RSS

Daily Archives: 22/11/2011

წყალტუბოს უნიკალური მინერალური წყლები

ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქი წყალტუბო მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით.

This slideshow requires JavaScript.

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში უფრო ადრეც. XII XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით.

პირველად წერილობით წყაროებში „მაღლაკს მდებარე აბანოისა სახლის“ სახით წყალტუბო მოხსენიებულია 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში.

1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო  საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდება ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტეინის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ. ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, 1809 წლიდან იწყება წყალტუბოს მინერალური წყაროების შესახებ მასალების გამოქვეყნება, როგორც რუსულ, ასევე დასავლეთ ევროპულ პრესაში.  1809 წელს გერმანულიდან შერჩევით. მოკლედ რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალი” რომელშიც პირველად რუსულ ლიტერატურაში გამოჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონ კლაპროტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში ასევე იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას იმავე ი. გიულდენშტედტის „სამოგზაურო ჟურნალის” მიხედვით. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის მსხვილ ევროპულ საენციკლოპედიო გამოცემაში „გერმანიის სამედიცინო მეცნიერების რეალური ენტიკლოპედია” მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ. სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს, რომლის ანალოგია ვილბადი და ტეპლიცი. კურორტი წყალტუბო ნაციონალიზებულია 1920 წელს, რის შემდეგაც  ბალნეოლოგიურ კურორტად იქცა.

1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში არქიტექტორების იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ თავიდან იქნა გადამუშავებული კურორტი წყალტუბოს გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953  წელს დაამტკიცა. აღნიშნული გენერალური გეგმით წყალტუბო დაიყო ბალნეოოლოგიურ, სანატორულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა გეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვთა ძირში გაიარა. სააბაზანოები ველზე-მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული იქნა სანატორიუმების მშენებლობისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. გასული საუკუნის ბოლოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ  ქალაქში ახალი სამრეწველო ზონაც გაჩნდა. კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა”, რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

კურორტი წყალტუბო განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და ახდენს ჩამოსულ სტუმრებზე.

სამკურნალო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პროცენტულად საზღვარგარეთელი დამსვენებლები უფრო მეტია, ვიდრე ადგილობრივი. ჩვენი სტუმრობის დროს, იქ აზერბაიჯანიდან, განჯიდან და ზათაქალადან სტუმრობდნენ. ხშირად სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან…

სააქციო საზოგადოება ”ბელნეოსერვისის” შენობის მეორე ფლიგელში მჟამად სარემონტო სამუსაოებია დაწყებული. ექიმ-მკურნალები ყველა პროცედურას ლოკალიზებულად ერთ ფლიგელში აკეთებნ.

”აქ ძირითადად საყრდენ-მამოძრავებელი სისტემას, გულის დაავადებებს, კანის დაავადებებს, უშვილობას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლას ვმკურნალობთ, – ამბობს ექიმი ნანა გვიშიანი, კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტი, –  პაციენტებს ვმკურნალობთ იმის მიხედვით, თუ რა დაავადებით მოდის იგი ჩვენამდე. ეს წყლები რამდენადაც კარგია სამკურნალოდ, უკუჩვენებებიც აქვს. მზარდი რაც არის, ვთქვათ კისტოზური, ონკოლოგიური დაავადებები, ამ წყლის პროცედურების მიღება არ შეიძება, რადგან ეს წყალი ყველაფრისთვის საკვებია. ამიტომ დამსვენებელმა წინასწარ უნდა გაიკეთოს გამოკვლევები და შემდეგ დავუნიშნავთ შესაბამის პროცედურებს.”

კურორტოლოგ-ფიზიოთერაპევტის თქმით, როცა გინეკოლოგიურ დაავადებებით მიდის პაციენტი მათთან, ასაკიც გასათვალისწინებელია. ”როცა პაციენტი კლიმაქტერული ასაკისაა და მას აქვს ფიბრომა, ბოლო მონაცემებით, მკურნალობა დასაშვებებია. ხოლო თუ პაციენტი, 35 წლამდეა, მაშინ არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში იგი ზრდას ექვემდებარება,” – ამბობს ნანა გვიშიანი.

