ნინა ლორთქიფანიძე
2020 წლიდან მსოფლიო COVID-19 ებრძვის, რომელმაც დღეის მონაცემებით 5 324 675– ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. მიუხედავად რამდენიმე სახის ვაქცინის შექმნისა, ვირუსისა და მასთან ერთად, პანდემიის დასასრულს ბოლო არ უჩანს. ვირუსმა ძალიან დიდი ეკონომიკური და მორალური ზიანი მიაყენა მსოფლიოს. შეიცვალა ადამიანების ყოველდღიული ცხოვრება, თითქოს მათ უკვე ისწავლეს ვირუსთან ერთად ცხოვრებაც კი და ნელ-ნელა მსოფლიო მცირედი პროცენტით ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

საქართველო, კორონა ვირუსმა და პანდემიურმა სიტუაციამ ეკონომიურად ძალიან დააზარალა. ქვეყანა, რომლის ძირითადი ეკონომიკური შემოსავალი ტურიზმზე იყო დამოკიდებული, ტურისტების გარეშე დარჩა. ადგილობრივ წარმოებასთან ერთად, შეჩერდა იმპორტი და ექპორტი.
მთელ საქართველოსთან ერთად, ქალაქი ფოთიც, ქვეყნის მთავარი ინდუსტრიული ქალაქი, რომელზეც ქვეყნის ბიუჯეტის დიდი ნაწილი გადის, ფაქტობრივად გაჩერდა. თუმცა დიდად არც პანდემიამდე ყვაოდა. კორონა ვირუსმა იგი ფატალურ შედეგამდე მიიყვანა: თვეების განმავლობაში დახურული იყო ბაზრები, სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები – არ ფუნქციონირებდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ყველაფერმა ქვეყნის ისედაც ღატაკი ქალაქი, კიდევ უფრო გააღატაკა.
ფოთში დასაქმების კუთხით დიდი არჩევანი არასდროს ყოფილა. ყველაზე მეტი ვაკანტური ადგილი მუდამ პორტში იყო და მოსახლეობის დიდი ნაწილიც პორტში მუშაობდა. მას შემდეგ, რაც შავი ზღვისპირეთსა და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი პორტის გასხვისება მოხდა, ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. თუმცა კიდევ უფრო მეტმა პანდემიის დროს დაკარგა.
ბაზრის ტერიტორიაზე მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით შემოსავალი განახევრდა, გასავალი კი გაორმაგდა. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე, ზურაბ ჭყონია აცხადებს მის ირგვლივ მდებარე ბევრი მაღაზია თუ ობიექტი დაიხურა პანდემიის პერიოდში. მისი თქმით, ცოტახანში ალბათ მასაც მოუწევს მათი ბედის გაზიარება, ვინაიდან გაზრდილი ქირის ფულსა, გადასახადებსა და განახევრებულ შემოსავალს მისი ბიზნესი დიდხანს ვეღარ გაუძლებს.
გაღატაკებული და ულუკმაპუროდ დარჩენილი მოსახლეობა სარჩო-საბადოს ძებნაშია. როგორც ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე გვითხრეს, ბიზნესმენთა უმეტესობამ თავი ამ დრომდე საბანკო სესხით მოიყვანა. მიუხედავად იმისა რომ ბანკები სესხებს გაზრდილი პროცენტებით გასცემენ, მოთხოვნა მასზე მაინც ძალიან მაღალია.
საქართველოს ბანკის ფოთის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი ანა თურქიამ დაგვიდასტურა ინფორმაცია კრედიტებზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ. მისი თქმით, წლებთან შედარებით სესხის მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 43% არის გაზრდილი. „მომხმარებლები სესხის მისაღებად გაზრდილ პროცენტებსაც თანხმდებიან, თუმცა სესხის შემოტანა ბევრ მათგანს ეძნელება, კვლავ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“, – ამბობს ანა თურქია.
პანდემიის პერიოდში შეჩერდა ქალაქის აღდგენითი სამუშაოებიც, რამაც დიდი დისკომფორტი შეუქმნა მოსახლეობას. ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ქმნიდა დაზიანებული გზის საფარი. დაზიანებულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადადგილება შეუძლებელი იყო. პანდემიის პერიოდში, ფაქტობრივად არ არსებობდა საავტომობილო გზა. ასევე შეჩერდა ცენტრალური პარკისა და მთავარი ქუჩის სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები.
მერის მრჩეველმა ნინო გვასალიამ განგვიმარტა: „იყო რიგი ხარვეზებისა რაც პანდემიით იყო გამოწვეული.“ თუმცა ისიც აღნიშნა რომ ამ ეტაპზე ყველანაირი სამუშაო აღდგენილია და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
,,ცენტრალური პარკი რამდენიმე თვის უკან უკვე გავხსენით, ორი მთავარი გზის რეაბილიტაციაც უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღმაშენებლის ხიდისა და ქუჩის ფასადის აღდგენითი სამუშაოები, რაც 2022 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება“, – ამბობს ნინო გვასალია.
პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა სრულიად ქალაქს, თუმცა პოზიტიური ფაქტი იყო ცენტრალური პარკის გახსნა, ბავშვებისთვის და სრულიად მოსახლეობისთვის. ასევე უკვე აღდგა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რამდენიმე ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. ადგილობრივი მოსახლეობა იმედს არ კარგავს და მოუთმენლად ელის ქალაქის რეკონსტრუქციის მალე დასრულებას, უფრო მეტი სამუშაო ადგილების გამოჩენას, გაუმჯობესებულ ეკონომიკასა და მინიმუმ პანდემიანდელი ქალაქის დაბრუნებას.