RSS

სვანეთი – მესტია

29 იან

ushba 001ოლიკო ცისკარიშვილი

გამიმართლა, მესტიაში ტურისტულ კომპანია Onlygeorgia-სთან ერთად წავედი. თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან. მესტიის იქით თოვლის გამო გზა აღარ იყო, ამიტომ ვეღარ გადავედით უშგულისკენ.dalalaxvariსაოცარი სანახაობა მელოდა. ათსაათიანი მგზავრობის მიუხედავად, დაღლა საერთოდ დაგვავიწყდა, როცა ამაყად აზიდულ კოშკებს მივადექით. როგორც გავიგეთ კოშკები ყველა გვარს თავისი აქვს – მიგურიანების, ხერგიანების, ფალიანების, მჭედლიანების, რატიანების, ხოჯელანების, მარგიანების, ნაკანების, მუშკუდიანების, ჩართოლანების, გვარლიანებისა და ბარლიანების. მათ გარშემო კი ზვიადი მთები – უშბა, დალალახვარი, ბანგურიანი, თეთნულდი, ლაღამი, ლალაიდი…

mestia 001მესტიაში დილაუთენია ლანჩვანში, მარგიანების კოშკში ავდივართ, იქიდანვე ჩანს ფუსტი, სადაც ადგილობრივები სალოცავს ხბოს სწირავენ. ეს სალოცავია ბარაქის, სიმშვიდის, სიმრავლის, მშვიდობის… სალოცავში ქალის შესვლა დღემდე არ შეიძლება, იქ მხოლოდ კაცებს შეუძლიათ შესვლა. ცოტა მოშორებით, ზარგასში, ლაგარგილაა, სადაც მხოლოდ ქალები ლოცულობენ. ორიოდ კვირაში, 14 თებერვალს მესტიელები, 2870-ვე ოჯახი, ლამპრობას აღნიშნავენ – ეს დღესასწაული სულების, გარდაცვლილთა სულებისთვისაა. უკვე ყველა მესტიელს მზადა აქვს არყის ხისგან გამოთლილი ლამპრები, და შეშის ღუმელებთან უწყვიათ გამოსაშრობად, რომ 14 თებერვალს დაანთონ. შებინდებისას ჯერ ყველა მესტიელი ერთ დიდ ლამპარს აანთებს, მერე კი ყველა თავის მიცვალებულის საფლავთან ანთებს. მერე კი მთელი ღამე ზეიმობენ. ასევე დიდი ზარზეიმით ხვდებიან ივლისში ჯირითს, სადაც წმინდა გიორგის მოლჯგრაგი (მცველი) გვარები – ნიგურიანები, რატიანები, ფალიანები, მჭედლიანები – ერთმანეთს ეჯიბრებიან ლომის დროშის მოპოვებაში (დროშა, რომელიც ლომის ფაფარივით იშლება, როცა ცხენოსანს უჭირავს ჯირითის დროს.) ჯირითში ვინც გაიმარჯვებს ლომი მისია მთელი წლის განმავლობაში, ეს დღესასწაული ყველაზე პოპულარულია მესტიაში. გამარჯვებული ლომს წმინდა გიორგის ეკლესიაში შეიტანს და იქ დაარჭობს დღესასწაულის დასრულებამდე, მერე კი მთელი წელი მან უნდა დაიცვას დროშა. ადგილობრივების თქმით, წმინდა გიორგის მოლჯგრაგი ოთხი გვარი ყოფილა, თუმცა ერთი გადაშენებულა (სისხლის აღების ტრადიციის დროს), ერთ გვარს კი საერთოდ მიუტოვებია სვანეთი. ასე დარჩა წმინდა გიორგის მცველი მხოლოდ ოთხი გვარი.

mestia 002მესტიის თავზე, მთის იქით, ულამაზესი ტბები ყოფილა – ქორულდი, ჩახი. ჩახის ტბა საქართველოს რუკას ჰგავსო, მითხრეს მასპინძლებმა, იქ ბანაობა კი, არა ხელის დასველებაც არ შეიძლებაო, ადგილობრივები წმინდა ტბად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, ხატებით დატვირთული ტრანსპორტი ჩავარდნილა.

მესტიელებისთვის სვანეთის კავკასიონზე აზიდული ორთავიანი მწვერვალი უშბა ყველაზე საამაყოა (სამხრეთის მწვერვალი უმაღლესია 4700 მ, ჩრდილოეთით ათი მეტრით დაბალია). უშბის მწვერვალები განუმეორებელი სილამაზით და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს. ადგილობრივების მტკიცებით, უცხოელებზე ადრე ორი საუკუნის წინ, უშბა დალაშქრა გიო ნიგურიანმა ჯაბრანებით (სვანური ტყავის ფეხსაცმელი). “უშბის პირველი სტუმარი ის იყო, მერე ავიდნენ სხვები,” – ამტკიცებენ მესტიელები.

თუმცა, ისტორიული წყაროების თანახმად, ჩრდილოეთ პიკზე პირველად ავიდნენ ინგლისელები 1888 წელს, ხოლო სამხრეთ პიკზე პირველად ავიდნენ 1903 წელს, გერმანელი, შვეიცარელი და ავტრიელი ალპინისტები. მანამდე  უშბაზე 20-მდე წარუმატებელი ასვლა იყო განხორციელებული.  1943 წელს ალექსანდრე ჯაფარიძემ დალაშქრა უშბა.

mestia 003მესტია მჟავე წყლებითაცაა განთქმული. საუკუნეების განმავლობაში, ადგილობრივები თვითმკურნალობას იტარებენ და ამბობენ, რომ ეს წყლები განსაკუთრებით კარგია კუჭისთვის, დღესაც კი ეზიდებიან შინ და მიირთმევენ. მესტიის ჭალებში ბოჭკოლი მოედინება მდინარე მესტია ჭალასთან, მას უფრო ხშირი სტუმარი ჰყავს, თუმცა უფრო მოშორებით, ბეთქილიცაა უცნაურად ამოკვეთილ უზარმაზარ ქვაში მომდინარი, ამბობენ, რომ უფრო სასარგებლოცაა. ბეთქილთან დაკავშირებით ადგილობრივმა, 19 წლის მარიამ ნიგვრიანმა ლეგენდა მოგვიყვა – ვეფხვებზე მონადირე ბეთქილს, რომელიც კარგი მთამსვლელიც ყოფილა ნადირობის ქალღმერთი დალი შეჰყვარებია, დალისაც სიყვარულითვე უპასუხნია, თუმცა ბარად ჩამოსულ ბეთქილს სვანი ქალი შეჰყვარებია, ნადირობის ქალღმერთს ეს ამბავი რომ გაუგია, მასთან მისული ბეთქილი კლდიდან გადმოუგდია. მარიამთან ერთად, სვანების მიერ ბეთქილის ხსოვნისადმი უშველებელ ქვაში გამოკვეთილი წერაქვი და ვეფხვი, თოვლისგან გავწმინდეთ.

ალბათ სამკურნალო ტურიზმის განვითარების მესვეურებისთვის საინტერესო იქნება, ის ფაქტიც, რომ უშბის ძირას კიდევ ერთი მჟავე წყალი მოედინება, და მასაც ამ წყლებივით, სამკურნალოდ მიიჩნევენ სვანები.

mestia 004მესტიაში განვითარებულია მეცხოველეობა, ჩვენი დიასახლისის თქმით, თუკი ადამიანი ზარმაცია არაა, შიმშილით ნამდვილად არ მოკვდება, აქ მოჰყავთ კარტოფილი, უვლიან საქონელს, ბევრ ოჯახს 12-15 სული ძროხაც კი ჰყავს, სამი წლის წინ ჭირმა ღორი გაწყვიტა, თორემ ადრე ღორსაც უვლიდნენ, ღორისგან უცნაური საჭმლის გაკეთებაც გვასწავლა, – თურმე მესტიელები როცა ღორს კლავენ, სისხლს ინახავენ, აზავებენ სვანურ მარილში, ნიორში, ურევენ ბრინჯს, მასას ათავსებენ ღორისავე კარგად გარეცხილ ნაწლავებში, ხარშავენ, მერე კი კარგად წვავენ და მიირთმევენ, მათი თქმით, უგემრიელესი საჭმელი ყოფილა. მესტიელები სტუმარს ისე არ გაუშვებენ თაშმიჯაბი (კარტოფილის და ყველის ნაზავი) ერთხელ მაინც თუ არ გასინჯეს და კიდევ კუბდარი, განთქმული სვანური, უგემრიელესი კუბდარი.

ხოჩაამდუხართ (კარგად იყავითო) – გვემშვიდობებიან მასპინძლები და უკან მოვუყვებით ათ საათიან გზას თბილისისკენ, იმ იმედით, რომ ლამპრობას თუ არა, ზაფხულში უკან დავბრუნდები და ქორულდსა და ჩახს ვესტუმრები.

mestia 005 mestia 006 mestia 007 mestia 008 mestia 009 mestia 010 mestia 011 mestia 012 mestia 013 mestia 014 mestia 015 mestia 016 mestia 017 mestia 018 mestia 019 mestia 020 mestia 021 mestia 022 mestia 023 mestia 024 mestia 025 mestia 026 mestia 027 mestia 028 mestia 029 mestia 030 mestia 031 mestia 032 mestia 033 mestia 034 mestia 035 mestia 036 mestia 037 mestia 038 mestia 039 mestia 040 mestia mjave wylebi 001 mestia ushba 001 TeTnuldi 001 ushba 001 ushba 002 ushba 003 ushba 004

 
3 Comments

Posted by on 29/01/2013 დუიმი ეკოტურიზმი, ტურიზმი

 

3 responses to “სვანეთი – მესტია

  1. Hiker

    29/01/2013 at 23:24

    სვანეთში მეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს ინფორმაცია სიახლეს წარმოადგენდა ჩემთვის. დიდი მადლობა! საინტერესო იყო ჩემთვის ძალიან!

     
    • ekofact

      29/01/2013 at 23:42

      დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩვენს ბლოგს 🙂

       
  2. tamar

    30/01/2013 at 01:13

    ძაან მაგარია, საყვარელი და ინფორმაციული ტექსტია.
    გავთბი, რომ ვკითხულობდი და სვანეთი მომენატრა ძალიან. მინდა 14 თებერვალს წასვლა, მაგრამ…
    სურათებით აღმფრთოვანდი

     

დატოვე კომენტარი