RSS

მაყვლის სახლის დიასახლისი – იზოლდა ქიტესაშვილი

11 ივლ

izoldaოლიკო ცისკარიშვილი

გუშინ, ჟურნალისტთა ასოციაცია „გენდერი, მედია, კავკასიის“ ხელმძღვანელის გალინა პეტრიაშვილის ორგანიზებულ ტურში, კახეთში ვიყავი და ერთი ანეგდოტად მოარული ამბავი გამახსენდა: კახეთში, უცხოელი მილიონერი ჩავიდა, შეიკრიბა ხალხი მის გარშემო და არის ერთი ამბავი. ერთი გლეხი კი უდარდელად წევს კაკლის ძირში და ყურადღებას არ აქცევს. მილიონერმა იკითხა ვინაა ეს კაციო, ეს ის კაცია ქვეყანაზე არაფერი არ ადარდებსო, უპასუხეს, ოღონდ ადგეს და მილიონს მივცემო.  გლეხს ეუბნებიან, ადექი ნახე ის კაცი, მილიონს გპირდება, მილიონი იცი რამდენია, არაფერზე აღარ იდარდებო… ეხლა რა ვდარდობო? – უპასუხა გლეხმა და გვერდი შეიცვალა.

mayvali 002ვერ ვიტყვი, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც საქმეს არ იწყებს ზარმაცია, თუმცა ალბათ შორიდან, ასეც სჩანს. ადამიანების უმრავლესობა, იმის გამო, რომ ვერ რისკავს საკუთარი საქმის ან ბიზნესის წამოწყებას, მხოლოდ იმას სჯერდება, რასაც სახელმწიფო აძლევს, დახმარების სახით. ამიტომაცაა ათასობით მოქალაქე, სოციალურად დაუცველის სტატუსს რომ ატარებს. ეს კი, ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ მათ არ აქვთ გაცნობიერებული, რას სთავაზობს სახელმწიფო პროგრამები, „აწარმოე საქართველოდან“ დაწყებული, „დანერგე მომავლით“ დამთავრებული.

გურჯაანში მცხოვრები 65 წლის იზოლდა ქიტესაშვილი, კი, არა მარტო თავადაა დასაქმებული, ხშირად სხვებსაც ასაქმებს. მან ორიგინალური ბიზნეს იდეა განახორციელა და მაყვლის პლანტაციები გააშენა და ამჟამად რამდენიმე ჰექტარზე, სეზონზე 25 ტონამდე მაყვალი მოჰყავს, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლო თვისებებისაა.

mayvali 001„თავიდან პროექტი დავწერე, 134 პროექტში ჩემმა გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში მივიღეთტრაქტორი, შესაწამლი და ა.შ. 31700 დოლარით დაგვაფინანსეს, მილენიუმის პროგრამით,“ – გვიყვება იზოლდა, რომელიც წლების წინ ნევროლოგად მუშაობდა, თუმცა მაინც საკუთარი ბიზნესის წარმოება არჩია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახის წევრები გვერდში ამოუდგნენ, – „მაყვალი ამერიკული ჯიშია, ჩესტერი, საკმაოდ კარგად შეეგუა ჩვენს პირობებს, უკვე დიდი ხანია ბაზარზეა. ატამს ვერ ვუკეთებს რეალიზებას ისე, როგორც მაყვალს, სხვათაშორის, მაყვლის ფასი, საზღვარგარეთ 20 დოლარია, დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის შემადგენლობას, აქ მსხვილი და გემრიელი მაყვალი მოდის“, – გვიმხელს იზოლდა. 2014 წელს გადაწვიტეს კოოპერატივის შემქნა, წევრებმა გადაწვიტეს გადამამუშავებელი ქარხნის გაკეთებაც და ჩაერთვნენ USAID-ის პროექტში, რომელმაც 47 ათასი დოლარის ტექნიკით დააფინანსა. შენობა კი მეუღლის, ალეკო ქიტესაშვილის აშენებულია.

