RSS

პირადი მოხმარებისთვის მოჭრილი ხე–ტყის გასხვისება 500 ლარით დაისჯება

05 Nov

tye 12015 წლის 1–ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც ცვლილებები იქნა შეტანილი „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში.

ცვლილების თანახმად, იკრძალება როგორც სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი, დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა, ფანერა (შპონი)) ნებისმიერი ფორმით გასხვისება, ასევე სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ხე-ტყის დამზადება. ამასთან, „მუნიციპალიტეტების ჯგუფები“ დაყოფილია რეგიონული პრინციპით და ყველა შემთხვევაში სრულად ემთხვევა სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების სამოქმედო ტერიტორიებს.

აღსანიშნავია, რომ ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დადგენილ იმ შემთხვევებში, როდესაც შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის ან ქ. თბილისის ადგილობრივი მოსახლეობისთვის II ხარისხის ხის დამზადების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფი გამოყოფილია ავტონომიური რესპუბლიკის, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ.

აღნიშნული მოთხოვნების დაუცველობა ჩაითვლება სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევად, რაც, ისევე როგორც მისი ნებისმიერი ფორმით გასხვისება, ისჯება ჯარიმით 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128.2 მუხლის მე-8 ნაწილი).

გარდა ამისა, სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარესთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე. ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის (ან მინდობილობის) წარმოდგენის შემდეგ.

ამასთანავე, ხე-ტყის (მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის) ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შესაძლებელია ასევე ჯარიმის გადახდის უზრუნველყოფის მიზნითაც. კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში (ანუ დაჯარიმების შესახებ დადგენილების ასლის ჩაბარებიდან 30 დღეში) ჯარიმის გადაუხდელობისას, დადგენილი წესით განხორციელდება ჩამორთმეული საგნისა და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია.

შეგახსენებთ, რომ სოციალური ჭრა ნიშნავს ხე-ტყის მოპოვებას არაკომერციული მიზნით, – მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა პირთა უზრუნველყოფის მიზნით.

http://forestry.cenn.org/index.php/news/piradi-mokhmarebisthvis-motchrili-khe-tqhis-gaskhviseba-500-larith-daisjeba.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s