RSS

Daily Archives: 26/10/2011

მუცო

მუცო, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტისწყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში,ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია.

This slideshow requires JavaScript.

სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განლაგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობისთავზე, ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკია და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევია შემორჩენილი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად, საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. 2004 წლიდან საქართველოს მთავრობის ინიციატივით წამოიწყო მუცოს რეაბილიტაციის პროექტი.

ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ და თავს წმინდა დროშათა არმიის მუდმივ წევრებად თვლიდნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ ენით აუწერელ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.

მუცოს დალაშქვრის შემდეგ, ერთ-ერთი დაიაური მეკითხება, – ზედა კოშკში გადახვედიო… ვიუარე, თავბრუდამეხვა-თქო. მართლაც ვერ გავრისკე საცალფეხო ბილიკზე გადასვლა, რომელიც ხრამების თავზე გადიოდა… ”იქ დიაცის გადასვლა არ შეიძლებოდა… ჩვენს ხატ-სალოცავებმა არ გაგიშვაო”, – კმაყოფილი სახით გამომხედა.

ხევსურეთში, თუ გინდა იქაურებს არ აწყენინო, პირველი, რაც იქ მისულმა უნდა გაკეთო, დაემორჩილო, მათ წეს-კანონებს, დიაცმა სადიაცო ბილიკებზე უნდა იაროს, ხატ-სალოცავებში დიაცი არ უნდა ავიდეს და ა.შ.

მუცოს დალაშქვრამდე იქვე ვიმუხლებით და პირდაპირ მდინარიდან ვსვავთ წყალს და ცოტას ვიმარაგებთ, რომ იქ ზევით, თვალუწვდენელ ცისკენ აღმართულ კოშკებშიც მოვიკლათ წყურვილი. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ადრე იმ კოშკებიდან აქ ჩამოდიოდნენო წყლის ასაღებად… ეს ამბავი მერე უფრო გვიკვირს, როცა ზევით ასულები სუნთქვას ვერ ვასწორებთ…

და საჭმელს? ნეტა საჭმელს როგორ აკეთებდნენ… პირველი კითხვა ეგ გაგვიჩნდა ყველას.

თუმცა, მუცოს მწვერვალზე ასულები, როდესაც მაყად გადმოვყურებთ ვალ-მინდვრებს, თვალუწვდენელ მთებსა და მდინარეებს, როცა ქარად ქცეული ნიავი აწეწილ სახეზე საამოდ გველამუნებოდა, ყველა ერთნაირად ვფიქრობდით, რომ მტერი მართლა ვერაფერს დაგვაკლებდა.

თუმცა ეს ჩვენ აგვიდუღდა სისხლი… ჩვენ გავსწორდით ისევ მხრებში და ისიც, ჩვენი სასახელო წინაპრების წყალობით…

აქ ჩამოსულ ტურისტს, რომლისთვისაც ჩვენი ბუნება მხოლოდ ეგზოტიკაა… არა მგონის სისხლი აუჩქროლდეს იმის გამო, რომ მდინარესთან ცალფეხზე დამდგარი ფეხსალაგია, რომელიც შეიძლება ადიდებულმა მდინარემ შეიძლება თან წაიყოლოს კიდეც. არადა, უპრიანი იქნებოდა, რომ ოდნავ მეტი ყურადღება დაეთმოთ ადგილობრივს, მეცენატ ადამიანებს მაინც, რომ მუცო ეკოტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი და კომფორტული გახდეს.

მუცოსა და შატილში ეკოტურების განვითარების მიზანია ველურ ბუნებასთან ურთიერთობა, რადგან ეკოტურიზმს მინიმუმამდე დაჰყავს გარემოზე ეკოლოგიური და კულტურულ-სოციალური ხასიათის უარყოფის ზეგავლენის შედეგები, საღზვარგარეთ ეს კარგად ესმით. ამიტომ გვხვდებოდა გზაში უამრავი ტურისტი, რომლებიც ხევსურეთის უნიკალური და განუმეორებელი ბუნებითა და ნაგებობებით აღფრთოვენებულები ციცაბო გზებს არ უშინდებოდნენ. ეკოტურიზმის განვითარება ხელს უწყობს რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური შემოსავლების ზრდას. ტურისტების მოსაზიდად კი, უპრიანი იქნება ოდნავ მეტი ყურადღება მიექცეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.