RSS

გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე

06 Aug

Urakami_mმოამზადა ოლიკო ცისკარიშვილმა

მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.

უილიამ ლოურენსი, გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ მეცნიერული რედაქტორი, ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ესწრებოდა პირველი ბირთვული გამოცდების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, წყნარ ოკეანეზე. თვალს ადევნებდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქის ნაგასაკის განადგურებას. ნაგასაკიზე თავდასხმის დროს ლოურენსი, როგორც დამკვირვებელი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელსაც აპარატურა მიჰქონდა.
მოგზაურობის საბოლოო პუნქტი.

`წარმოდგენა არ მქონდა, საით მივფრინავდი. მხოლოდ კვირას, 5 აგვისტოს, როცა კუნძულ გუამზე აღმოვჩნდი, გავიგე, სად იყო ჩემი მოგზაურობის საბოლოო პუნქტი. ნაშუადღევს 2 საათსა და 30 წუთზე პირველი ატომური ბომბი, რომელიც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის მქონე დიდ ქალაქზე უნდა ჩამოეგდოთ, საამწყობო შენობიდან გამოიტანეს თვითმფრინავ `ბ-29~-ში ჩასატვირთავად. კორტეჟს, რომელიც სამგლოვიარო პროცესიას ჰგავდა, სამხედრო პოლიციის მანქანა მეთაურობდა. მას მიჰყვებოდა საბარგო მანქანა, ბრეზენტგადაფარებული ბომბით, რომელიც გიგანტურ გვამს წააგავდა. საბარგო მანქანს მოსდევდა გენერალ ფარელის, კონტრადმირალ იულიამ ჰარნელისა და სამხედრო-საზღვაო კავშირგაბმულობის ოფიცრის მანქანა, შემდეგ კი მოჰყვებოდა ჯიპი, რომელშიც იმყოფებოდნენ ექსპერტი-რადიოლოგი კაპიტანი ჯეიმს ნოლანი და კაპიტანი ჯ. ლეონარდ ჩეშირი – ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობილი მფრინავი, იმჟამად ინგლისის სამხედრო წარმომადგენლობის ყოფილი წევრი შეერთებულ შტატებში,~ – წერს ლოურენსი.
სამი სამიზნე: ხიროსიმა, კოკურა, ნაგასაკი
`იწყება ის ღამე, რომელსაც ყველა ჩვენგანი ასე ველოდით, – უთხრა პოლკოვნიკმა ტიბეტსმა მე-20 საჰაერო არმიის 509-ე შერეულ ავიაჯგუფს, ეს არის ჩვენი მრავალი თვის წვრთნის შედეგების შემოწმება. ეს თავდასხმა შეცვლის ისტორიის მსვლელობას. ამ ბომბში მოთავსებულია ფეთქებადი ძალა, რომელიც ოცი ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტია…~ ამინდის ცვალებადობის მიხედვით რაზმს სამი სამიზნე ჰქონდა: მჭიდროდ დასახლებული ქალაქები – ხიროსიმა, კოკურა და ნაგასაკი.
გიგანტური სოკო
`ენოლა გეის~ შეეძლო ოთხი წუთი ეფრინა სრულიად ღია, ღრუბლებით დაუფარავ მიზნამდე. მაიორმა დერებიმ ბომბის დამიზნების მექანიზმი მოაწესრიგა და აი, დადგა დიადი წამი. დერებიმ ბომბი ხიროსიმას დაუმიზნა და ჩამოაგდო.