დარბაზიდან-დარბაზში დავყვები ექიმს და ისიც მიხსნის, რომ ამ კედლებში 6 კომპონენტიანი წყალი მოსჩქეფს, არასოდეს არ დგას, და ადამიანის ორგანიზმში ფორების საშუალებით შედის. შევდივარ იმ აუზშიც, სადაც სტალინი იკეთებდა პროცედურებს, იქცე სტალინის საყვარელი სავარძელი დგას. ამ აუზს უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პირვანდელ სახე შეუნარჩუნდება. მოხატული აუზიდან სტალინის ლუქსში გადავდივართ და ჩემი მასპინძელი მიყვება, რომ ეს ლუქსი ბევრ საპატიო სტუმარს მასპინძლობდა, მათ შორის პატრიარქსაც.

”ამჟამად, სრული დატვირთვით დღეში შეგვიძლია 700 პროცედურის გაკეთება, – ამბობს ექიმი და ილის ტალახის სასარგებლო თვისებებზეც ყვება, რომელიც კუმისის ტბის ფსკერიდან ამოაქვთ და წყალტუბოში ჩამოაქვთ, – დამსვენებელს ნახევარ საათიანი პროცედურა უტარდებათ, თუმცა დღეში 4-5 პროცედურის ჩატარება შეიძლება, გააჩნია დაავადება.”

წყალტუბოს წყლები როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვისაც რეკომენდირებულია (თუმცა არა სამ წლამდე ბავშვებისთვის). აქ რეაბილიტაციას ხშირად გადიან ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით დაბადების პათოლოგიებით.

სპეციალისტები მიხსნიან, რომ კურორტის უნიკალური მინერალური წყლები გამოირჩევიან საკმაოდ მდგრადი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით და განეკუთვნებიან სუსტად რადონულ ქლორიდულ-მაგნიუმიან წყლებს. წყლების მაღალეფექტური სამკურნალო პროფილაქტიკური მოქმედება განპირობებულია მათი ურთულესი შემადგენლობითა და შემცველი მარილების ძირითად კომპონენტთა თავისებური შერწყმით. წყლების ბუნებრივი ტემპერატურა (33-35 °С) იძლევა მათი გამოყენების საშუალებას წინასწარი შეთბობის გარეშე. სპეცისლაიტთა თქმით, წყალტუბოს წყლით მკურნალობენ: გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვიული სისტემის, გინეკოლოგიური, კანის, ენდოკრინულ დაავადებებს, ნივთიერებათა ცვლის მოშლასა და სხვა.

სს ”ბალნეოსერვისი”-ს მეექვსე სააბაზანო შენობა ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია. ის უშუალოდ წყაროზეა აგებული. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მკურნალობა აუზებსა და კაბინა-აბაზანებში მიმდინარეობს მუდმივად გამდინარე წყლით (მინერალური წყალი პროცედური დასრულებამდე განუწყვეტლივ შემოედინება აბაზანაში და გადაედინება), რითაც წყალი მუდმივად ინარჩუნებს ფიზიკო-ქიმიურ თვისებებს, ერთგვაროვნებასა და ტემპერატურას.

კურორტზე სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი კომპლექსური სამკურნალო პროცედურები: მინერალური წყლის აბაზანები; წყალქვეშა (ჰიდრო) მასაჟი. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში და დარბაზში, კლასიკური სამკურნალო მასაჟი, ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში, ფიზიოთერაპია, გინეკოლოგიური ირიგაცია. შხაპი ”მარკო”, მექანოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები და სხვ.

 
 

პალიასტომის ტბა – ბორდვოჩერებისთვის საინტერესო ადგილი

ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად (თუკი, მომავალში კეთილმოეწყობა) დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. სარკის ფართობია 18,2 კმ². აუზის ფართობი 547 კმ², მაქსიმალური სიღრმე 3,2, საშუალო სიღრმე 2,6 მ. წყლის მოცულობა 52 მლნ. მ³. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.

