაინ სამსახურის დროა, მაშინ „მისაღებ“ ოთახში გავდივარ. სამუშაოს შემდეგ ვაძლევ თავს უფლებას სხვა ოთახში გადავიდე. აგრეთვე, მე და ჩემი მეგობარები ვიკრიბებით ონლაინ, ერთად ყოველ საღამოს „ონლაინ ჩატში“ ვსაუბრობთ, ფსიქოლოგების ჩატი გვაქვს გაკეთებული და ვაკეთებთ ჯგუფურ თერაპიას. ხანდახან, თავს იმითაც ვიხალისებ, რომ სუნამოს ვიპკურებ. სხვათაშორის, გაცილებით მეტი დრო მეხარჯება ონლაინ მუშაობით. ხალხს ვურჩევ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. ისინი, ვინც არ მუშაობენ ვურჩევ უყურონ ფილმებს, ვისაც ხატვა უყვარს ხატოს, ძერწონ, პოეზიის საღამო გამართონ, იკითხონ ლექსები, წიგნები. მოკლედ, გაიხსენონ ის მივიწყებული ჰობი, რაც ქონდათ და ვერ ანხორციელებდნენ მანამდე. ეს პანდემია მივიღოთ ისე, როგორც მოცემულობა და გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ, ჩვენი შესაძლებლობების განსავითარებლად და საკუთარი თავის შესაცნობად. დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს, ჩვენს თავს, რასაც ჩვენვე ვფლობთ და ვმართავთ. არ დავითრგუნოთ, არ ჩავახშოთ ჩვენში არსებული „მე“ და უფრო მეტი ემოცია „გამოვძერწოთ“ საკუთარი თავიდან. აქტიური ცხოვრება მიყვარს და როგორ მოვერევი საკუთარ თავს ისევ ჩემზეა დამოკიდებული, საკუთარ ემოციურ ინტელექტზე. ჩვენზეა დამოკიდებული იმიტომ, რომ ჩვენ ვმართავთ საკუთარ ემოციებს და იმას, თუ როგორ დავძლევთ ამ ემოციებს, როგორ გადახარშავთ ყოველგვარ პრობლემას და როგორ ჩავახშობთ ჩვენში შიშს. ანუ ყველაფერი, რა თქმა უნდა თქვენზეა დამოკიდებული. გისურვებთ ჯანმრთელობას“.
ასეთი სასარგებლო რჩევებით გემშვიდობებით და ისევ – დარჩით სახლში!