`ენოლა გეიდან~ ჯერ პატარა მნათი წერტილი გამოჩნდა, ერთ წამში უზარმაზარ 800 მეტრამდე დიამეტრის შინდისფერ ბურთად გადაიქცა, უეცრად აფეთქდა და აუარება ცეცხლად და იისფერ ღრუბლებიდან გაიფრქვა. კვამლის უზარმაზარი თეთრი სვეტი ამოიმართა. 3 კმ სიმაღლის სვეტი მოულოდნელად გიგანტურ სოკოდ გადაიქცა, რომლის ძირში, ხუთი კილომეტრის მანძილზე მტვრის ქარიშხალი მძვინვარებდა. სოკო სულ უფრო იზრდებოდა და მალე 15 კილომეტრს მიაღწია.  შემდეგ რამდენიმე მოთეთრო-მოკრემისფრო შრედ დაიყო, რომელსაც ალისფერი დაჰკრავდა და თეთრ ღრუბლებისგან მკაფიოდ განსხვავდებოდა. აალების კვალდაკვალ გაისმა აფეთქების ხმა. ტალღები `ენოლა გეის~ დაეჯახა და შეაზანზარა. ექვსასზე მეტი კილომეტრის მანძილზე ეკიპაჟის წევრები ჯერ კიდევ ხედავდნენ მტვრისა და კვამლის უზარმაზარ სვეტს. `იგი იმდენად მკვრივი იყო, თითქოს მასზე სიარულიც კი შეიძლებაო,~ – ყვებოდნენ ჯგუფის წევრები.
`ეს საშინელი სანახაობა იყო. მტვრის უზარმაზარმა ღრუბელმა ყველაფერი დაფარა. იისფერ-ნაცრისფერი მტვრის მასა დუღდა. ისეთი შთაბედჭილება რჩებოდა, თითქოს მთელი ქალაქი ნაფხვენებად იქცა,~ – აცხადებდა კაპიტანი (შემდეგ კონტრადმირალი) იულიამ ს. პარსონი.
ატომის პირველქმნილი გაშმაგება
`…ვუახლოვდებით მიზანს. რამდენიმე წუთის შემდეგ ყველაფერი ნათელი იქნება. ქვევით ღრუბელი წინანდებურად შეუღწევადია.
და უეცრად უკანასკნელ წუთში სარკმელი გამოჩნდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ნაგასაკი დღის სინათლეზე თვალწინ გადამეშალა. ჩვენი საათები შუა დღეს გვიჩვენებდა. უკანასკნელი წამები იწურებოდა, ერთი, ორი, სამი…
12 საათი და 01 წუთი. ჩვენ ნაგასაკის თავზე ვართ. რადიოთი გავიგონეთ თუ არა პირობითი ნიშანი, მაშინვე დამცველი სათვალეები გავიკეთეთ. `წავიდა!~ – წამოიძახა ვიღაცამ. ნომერ 77-ის ქვედა ნაწილიდან შავი სხეული მოწყდა და გაფრინდა ქვევით.
პირველი აალების შემდეგ სათვალეები მოვიხსენით, მაგრამ გრძელდებოდა მოლურჯო-მომწვანო სინათლის კაშკაში, რომელმაც ირგვლივ მთელი ცა გაანათა. აფეთქების ტალღამ არაბუნებრივი ძალით დაარტყა ჩვენს ხომალდს და ააჟღარუნა. ერთმანეთის მიყოლებით კიდევ ოთხი აფეთქება მოხდა. აფეთქებისას გვეჩვენებოდა, თითქოს თვითმფრინავს ყოველი მხრიდან ზარბაზნებს ესროდნენ.
დამკვირვებლებმა, რომლებიც თვითმფრინავის კუდში ისხდნენ, ცეცხლის გიგანტური ბურთი დაინახეს, რომელიც თითქოს დედამიწის წიაღიდან ამოდიოდა და ტეთრი კვამლის უზარმაზარ წრეებს ანთხევდა. შემდეგ სამი ათასი მეტრი სიმაღლის იისფერი ცეცხლის გიგანტური სვეტი დავინახეთ, რომელიც უზარმაზარი სიჩქარით მიქროდა ზევით. როცა თვითმფრინავი ატომური აფეთქების მხარეს შემობრუნდა, იისფერი ცეცხლის სვეტი უკვე ჩვენს სიმაღლეზე ამოვიდა. სულ ორმოცდახუთი წამი გავიდა.
როცა მოგვეჩვენა, რომ სვეტი გაიყინა, მის მწვერვალზე გიგანტური სოკო ამოვიდა. მწვერვალი დუღდა და გაშმაგებით ქაფდებოდა – ერთად შეერთებულ ათას გეიზერს ჰგავდა.
