RSS

ბაღდათის სეპტარიები

17 Nov

 

dvala-qvebi2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი “განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების” წარმოშობის დასადგენად. 

შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ საქმე ეხება განსაკუთრებულ გეოლოგიურ მოვლენას, რომელსაც სეპტარიები ეწოდება. სეპტარიები არაორგანული წარმოშობის ერთგვარი კონკრეციებია. ისინი თიხიან-კარბონატული წარმონაქმნებია, რომელიც შიგნიდან დაყოფილია ცენტრისკენ გაფართოებული რადიალურად ორიენტირებული ბზარებით. ბზარები მინერალიზირებულია, კერძოდ კი კალციტის კრისტალებითაა ამოვსებული (ზოგან სიღრუეები გვხვდება). კონკრეციები დანალექი ქანებისათვის დამახასიათებელი წარმონაქმნებია, რომლებიც ფორმით, შედგენილობითა და სიმკვრივით მკვეთრად განსხვავდება ძირითადი შემცველი ქანისგან. სეპტარიები ძალიან ხშირად  განამარხებულ კუებსა და სხვა ქვეწარმავლებში ეშლებათ, ამიტომაც მათ “ცრუ ნამარხებს” უწოდებენ (Pseudo Fossils)

საქართველოში ოლიგოცენურ-ქვედა მიოცენურ (33-16 მლნ. წ.) ნალექებში ხშირია დიდი ზომის კონკრეციების პოვნის შემთხვევები (კასპის რაიონი, მანგლისის გზა, ლეჩხუმი, მარტყოფი და სხვ.), მაგრამ მხოლოდ ერთეულების. ბაღდათთან ახლოს ხანისწყლის ხეობაში კი ეროზიის შედეგად მდინარის ნაპირებზე გაშიშვლებულია დაახლოებით 104 ცალი სხვადასხვა ზომის სეპტარია ერთად (დიამეტრი 0,5 – 4 მეტრი), რომელიც ე. წ. მაიკოპური სერიის თხელშრეებრივ შოკოლადისფერ თიხებში გვხვდება და გადარეცხილი აქვს მდ. ხანისწყალს. ყველაფერი ეს იშვიათობას წარმოადგენს,  სანახაობრივი და მიმზიდველია. მსგავსი კონკრეციები ნაპოვნია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში (აშშ, კანადა, უელსი, ყაზახეთი,  სხვ.) და დაცულია სახელმწიფოს მიერ – ნაწილი გეოტურიზმის სიაშია ჩართული, ნაწილს კი ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

მდინარე ხანისწყლის სეპტარიები მნიშვნელოვან აღმოჩენას წარმოადგენს, საინტერესოა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მომუშავე სპეციალისტებისათვის და მიმზიდველი სანახაობაა ტურისტებისთვის. აუცილებელია ამ აღმოჩენის დაცვა, მართვა და მისი ბუნებრივი მდგომარეობის უცვლელად შენარჩუნება.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s