დღეს, 14 მარტს, მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობა 13:00 საათიდან „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყო, შემდგომ კი მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტის შესასვლელისკენ გადაინაცვლა. სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და სხვა კუთხეების წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ: „არა საქართველოს დატბორვას, არა ჰესომანიას“. ცივი ამინდის მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ბანერებითა და შეძახილებით აქციაზე შეკრებილები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ იმ კაშხლების მშენებლობას, რომლებმაც შეიძლება გარემოს, ადამიანებს, მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენოს.
ბელა მეტრეველი პროფესიით ექიმია. საპროტესტო აქციაზე მშობლიური კუთხის, რაჭის მხარდასაჭერად მოვიდა: „დღეს, აქ, ვარ ჩემი ხალხის გვერდით, ჩემი კუთხის გვერდით, ყველა ქართველი ადამიანის გვერდით, რომელსაც სტკივა საქართველო, მთა, რომელთაც არ უნდათ იმ უნიკალური ხეობის გადაშენება, რასაც სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმი ჰქვია. ყოვლად დაუშვებელია ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება ისეთ სეისმურად აქტიურ და მეწყრულ ზონაში, როგორიც არის რაჭა. ვის მოუვიდა აზრად გაექრო სოფლები, დაეტბორა ადგილები. ჩვენ პირიქით, ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს კუთხე, გავერთიანდეთ, დავეხმაროთ ადამიანებს. თუმცა, თურმე, ჩვენს ზურგს უკან ხელს აწერენ მემორანდუმებზე და ხალხს გადასახლებას უპირებენ. უნდა შეწყდეს ეს ბარბაროსობა ჩვენი მდინარეებისა, მთისა და კუთხის მიმართ,“ – აცხადებს აქციის მონაწილე ბელა მეტრეველი.
„უწერიდან ვარ და ვიცავ ჩემს კუთხეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთი გაშმაგებული მდინარე, როგორიც რიონია, მოამწყვდიო გვირაბში,“ – გვეუბნება 35 წლის ეწერელი, ნათია მეტრეველი, რომელიც პროფესიით ფილოლოგია და დღეს, ჰ=გიგანტური ჰესების წინააღმდეგ აქციაზე დგას. მისთვის მშობლიური კუთხე, რაჭა ძალიან ძვირფასია და როგორც თავად აღნიშნა, აქციაზე საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონის მხარდასაჭერად მოვიდა. ნათიამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის გამო დატრიალებული ტრაგედიაც გაიხსენა: „მდინარე ვერემ რა უქნა თბილისს, ყველას გვახსოვს და წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მოხდეს რიონი რომ გაგიჟდეს. მეორე საკითხია ისიც, რომ ამ პროექტებს ხარვეზებით წერენ. არავინ იმის გარანტიას არ გვაძლევს, რომ პროექტის განხორციელება უსაფრთხო იქნება. საფრთხის შემთხვევაში, კი ხალხს თავისი კუთხის დატოვება მოუწევს. ერთად დგომით იმედია შეისმენენ ჩვენს თხოვნას და არ დაცლიან რაჭას რაჭველებისგან“.
აქციის მონაწილემ 55 წლის მოხევემ, ზაზა წიკლაურმა ეკონომიკურ დაუსაბუთებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ სახელმწიფო მოსახლეობას არ აწვდის რიცხვებს, ღირს თუ არა თვალის დახუჭვა ჰესების მშენებლობაზე. და დარიალის ხეობაზე გვესაუბრა, მკითხველს ემახსოვრება დარიალის ხეობაში დატრუიალებული ტრაგედიცა, როცა რამდენიმე წლის წინ დევდორაკის მყინვარი ჩამოიშალა და ათობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა, მაშინაც გარემოსდამცველები დარიალის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა მავანმა თავისი გაიტანა.
„ჩემს ქვეყანას აქცევენ. თერგი მოკლეს. დარიალის ხეობაში თერგი აღარაა, მილებში მოაქციეს. იგივეს აკეთებენ რაჭაში, სვანეთში. აჭარა მოსპეს და გააანადგურეს. ამ ჰესებს არ აქვს ეკონომიკური დასაბუთება. არ არის ეკონომიკური ციფრები მოცემული, რომ შევაფასოთ, გვიღირს ჩვენ ამ ბუნების ნგრევა? რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს ეკონომიკურაად ეს პროექტები, უცილობლად გამოიწვევს საქართველოს სასაზღვრო რეგიონების დაცლას,“ – დარწმუნებულია ზაზა წიკლაური, ყოფილი ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობასთან ბრძოლაში გამარჯვებას, მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებითაა შესაძლებელი. მისი თქმით, მსგავსი პროექტები რუსული ფინანსური ჯგუფების მთავარი ინტერესია, – „თუ ნება იქნება მოსახლეობის, ჩვენი ჩანაფიქრიც ასრულდება. ამ პროექტების უკან რუსული ფინანსური ჯგუფები დგას, ესაა ერთი მთლიანი სისტემა და მიმართულია საქართველოს უსაფრთხოების განადგურებისკენ. უნდათ, რომ გაფცქვნან საქართველო“.
„სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ცდილობს დაძიროს ჩვენი კუთხე. გაანადგუროს და მოსპოს საქართველოს ის ღირებულებები, რომელიც არის სვანეთი, რაჭა და ასევე ლეჩხუმი. უშუალოდ რაჭას რაც შეეხება. ონის რაიონში იგეგმება 12 კილომეტრიანი გვირაბის გათხრა. რამდენიმე სოფლის კლდეები უნდა გაითხაროს, რის შემდეგაც დაიძირება და დაიტბორება სოფლები. ამასთანავე განადგურდება მინერალური და მჟავე წყლები, რომლებსაც შეეცვლება მიმართულება. ბევრი ალტერნატივაა თუნდაც ტურიზმის განვითარების. ონის რაიონი, შოვი, თუნდაც ჩემი სოფელი უწერა, რომლის ტურისტულად განვითარება უფრო მომგებიანი იქნება, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ქვეყნისთვის და სახელწმიფო ბიუჯეტისთვის. ალბათ, არ შევუშინდები ამის თქმას, რომ ჰესების მშენებლობა, სახელმწიფოს კერძო პირებს აძლევს ხელს. ჩემი რაჭის გულისთვის ვიტყვი, რომ ფინანსური დაინტერესებიაა და ნამდვილი რაჭველები სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლეთ ამ ულამაზესი მხარეს გადასარჩენა,“ – გვეუბნება 38 წლის თამაზ მეტრეველი, რომელიც პროფესიით სტომატოლოგია და აქციაზე რაჭას წარმოადგენს.
თბილისში, საპროტესტო აქციის პარალელურად, გამოსვლები ქუთაისსა და მესტიაშიც მიმდინარეობდა.
„დღევანდელი აქცია, ჩვენი, მესტიის მოსახლეობის, რაჭის, ლეჩხუმის ქვემო სვანეთის ხევსურეთისა და ყაზბეგის მოსახლეობის ინიციატივით გაიმართა. მხარდამჭერი აქციებია ქუთაისში, მდინარე რიონთან ჯაჭვის ხიდზე, სადაც მთელი ქუთაისის ინტელიგენცია, სასულიერო პირები მხარს უჭერს ჩვენს გამოსვლას. შეგვატყობინეს, რომ მესტიაში 150-დან 200 კაცამდეა თავმოყრილი და ყველა მათგანი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს,“ – განგვიცხადა მანანა საღლიანმა, დღევანდელი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მანანა საღლიანმა ასევე ისაუბრა სვანეთში დაწყებული ჰესების მშენებლობაზე და შესაძლო საფრთხეებზე – „მესტიის ანუ მდინარე ენგურის ხეობაში დაგეგმილია 50 გიგანტური ჰესის მშენებლობა. ამჟამად, დაწყებულია მდინარე ნენსკრაზე ნენსკრა ჰესის, მესტია ჭალაზე „მესტია ჭალაჰესის“ მშენებლობა, აგრეთვე ჰუდონჰესის მშენებლობა. ეს უნდა შეჩერდეს, რადგან მათი მშენებლობა ხელყოფს იმ ადამიანების ჯანმრთელობას, რომლებიც სვანეთში ცხოვრობენ, გაანადგურებს კულტურულ მემკვიდრეობას და სვანეთი აღარ გვექნება. უარს ვამბობთ გიგანტურ ჰესებზე“, – მისი თქმით, იგი ამ ბრძოლაში პირველივე დღიდან ჩაება და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, – „ეს მხოლოდ და მხოლოდ არის კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალი ხელისუფლების მიერ დაგეგმარებული პროექტები, რომ ვიღაცის ჯიბეები ამოივსოს. მთიან ზოლზე წავიდა დარტყმა. თუ მთა არ ექნება საქართველოს ბარი ექნება? ჩვენ ბრძოლის ველზე პირველი დღიდან იმ შეგრძნებით გამოვედით, რომ გავიმარჯვებთ და ამ ჰესების მშენებლობას არ დავუშვებთ. თუ დაგვჭირდა სიცოცხლის დატოვება, იმასაც კი დავტოვებთ,“ – აცხადებს ის.
საპროტესტო აქცია „არა საქართველოს დატბორვას, არა ჰესომანიას“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისთან დასრულდა. რეგიონებში ჩატარებული უშედეგო აქციების შემდეგ, დღეს, შეკრებილი მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ დედაქალაქში გამართული აქცია შეიძლება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს. აქციის მონაწილეები დათმობას არ აპირებენ.
მანანა საღლიანის თქმით, 21 აპრილს ჭუბერში დაგეგმილია ნენსკრა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია: „თუ მანამდე არ მოუსმენენ ხალხს, მაშინ მივიღებთ რადიკალურ ზომებს, ანუ ვკეტავთ სვანეთის ყველა მისასვლელ გზას, რომ ერთი გრამი სამშენებლო მასალაც ვერ შეიტანონ. თუ ერთობა არ იქნება გათითოკაცებულს დაგვიმონებენ და მიაღწევენ ყველა საწადელს. ამიტომაც ქუდზე კაცი ქართველო ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. დღეს არის მართლა დიდგორი,“ – განაცხადა საღლიანმა.
დღევანდელი საპროტესტო აქციას მხარი დაუჭირა გარემოს დაცვითმა ორგანიზაციებმა:
„მწვანე ალტერნატივა“, „მწვანე ზონა“, „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები“. აქციაში მონაწილეობა მიიღო „სვანეთის ახალგაზრდულმა მოძრაობამ“, რაჭის ადგილობრივმა ორგანიზაციამ, „ენერგოეფექტურობის ფონდი“, ლაშა ჩხარტიშვილი, „აუდიტორია 115“, ენერგოტიკოსი – ვახტანგ ზარქუა, „უფლებადამცველთა ასოციაცია“.
ფოტო: ნინი ღაჟონია