RSS

აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა                  

09 დეკ

ანანო ბლიაძე

„ზოგიერთ სოფელში თბილი წყალი სკოლიდან მეზობლებმა სახლებშიც გადაიყვანეს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „სენის“ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ზემო აჭარის სკოლებში პროექტის ტექნიკური შემსრულებელი ინდ.მეწარმე ემზარ ბერიძე და აღნიშნავს, რომ მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის, სადაც ელექტროენერგიისა თუ გაზმომარაგების მიწოდება შეზღუდულია, ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელსა და კომფორტს წარმოადგენს.

 ადგილობრივებისგან გავარკვიეთ, რომ მზის წყლის გამათბობლებსა და ფოტოვოლტაიკურ ბატარეებს, თავდაპირველად დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია: „თავიდან არ იცოდნენ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ახალი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცის მოქმედება ხეების მასიურ გაჩეხვაში წვლილს არ შეიტანდა, თუმცა ეკოკლუბების, ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟების, მისი სარგებლიანობის დანახვისა და ცნობიერების ამაღლების ხარჯზე, ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც ახალი პერსპექტივის დანახვა შესაძლებელი გახადა”,- ამბობს ქედის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

   დღესდღეობით, მსოფლიო იმგვარი გამოწვევის წინაშე დგას, რომ ნელნელა აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა. „საქართველოც მსოფლიოს ნაწილია და ამ პრობლემას ვერც ჩვენ ავუვლით გვერდს. მიზნის მიღწევაში ის ენერგოეფექტური ტექნოლოგიები დაგვეხმარებიან, რომლებიც ქედის მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციოდ დამონტაჟდა. არც სკოლებისა და მოსწავლეების, როგორც სამიზნე ჯგუფების შერჩევაა შემთხვევითი. ვინაიდან cenn-ის ორგანიზაცია ცდილობს საერთაშორისო პრაქტიკის საქართველოში დანერგვას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის ცნობიერების ზრდა და მათი საშუალებით ინფორმაციის გავრცელება.ვიმედოვნებთ რომ შემდგომ მსგავსი პრაქტიკა მთელი საქართველოს მასშტაბით იმუშავებს”, – აღნიშნავს  ლევან გაგოშვილი, cenn-ის გარემოსდაცვითი პროექტების ოფიცერი.

 პროექტის განხორციელებისას აქტიურად იყო ჩართული აჭარის სპორტის, განათლებისა და კულტურის სამინისტროც: „სამინისტრო მოხარულია ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში მონაწილეობით, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობით განხორციელდა. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს აღნიშნულ პროექტს და ყოველთვის მოწონებით შევხვდებით მსგავს ღონისძიებას”, – აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე.

 პროექტის დაგემვასა და მიმდინარეობის შესახებ დეტალებზე ისაუბრა cenn-ის აჭარის რეგიონალურმა კოორდინატორმა, ირაკლი მიქელაძემაც: „აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ქედის მუნიციპალიტეტის 66 სკოლა აღიჭურვა შესაბამისი ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით. აქედან, 17 სკოლაში დამონტაჟდა 41 ცალი წყლის გამაცხელებელი კოლექტორი, რაც ვთვლი, პანდემიურ პირობებში ბავშვებისთვის ჰიგიენის ნორმების დაცვას ერთი ორად ამარტივებს. ასევე 54 სკოლაში დამონტაჟდა თბოიზოლაციის მოწყობილობები და 4 სკოლაში მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი გათბობის სისტემები. 38 სკოლას გადაეცა 109 ენერგოეფექტიანი ღუმელი. ჩვენს მთავარ მიზანსა და პროექტს სწორედ ტყეებზე ზეწოლის შემცირება წარმოადგენს, რასაც ენერგოეფექტიან ღუმელები უწყობს ხელს”.

ირაკლი მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ გარდა წყლის გამაცხელებელი კოლექტორებისა cenn-მა ისეთი სოფლის სკოლებში, სადაც მსგავსი ტექნიკის გამოყენება შეუძლებელი იყო, დაამონტაჟდა ენერგოეფექტური ღუმელები. აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ კონსტრუქციის აწყობა და გამოგონება მოხდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, რაც ქართული წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს.

   მიუხედავად ინოვაციური, დახვეწილი და ენერგოეფექტური კონსტრუქციისა, ღუმელი კვლავ საჭიროებს ხის რესურს, თუმცა ტყის გაჩეხვის მაგიერ, ალტერნატიულ საწვავ მასალას, სამეგრელოში, სოფელ მარანში მივაგენით. იტალიურ, სწრაფად ზრდად, ჰიბრიდულ  ალვის ხეების პლანტაციას, აბაშის რაიონში საქართველოზე შეყვარებული დანიელი მეგობრები ჯონ ნიკრემი და ჯესპერ იონგანსონი უძღვებიან. როგროც გავარკვიეთ სამომავლოდ ორგანიზაცია სენი და შ.პ.ს „მარანი” თანამშრომლობასა და ბრეკეტების ქარხნის დაარსებასაც გეგმავენ.

დღეისათვის, განსაკუთრებით საქართველოში, ხეების მასიური გაჩეხვისა და გაქრობის საფრთხე შორეულ პერსპექტივად გვეჩვენება, თუმცა პრობლემა რეალურია და თითოეული ჩვენგანის ჩართულობით აღმოფხვრას მოითხოვს. მზის ფოტოვოლტაიკური გამათბობლების, წყლის ბატარეების, ბიომასის გამათბობლებისა და ენერგოეფექტიანი ღუმელების მთიან აჭარაში დამონტაჟება, შესაძლოა აქედან უმნიშვნელო გვეჩვენოს, თუმცა ეს, სწორედ, ის საფუძველია, რამაც შესაძლოა სამომავლოდ ქვეყანა ეკოგანვითარების გზაზე დააყენოს, საზოგადოებაში ცნობიერების ნაპერწკალი გააჩინოს და ეკო-დედამიწის დაბადების ციკლში პირველი ქართული ნაბიჯები გადადგას.

ფოტოები ავტორის

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s