ორიოდე დღის წინ, ბორჯომის ტყის ნახანძრალზე დავაბიჯებდით. გარდაცვლილი ხის მორები საცოდავად ეყარნენ ფერდობებზე… ჩაშავებული ფერდობების ხილვის სიმძიმე სულ ოდნავ, იმან შეამსუბუქა, რომ ერთ-ერთ დანახშირებულ ხის ძირში, დავინახე პაწაწინა მწვანე მცენარეს ამოეყო თავი – ამ პაწაწინა იმედმა 700 გრადუსიანი ჯოჯოხეთური ხანძრის შემდეგ, ისევ შეძლო მზის სინათლის ხილვა. ფერდობებს მიღმა კი ისევ დაფრინავდნენ ვერტმფრენები და ამჯერად წაღვერის ჯოჯოხეთურ ცეცხლს ებრძოდნენ. გუშინ კი, დღის განმავლობაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო საქართველოს 1, თურქეთის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. საჰაერო ტექნიკამ 157 აფრენა განახორციელა და ხანძრის კერებს 345 ტონა წყალი დაასხა.
დილიდან, ხანძრის ადგილზე მომუშავე ცოცხალ ძალას კვლავ შეუერთდება საჰაერო ტექნიკა, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიას, პრევენციის მიზნით, წყლის ჭავლით კიდევ ერთხელ დაამუშავებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა ბორჯომის ტყის ნახანძრალზე. სწორედ ამ ტურის ფარგლებში შეგვხვდნენ ექსპერტები და გარემოს დაცვითი სპეციალისტები. უფრო მანამდე კი, სოფელში გვიყვებიან, მეხის დაცემამ ორი დღის წინ, როგორ გამოიწვია ხანძარი და ისევ, მერამდენე დღეა ებრძვიან დაბა წაღვერში სტიქიას.
„ნალექიანობა არც აგვისტოში ყოფილა და არც სექტემბერში, ვიდრე ფეხით არ შემოივლი ვერავინ იტყვის რა დონის ზარალია, ფერდობებზე სადაც თეთრადაა, იქ უკვე ნაცარია, ზუსტად მანდაა ძალიან ცუდი მდგომარეობა, დანარჩენზე გაზაფხულზე წამოიღებს მწვანეს. დამწვარი კი დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა. მაგრამ ამას წლები სჭირდება,“ – გვეუბნება უკვე უმუშევრად დარჩენილი ბორჯომის სანერგის ერთ-ერთი თანაშრომელი.
ბორჯომში, სწორედ ის ტყეები დაიწვა, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს დაიწვა. განსაკუთრებით დაზიანდა სოფელი დაბისა და წაღვერის მიმდებარე ტერიტორია – ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილები. 19-26 აგვისტოს ხანძარი გავრცელდა ახლად აღდგენილი ტყის ზონის მაღალმთიან ნაწილში და ალპურ ზონაში გადავიდა.
სატყეო სააგენტოს მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოში 204, 116 ხე დაიწვა, მათგან 21,944 ფიჭვი საუკუნეზე მეტი ხნის იყო.
„ჩასატარებელია სტიქიების მართვის ძირეული, კომპლექსური ანალიზი, სწორი სატყეო მეურნეობის დაგეგმვით და განხორციელებით, ეს არის ყველაზე უფრო მაშტაბური ხანძრის კერა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მის აღდგენას სჭირდება სერიოზული სამუშაოები,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი.
ჟურნალისტებთან ერთად, სპეციალისტები აეროფოტოგადაღებებით ნახანძრალ 757 ჰექტარს სწავლობენ. ადგენენ რუკებს, რომლებიც სამომავლო სამუშაოებში შეუფასებელ დახმარებას გაუწევთ.
