RSS

Monthly Archives: ოქტომბერი 2011

სამკურნალო ტურიზმის პერსპექტივები საქართველოში

ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიაა მსოფლიოში, რომლის განვითარებასაც ამა თუ იმ ქვეყანაში დიდწილად განაპირობებს შიდა სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო და ეკონომიკური განვითარების მისაღები დონე. ტურიზმის ინდუსტრიას შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისა და განვითარების გამყარებას განვითარებად ქვეყნებში, სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლების ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიკაციის, გარემოს დაცვისა და კულტურათა დაახლოების გზით.  ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად ასტიმულირებს სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და გონივრული კანონმდებლობის დანერგვა.

This slideshow requires JavaScript.

ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის საჭიროა საზოგადოების, მთავრობისა და უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორების კოორდინირებული მოქმედება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს თუ რას ეფუძნება მისი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით და გააუმჯობესოს მომსახურება. ტურიზმის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დიდ როლს ასრულებს სახელმწიფო შესაბამისი რეგულაციებითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით. უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება ინვესტიციებს, რომელიც წარმოადგენს მამოძრავებელ ძლას ტურიზმის განვითარებისთვის.

ტურიზმის ინდუსტრიის მასშტაბურობას ამტკიცებს ციფრებიც, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2008 წელს მსოფლიო საერთო შემოსავლებიდან ერთ ტრილიონამდე დოლარს, სწორედ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენდა, ხოლო საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 900 მილიონს აღემატებოდა. უკანასკნელ წლებში შეიმჩნევა ტურისტთა ზრდის ტენდენცია განვითარებად ქვეყნებში, რაც ხელს უწყობს ამ ქვეყნებში შემოსავლების აკუმულირებას და ცხოვრების დონის ზრდას.

ტურიზმის განვითარება უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის უპირატესობებს: – განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ ქვეყნებს, რომელთაც არ გააჩნიათ ნედლეული, თუმცა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობას აფუძნებენ თავიანთ კულტურაზე, ისტორიულ ძეგლებზე, ნაკრძალებსა და ბუნებრივ პირობებზე;

– ხელს უწყობს სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის განვითარებას,  კვების მრეწველობას, ახდენს შრომის ბაზრის დივერსიფიკაციას, ქმნის ტურისტულ მარშრუტებს და სამუშაო ადგილებს ისეთი პროფესიის ადამიანებისათვის, როგორებიც არიან: გიდები, თარჯიმნები, მზარეულები, მძღოლები, სასტუმროს მენეჯერები და მომსახურე პერსონალი და მომსახურების სფეროს სხვა წარმომადგენლები;

ტურიზმის ხელშემწყობი პოლიტიკა მოიცავს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც მოიცავს გზებს, ჯანდაცვის დაწესებულებებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, რაც ასევე ამცირებს უმუშევრობას და ზრდის შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ორიენტირება ტურიზმის განვითარებაზე მოითხოვს  ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც უზრუნველყოფს ისტორიული, რელიგიური და არქეოლოგიური ძეგლების დაცვასა და მოფრთხილებას, ადგილობრივი ფოლკლორის, ტრადიციების, ხელოვნებისა და სამზარეულოს დაცვასა და შენარჩუნებას;

ტურისტთა ნაკადის ზრდა საშუალებას აძლევს მოსახლეობას, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ნაწარმის ექსპორტზე გატანას, ადგილზე მოახდინოს მისი  პროდუქტის რეალიზაცია;

საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ყოველივე ზემოთ აღნიშნულის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით  უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. 2010 წელს საქართველოში სულ  2,032,586  უცხოელი მოგზაური იმყოფებოდა. ქვეყანა წლის ბოლოს რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონ ტურისტს ელოდება. თუმცა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს განვითარება სჭირდება. ამავე დროს, ეს დიდი შესაძლებლობაა ინვესტორებისათვის. 2010 წელს მკურნალობის მიზნით ქვეყანაში მაცხოვრებელთა 9 % –მა იმოგზაურა.
საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში მსოფლიო ში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია,“ აცხადებს The FINANCIAL – თან საუბარში ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი.

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრი. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქებს შორის, ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.

საქართველოში, დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ, მათ შორის როგორიცაა ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური და სხვა სნეულებები.

საქართველოში გაზიანი მინერალური წყლები ყველაზე გავრცელებულია. ასეთი წყლები საჭმლის მონელების სისტემის სხვადასხვა დარღვევების სამკურნალოდ  გამოიყენება.