This slideshow requires JavaScript.

პალიასტომის ტბის განვითარება ბუნებრივად გაწონასწორებულ ეკოლოგიურ პირობებში ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა. ახლო წარსულში ტბა ტორფიან ჭაობებთან და ტყეებთან ერთად განუმეორებელ პეიზაჟს ქმნიდა და საქართველოს ტბებს შორის თევზით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყალსატევი იყო, სადაც ოთხ ათეულზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობდა.

პალიასტომის ტბა ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, იმ ადგილებს შორის, რომლებსაც საქართველოში ტურიზმის განვითარებაში შეუძლია შეიტანოს წვლილი. რომ არაფერი ვთქვათ, მის უნიკალურ ხედებსა და პეიზაჟებზე, აქ გადამფრენ ფრინველებზე თვალთვალისთვისაც უნიკალური ადგილებია. პალიასტომის ტბა ახლომდებარე ჭაობებთან, დაჭაობებულ ტყეებთან და შავი ზღვის აკვატორიასთან ერთად ევროპიდან ევრაზიისკენ და პირიქით, გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი ძირითადი გასაჩერებელი და დასაზამთრებელი ადგილი იყო. დღევანდელ მსოფლიოში ფრინველებით დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ტურიზმის ცალკე სახეობა ჩამოყალიბდა – ”ბორდვოჩინგი” (ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ფრინველებზე თვალთვალს. თავად ტურისტი კი – ბორდვოჩერი, ანუ ფრინველებზე მოთვალთვალეს). მტაცებელ ფრინველების მიმართ სულ უფრო და უფრო მზარდი ინტერესის გამო, სამიგრაციო ძაბრები და ისეთი ადგილები, სადაც ფრინველების დიდი მრავალფეროვნებაა იზიდავს მრავალ ეკოტურისტს და სპეციალისტს. ყოველივე ამას, კი გარკვეული შემოსავალი მოაქვს მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს, კერძოდ კი, პალიასტომის ტბას, ყველანაირი პირობები გააჩნია ასეთი ტურიზმის გასავითარებლად. შეიძლება აშენდეს საგანგებოდ მოწყობილი სათვალთვალო პლატფორმები ტურისტებისთვის, საიდანაც ფრინველების გადაფრენას დააკვირდებიან და ა.შ.

რელობა კი ასეთია, ფოთის ცენტრიდან როცა პალიასტომის ტბაზე დაგიხარ, გხვდება მოუვლელი, ნაპირი, იქვე ავტომობილის სასწავლო ხელნაკეთი მოედანია, აქა-იქ კი გზებზე ამოსულ ბალახს ძროხები ძოვენ…

იქვე მდგარ მოხუც მწყემსს, როცა თავისი აზრი ვკითხეთ, პალიასტომის მოწესრიგებასა და აქ ტურისტების მოზიდვაზე, უკმაყოფილოდ გადმოგვხედა – აქ რომ რამე გააკეთონ, ძროხები სად წავიყვანოო. გარდა ამ ყოფითი პრობლემებისა, დღეს პალიასტომის ტბას დეგრადირებულ ეკოსისტემას გადაგვარება და საბოლოოდ კი მოსპობა ემუქრება. ეკოლოგიურ საკითხებში ექსპერტების კვლევების მიხედვით, პალიასტომის ტბის ეკოსისტემის დეგრადაცია ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი არც ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებასა და ტბის გაქრობას გამორიცხავენ.

პალიასტომის ტბა და მასთან დაკავშირებული სხვა წყალსატევები (კერძოდ, მდინარე კაპარჭინა) განიცდიან მტკნარი გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას, განსაკუთრებით ტბის ჩრდილოეთ ნაწილში.  ტბის ეს ნაწილი განიცდის დეგრადაციას, დაფარულია შამბნარით, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ქვეწარმავლების, კოღოებისა და სხვა მწერებისათვის. აღნიშნულის გამო შექმნილია ძალიან რთული ეკოლოგიური და  სანიტარული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე. არხებისა და მდინარეთა ხელოვნურად გასწორებული კალაპოტების ძირზე, აგრეთვე ტორფის მოპოვების ადგილებზე გაჩენილ უამრავ გუბურაში დაიწყო მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია. ეკოლოგების განმარტებით, პალიასტომის წყლის ბიოგენური დაბინძურების შედეგად მოიკლო მისმა გამჭვირვალებამ, შესაბამისად, ფოტოსინთეზის ინტესივობამ და ტბამ, როგორც ბუნებრივად მტკნარმა წყალსატევმა, არსებობა შეწყვიტა. პალიასტომის წყლის დამლაშებამ თევზების მთელი რიგი სახეობა გაანადგურა. ტბა და მასთან დაკავშირებული წყალსატევები მტკნარი და გამდინარე წყლების დიდ ნაკლებობას განიცდიან.

2009 წელს განხორციელდა  პალისატომის ტბასა და მდინარე რიონს შორის არსებული არხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები: გაიწმინდა და მოპირკეთდა არსებული არხის მონაკვეთი, რომელიც არხის ახალი  მონაკვეთის მშენებლობით დაუკავშირდა მდინარე რიონს. მდინარე რიონისა და არხს შორის აშენებულ იქნა წყლის რეგულატორი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებულია არხის მხოლოდ 49 მეტრის სიგრძეზე. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებულია არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებების მხოლოდ ერთი ნაწილი, მდინარე რიონის მტკნარი წყლის პერიოდულმა მიწოდებამ მნიშვნელოვანი დადებითი ზეგავლენა იქონია მიმდებარე ტერიტორიისა და წყალსატევების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე: წყალსატევები გაიწმინდა შაბნარებისა და სხვა მცენარეებისაგან.

მაგრამ გასაწმენდი და მოსაპირკეთებელი დარჩა არხის დარჩენილი 86 მეტრიანი მონაკვეთი.

ტბის გადარჩენის ერთადერთ გზად კი აკადემიკოსი ტყებუჩავა, პალიასტომისა და ზღვის დამაკავშირებელი ხელოვნური არხის ამოვსებას და მის ნაცვლად ტბის ბუნებრივად მკვებავი მდინარეების ამოწმენდას მიიჩნევს. ”წინააღმდეგ შემთხვევაში ტბა შესაძლოა 50 წელიწადში საერთოდ გაქრეს”, – ვარაუდობს მეცნიერი. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, რომლის დაქვემდებარებაში პალიასტომის ტბაც შედის, მეცნიერის ამ ვარაუდებსა და ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შერჩეულ გზას არ ეთანხმებიან. ”არხის ამოვსებამ შესაძლოა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში, სადაც პალიასტომის ტბაში დარჩენილი თევზის სამი სახეობის გადასარჩენად კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვთ.

დიდ ფართობებზე ტყეების გაკაფვამ, ზედაპირზე წყალსაწრეტი და წყალსადინარი არხების გაჭრამ, რითაც ჭაობი დაშრა, მდინარეთა დაკლაკნილი კალაპოტების ხელოვნურად გასწორებამ და ზღვისპირა ჭაობიდან დიდი ოდენობით ტორფის ამოღებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ტბის ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა. ეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ საქმიანობამ საგრძნობლად მოშალა ჭაობებისა და დაჭაოებული ტყეების, როგორც ბუნებრივი ფილტრატების, ფუნქცია.

ეკოლოგები პალისტომის ტბისთვის პირველადი მდგომარეობის დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მხოლოდ მისი გადარჩენის, დეგრადაციის შეჩერების შესაძლებლობებზე დასკვნის სახით საუბრობენ და აუცილებელ პირობად მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავებასა და პრაქტიკულად განხორციელებას – მალთაყვის არხის გაუქმებას, ტორფის მოპოვებაზე, ტყების გაკაფვაზე, თევზჭერასა და ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მიიჩნევენ.