RSS

კაცხის ტაძარი

17 აპრილი

ოლიკო ცისკარიშვილი

This slideshow requires JavaScript.

კაცხის ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა, არადა მხოლოდ საღამოს ექვსის ნახევარი თუ იქნებოდა… თავიდან საოცრად გავღიზიანდი, რადგან მანამდე მღვიმევის მონასტერშიც ვიყავი და იქაც ვერ ავიღე მასალა.  ქვეყანას, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ტურიზმით გააძიეროს ქვეყნის ეკონომიკა,  იმაზე მაიცნ უნდა იზრუნოს, რომ, რაც ძეგლები და ღირშესანიშნაობებია, ის მაინც ფუნქციონირებდეს ნორმალურად… ჭიათურაში ჩასული ადამიანი, რომელიც კაცხის მონასტრამდე მივა და კაცხის სვეტსაც მოინახულებს, არ უნდა გამობრუნდეს უკან გაწბილებული და ხელჩაქნეული.

უცხოელ ვიზიტორებზე რომ არაფერი ვთქვა, შიდა ტურისტიც კი გაღიზიანდება, რადგან იქ არც მოსასვენებელი (სასტუმრო, კაფე და ა.შ.) ადგილია და არც ისეთი პირობები, რომ მაინც და მაინც საქართველო ლამაზო არ წაბილწო…

თუმცა გაბრაზების გადავლის შემდეგ მაინც შევედი იქაურთა მდგომარეობაში, რადგან წინა ღამით მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული იყო და სავარაუდოდ, წინა ღამით ღამენათევებს, ალბათ ოჯახებში მშვიდად ეძინათ, თუმცა ეს მე ვამართლებ, როგორც შინაური, უცხოელს კი ამას ვერ გააგებინებ…

ასეა, თუ ისეა, როგორც ქვეყნის მასშტაბით ასევე ადგილობრივმა უწყებებმა ცოტათი მაინც უნდა იზრუნონ იმ ადამიანებზე ვინც დაინტერესდება და პატივს დაგვდებს რომ ესა თუ ის ღირშესანიშნაობა იხილოს. იქნებ, მართლაც გაგვიმართლოს, და როგორც ადგილობრივ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, ისე ქვეყნის ეკონომიკასაც მართლაც ეშველოს რამე.

თუმცა ვიდრე ეკონომიკასა და შემოსავლებზე ვისაუბრებთ, მართლა ბევრია გასაკეთებელი.

ბევრი რომ არ გავაგძელოთ, კაცხის ტაძარზე მინდა გიამბოთ, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII—XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.

ყვირილის შენაკადის ზევით ამ წყალზედ არის კაცხის ეკლესია მაცხოვრისა, გუმბათიანი, დიდ ფრიად, კეთილშენი, ზის არქიმანდრიტი“. ვახუშტი ბატონიშვილი

XI საუკუნის დასაწყისში სამების სახელზე აგებული ტაძარი მთელი არგვეთის საერისთავოს მშვენებას წარმოადგენდა, რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი ხუროთმოძღვრული სიდიადე.

აკადემიკოს ვ. ბერიძის მტკიცებით ტაძრის ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III- ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, მე–10 საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს 1010 – 1014 წელს. ტაძარს გარს უვლის ხუთკუთხა გალავანი, რომლის აღმოსავლეთ კუთხეში ძველი სამრეკლო დგას. ტაძარს სამი მხრიდან აკრავს გარსშემოსავლელი, რომელიც დაახლოებით 30 წლით გვიან მიუშენებიათ, შენობა მდიდრულადაა მოჩუქურთმებული.

ცნობილია, რომ თავდაპირველად მე–11 საუკუნიდან მე–16 საუკუნემდე კაცხის მონასტერი სამების სახელობის ყოფილა. სხვადასხვა წლებში ტაძრის შეკეთების დროს ბევრი რამ დაკარგულა თუ მოსპობილა. გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია პლასტიკური ხელოვნების ერთერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რაც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.

კაცხის მონასტრის სახელთანაა დაკავშირებული ძველი ფეოდალური გვარის ბაღუაშების ისტორია. ამ ფაქტის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული მე–11 საუკუნის წერილობით წყაროებში. ეს ცნობები საქართველოს მეფისა და ურჩ ფეოდალთა ურთიერთობას შეეხება. დაახლოებით ამ ხანებში შეუწირავს ლიპარიტს კაცხის ტაძრისათვის მათეს სახარების „თარგმანი“, რომელიც გელათში იყო დაცული.

„მატიანე ქართლისა“ ცნობით კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებულნი ერისთავთ-ერისთავები რატი ბაღუაში, ლიპარიტ ბაღუაში (ბერობაში ანტონი), ეჭვგარეშეა, რომ ბაღუაშთა გვარის წარმომადგენლები კაცხის ტაზრის არამარტო პატრონები, არამედ მისი მშენებლებიც იყვნენ. მათ მიერ აგებულ მრავალრიცხოვან ძეგლთაგან (წალკა, თრიალეთში ათზე მეტია წარწერით დადასტურებული) კაცხი ყველაზე მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, რომ ყველაზე დიდი ტაძარი მათ სწორედ აქ უძველეს ბუდეში ააგეს.

გადმოცემით კაცხის მონასტერი ორჯერ დაუწვავთ და ისევ აღუდგენიათ.

კაცხის გუჯერებში მოპოვებული დოკუმენტებით ვლინდება, რომ მე –16 საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი აღადგინა მისმა ახალმა მფლობელმა აბულასხარ ამირეჯიბმა (1510–1535 წ.წ.) ამ დროიდან მოყოლებული კაცხის ტაძარი უკვე მაცხოვრის სახელზე ნაკურთხი განახლებულ ცხოვრებას იწყებს.

მე–17-18 საუკუნეებში კაცხი აბაშიძეთა მფლობელობაშია, აქვე ჰქონდათ მათ რეზიდენცია. ხოლო კაცხის მონასტერი აბაშიძეთა საგვარეულო სამარხი იყო. კაცხის მონასტერშია დასაფლავებული ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ გიორგი აბაშიძე „მალაქიად „ წოდებული, იმერეთის მეფე გიორგი V (1701–1707 წ.წ) , ვახტანგ VI-ის დროს მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.

კაცხის სამრეკლოს აგების თარიღი უცნობია, თავისი ფორმით მას მე–17 – მე–18 საუკუნეს აკუთვნებენ, შესაძლოა მე-18 საუკუნის იყოს დღემდე შემორჩენილი კანკელიც, რომლის მრავალრიცხოვანი ხატებიც ფრიად დამახასიათებელი სტილიზირებული ასომთავრული წარწერებითაა აღჭურვილი.

გადმოცემით კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, აქ ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა.

კაცხის ტაძარში ინახებოდა: როგორც ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“ 1959 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა.

კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს. აქვე ინახებოდა ხელნაწერი „კაცხის გუჯრები“ რომელიც მონასტრის ქონების დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენდა. 1924 წელს საქართველოს საბჭოთა მთავრობამ გააუქმა კაცხის მონასტერი, შემდგომ პერიოდში მრავალჯერ იყო მცდელობა იმისა, რომ აღდგენილიყო ტაძარში ღვთის მსახურება, მაგრამ უშედეგოდ. 2001 წელს დაზიანებული ტაძრის შეკეთება განახორციელა იბრაიმ აბაშიძის შთამომავალმა ქალბატონმა ნარგიზ აბაშიძემ.

 

დატოვე კომენტარი