ქვეყანაში კურორტების განვითარება 19-20 საუკუნეების მიჯნაზე იწყება. ამ პერიოდში დაიწყო ტურიზმის აღმშენებლობის პროცესი ბორჯომსა და აბასთუმანში, ხოლო მოგვიანებით მე 19 საუკუნის ბოლოს შავი ზღვის სანაპიროზე. საბჭოთა პერიოდში ქართული კურორტები აღიარებული იყო როგორც ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო დანიშნულების ადგილები.

ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს.
ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას.

ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია.  ტურისტები არ ჩამოვლენ სანამ ეს  პრობლემა არ მოგვარდება. ამ სექტორის განვითარებისათვის, მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია.

არადა, საქართველოს ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს.

 

ბაგრატის ტაძარი

ქუთაისში, ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში, ქუთაისში, “უქიმერიონის გორაზე“.

This slideshow requires JavaScript.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და 1003 წელს დასრულდა. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მისი კურთხევა ბაგრატ მეფეს განსაკუთრებული ზეიმით აღუნიშნავს.

XVII საუკუნის ბოლომდე ტაძარი უცვლელად იდგა. 1692 წელს იგი აფეთქებული იყო თურქების შემოსევის დროს.
ბაგრატის ტაძარს თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში.

1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

2009 წელს ტაძრის რესტავრაცია დაიწყო, რაც მასზე გუმბათის დადგმით უნდა დასრულდეს, პროექტის მიმდინარეობამ საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ჩარიცხა. მიზეზი 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო გახდა, რომელიც შენობის მთლიანობას არღვევს.

ბაგრატის ტაძრის ხილვით ბევრი ტურისტია დაინტერესებული. მის მნახველთა სიაში, არიან როგორც საქართველოს მოქალაქენი, ასევე საზღვარგარეთელი ტურისტები.
ბაგრატის ტაძარი, ერთ-ერთი იმ ძირძველ ტაძართაგანია, რომელიც საქართველოს სიამაყეა.
 

მუცო

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია.

This slideshow requires JavaScript.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოიწყო მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.

მუცოს დალაშქვრის შემდეგ, ერთ-ერთი დაიაური მეკითხება, – ზედა კოშკში გადახვედიო… ვიუარე, თავბრუდამეხვა-თქო. მართლაც ვერ გავრისკე საცალფეხო ბილიკზე გადასვლა, რომელიც ხრამების თავზე გადიოდა… ”იქ დიაცის გადასვლა არ შეიძლებოდა… ჩვენს ხატ-სალოცავებმა არ გაგიშვაო”, – კმაყოფილი სახით გამომხედა.

ხევსურეთში, თუ გინდა იქაურებს არ აწყენინო, პირველი, რაც იქ მისულმა უნდა გაკეთო, დაემორჩილო, მათ წეს-კანონებს, დიაცმა სადიაცო ბილიკებზე უნდა იაროს, ხატ-სალოცავებში დიაცი არ უნდა ავიდეს და ა.შ.

მუცოს დალაშქვრამდე იქვე ვიმუხლებით და პირდაპირ მდინარიდან ვსვავთ წყალს და ცოტას ვიმარაგებთ, რომ იქ ზევით, თვალუწვდენელ ცისკენ აღმართულ კოშკებშიც მოვიკლათ წყურვილი. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ადრე იმ კოშკებიდან აქ ჩამოდიოდნენო წყლის ასაღებად… ეს ამბავი მერე უფრო გვიკვირს, როცა ზევით ასულები სუნთქვას ვერ ვასწორებთ…

და საჭმელს? ნეტა საჭმელს როგორ აკეთებდნენ… პირველი კითხვა ეგ გაგვიჩნდა ყველას.

თუმცა, მუცოს მწვერვალზე ასულები, როდესაც მაყად გადმოვყურებთ ვალ-მინდვრებს, თვალუწვდენელ მთებსა და მდინარეებს, როცა ქარად ქცეული ნიავი აწეწილ სახეზე საამოდ გველამუნებოდა, ყველა ერთნაირად ვფიქრობდით, რომ მტერი მართლა ვერაფერს დაგვაკლებდა.

თუმცა ეს ჩვენ აგვიდუღდა სისხლი… ჩვენ გავსწორდით ისევ მხრებში და ისიც, ჩვენი სასახელო წინაპრების წყალობით…

აქ ჩამოსულ ტურისტს, რომლისთვისაც ჩვენი ბუნება მხოლოდ ეგზოტიკაა… არა მგონის სისხლი აუჩქროლდეს იმის გამო, რომ მდინარესთან ცალფეხზე დამდგარი ფეხსალაგია, რომელიც შეიძლება ადიდებულმა მდინარემ შეიძლება თან წაიყოლოს კიდეც. არადა, უპრიანი იქნებოდა, რომ ოდნავ მეტი ყურადღება დაეთმოთ ადგილობრივს, მეცენატ ადამიანებს მაინც, რომ მუცო ეკოტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდეს.

