RSS

სამთავისი

24 იან

სამთავისის ტაძრის მონახულება როცა გადავწყვიტე საშინლად ციოდა. სიცივემ არა, მაგრამ ცოტა არ იყოს შემეშინდა, როცა ადგილობრივებმა მითხრეს, რომ ორ კილომეტრში რუსები დგანანო. მაშინვე გადავიფიქრე  სამთავისის ზევით მდებარე უძველესი ციხის მონახულება. ტაძრის გარშემო მუხლამდე თოვლში დავდიოდი და სურათებს ვიღებდი. როცა ვეღარაფრით გავუმკლავდი, მინუს არ ვიცი რამდენ გრადუსს სიცივეს, რადგან თითებს ვეღარ ვამოძრავებდი, და ფოტოაპარატსაც ვეღარ ვიმორჩილებდი ვიკადრე და უკან დავბრუნდი. თუმცა მოპოვებული მასალა სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ამ ტაძარზე სტატია დამეწერა და ფოტორეპორტაჟიც ნორმალური გამოსულიყო.

This slideshow requires JavaScript.

სამთავისი  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, დგას მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე. გადმოცემის მიხედვით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით სამთავისის ძველი ეკლესიის აშენების თარიღია 472 წელი. იმდროინდელი ნაგებობებიდან აღარაფერია შემორჩენილი. X-XI საუკუნეებში სამთავისში აშენდა შედარებით მცირე ზომის ტაძარი.

სამთავისი საგანმანათლებლო კერა იყო, სადაც მოღვაწობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: ილია (XVI ს), არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII ს), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს.), ანტონ I კათალიკოსი და სხვ. აქ იყო საქართველოს უძველესი საეპისკოპოსო, რომელიც გაუქმდა 1811 წელს. სამთავისის ხუროთმოძღვარმა, პირველმა შექმნა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის ის ტიპი, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში აღიარება ჰპოვა.

სამთავისის ტაძრის აგების ზუსტ თარიღსა და ამშენებლის ვინაობას გვაუწყებს დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულების თავზე ამოკვეთილი სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

ამ წარწერებით ირკვევა, რომ სამთავისის ტაძარი აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს ილარიონ ვაჩეს ძე ყანჩაელს 1030 წელს. მასვე 1050 წელს აუშენებია კათედრალისათვის განკუთვნილი მარანი და საწნახელი. გარდა XI საუკუნის წარწერებისა, სამთავისის ტაძრის ფასადებზე შემორჩენილია შედარებით გვიანდელი ხანის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტაძრის ისტორიაზე. დასავლეთის ფასადზე, კარს ზემოთ შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა, რომლის თანახმად საქართველოს მეფის გიორგი III-ის მეფობის დროს იოანე სამთავნელს ტაძრისთვის მიუდგამს კარიბჭე. მემატიანის ცნობით, XII საუკუნის II ნახევრიდან XIII საუკუნის დასაწყისამდე სამთავისი ჯერ ქართლის კათალიკოს მიქაელს ეკავა, ხოლო შემდეგ მწიგნობართუხუცესის ანტონ ეპისკოპოსის სამფლობელო იყო. XIV საუკუნის I ნახევრიდან, გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს, სამთავისი ზევდგენიძე-ამილახვრებს ებოძათ. XV საუკუნეში ძეგლი ძლიერ დაზიანდა: ჩამოინგრა გუმბათი, დასავლეთის კარი, თაღები, გუმბათქვეშა პილონი და მთლიანად ფასადები. XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში ადგილობრივი ფეოდალების, ამილახვრების აღზევების შემდეგ შესაძლებელი გახდა ტაძრის “მეორედ” აშენება-განახლება.

სამთავისის ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა და გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს. სამთავისის ტაძარი ხუთი კომპლექსისაგან შედგება: 1-გალავანი, 2-სამრეკლო, 3-დიდი ტაძარი, 4-ეპისკოპოსის პალატი, და 5-მცირე ეკლესია.

სამთავისის ტაძარზე ხალხს შეუთხზავს სვეტიცხოვლის მსგავსი ლეგენდა. ოსტატმა ააგო მცხეთისა და ახალქალაქის (უნდა იყოს – მეტეხის), შეგირდმა კი – სამთავისის ტაძარი. მათში ყველაზე კარგი აუგია მოწაფეს და მისთვის ხელი მოუჭრია ოსტატს. ეს შეგირდი შიგ ტაძარში მარხიაო. როგორც ცნობილია, XV საუკუნეში სამთავისი მეფე გიორგი VIII თავდადებისათვის უბოძა იოთამ ზედგენიძეს ამილახვრობასთან ერთად სამარხად (სასაფლაოდ). ამიერიდან იგი გადადის ამილახვრიანთ მფლობელობაში და სამთავისში იმარხებოდნენ იოთამის ჩამომავალნი. ქართლ – კახეთის რუსეთთან შეერთებისას სამთავისის საეპისკოპოსო ფლობდა 17 სოფელს, ერთ თავადსა და 5 აზნაურს. სამთავისის ტაძარს თავისი პირვანდელი სახით არ მოუღწევია: მან მტრების შემოსევის გამო, განსაკუთრებით XVI – XVII საუკუნეებში, შინაფეოდალური ბრძოლებისა, შაჰ-აბაზის შემოსევებისა და ლეკიანობისაგან ბევრი აოხრება და ნგრევა განიცადა. XI X საუკუნის პირველ ნახევარში განიზრახეს მისი კაპიტალური შეკეთება – განახლება და 1850 წელს ეს საქმე არქიტექტორ რიპარდს დაევალა. .

სამთავისის საკმაოდ ვრცელი ეზო შემოზღუდულია გალავანით, რომელსაც ჩრდილოეთით აქვს შემოსასვლელი ალაყაფის კარი, ზედვე დაშენებულია აგურის სამრეკლო. გალავანიც ნაწილობრივ აღდგენილია და შეკეთებული. ძველ გალავანს შერჩენილი აქვს ქონგურები, სათვალთვალოები და ბაქანი (მეთოფეთა სადგომი). სიმაღლე 4 მეტრია, ნაგებია რიყის ქვით. მას ოთხივე კუთხეზე ჰქონია კოშკი, დარჩენილია მხოლოდ ერთი ჩრდილო – აღმოსავლეთის კუთხეში. იგი მრგვალია და სამსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმლებში გამოყენებულია აგურიც. მესამე სართულს დატანებული აქვს სათოფურები. კოშკი ჩამონგრეულია.

გალავნის სამხრეთის მხარეზე მიშენებულია ქვიტკირის პატარა ეკლესია, ფორმით ერთნავიანი. იგი დაშლილია, დარჩენილია მხოლოდ მისი კედლები. კოშკის ჩრდილოეთის კედელზე მიშენებულია ციხე-დარბაზი, რომელიც სამი სართულისაგან შედგება. I და II სართულში გამართულია საცხოვრებელი ოთახები ბუხრებითა და სარკმლებით. მესამე სართული საომარი დანიშნულებისაა და მას ქონგურები და სათოფურები აქვს. ციხე-დარბაზი ნაგებია რიყის ქვით, კარები და სარკმლები კი – ქართული აგურით, ახლა ციხე-დარბაზი დანგრეულია, დარჩენილია მისი ჩრდილო – აღმოსავლეთის კედელი. ეს გალავანი მტრის თავდასხმის დროს საიმედო თავშესაფარი იყო ეკლესიის მსახურთა და სოფლის მოსახლეობისათვის. გალავანი და სამრეკლო აშენებულია XVI საუკუნეში.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან სამთავისის კომპლექსი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

 

 

დატოვე კომენტარი