RSS

Daily Archives: 24/10/2011

შატილი

ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.

This slideshow requires JavaScript.

ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი დაგუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.

სახელწოდება „ხევსურეთი“მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო აქვს შერქმეული. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით უკავშირდებიან. საუკუნეების განმავლობაში, ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას ცდილობდნენ. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან იცავდა. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება დაიწყო. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკარის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, აკლდამები და სხვა.

ატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა განვალობაში დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).

სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები – გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.

პირიქითა ხევსურეთი ის ადგილია, რომელიც მთელი 8 თვე გარესმყაროს მოწყვეტილია…… ხეობაში არის ერთადერთი სკოლა-ინტერნატი, რომელშიც ათამდე ბავშვი სწავლობს, თუმცა მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლების სიმწირეც თვალში საცემია. ხევსურეთში ჩვენი ვიზიტისას, ის ერთადერთი წყარო, ინტერნეტი, რომლითაც ხევსურები გარესამყაროს უკავშირდებიან, სამწუხაროდ, გაითიშა. ის ხევსურები, რომლებიც მშობლიურ მხარეს არ დატოვებენ, და ზამთარს ხევსურეთში იზამთრებენ კეთილი ადამიანების იმედად არიან…

გზაზე რამდენიმე ადგილას არაგვს მიწა აქვს გამოთხრილი და მეწყერი ვითარდება. მეწყერია ზედ მუცოს შესასვლელშიც. გზა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიკეტოს და სოფელი გარესამყაროს მოწყდეს.

ჩვენი ჯგუფი, ხევსურეთში მაშინ ავიდა, როცა ტურისტული სეზონი დამთავრებული იყო, თუმცა აქა-იქ გზაში უცხოელი ტურისტები გვხვდებოდნენ, ზოგი ველოსიპედებით, ზოგიც კი ფეხით მიუყვებოდნენ ციცაბო გზებს.

ადგილობრივების გული რომ მოიგო, ის რამდენიმე დღე, რომელსაც ხევსურეთში გაატარებთ, მათ ადათწესებს უნდა დაემორჩილო. ამიტომ ვცდილობდით, ქალებს მხოლოდ ”სადიაცო ბილიკებზე” გვევლო.

ხევსურეთის ყველაზე დიდი პრობლემა გზაა, 100 კილომეტრი ჟინვალის გადასახვევიდან წარმოუდგენელი რისკის ქვეშ სავალია… აქ ასფალტი არასდროს ყოფილა., თუმცა კი ტურისტების მოსაზიდად ალბათ უკეთესიც იქნებოდა, გზის დაგება. აქ ეკოტურისზმის გასავითარებლად შესანიშნავი პირობებია, თავად შატილში რამდენიმე კერძო სასტუმროა, შატილის ციხეკოშკში კი ერთადერთი სასტუმრო მშვენივრად უმასპინძლდება სტუმრებს… თუმცა მის გვერდით ამაყად აღმართული სხვა კოშკები უპატრონობით იშლება და ინგრევა, სახელმწიფო თუ არა ვინმე გონიერი მეცენატი რომ გამოუჩნდებოდეს მათ, სახელმწიფოსაც დიდ სამსახურს გაუწევდა და ხევსურეთიც უფრო ბევრ ტურისტს მიიზიდავდა, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელს. ხევსურეთი კი დღითიდღე ცარიელდება. ბევრ სოფელში მხოლოდ თითო ოჯახიღაა დარჩენილი.