მუცოსა და შატილში ეკოტურების განვითარების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა, რადგან ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფის ზეგავლენის შედეგები, საღზვარგარეთ ეს კარგად ესმით. ამიტომ გვხვდებოდა გზაში უამრავი ტურისტი, რომლებიც ხევსურეთის უნიკალური და განუმეორებელი ბუნებითა და ნაგებობებით აღფრთოვენებულები ციცაბო გზებს არ უშინდებოდნენ. ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ტურისტების მოსაზიდად კი, უპრიანი იქნება ოდნავ მეტი ყურადღება მიექცეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

ტიბაანი

ტიბაანისოფელისიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსვლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზეა. სოფელი ტიბანი სიღნაღიდან 14 კილომეტრშია.

This slideshow requires JavaScript.

სოფლის ძველი სახელწოდებაა ხირსა. აქ მდებაროებს ღირსი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის საფლავი და მისი სახელობის მამათა მონასტერი. სოფ. ტიბაანი საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება.

ხირსის მონასტერში მისულებს ერთ-ერთი მორჩილი დაგვხვდა. ეკლესიას ასუფთავებდა, მან მოგვიყვა, რომVI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამასტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).

ხირსა წელს უკვე ტურისტულ მარშრუტშიც ჩასვეს.

სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადალფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ. როგორც მართლმადიდებლბის მოწინავე ბურჯი, ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ მის აღდგენა-აშენებაზე საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ, რის წყალობითაც ამ ჭაღარა ტაძარმა, რომელიც თოთხმეტი საუკუნე განანათლებდა გარშემო მართლმადიდებელ მოსახლეობას, ჩვენამდე მოაღწია.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

XIX ს-ის დასაწყისისთვის წმ. სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).

მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლ. იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება –  აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა.

მონასტრის საუკეთესო სამკაულს წამოადგენდა მისი უძველესი სიწმინდე – წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის წლებში წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.

მონასტერი XX ს-ის 90-იან წლებში განახლდა.

 

ჩვენ, მამათა მონასტერში, ვერ შევედით, რადგან არქიმანდრიტი ლაზარე გრძელიშვილი, რომელიც 2005 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია, მონასტერში არ იმყოფებოდა და მისი კურთხევის გარეშე კი, არ შეგვიშვეს.  ხირსის მონასტერს მოშორებით გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში 20-ან წლებში ბოლშევიკებს დაუნგრევიათ და მერე 80-იან წლებში ადგილობრივებს ისევ აღუდგენიათ, ადრინდელი სახით. სოფლის მოსახლეობამ ეკლესიაც მოხატა… პირდაპირ კი ყველაწმინდას ეკლესია გადმოყურებს სოფელს…

აქვეა სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ნაძვნარიც, აქ იმდენი ნაძვია დარგული, რამდენი ტიბაანელიც სამამულო ომში დაეცა, გვიყვებიან ადგილობრივი მცხოვრებლები….

 

ტიბაანიდან აღმოსავლეთით  ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები, ალაზნის ველი. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები.
კახეთი უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლო. ამ მხარეში ვენახებს საერთო ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების ტრადიცია ამ მხარეში ჩვ.წ-მდე მეოთხე ათასწლეულიდან იწყება. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 2000 სახეობიდან – 500 ქართულია, მათი უმრავლოსობა კი – კახური ჯიშისაა. ტიბაანი ერთ-ერთი მათგანია.

ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ადგილია. როგორც ეკოტურიზმის კუთხით, ასევე ღვინის ტურიზმითაც…

 

კისტანი

კისტანი სოფელია დუშეთის რაიონში (დუშეთიდან 100 კმ.) მდინარე არღუნის მარცხენა სანაპიროზე, დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილს შორის. ზღვის დონიდან სიმაღლე 2080 მ. მდინარე არღუნი, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 148 კმ-ია. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

This slideshow requires JavaScript.

ტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა იქ შემოჩენილ ფეოდალური ციხე-სიმაგრეების მახლობლად მათთვის დასასვენებელი ადგილიც კი არაა.

თუმცა ამ ადგილს ტურიზმის განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია და ამაში თავადაც დავრწმუნდით, როცა ფეხით მოვიარეთ კისტანი – ციხე-სოფლის ხუროთმოძღვრული ძეგლები: აბულეთაურთ ციხის (შედგება კოშკისა და ციხე-სახლისაგან), ავთანდილაანთ ციხე (გნეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ნაგებია კლდის ქვით, შემორჩენილია გალავნის ნანგრევები), კოშკის (მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), ნახარელა ღვთისმშობლის ჯვრის (ხატის კომპლექსში შედის: დარბაზი, საქვაბე, საზარე, საჯარე), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში ნასოფლარ ლებაიასკარის ტერიტორიაზე, ”თავისუფალი ჯვრის ტიპის”, თითქმის მთლიანად დანგრეულია), ცხრაძმათ კოშკის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული), ჭინჭარაულების ციხე-სახლის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს) აღწერილობა.

სწორედ, ამ ციხე-კოშკების სანახავად დავიძარით. გზიდან საათნახევრის შემდეგ ავაღწიეთ თითქმის დანგრეულ კოშკებამდე. ენერგია მოზვავებულები გაჩერებას არც ერთი ვაპირებდით და კოშკიდან კოშკში გადავდიოდით…

 


 

შატილი

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

This slideshow requires JavaScript.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი დაგუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით უკავშირდებიან. საუკუნეების განმავლობაში, ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას ცდილობდნენ. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება დაიწყო. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.

ატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა განვალობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

პირიქითა ხევსურეთი ის ადგილია, რომელიც მთელი 8 თვე გარესმყაროს მოწყვეტილია…… ხეობაში არის ერთადერთი სკოლა-ინტერნატი, რომელშიც ათამდე ბავშვი სწავლობს, თუმცა მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლების სიმწირეც თვალში საცემია. ხევსურეთში ჩვენი ვიზიტისას, ის ერთადერთი წყარო, ინტერნეტი, რომლითაც ხევსურები გარესამყაროს უკავშირდებიან, სამწუხაროდ, გაითიშა. ის ხევსურები, რომლებიც მშობლიურ მხარეს არ დატოვებენ, და ზამთარს ხევსურეთში იზამთრებენ კეთილი ადამიანების იმედად არიან…

გზაზე რამდენიმე ადგილას არაგვს მიწა აქვს გამოთხრილი და მეწყერი ვითარდება. მეწყერია ზედ მუცოს შესასვლელშიც. გზა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიკეტოს და სოფელი გარესამყაროს მოწყდეს.

ჩვენი ჯგუფი, ხევსურეთში მაშინ ავიდა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრებული იყო, თუმცა აქა-იქ გზაში უცხოელი ტურისტები გვხვდებოდნენ, ზოგი ველოსიპედებით, ზოგიც კი ფეხით მიუყვებოდნენ ციცაბო გზებს.

ადგილობრივების გული რომ მოიგო, ის რამდენიმე დღე, რომელსაც ხევსურეთში გაატარებთ, მათ ადათწესებს უნდა დაემორჩილო. ამიტომ ვცდილობდით, ქალებს მხოლოდ ”სადიაცო ბილიკებზე” გვევლო.

ხევსურეთის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან წარმოუდგენელი რისკის ქვეშ სავალია… აქ ასფალტი არასდროს ყოფილა., თუმცა კი ტურისტების მოსაზიდად ალბათ უკეთესიც იქნებოდა, გზის დაგება. აქ ეკოტურისზმის გასავითარებლად შესანიშნავი პირობებია, თავად შატილში რამდენიმე კერძო სასტუმროა, შატილის ციხეკოშკში კი ერთადერთი სასტუმრო მშვენივრად უმასპინძლდება სტუმრებს… თუმცა მის გვერდით ამაყად აღმართული სხვა კოშკები უპატრონობით იშლება და ინგრევა, სახელმწიფო თუ არა ვინმე გონიერი მეცენატი რომ გამოუჩნდებოდეს მათ, სახელმწიფოსაც დიდ სამსახურს გაუწევდა და ხევსურეთიც უფრო ბევრ ტურისტს მიიზიდავდა, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელს. ხევსურეთი კი დღითიდღე ცარიელდება. ბევრ სოფელში მხოლოდ თითო ოჯახიღაა დარჩენილი.

 

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ნალექი და ქარია მოსალოდნელი

საქართველოში ისევ აცივდება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექი და ქარია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ვარაუდით, იწვიმებს საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურის ვარდნა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.

ნალექს ვარაუდობენ თბილისშიც. როგორც ამინდის ბიუროში აცხადებენ, არამდგრადი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 www.epn.ge
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/10/2011 დუიმი კატეგორიის გარეშე