RSS

ცუცხვათის მღვიმოვანი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს

13 Mar

ცუცხვათითბილისის კეძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები და პედაგოგები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარე, მსოფლიოში გამორჩეულ მღვიმოვანში მოეწყო საველე ლექცია მოსწავლეებისთვის მღვიმის მნიშვნელობის შესახებ.

ცუცხვათის მღვიმოვანის პოპულარიზაციის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ტყიბულის საკრებულოს წევრი ბორის გაბრიაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის თემში წარმომადგენელი გოჩა პატარიძე, ცუცხვათის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ჩიხლაძე. ტყიბულის ტურიზმის განვითარების ცენტრის თანამშრომლების დახმარებით შედარებით ადვილად მოხდა მოსწავლეების გადაადგილება უნიკალურ ცუცხვათის მღვიმოვანში. მღვიმოვანში მოსწავლეების ინიციატივით, მოეწყო მღვიმის დასუფთავების აქცია, მდინარის მიერ წყალდიდობის დროს შემოტანილი ნარჩენებისგან მღვიმოვანის დასუფთავებაში აგრეთვე მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები. შეგროვდა უზარმაზარი რაოდენობის ნარჩენები, რომლებიც მღვიმოვანიდან ადგილობრივების დახმარებით გამოიტანეს. დაიგეგმა ცუცხვათის მღვიმოვანის სისტემის პოპულარიზაცია, სადაც მოწვეული იქნებიან მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობივი თუ სხვადასხვა რეგიონის ტურისტები.

ცუცხვათის მღვიმოვანი მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის სამხრეთით, ოკრიბა-არგვეთის სერზე, ზღვის დონიდან 250-400 მ სიმაღლეზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ მღვიმურ სისტემას ,,მაღარას” სახელით მოიხსენიებს. 1970 წლიდან პროფესორ ლევან მარუაშვილის ინიციატივით, დაიწყო ცუცხვათის მღვიმოვანის კომპლექსური შესწავლა. მღვიმური კომპლექსი გამომუშავებულია ცუცხვათის ქვაბულში გამდინარე პატარა მდინარის _ შაბათაღელის მიერ ქვედაცარცული ასაკის მასიურ კირქვებში. შესასვლელები განლაგებულია ოკრიბა-არგვეთის სერის ორივე მხარეზე. მღვიმურ სისტემას უკავია 6-7 ჰა. მდინარის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე მღვიმემდე 60-70 მეტრია; მღვიმეების აბსოლუტური სიმაღლეები 290-360 მტრის ფარგლებში მერყეობს. მღვიმოვანი გარშემორტყმულია გორაკ-ბორცვებით, რომელთა თხემები ზღვის დონიდან 600-800 მ სიმაღლეზეა.

თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის – VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს – შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s