RSS

Daily Archives: 25/10/2011

ტიბაანი

ტიბაანისოფელისიღნაღის მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსვლეთ დაბოლოებაზე. ზღვის დონიდან 360 მეტრზეა. სოფელი ტიბანი სიღნაღიდან 14 კილომეტრშია.

This slideshow requires JavaScript.

სოფლის ძველი სახელწოდებაა ხირსა. აქ მდებაროებს ღირსი ასურელი მამის სტეფანე ხირსელის საფლავი და მისი სახელობის მამათა მონასტერი. სოფ. ტიბაანი საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას ექვემდებარება.

ხირსის მონასტერში მისულებს ერთ-ერთი მორჩილი დაგვხვდა. ეკლესიას ასუფთავებდა, მან მოგვიყვა, რომVI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამასტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. წმინდა სტეფანეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).

ხირსა წელს უკვე ტურისტულ მარშრუტშიც ჩასვეს.

სახელ „ხირსის“ წარმომავლობა უცნობია. ზოგს ის გამოჰყავს ქართული სიტყვიდან „ღირსი“. ზოგნი კი მას უკავშირებენ მონასტრის ახლოს გამომავალ მდინარე ხირსას, რომელიც იმ დროს, როდესაც გარშემო მთები დაფარული იყო ხშირი ტყით, საკმაოდ წყალუხვი ყოფილა. თუმცა ასევე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მდინარეს შეეძლო მიეღო სახელი მონასტრისგან. არსებობს ვარაუდიც, რომ სახელი „ხირსა“ შესაძლოა თვით ღირს სტეფანეს შემოეტანა მცირე აზიიდან საქართველოში და ეწოდებინა თავისი განმარტოებული მოსაგრეობის ადგილისთვის.

ხირსის მონასტერი აგებულია ქართული სტილით. ტაძრის სიგრძე მაღალდასაჯდომლიდან დასავლეთის კარიბჭემდე დაახლოებით 41,3 მეტრია, სიგანე – 23,4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ლავგარდანამდე – 15,4 მეტრი. ტაძარი გვირგვინდება მაღალი კონუსის მსგავსი გუმბათით. შემოსასვლელი კარი ორი აქვს – დასავლეთიდან და სამხრეთიდან, რომელიც ჯერ წმ. ნიკოლოზის ეკვდერისკენ მიემართება, ხოლო იქიდან – მთავარ ტაძარში. მთავარი საკურთხევლის მარჯვნივ, სამხრეთით არის კამარიანი ეკვდერი ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხნივ კი, ჩრდილოეთით მეორე ეკვდერია, რომლის შესასვლელშიც არის სამარხი ღირსი სტეფანე ხირსელისა. აღნიშნულის გარდა, ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არის წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკვდერიც, რომელსაც გარედან, მღვდელმონაზონ ფილადალფოს კიკნაძის მიერ, მიდგმული აქვს პატარა ოთახი ღამისმთეველთათვის.

მონასტერი მრავალჯერ აღუდგენიათ. როგორც მართლმადიდებლბის მოწინავე ბურჯი, ხშირად დარბეულა სარწმუნოების მტერთაგან, მაგრამ მის აღდგენა-აშენებაზე საქართველოს კეთილმორწმუნე გვირგვინოსნები ზრუნავდნენ, რის წყალობითაც ამ ჭაღარა ტაძარმა, რომელიც თოთხმეტი საუკუნე განანათლებდა გარშემო მართლმადიდებელ მოსახლეობას, ჩვენამდე მოაღწია.

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ხირსის სტეფანწმინდა ქართლ-კახეთის ერთ-ერთი მონასტერთაგანი იყო, რომელშიც აღესრულებოდა ღვთისმსახურება.

XIX ს-ის დასაწყისისთვის წმ. სტეფანეს ტაძარი ნგრევის პირას იყო მისული. იგი კაპიტალურად გარემონტდა 1822 წელს, ეგზარქოს იოანეს (1821-1832) დროს. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა ფილადელფოს კიკნაძე (1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე).

მონასტრის დასავლეთით აღმართულია საკმაოდ მაღალი გალავანი, რომელიც პლ. იოსელიანის მოწმობით, კახეთის მეფე ლეონს შეუკეთებია. ხირსის მონატრის დასავლეთით მდებარეობს სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც იღუმენ ალექსანდრეს (საყვარელიძე) აუგია საკუთარი სახსრებით XIX ს-ში. მონასტრის ტაძარს ადრე თავისი გალავანი ჰქონია, რომელისგანაც ამჟამად მცირე ნაშთებია დარჩენილი. მონასტრის ეზოში მდებარეობს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა და მარანი, რომელიც არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე, 1893-1897) დროსაა აგებული. აქვეა ბერების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება –  აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა.