„საბედნიეროდ, ასეთი მაშტაბის ხანძრები ცოტა იყო. წელს ხანძრების წარმოქმნას გვალვამ შეუწყო ხელი. სამცხე ჯავახეთი, ისევე როგორც ბევრი სხვა რეგიონი, ხანძარსაშიშ რეგიონს მიეკუთვნება. ყველაზე მძიმე ისაა, რომ 2008 წლის შემდეგ, 2013 წელს შევძელით ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. აქ, ადამიანის ჩაურევლობის გარეშე თვითაღდგენა შეუძლებელი იყო. მაშინ 1000 ჰექტრამდე იყო დაზიანებული. ტყის აღდგენა არაა მხოლოდ ხეების დარგვა. გაცილებით დიდი რესურსი სჭირდება ტერიტორიების მოვლას, სადაც ხე დაირგვება. ჯერ უნდა შევქმნათ პირობები, რომ სოჭმა და ნაძვმა კარგად იგრძნოს თავი და მერე დაირგოს. ამ ტერიტორიაზე თითქმის 250 ათასამდე ხე იყო დარგული და უმეტესი ნაწილი განადგურდა. ამ დაქანების ფერდობზე საკმაოდ რთულია სამუშაოების ჩატარება. სპეციალისტებთან ერთად, სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, რომელიც კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული უნდა იყოს. ამ ადგილებში, ზოგან ფერდობების დახრა 40 გრადუსი და მეტია. რა თქმა უნდა, საშიშროება არსებობს რომ წვიმის წამოსვლის შემდეგ ფერდობები ჩამოირეცხოს და მეწყერსაშიში უბნები წარმოიშვას. ეროზიული ადგილები ხანძრამდეც იყო, ახლა კი უფრო გააქტიურდა. სამუშაობის ჩატარებისთვის გაზაფხულს უნდა დაველოდოთ. შეიძლება ამ შემდოგომაზეც საჭირო გახდეს გარკვეულ მონაკვეთებზე მუშაობა, მაგრამ გაზაფხულს უნდა დაველოდოთ რომ სამუშაო პრცესები დავიწყოთ,“ – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელი ნათია ორდანიშვილი.
ეკოლოგი ლევან იოსელიანი სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს: „დავათვალიერეთ ტერიტორია და გამოვლინდა საფრთხეები, რომელიც ელოდება ხეობას. ამ ადგილებს ადვილად იმორჩილებს ბუნებრივი პროცესები. სამწუხაროდ, არ არსებობს დამცავი ბარიერი, რომელიც შეაჩერებს უხვ ნალექს და მისგან წარმოქმნილ პროცესებს, შესაძლებელია ღვარცოფული ნაკადის ფორმირება. რომელიც საფრთხეს შეუქმნის სოფელს. უკვე განვითარებულია ეროზიული პრიცესები, როემლიც ნელ-ნელა აყალიბებს მეწყრულ პროცესებს. ფაქტია რომ ეს შედეგი დადგება, მაგრამ როდის ამის დაზუსტებით თქმა არ შეუძლებელია. პრობლემა სერიოზულია.
გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ფიქრობს, რომ ხანძრების გამომწვევი მიზეზები ადამიანების დაუდევრობაა. მისი აზრით, მთავარია ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ვებრძოლოთ.
„პრობლემაა ტყის აღდგენა, ნიადაგის დაცვა, მოსალოდნელი ღვარცოფის გავლის ალბათობა, ესაა ერთიანი პროცესი, ტყე რომ გაშენდეს, მას ნიადაგი უნდა, ნიადაგი უნდა დავიცვათ და ელემენტარული ღონისძიებები გავატაროთ და ჩამონადენი წყლის რაოდენობა შევზღუდოთ ან მისი სიჩქარე შევაკავოთ,. ეს ტყეს აძლევს ფიზიკურად გადარჩენის საშუალებას. ამ ფერდობის აღდგენა რეალური საქმეა,“ – ამბობს გიზო გოგიჩაიშვილი ეროზიონისტი.
ჟურნალისტები კიდევ ერთ ექსპერტს ესაუბრნენ, რომელიც რამდენიმე ხნის განმავლობაში ნახანძრალ ტერიტორიას სწავლობდა: „გეოდინამიკურ პროცესებს ხელს უწყობს უტყეობა და წყლის ნაკადები, იმის გამო, რომ 2008 წლის ხანძრის შემდეგ, 2013 წლიდან დაიწყეს აღდგენა ჩვენ მივიღეთ სერიოზული ეროზიული პროცესები. ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღვადგინოთ ნიადაგი, ანუ ჰუმუსი. აქ მძვინვარებდა 700 გრადუსიანი ხანძარი რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიკა მთლიანად განადგურებულია. ყოველი დაგვიანებული დღე ჩვენ მოგვიტანს ისეთ ეროზიულ პროცესებს, რომ ჩვენ აქ აღარასოდეს გვექნება ტყე,“ – ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი მარიამ მჭედლიშვილი.
სპეციალისტები პირველად რეკომენდაციებს იძლევიან ნახანძრალი ტერიტორიების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად:
ბორჯომის ტყის ბუნებრივი სახის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება სატყეო საქმის სპეციალისტების მიერ შერჩეული ხე-მცენარეულობის ნერგების დარგვა დამწვარი ხის დარჩენილ ძირთან (უშუალოდ ძირის გვერდზე). ამით მცენარე უზრუნველყოფილი იქნება დამწვარი მცენარის გახრწნის შედეგად მინერალიზებული საკვები (ე.წ. ნაცრის) ელემენტებით; ფერდობის ასეთი სახით გატყევება საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნიოთ ხე-მცენარეების ბუნებრივი (და არა ხელოვნური) განლაგება-დგომა, რასაც ძალიან დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა ენიჭება; აუცილებელი იქნება, ნერგის რგვასთან ერთად ნიადაგში შევიტანოთ ერთ ძირზე გაანგარიშებით აზოტოვანი (ან ორგანული) სასუქი, სასურველია თხევადი სახით; თითოეულ დარგულ ნერგთან უნდა მოეწყოს მიკრო ბაქნები (აღნიშნული სამუშაოსთვის განკუთვნილი იყო 2008 წლის ხანძრის დროს დამწვარი ხეები); ფერდობის გარდიგარდმო, ხეების ტანით (მცირე და საშუალო სიდიდის მორებით) მოწყობილი უნდა იყოს ეროზიის საწინააღმდეგო წინაღობები, რომლებიც შეამცირებენ ფერდობის ზედაპირზე ფორმირებულ წყლის ნაკადის გადამრეცხ სიჩქარეს; ადრეულ წლებში ხე-ტყის ჭრების გამო ხდებოდა ტყეში მოჭრილი ხე-მცენარეულობის ტყიდან გამოტანა ფერდობზე დაცურების წესის გამოყენებით, ამიტომ საკვლევ ფერდობზე ნათლად შეინიშნება ხე-მცენარეულობის დაცურების შედეგად გაჩენილი ჩაღრმავებები, რომლებიც წარმოადგენენ მეტ-ნაკლები სიღრმის ფერდობის ზედაპირული ნაკადების ფორმირების ადგილებს. დროთა განმავლობაში, მით უმეტეს ახლად შექმნილ პირობებშ, ზალიან მაღლი ალბათობით მოსალოდნელია ფერდობის დახრამვის გაძიერება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნული ფერდობი აგებულია ადვილადშლადი, ეროზიის მიმართ არამდგრადი, ბორჯომის ფლიშების ქანებით, მომავალსი დერდობის დახრამვა რეალურია. ზემოთ აღნიშნული პროცესის, ფერდობის დახრამვის თავიდან აიცლების ან ეფექტურად შეზღუდვისთვის, საჭიროა ზედაპირული ნაკადის დრენირების ხაზზე, წყლის მოძრაობის პერპენდიკულარულად, ხის მასალისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით უნდა მოეწყოს წინაღობები, წყლის ნაკადის გადამრეცი სიჩქარის შემიცირების მიზნით. აღნიშნული, საშულებას მოგვცემს მნიშვნელოვნად შევაჩეროთ ან შევამციროთ ფერდობის დახრამვა. კარგი იქნება თუკი ფერდობზე და შედარებით დამრეც ადგილებზე დაითესება ბუჩქოვანი და ბალახეული მცენარეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ნიადაგის ზედაპირის დაფარულობის გაზრდას და ნიადაგის ზედაპირული ფენის ფესვებით შეკრულობას, გამაგრებას, რითაც ხელი შეეშლება ნიადაგის ეროზიული პროცესების განვითარებას (ნიადაგის ჩამორეცხვას.)