მესამე ეტაპი მის საწარმოში – გაკეთდება შოკმაცივარი, რომელიც ძალიან მალე ყინავს პროდუქტს. გაყინული პროდუქტი გადავა შემნახველ მაცივარში. მაცივრები უკვე მუშაობს, საწარმოში ყველაფერი გათვლილია სურსათის უვნებლობის გათვალისწინებით. სველი წერტილები, გასახდელები და ა.შ.

თუმცა თუ პროდუქტი არ იქნება, ქარხანა ვერ იმუშავებს. იზოლდა, რომელიც „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ცდილობს, რომ სხვა გლეხებმაც დაიწყონ თავიანთი საქმე, მისი აზრით, ეს არა მარტო მათთვის, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა უმრავლესობა არც კი ესაუბრება.

„მყვალს წყალი უნდა, სარწყავი სისტემა, აუცილებლად წვეთოვანი სისტემით, „დანერგე მომავალი“ საკმაოდ სერიოზული და კარგი პროექტია, რომ ასეთი ბიზნესი დაიწყოს გლეხმა, მაგრამ, რატომღაც შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ… ყველას ეჭვი ეპარება, “ – წუხს იზოლდა და ფიქრობს, რომ კახეთში ვენახისა და ატამის გარდა, კენკროვანი ბიზნესიც შემოსავლიანია და მომავალში უფრო სარფიანი იქნება, ვიდრე ატმის ბიზნესი, რადგან მაყვალი აპრილში იწყებს ყვავილობას და ნაკლები შანსია რომ ყინვები დაემუქროს… თან ატმისგან (ოთხი წელი) განსხვავებით, მაყვალი მეორე წელსვე იძლევა ნაყოფს.

„ურჩევნიათ იწუწუნონ, ვიდრე ახალი რამ მოიფიქრონ, არადა ცხოვრების მიმართ სიხარული, შეგიძლია იპოვო ნებისმიერი საქმის კეთებისას,“ – ამბობს 66 წლის ელენე დანელიშვილი, რომელიც იზოლდა ქიტესაშვილის ოჯახს და ბიზნესს გვერდში უდგას. სწორედ, მისი დაპროექტებით აშენდა ხილის გადამამუშავებელი საწარმო, რკ „გილე“ რომელიც ბელა ხევის ახლოსაა.

„დამფინანსებლები ცდილობენ გვასწავლონ როგორ მივიღოთ მაქსიმალური მოგება ჩვენი საქმიანობით, ფერმერსა და გლეხს რომ ექნება შემოსავალი, მერე სახელმწიფოს აღარ მაიდგება დასახმარებლად. ის ხალხი ვინც ხელი მოკიდა და დაინახა პოტენციალი, ძალიან ცოტაა, თავიდან ჩემი შვილებიც სკეპტიკურად მიყირებდნენ,“ – ამბობს იზოლდა, ახლა კი მისი სამივე შვილი ოჯახებით ამ ბიზნესში არიან ჩართულნი და კარგადაც ართმევენ თავს. მაყვლის გარდა, მაყვლის ნერგებსაც ყიდიან, სამომავლოდ ფიქრობენ, რომ ჩურჩხელებიც გაიტანონ ბაზარზე ჩირთან ერთად. კიდევ ბევრი გეგმები აქვთ და დარწმუნებულნი არიან, რომ ერთად, შრომით, კიდევ ბევრს მიაღწევენ. არა მხოლოს თავად არიან დასაქმებულნი, მაყვლის კრეფის სეზონზე რამდენიმე ადამიანსაც ასაქმებენ და დღეში 20-25 ლარს უნაზღაურებენ.

„მომავალში, მაყვლის სახლში უნდა მივიღო ტურისტები,“ – გვიმხელს იზოლდა და სიცხისგან გათანგულებს უგემრიელესი მაყვლის წვენით გვაგემოვნებინებს ნაყინს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s