მონასტრის საუკეთესო სამკაულს წამოადგენდა მისი უძველესი სიწმინდე – წმ. პირველმოწამე სტეფანეს ნეკი, რომელიც, სავარაუდოდ, თვით ღირს სტეფანეს ჩამოუბრძანებია. დღეისათვის წმ. სტეფანეს ნეკი ბოდბის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.

მონასტერში ღვთისმსახურება საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეწყდა. საბჭოთა წყობის წლებში წმ. სტეფანეს ტაძარი საწყობად იყო გამოყენებული. ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებდა.

მონასტერი XX ს-ის 90-იან წლებში განახლდა.

 

ჩვენ, მამათა მონასტერში, ვერ შევედით, რადგან არქიმანდრიტი ლაზარე გრძელიშვილი, რომელიც 2005 წლის ნოემბრიდან მონასტრის წინამძღვარია, მონასტერში არ იმყოფებოდა და მისი კურთხევის გარეშე კი, არ შეგვიშვეს.  ხირსის მონასტერს მოშორებით გადმოჰყურებს მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც საბჭოთა პერიოდში 20-ან წლებში ბოლშევიკებს დაუნგრევიათ და მერე 80-იან წლებში ადგილობრივებს ისევ აღუდგენიათ, ადრინდელი სახით. სოფლის მოსახლეობამ ეკლესიაც მოხატა… პირდაპირ კი ყველაწმინდას ეკლესია გადმოყურებს სოფელს…

აქვეა სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის ნაძვნარიც, აქ იმდენი ნაძვია დარგული, რამდენი ტიბაანელიც სამამულო ომში დაეცა, გვიყვებიან ადგილობრივი მცხოვრებლები….

 

ტიბაანიდან აღმოსავლეთით  ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება: აქ ერთმანეთის გვერდიგვერდაა კავკასიონის თოვლიანი მთები, ულამაზესი ვაკეები, ალაზნის ველი. მრავალფეროვან ბუნებრივ ლანდშაფტს ორგანულად ერწყმის ქართული არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები.
კახეთი უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც ვაზისა და ღვინის სამშობლო. ამ მხარეში ვენახებს საერთო ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენების ტრადიცია ამ მხარეში ჩვ.წ-მდე მეოთხე ათასწლეულიდან იწყება. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 2000 სახეობიდან – 500 ქართულია, მათი უმრავლოსობა კი – კახური ჯიშისაა. ტიბაანი ერთ-ერთი მათგანია.

ტურისტებისთვის მეტად საინტერესო ადგილია. როგორც ეკოტურიზმის კუთხით, ასევე ღვინის ტურიზმითაც…

 

კისტანი

კისტანი სოფელია დუშეთის რაიონში (დუშეთიდან 100 კმ.) მდინარე არღუნის მარცხენა სანაპიროზე, დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილს შორის. ზღვის დონიდან სიმაღლე 2080 მ. მდინარე არღუნი, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადია. მისი სიგრძე 148 კმ-ია. იწყება საქართველოში, პირიქითა ხევსურეთში, კაკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.

This slideshow requires JavaScript.

ტურისტებისთვის მიმზიდველია, თუმცა იქ შემოჩენილ ფეოდალური ციხე-სიმაგრეების მახლობლად მათთვის დასასვენებელი ადგილიც კი არაა.

თუმცა ამ ადგილს ტურიზმის განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნია და ამაში თავადაც დავრწმუნდით, როცა ფეხით მოვიარეთ კისტანი – ციხე-სოფლის ხუროთმოძღვრული ძეგლები: აბულეთაურთ ციხის (შედგება კოშკისა და ციხე-სახლისაგან), ავთანდილაანთ ციხე (გნეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, ნაგებია კლდის ქვით, შემორჩენილია გალავნის ნანგრევები), კოშკის (მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში, დათარიღებულია გვიანდელი შუა საუკუნეებით), ნახარელა ღვთისმშობლის ჯვრის (ხატის კომპლექსში შედის: დარბაზი, საქვაბე, საზარე, საჯარე), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის (აგებულია მეცხრამეტე საუკუნეში ნასოფლარ ლებაიასკარის ტერიტორიაზე, ”თავისუფალი ჯვრის ტიპის”, თითქმის მთლიანად დანგრეულია), ცხრაძმათ კოშკის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს, შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული), ჭინჭარაულების ციხე-სახლის (განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს) აღწერილობა.

სწორედ, ამ ციხე-კოშკების სანახავად დავიძარით. გზიდან საათნახევრის შემდეგ ავაღწიეთ თითქმის დანგრეულ კოშკებამდე. ენერგია მოზვავებულები გაჩერებას არც ერთი ვაპირებდით და კოშკიდან კოშკში გადავდიოდით…