სოკო პირველქმნილი გაშმაგებით თრთოდა, როგორც მხეცი, რომელიც ბორკილების დაგლეჯას ლამობს. რამდენიმე წამის შემდეგ გიგანტური საყრდენისგან განთავისუფლდა და უზარმაზარი სიჩქარით ზემოთ, სტრატოსფეროში, თვრამეტი ათას მეტრამდე სიმაღლეზე აიმართა. მაგრამ იმავე წამში სვეტზე ახალი სოკო გამოჩნდა, უფრო პატარა, ვიდრე პირველი. თითქოს ურჩხულს ახალი თავი ეზრდებოდა. მოწყვეტილმა სოკომ ფორმა იცვალა, ყვავილად გადაიქცა, რომელსაც მიწისაკენ ჰქონდა მიბრუნებული მოთეთრო, გარედან ღია ყვითელი და შიგნიდან ვარდისფერი ფურცლები. ყვავილს კერ კიდევ ასეთი ფორმა ჰქონდა შენარჩუნებული, როცა უკანასკნელად შევხედეთ სამასი კილომეტრის მანძილიდან. აქედან შეიძლებოდა მდუღარე მრავალფეროვანი სვეტის დანახვა. ეს იყო სხვადასხვა ფერის ცისარტყელისგან შედგენილი გიგანტური მთა. მის შეფერადებაზე ბევრი ცოცხალი ნივთიერება დაიხარჯა.
…სვეტის მთრთოლვარე მწვერვალი დიდ სიმაღლეზე ავიდა და თეთრ ღრუბლებში გააღწია. იგი კისერზე გრძელი ბეწვის მქონე პრეისტორიულ ურჩხულს ჰგავდა, რომლის ნაფლეთები ყველა მხარეს მიმოფანტულიყო,~ – აღწერს ლოურენსი.
ფერფლად ქცეული ქალაქი
ქალაქი დაიწვა. სიბნელემ მრავალი მიცვალებული და დაჭრილი დაფარა. ჰაერი დამწვარი ხორცის მწახე სუნით იყო გაჟღენთილი. რამდენიმე დღის განმავლობაში ჯარისკაცთა ჯგუფი, გადარჩენილებთან ერთად, გვამებს აგროვებდა და წვავდა.
სამხედრო წრეებში დიდხანს არ სჯეროდათ, რომ ორმა პატარა ბომბმა ხიროსიმა და ნაგასაკი დაანგრია.
ამონარიდი თვითმხილველ მისიონერ მამა სიმენსის ჩანაწერებიდან:
`აი, რა მოუვიდა ქალაქს ერთი წამის განმავლობაში: 8 საათსა და 15 წუთზე ერთი ბომბის აფეთქების შედეგად თითქმის მთელი ქალაქი განადგურდა…
…რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ბომბმა? ისინი, ვინც კატასტროფა გადაიტანა, დაღუპულთა რიცხვს სულ მცირე 100 ათასამდე განსაზღვრავენ. ხიროსიმას მოსახლეობა 400 ათას შეადგენდა. ოფიციალური მონაცემებით, პირველი სექტემბრისთვის დაღუპულთა რიცხვი 700 ათას აღწევდა, ხოლო დაჭრილებისა – 130 ათას…
…იყვნენ ისეთებიც, რომლებიც, ექიმთა კარგი პროგნოზის მიუხედავად, უეცრად კვდებოდნენ. მათ მხოლოდ მცირე ჭრილობები ჰქონდათ, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ხორხისა და პირის ღრუს ანთება ეწყებოდათ და მათი გადარჩენა შეუძლებელი ხდებოდა. თავდაპირველად ასე გვეგონა, თითქოს ეს ქიმიური ნივთიერების მსუბუქი ნაწილაკების ფილტვებში მოხვედრით იყო გამოწვეული, მაგრამ შემდეგ კომისიამ დაადგინა, რომ აფეთქების გამა-გამოსხივება ადამიანთა შინაგან ორგანოებს აზიანებდა…
…ამბობდნენ, რომ ქალაქის ნანგრევები სასიკვდილოდ ასხივებდნენ…~

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s