Daily Archives: 18/06/2015
მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია “სენი” მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მდინარე ვერეზე ჩავლილი კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა. ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების მანძილზე ერთხელ ხდება. ჩვენი დაკვირვებით, მდ. ვერეს აუზში აღნიშნული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, მოვიდა დაახლოებით 100 მმ რაოდენობის ნალექი, რაც ამ მდინარის აუზისათვის თითქმის ორი თვის ნორმაა. აღნიშნულის შედეგად, მდინარის ხეობის კალთებზე წარმოიქმნა დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი. მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული. აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე–ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა). კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზიუმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება. აღნიშნულმა ფაქტმა კალაპოტის გასწვრივ განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია.