RSS

Daily Archives: 27/11/2011

როგორ ვებრძოლოთ კოლიბაქტერიებს…

პროექტი „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ სტრატეგიული  კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2011 წლის აგვისტოდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. Bottom of Form პროექტის  ფარგლებში სექტემბრიდან  ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი –  2194242. მომხმარებელს შეუძლია დარეკოს  მითითებულ ნომერზე და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.

ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა საიტიც, სადაც მომხმარებელს შეუძლია ბევრ საინტერესო  ინფორმაცია რჩევა თუ გაფრთხილება მიიღოს. ამ ბოლო დროს www.momxmarebeli.ge -ზე  რამდენიმე მასალა განთავსდა, რომ ესა თუ ის პროდუქტი, კოლობაქტერიებს შეიცავდა. ბევრს დაებადა კითხვა რა არის ეს კოლიბაქტერიები.

კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა  მხოლოდ გარკვეულ პირობებში ხდება, კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი საკვებთან ან წყალთან ერთად ადამიანის ორგანიზმში ხვდება.

კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში დაბადებიდან პირველსავე დღეებში ჩნდება და მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება, მართალია, მათი რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში 1% არ აღემატება, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობს ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ. ისინი ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა საგნებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37ºC-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია: საკმარისია პროდუქტის (წყლის) 15 წუთით 60ºC-ზე გაცხელება.

სასურსათო პროდუქტები კოლიბაქტერიებით შეიძლება დაბინძურდეს: პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეეხო ცხოველის ფეკალურ მასებთან; ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად; სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან; შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი შეეხო სხვა, დაბინძურებულ სურსათს.

ნაწლავის ჩხირის არსებობა სასურსათო პროდუქტებში განიხილება, როგორც სურსათის წარმოებისა და რეალიზაციის ყველა რგოლის სანიტარული მდგომარეობის განმსაზღვრელი უნივერსალური მიკრობიოლოგიური მაჩვენებელი. ითვლება, რომ მათი არსებობა პროდუქტში მიუთითებს სანიტარულ-ჰიგიენურ დარღვევებზე პროდუქტის წარმოების, გადაზიდვის ან რეალიზაციისას. საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიები ე.წ. ინდიკატორებად არის მიჩნეული – მათი აღმოჩენა პროდუქტში აგრეთვე სხვა ფეკალური მიკრობების, ვირუსების, პარაზიტების არსებობის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

თუ ტემპერატურული პირობები ხელს უწყობს, საკვებ პროდუქტში მოხვედრისას   კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას პროდუქტის სუნი და გემო მკვეთრ უარესდება. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის.

კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიები, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით – გულისრევით, მუცლის ტკივილით, ტემპერატურის აწევით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.

როგორ შეიძლება კოლობაქტერიებთან ბრძოლა?

სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შეიძლება მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, ვიმეორებთ, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი ეჭვი გაქვთ, რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში) _ მოერიდეთ ასეთი პროდუქტის მოხმარებას.

 

 

მიტოვებული ”გორიჯვარი”

ოლიკო ცისკარიშვილი

 

სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები, რომ ძალიან დიდი აქვს საქართველოს, ამაზე უკვე ბევრი საუბრობს. საქართველოში მინერალური თუ გოგირდოვანი წყლების სასიკეთო თვისებებზეც ბევრს ლაპარაკობენ. იმაზეც აღარ დაობენ, რომ საქართველოში თუ განვითარდება სამკურნლო ტურიზმი, ამით მკვეთრად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა და სახელმწიფოს ბიუჯეტისთვისაც სარფიანი იქნება.

This slideshow requires JavaScript.

საქართველოში რომ ბევრი ისეთი ადგილია, სადაც სამკურნლო წყლები წლების განმავლობაში კურნავდნენ ადამიანებს, ახლა მივიწყებულ-მიტოვებულია.

მათ შორისაა, ოდესღაც განთქმული გორიჯვრის გოგირდის წყლებიც, რომელიც ადრე  რესპუბლიკური დანიშნულების ბალნეოლოგიურ კურორტს წარმოადგენდა. იქ სამკურნალოდ არა მატრო საქართველოს ყველა კუთხიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვენებიდან სტუმრობდნენ. ახლა კი, სეზონზე თითო-ოროლა ადგილობრივ მოსახლეს თუ მასპინძლობს.

გორიჯვარი ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის რაიონის სოფ. დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზეა. მის უკან ამაყად აღმართულ მთიდან გადმოჰყურებს გორიჯვრის მონასტერი. ჰავა რბილია და იქ ჩასული დამსვენებლისთვის სასიამოვნო.

ამ ადგილზე მკურნალობა დღესაც სეზონურია ივნისიდან სექტემბრამდე, რადგან სასიცოცხლო წყალი სხვა მინერალური წყლებისგან განსხვავდება, ისაა მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი და ბუნებრივად ცივი მოედინება. დღესაც იყენებენ აბაზანებისათვის. გორიჯვარში წლების განმავლობაში მკურნალობდნენ: 1. ქრონიკული ართრიტები: ინფექციური, რევმატიული, ტრავმული და ენდროკრინული წარმოშობის; 2. მსუბუქი წარმოშობის სპონდილოზები და სპონდილოართროზები; 3. მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში; 4. კარდიოსკლეროზები: მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში; 5. ჰიპერტონული დაავადებების I სტადია; 6. ანგიონერვოზები; 7. ტრომბოპლებიტები (მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ არა უადრეს სამი თვისა); 8. პერიფერული ნერვიული სისტემების დაავადებები (ნევრიტები, ნევრელგიები, რადიკულიტები და სხვ.); 9. ნერვიული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები; 10. საშვილოსნოს და მისი დანამატების ქრონიკული ანთებადი პროცესი.

კურორტზე, დღემდე, სააბაზანო მკურნალობა ამბულატორულია.

როდესაც გორიჯვრის სამკურნალო დაწესებულებას ვესტუმრეთ, შორიდანვე დავინახე ტალავრის მიღმა მოცისფრო გარედან შელახული შენობა, რომელიც დღეს აშკარად ვერ მიიღებს იმ სიამაყით პაციენტ-სტუმრებს, როგორც ადრე.

მისი დირექტორის დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტების მიღება შეუძლებელია, ისეთ გარემოში, სადაც ელემენტარული კომფორტი არაა – იმისთვის კი, რომ გორიჯვრის კურორტი კეთილმოეწყოს და პაციენტები სრული დატვირთვის მიიღოს, ბევრი თანხაა საჭირო.

კურორტი არაა გაზიფიცირებული, არაა გათბობა, შესაკეთებელ-გასაკეთებელია მისაღები და სამკურნალო ოთახებიც.

გასაკეთებელი არა მარტო სამკურნალო დარბაზები, დამსვენებელთათვის ეზოშიც უძველესი შელახული ქვის მაგიდები და სკამებია…

დავით მოციქულაშვილის თქმით, პაციენტთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ საკუთარი ხარჯებით არათუ კურორტის რეაბილიტაცია, ორგანიზაცია მიწის გადასახადსაც ვერ აუდის. თუმცა კურორტი ”გორიჯვრის” ადმინისტრაციამ მრავალჯერ მიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, კურორტ გორიჯვრის რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ მისის რეაბილიტაცია საკმაოდ სარფიან შემოსავლის გარანტიას იძლევა მომავალში, დღემდე არავის არაფერი გაუკეთებია, არც სახელმწიფოს და არც კერძო ინვესტორთათვის აღმოჩნდა საინტერესო ”გორიჯვრის” პერსპექტივები.

ასეა, თუ ისეა, როცა სახელწიფო სტრატეგიულს უწოდებს ტურიზმის განვითარების პერსპექტივებს, მხოლოდ ცალკეული ადგილების განვითარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ალბათ ყველაზე უპრიანი იქნებოდა, გლობალურად ხედავდეს ამ დარგში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრაც მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ეცადოს, რადგან მთლიანად არ დაიკარგოს და ლეგენდად არ იქცეს, ოდესღაც საქვეყნოდ ცნობილი ადგილები.